განათლება,მთავარი,სიახლეები

„ხანდახან მავიწყდება, რომ იქაური არ ვარ“ – სომხურენოვანი სკოლის ქართულის მასწავლებელი

12.02.2022 • 2929
„ხანდახან მავიწყდება, რომ იქაური არ ვარ“ – სომხურენოვანი სკოლის ქართულის მასწავლებელი

მირანდა იაკობიძე წალკაში, სოფელ ოზნის სომხურენოვან სკოლაში ათი წელია ქართულ ენას ასწავლის. ამბობს, რომ  დღევანდელი ოზნის სკოლა „ცა და დედამიწასავით“ განსხვავდება იმ პერიოდისგან, როცა აქ პირველად მოვიდა. რა აკლიათ ყველაზე მეტად ოზნის ახალგაზრდებს, რა რესურსებს იყენებს ქართული ენის სასწავლებლად –  სწორედ ამ თემაზე საუბრობს ქართული ენის მასწავლებელი „ბათუმელებთან“.

  • რა იყო თქვენთვის ყველაზე რთული ამ სოფელში გადასვლისას?

ალბათ ის, რომ სოფელში ქართულად თითქმის არავინ საუბრობდა. ოზნი სომხურენოვანი სოფელია და ქართული ნაკლებად იციან. სკოლის დირექტორი საკმაოდ კარგად საუბრობს და მასწავლებლებიც ცდილობენ უკეთ ისწავლონ ენა, თუმცა მოსახლეობა თითქმის არ ფლობს ქართულს.

მე სკოლაში ქართულს, როგორც მეორე ენას ვასწავლი. მევალებოდა რაღაც ახალი შემეტანა ქართული ენის სწავლებაში, უნდა შემექმნა ენის კლუბები და როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებაში დავხმარებოდი მოსწავლეებს.

  • როგორია მათი განწყობა, აქვთ ქართული ენის შესწავლის სურვილი?

ძალიან დიდი მოტივაცია აქვთ, როგორც ბავშვებს, ასევე მასწავლებლებსაც. ქართულის სწავლის მიმართაც აქვთ ენთუზიაზმი. სიცივე იყო, ქარი თუ თოვლი, არცერთი მოსწავლე არ აკლდებოდა გაკვეთილებს.

მასწავლებლებს ჟვანიას ცენტრში ენის შემსწავლელი კურსიც შევთავაზეთ. ამან საშუალება მისცა მასწავლებლებს სქემაში ჩართულიყვნენ და პროფესიული სტატუსი აემაღლებინათ. ბავშვებმაც კარგად ისწავლეს ენა, ბევრი აბიტურიენტი წავიდა ქართულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად. ჩააბარეს სამედიცინოზე, ერთი ქართულ ფილოლოგიასაც სწავლობს და უკვე ჩემი კოლეგაც გახდა. ცა და დედამიწასავით განსხვავდება ის პერიოდი დღევანდლისგან, როცა აქ პირველად ჩამოვედი.

  • რა რესურსებს იყენებთ ენის უკეთ სასწავლებლად?

დღეს ტექნოლოგიების საუკუნეა და რესურსების გასაჭირი არ გვაქვს. სკოლაში ძველი სახელმძღვანელოები გვაქვს, თუმცა მარტო წიგნს რომ არ მიეჯაჭვო, ამისთვის ბევრი ონლაინ რესურსი გვაქვს. ბევრი მიზნობრივი აუდიო, ვიდეო და ტექსტური მასალაა, რაც ძალიან ეხმარება ბავშვებს ქართულის კარგად გაგებაში.

სასკოლო გარემოც კარგია, რადგან ჩვენი სკოლა USAID -ის დაფინანსებით გაკეთდა და თითქმის ყველაფერი გვაქვს ამ ეტაპზე. დირექტორიც ხელს მიწყობს და თუ რამე ტექნიკური მხარდაჭერა გვჭირდება, გვეხმარება, იქნება ეს მუსიკალური ცენტრი, მიკროფონები თუ სხვა რამ ღონისძიებებისთვის.

  • რა აძლევთ ბავშვებს მოტივაციას, რომ ქართული ენა ისწავლონ?

ზოგადად, ჩვენს სოფელში მოტივირებული ბავშვები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალმთიანი სოფელია და არ აქვთ ხშირი კონტაქტი გარე სამყაროსთან.

არც ქართულ გარემოსთან აქვთ ხშირი შეხება, სომხურ და ქართულ სოფლებს ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა არ აქვთ. ამის მიუხედავად, გააზრებული აქვთ, რომ თუ სახელმწიფო ენას კარგად ისწავლიან, უმაღლეს განათლებასაც მიიღებენ და სახელმწიფო უწყებებშიც დასაქმდებიან.

ამის არაერთი მაგალითი აქვთ სოფელში, რადგან ბევრი დაბრუნდა უკან და დასაქმდა ზოგი გამგეობაში, ზოგი ბანკში და ასე შემდეგ.

  • სომხურ და ქართულ სოფლებს ერთმანეთთან ურთიერთობა არ აქვთო – ამბობთ. ეს მხოლოდ ენის ბარიერის გამოა?

უბრალოდ, სართო საქმე არაფერი აქვთ. ვაჭრობაა თუ სხვა საქმე, ყველაფერი აქვთ თავიანთ სოფლებში. თანაც, არც ისე ახლოსაა გეოგრაფიულად ეს სოფლები ერთმანეთთან. ყველაზე ახლო სოფელი 12 კილომეტრითაა დაშორებული.

ყველაზე ახლოს სოფელი გუმბათი და ავრალოა, იქ შედარებით აქვთ მიმოსვლა, რადგან ავრალოში სტომატოლოგი ჰყავთ და ამიტომ გადადიან.

ჩვენ, ქართულის პედაგოგები, იმ მიმართულებითაც ვმუშაობთ, რომ ეთნიკური სომხების ინტეგრაციას შევუწყოთ ხელი  საერთო ქართულ სივრცეში.

დავუმეგობრდით გუმბათის სკოლას და ბავშვები „შემოდგომის ზეიმზე“ წავიყვანე. ერთმანეთი გაიცნეს და ფეისბუკშიც დაიმეგობრეს თანატოლები. სადღაც ქუჩაში თუ შეხვდებიან ერთმანეთს, შემინიშნავს, რომ ახალგაზრდები ერთმანეთს ესალმებიან, აქვთ კონტაქტი და მისვლა-მოსვლა.  თუმცა, რომ იმეზობლონ, რაღაც საერთო სუფრაზე მოხვდნენ, ასეთი რამ არაა.

  • თქვენ როგორ შეეჩვიეთ გარემოს?

ხანდახან მავიწყდება, რომ იქაური არ ვარ, იმდენად შევეჩვიე, შევეთვისე. მარტო ვცხოვრობ, მაგრამ დღე არ გავა ან მე არ შევიდე მეზობელთან, ან თვითონ არ შემოვიდნენ. თუ არ მიხვედი, გირეკავენ, მოგიკითხავენ, ძალიან ახლო კონტაქტი და ურთიერთობა მაქვს ადგილობრივებთან.

  • სომხურიც ისწავლეთ?

კი, თავისუფლად. არც კი ვიცი როდის და როგორ ვისწავლე. საგანგებოდ არცერთი სიტყვა არ გამომიკითხავს – ეს რას ნიშნავს-მეთქი. ბავშვების საუბარი მესმის, ირგვლივ სულ სომხური სამეზობლოა, მათი სოციუმის წევრი ვარ და ასე ვთქვათ, შემომესწავლა სომხური ენა. ანბანი არ ვიცი, მაგრამ საუბარი 90 პროცენტით მესმის.

  • ისინი არ ცდილობენ ქართულად საუბარს?

სკოლაში კი, მაგრამ სკოლის გარეთ, უფროსი თაობა ვერ საუბრობს ქართულად. როცა 5 ქალი ზის და სომხურად ლაპარაკობს, იქ ქართულად საუბარს ვერ დავიწყებ.

  • ყველა რეგიონს, სოფელს, თავისი სირთულეები აქვს. თქვენს სოფელში რა არის ყველაზე დიდი პრობლემა?

ზოგადად სოფელი საკმაოდ განვითარებულია. განათება გვაქვს. წყალი ადგილობრივი რეზერვუარებიდან მოდის. სოფლის გზა არ არის დაგებული და არც ბუნებრივი აირია შემოყვანილი, თუმცა სოციალური სიდუხჭირე სოფელში არ იგრძნობა.

ზამთარში თითქმის ყველა ოჯახიდან ერთი კაცი რუსეთში მიდის სამუშაოდ და ეს ძალიან ეხმარებათ. ქალები სოფელში არიან, კაცები – რუსეთში. ოჯახში თითქმის ყველას აქვს ტექნიკა, ინტერნეტი და კომპიუტერი.

თუმცა ყველაზე მეტად ბავშვებს გართობა აკლიათ, თეატრი, კინო, მოგზაურობა. რაიონის ცენტრსაც მოწყვეტილი ვართ და ხშირად ვერ წაიყვან ბავშვებს, რადგან ტრანსპორტი დღეში ერთხელ დადის.

ხანდახან ცირკი რომ მოვა, მთელი დღესასწაულია, ისეთი ბედნიერები არიან. ძალიან მწყდება გული, რომ ბავშვებისთვის ასეთი რამეები არ აქვთ.

ძალიან კარგი იქნება საბავშვო ბანაკები. 2014 წელს სამი მასწავლებელი გავუშვით ათდღიან ბანაკში ბაკურიანში, ბავშვებიც გვყავდა შერეულ ბანაკებში და თუ ეს ხშირად იქნება, ძალიან კარგი საშუალებაა, როგორც კულტურული ინტეგრაციისთვის, ასევე ენის კარგად დასაუფლებლად.

  • სოფლიდან მაღალია მიგრაცია?

ნაკლებად. რუსეთში გადავიდა 3-4 ოჯახი, თუმცა ისეთი მიგრაცია, როგორც ქართულ სოფლებშია, არა. თითქმის ყველა ახალგაზრდა უკან ბრუნდება.

ვინც სწავლობს, მინიმუმ კოლეჯს მაინც ამთავრებს. ძალიან უყვართ კულინარია, საკონდიტრო პროფესია, სალონებში მუშაობა და ამ პროფესიებს ეუფლებიან. ბრუნდებიან სოფელში და დასაქმებული არიან.

  • სკოლაზე მინდა გკითხოთ ისევ. როგორც ვიცი არაქართულენოვან სკოლებში ყველაზე მეტია პრაქტიკოსი მასწავლებელია. ახერხებენ პროფესიულ ზრდას? 

დიახ, თუ არ ვცდები ჩვენს სკოლაშიც 13 უსტატუსო მასწავლებელია, თუმცა რადგან არაქართულენოვან სკოლებში გვიან დაიწყო მასწავლებლების კარიერ სქემაში ჩართვა, მათ უფლება მიეცათ 2023 წლამდე აიმაღლონ სტატუსი. ძირითადად ახალგაზრდა პედაგოგები გყავს და მათ სახელმწიფო პროფესიული ენის ტრენინგებს სთავაზობს.

A1 A2 და B1 დონეს უნდა ფლობდნენ პედაგოგები. ისინი, ვინც B1 დონის სერტიფიკატს აიღებენ, პროფესიული უნარების გამოცდის ნაცვლად გაივლიან მასწავლებლის პროფესიული უნარების 48-საათიან ტრენინგებს და ამის საფუძველზე მიიღებენ უფროსი მასწავლებლის სტატუსს. რა თქმა უნდა, საგანშიც უნდა ჰქონდეთ კომპეტენცია დადასტურებული მინიმუმ 1 კრედიტზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: