მთავარი,სიახლეები

“თორნიკე რიჟვაძის მამა არჩევნებისთვის დახმარებას გვთხოვდა”- დაკავებულის ძმა

15.06.2020 • 3055
“თორნიკე რიჟვაძის მამა არჩევნებისთვის დახმარებას გვთხოვდა”- დაკავებულის ძმა

“თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე, პოლიციის განყოფილებაში შეგვხვდა და არჩევნებისთვის დახმარებას გვთხოვდა, ჩვენ სპორტსმენები ვართ… უარი ვუთხარით და სამაგიერო ასე გადაგვიხადეს,” – აღნიშნა დღეს, 15 ივნისს, აჭარის მთავრობის სახლთან ფირუზ წულუკიძემ. ის ხულიგნობის მუხლით დაკავებული რეზო წულუკიძის ძმაა. ამავე საქმეზე ასევე დაკავებულია ელდარ ანთაძე. მათი გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ეს ადამიანები უკანონოდ დააკავეს და კონფლიქტის მეორე მხარეს ვინც იყო და ბრალდებულები დაჭრა კიდეც, არ დაუკავებიათ.

“საუბარია ზონდერობაზე? რას გთხოვდნენ?” – ჟურნალისტების კითხვას ფირუზ წულუკიძემ მოკლედ უპასუხა, რომ სიტყვა „ზონდერი“ შეხვედრაზე არ გაჟღერებულა, მაგრამ, ფაქტობრივად, დავით რიჟვაძე, რომელიც პოლიციაში წლების განმავლობაში მუშაობდა, წინასაარჩევნოდ ზონდერჯგუფს ქმნიდა.

ფირუზ წულუკიძის თქმით, კონსპირაციული შეხვედრა პოლიციის განყოფილებაში რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის დაკავებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე შედგა.

“ამ შეხვედრას ვესწრებოდი მეც და კოტე ანანიაშვილიც,” – დასძინა ფირუზ წულუკიძემ. კოტე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის უფროსია.

თუ ეს სიმართლეა, რატომ არ თქვა ამის შესახებ წინა აქციებზე, სადაც ადმინისტრაციული წესით, პოლიციელებთან წინააღმდეგობის გაწევისთვის 30-მდე პირი დააკავეს?

“მაშინ მოლოდინი გვქონდა, რომ პროკურატურა მოლაპარაკებაზე წამოვიდოდა… იყო საუბარი, რომ პირობითი მსჯავრი იქნებოდა. თუ არ გაათავისუფლებენ რეზოს და ელდარს, ჩვენ ფაქტებსაც წარმოვადგენთ ამ შეხვედრის შესახებ,” – გვიპასუხა ფირუზ წულუკიძემ.

ფირუზ წულუკიძის თქმით, ის და მისი მეგობრები ხულოს მაღალმთიან სოფლებში საკვებ პროდუქტებს არიგებდნენ და ამით მიიქციეს მთავრობის ყურადღება. იგი გამორიცხავს იმას, რასაც აქციის მონაწილეები და ამ ოჯახის ახლობლები ამბობდნენ წინა აქციებზე – ბიზნესმენებისგან ფულის მიღება იმის სანაცვლოდ, რომ მათ “შემწერისგან” გათავისუფლებაში ეხმარებოდნენ.

აქცია ბათუმში, მთავრობის სახლთან

“ჩვენი ფულით და ჩვენი ინტერესით ვაკეთებდით ამას, არავითარი პოლიტიკა აქ არ იყო… ბინაც გავყიდე მანამდე და იმ ფულსაც ხალხს ვახმარდი”, – ირწმუნება ფირუზ წულუკიძე.

აქციის მონაწილეები ჯერ არ აზუსტებენ, რა ფორმით გაგრძელდება ამჯერად საპროტესტო აქცია.

___

ამავე თემაზე:

აქცია აჭარის მთავრობასთან 2 დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: