დღეს, 12 თებერვალს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის მე-4 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატად მათე ფუტკარაძე წარადგინა.
ამ ოლქში 2021 წლის ნოემბერში გამართულ თვითმმართველობის არჩევნები ენმ-ს კანდიდატმა ნუგზარ ფუტკარაძემ მოიგო, თუმცა ის გარდაიცვალა. მათე ფუტკარაძე ნუგზარ ფუტკარაძის შვილია.
#4 ოლქში ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძე იქნება, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
ენმ-ის კანდიდატის, მათე ფუტკარაძის მამამ, ნუგზარ ფუტკარაძემ 2 ოქტომბრის არჩევნები 296 ხმით მოუგო „ოცნების“ კანდიდატს. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩანაწერი გაავრცელა, იმის დასტურად, რომ ნუგზარ ფუტკარაძეს საკრებულოში „ნეიტრალურ პოზიციაზე“ დარჩენას სთხოვდნენ და მასზე ზეწოლას ახდენდნენ.
ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არჩევნები 2022 წლის 2 აპრილს გაიმართება.
მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა ბათუმის საკრებულოში გადაწყვეტს პოლიტიკურ ძალთა ბალანსს. 35 წევრისგან შემდგარ ბათუმის საკრებულოში ამჟამად „ქართული ოცნებას“ 16 წევრი ჰყავს, ოპოზიციას – 17 [მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 14 წევრი, „გახარია – საქართველოსთვის“ – 2, „ლელო“ -1], ხოლო ერთი წევრი დამოუკიდებელი დეპუტატია, გახარიას პარტიის ყოფილი წევრი, რომელმაც ღიაც განაცხადა, რომ ენმ-თან თანამშრომლობა მისთვის მიუღებელია.
მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებიდან უკვე 4 თვე გავიდა, ბათუმში საკრებულო ვერ იკრიბება და ვერ ირჩევს საკრებულოს თავმჯდომარეს.
იმ შემთხვევაში, თუ კი ბათუმში 2 აპრილის არჩევნების შემდეგ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად ოპოზიციის წარმომადგენელს აირჩევენ, საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას ექნება, „ოცნების“ წარმომადგენლის შემთხვევაში კი – მმართველ პარტიას.
ბათუმის #4 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში 20 138 ამომრჩეველია. ამ ოლქში 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე მივიდა 11 535 ამომრჩეველი. მათგან 4838-მა ამომრჩეველმა ხმა მისცა ნუგზარ ფუტკარაძეს [ენმ], 4542- მა მამუკა კაკაბაძეს [ოცნება], 1481-მა კი – მინდია დევაძეს, „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატს.
ამავე თემაზე:
„ოცნების“ დემონტაჟი შეიძლება დაიწყოს ბათუმიდან – არმაზ ახლედიანი 2 აპრილის არჩევნებზე






