ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აჭარაში შესწავლილი საქმეებიდან რომელი მასალები გადასცა აუდიტმა პროკურატურას

08.02.2022 • 4946
აჭარაში შესწავლილი საქმეებიდან რომელი მასალები გადასცა აუდიტმა პროკურატურას

ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის მერიის, ასევე აჭარის სამინისტროებისა და ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის საქმიანობას პროკურატურა შეისწავლის.

კონკრეტული საკითხები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იმ ანგარიშებშია მოყვანილი, რომლებიც აუდიტმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უკვე გადააგზავნა.

2021 წლიდან დღემდე პროკურატურაში გადაგზავნილია:

  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მიერ 2020 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების სისტემური შესაბამისობის აუდიტის მასალები
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მასალები

აუდიტის მიერ გამოვლენილი ზოგიერთი დარღვევა, რაც პროკურატურამ უნდა შეისწავლოს:

[highlight color=”red”]ბათუმის მერია[/highlight]

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ბათუმის მერია ვერ უზრუნველყოფს უნებართვო მშენებლობების შეჩერებას და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონო გამოყენებას, რაც არამართლზომიერი ქმედების რისკებს წარმოშობს.

ბათუმში უკანონო მშენებლობებისა თუ გაცემული ნებართვების საკითხის შესწავლა აუდიტის შემდეგ პროკურატურასაც მოუწევს.

აუდიტის საპასუხოდ ბათუმის მერია აცხადებს, რომ ნაკლოვანებების ნაწილი, რაც აუდიტმა დააფიქსირა, პანდემიის ბრალია. ამასთან, „დასკვნაში აღნიშნული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი შესრულებულია 2021 წლისთვის, ხოლო რეკომენდაციების ნაწილის შესრულება მიმდინარეობს დღეისთვისაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

აუდიტი ასევე აცხადებს, რომ „ბათუმის მუნიციპალიტეტის სუსტი შიდა კონტროლის პირობებში, არარაციონალურად გახარჯულია საწვავი. არ არის დაცული მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციები სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობასთან დაკავშირებით, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა 20 916 ლარამდე საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა. აღნიშნული ავტოპარკის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ ერთიანი პოლიტიკის განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებაა და ვერ უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ და რაციონალურ ხარჯვას.“

სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს, რომ ბათუმის მერიაში არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა. გარდა ამისა, მერიას შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული ჰყავს პირები მუდმივი ამოცანების შესასრულებლად, მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება კი დოკუმენტურად არ დასტურდება.

აუდიტი ყურადღებას ამახვილებს ბათუმში ნაპირსამაგრ ნაგებობებზე და აცხადებს, რომ „მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვა დაწესებულებების დაკვეთით აშენებული 68,8 მილიონი ლარის ღირებულების შენობა-ნაგებობების აღრიცხვასთან დაკავშირებით არსებული შეუთანხმებელი საკითხები უარყოფითად მოქმედებს აქტივების მოვლასა და სათანადო ექსპლუატაციაზე, რამაც შესაძლოა დამატებითი ფინანსური ხარჯები გამოიწვიოს.“

აუდიტის მიხედვით:

„აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი, რომლის ღირებულებამ 55,6 მილიონი ლარი შეადგინა.

წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, სანაპირო ზოლზე აშენდა 1 750 მეტრი სიგრძის ნაპირსამაგრი ნაგებობა [ქვის წყობა], დაიგო ბულვარის ახალი საფარი, პლაჟი შეივსო ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი წამოიჭრა საკითხი ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პოზიციის შესაბამისად, ნაპირსამაგრი ნაგებობა შედის ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მიღება-ჩაბარების აქტით უნდა გადაეცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს. შემდგომში მერიამ უნდა განახორციელოს პროექტის ფარგლებში შექმნილი ქონების მოვლა-პატრონობის ღონისძიებები, მათ შორის, სანაპირო ზოლის კვება [ინერტული მასალის შეტანა].

მერიის განმარტებით კი, შესაბამისი დახმარების გაწევის გარეშე [იგულისხმება ფინანსური და ადამიანური რესურსი, ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება] ის ვერ აიღებს პასუხისმგებლობას აღნიშნული საქმიანობის განხორციელებაზე. მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების განმარტებით, აღნიშნული ნაგებობა აუდიტის პერიოდისთვის არ არის მიღებული ექსპლუატაციაში, თუმცა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან შეთანხმებით, დაგეგმილია სათანადო ღონისძიებების გატარება ობიექტის მიღებისა და ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად.“

„აუდიტის მიმდინარეობისას ჩატარებული დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ ნაგებობის მოვლა-შენახვა აუდიტის პერიოდისთვის არ არის უზრუნველყოფილი, სანაპირო ზოლში არ არის შეტანილი ინერტული მასალა, რის შედეგადაც ზღვაში აღმოჩნდა სანაპიროს გარკვეული ნაწილი. შესაბამისად, არსებობს რისკი იმისა, რომ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსით შექმნილი ქონება, მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურას შორის შეუთანხმებლობის გამო, შეიძლება დაზიანდეს, რაც დამატებითი ფინანსური რესურსის ხარჯვასთან იქნება დაკავშირებული“, – აცხადებს აუდიტი.

აღსანიშნავია, რომ ეს  ნაგებობა დღესაც არ არის ბათუმის მერიაზე გადმოცემული, ინერტული მასალის შეტანის გარეშე კი იშლება, როგორც აღნიშნული ნაგებობა, ასევე ზღვამ რამდენიმე დღის წინ დაანგრია და წარეცხა ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაც.

გარდა ამისა, აუდიტის მიერ მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტოს ბალანსზე ირიცხება ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე არსებული 13 337 285 ლარის საწყისი ღირებულების ნაპირსამაგრი ნაგებობები. რომელთა ქალაქ ბათუმის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, სააგენტოს არაერთი მიმართვის მიუხედავად, მერიამ უძრავი ქონება არ მიიღო.

„მერიაში აღნიშნულის მიზეზად სახელდება ის გარემოება, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქონება, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში ნაპირსამაგრი ნაგებობებია, მდებარეობს ზღვაში და, შესაბამისად, ვერ განიხილება, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის ქონება.

აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში, აუდიტის ჯგუფმა მერიის წამომადგენელთან ერთად, აღნიშნული ნაგებობების შესაძლო ადგილმდებარეობები დაათვალიერა, თუმცა მდინარე ჩაქვისწყლის სანაპიროზე ნაპირსამაგრი ნაგებობის [საწყისი ღირებულება − 141 250 ლარი] გარდა, სხვა ნაგებობები ვერ იქნა აღმოჩენილი.

პასუხისმგებელი პირების განმარტებით, მერიას მშენებლობის შესყიდვისა და ექსპლუატაციის არც ერთ ეტაპზე მონაწილეობა არ მიუღია და მათთვის უცნობია ნაგებობების დღეს არსებული მდგომარეობის დეტალები. შესაბამისად, ჭოროხის ხიდიდან მდინარის გასწვრივ [ორივე მხარეს] ნაპირსამაგრი კედლის [საწყისი ღირებულება − 12 977 492 ლარი], მწვანე კონცხზე − ნავმისადგომთან ტალღმტვრევის [საწყისი ღირებულება − 97 543 ლარი] და ტრავერსების [საწყისი ღირებულება − 121 000 ლარი] ფაქტობრივი მდგომარეობის გარკვევის მიზნით, აუდიტის ჯგუფის და შემდეგ მერიის მოთხოვნით საჭირო იყო ადგილმდებარეობის კოორდინატების დაზუსტება, თუმცა პასუხი გარემოს ეროვნული სააგენტოდან არ მიუღიათ, რაც არამართლზომიერი ქმედებების რისკებს წარმოშობს“, – აცხადებს აუდიტი.

[highlight color=”red”]აჭარის სამინისტროები[/highlight]

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების [ფინანსთა და ეკონომიკის, განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროები] მიერ 2020 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის მიხედვით:

  • „სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის დროს ბაზრის კვლევა რიგ შემთხვევებში არ არის ჩატარებული ან/და ჩატარებული კვლევა ფორმალურია და არ ემსახურება პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნებს. მათ შორის, ბაზრის არასათანადო კვლევის შედეგია შესყიდვის სავარაუდო ღირებულების არასწორად განსაზღვრა.
  • 2020 წელს 98 შემდგარი ტენდერიდან 39 შემთხვევაში ფიქსირდება 20%-იანი და მეტი ეკონომია, შედეგად, შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება შემცირდა 2 004 522 ლარით. ამასთან, მთლიანი ტენდერების 26% გაიმართა ერთი პრეტენდენტის მონაწილეობის პირობებში, სადაც შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება შემცირდა მხოლოდ 111 116 ლარით, ანუ 8%-ით. ბაზრის კვლევის ნაკლოვანებების გამო, ტენდერში/კონკურსში კონკურენციის არარსებობა ან/და გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება იწვევს არაეკონომიურ ხარჯს.
  • სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარების საფუძვლით, გამარტივებული წესით განხორციელებულია ისეთი საქონლის შესყიდვა, რომელზეც ტენდერის დროულად გამოცხადება არ გამოიწვევდა ღონისძიების შეფერხებით ჩატარებას.
  • სამინისტროებმა განახორციელეს 1 071 664 ლარის ღირებულების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლებიც შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ჩაიბარეს საექსპერტო დასკვნისა და ინსპექტირების ჯგუფის შეფასების საფუძველზე, თუმცა აუდიტის ჯგუფის მიერ შესრულებული პროექტების ადგილზე დათვალიერების შედეგად გამოვლინდა ხარვეზები. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ხელშეკრულებებით შესრულებულ სამუშაოებზე მოქმედებს საგარანტიო ვადები, შემსყიდველ ორგანიზაციებს გონივრულ ვადებში არ აღმოუჩენიათ ხარვეზები და არ გაუტარებიათ სათანადო ღონისძიებები მათი აღმოფხვრის მიზნით.
  • ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის (განვითარების გეგმა-კონცეფცია) შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, 2018 წლის 11 ივლისს გამოაცხადა კონკურსი. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 423 700 ლარით, დღგ-ის გარეშე. კონკურსში მონაწილეობდა ერთი პრეტენდენტი, რომლის შეთავაზებულმა ფასმა შეადგინა 385 000 ლარი დღგ-ის გარეშე. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ღირებულებამ დღგ-ის ჩათვლით შეადგინა 454 300 ლარი. სამინისტრომ ვერ წარმოადგინა ბაზრის კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. გარდა ამისა, არსებობს იმის რისკი, რომ სამინისტროს სათანადოდ არ შეუსწავლია ყველა კვალიფიციური მოსაზრება განვითარების გეგმა-კონცეფციასთან დაკავშირებით.
  • მოპოვებული დოკუმენტებით, მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის (განვითარების გეგმა-კონცეფცია) შედგენის მომსახურება შესყიდულია 454 300 ლარად, მაშინ როდესაც ანალოგიური/მსგავსი შინაარსის და მნიშვნელობის სხვა სახელმწიფო შესყიდვებში გადახდილია არანაკლებ 100 000 ლარით ნაკლები.“

[highlight color=”red”]ქობულეთის მერია[/highlight]

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ქობულეთის მერიას არ ჩაუტარებია ფინანსური აქტივების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 19 523 656 ლარს.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული ინვენტარიზაცია არ მოიცავს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ყველა უძრავ ქონებას, რომლის ინვენტარიზაცია, მოქმედი რეგულაციების თანახმად, ტარდება სამ წელიწადში ერთხელ მაინც.

ინვენტარიზაციის დადგენილი წესით ჩაუტარებლობის გამო, მუნიციპალური ქონების ნაწილი ჯერ კიდევ არ ირიცხება მუნიციპალიტეტის ბალანსზე.

„გარდა ამისა, 8 ინფრასტრუქტურული პროექტის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ხარჯთაღრიცხვებში გათვალისწინებული იყო არსებული აქტივების დემონტაჟი და შედეგად მიღებული ვარგისი სამშენებლო მასალისა და სხვა დაუზიანებელი აქტივის დასაწყობება.

შესაბამის მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციით, დემონტაჟის სამუშაოები შესრულებულია და ქონება დასაწყობებულია, თუმცა მათი ინვენტარიზაცია და მუნიციპალიტეტის ბალანსზე ასახვა არ მომხდარა.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ ვერ წარმოადგინა ინფორმაცია ვარგისი ქონების ფაქტობრივი მდგომარეობის, მოცულობისა და განთავსების ლოკაციების თაობაზე. გამომდინარე ქონების დემონტაჟის შემდეგ გასული პერიოდისა, მაღალია რისკი, რომ ქონება განადგურებულია ან/და იმყოფება მესამე პირების არამართლზომიერ მფლობელობაში. აღნიშნულის გამო, აუდიტის ჯგუფს არ აქვს შესაძლებლობა განახორციელოს ქონების იდენტიფიცირება და ინვენტარიზაცია“, – აცხადებს აუდიტი.

ქონება, რომელიც დემონტაჟის შემდეგ უნდა აღწერილიყო, თუმცა, აუდიტის დასკვნით, ქობულეთის მერიამ ამ ქონების ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა. ამ ქონების ბედის გარკვევა ამჯერად პროკურატურას მოუწევს.

აუდიტის რეკომენდაციით, „საჯარო ქონების ეფექტიანი მართვისთვის, ქობულეთის მერიამ უნდა შეიმუშაოს კონტროლის ისეთი მექანიზმი, რომელიც უზუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/მართვაში არსებული ყველა ქონების აღწერას, მისი ღირებულებით შეფასებას და ბალანსზე ასახვას, ხოლო არარსებული ქონების ბალანსიდან ჩამოწერას შესაბამისი პროცედურებით.“

[highlight color=”red”]ხელვაჩაურის მერია[/highlight]

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ხელვაჩაურის მერიამ 2 884 841 ლარის ღირებულების მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა განახორციელებინა გამოცდილების არმქონე იურიდიულ პირს, სადაც საბაზრო ფასთან შედარებით, ზედმეტად არის გადახდილი 194 586 ლარი, ხოლო სატრანსპორტო ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე ანაზღაურებულია 45 064 ლარი.

აუდიტის მიხედვით, ამ საცხოვრებელი სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა 2019 წელს. სახლი ეკომიგრანტებისთვის იყო განკუთვნილი. ამასთან:

  • წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ პროექტის და ხარჯთაღრიცხვის მიმწოდებელს, შპს „მშენებელთა ჯგუფს“ საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის შესაბამისი გამოცდილება არ გააჩნია და ფაქტობრივადაც ეს სამუშაო მას არ შეუსრულებია. საპროექტო დოკუმენტაცია მომზადებულია და პროექტის ინსპექტირება განახორციელა მესამე მხარემ და რეალური ღირებულება შეადგენს 75 000 ლარს. აღნიშნული დასტურდება ქვეკონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, თუმცა მერიას ამ მომსახურებისათვის მიმწოდებელზე გადახდილი აქვს 10 000 ლარით მეტი, ანუ 85 000 ლარი.
  • სატენდერო კომისიის ოქმებით ირკვევა, რომ სამშენებლო სამუშაოების შესრულებისათვის შესაბამისი გამოცდილება წარმოდგენილი აქვს ამხანაგობის დამფუძნებელს, შპს „ახალ სტილს“ (ltd new style) და მისი ვალდებულებაა სამშენებლო სამუშაოების წარმოება, თუმცა როგორც პროექტირების შემთხვევაში, ანალოგიურად, სამშენებლო საქმიანობა ფაქტობრივად მას არ განუხორციელებია და გაფორმებულია დამატებითი ხელშეკრულება შპს „მშენებელი 2020“-თან, რომელიც დაფუძნებულია 2019 წლის 11 ივნისს. აღსანიშანვია, რომ ამ უკანასკნელს არ გააჩნდა სამშენებლო საქმიანობის გამოცდილება. აღნიშნულთან დაკავშირებით მერიამ არ გაატარა შესაბამისი ღონისძიება. შედეგად, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა განახორციელა გამოცდილების არმქონე შპს-მ, ამასთანავე, სამუშაოების მიღება-ჩაბარების ეტაპზე ინსპექტირება ჩატარდა მხოლოდ შესრულებული სამუშაოების, შესრულების აქტში ასახულ სამუშაოებთან შესაბამისობაზე, რაც წარმოშობს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის რისკს.

პროკურატურა აღნიშნულ საკითხთან ერთად წესით, ხელვაჩაურში წყალმომარაგების კუთხით შესრულებული სამუშაოებითაც უნდა დაინტერესდეს.

  • „ხელვაჩაურის ორ სოფელში ჭაბურღილის მოწყობისთვის, წყლის რესურსის განსაზღვრის მიზნით გეოლოგიური კვლევისათვის, ბიუჯეტიდან გადახდილია 45 000 ლარი. კვლევის შედეგების გათვალისწინებით, მერიამ სოფელ განახლებაში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებზე გასწია 134 829 ლარის ხარჯი, რომელიც ძირითადად მოიცავდა სატუმბის, რეზერვუარის და საქლორატოროს მშენებლობას, ასევე მაგისტრალის არსებულ ჭაბურღილზე დაერთებას, თუმცა განხორციელებული აუდიტორული პროცედურების შედეგად გამოვლინდა რომ მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული გამოწვეულია წყლის მარაგის დაწევით, თუმცა შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთება ვერ იქნა წარმოდგენილი. ამასთან ერთად, ანალოგიური მიზეზის გამო არ გამოიყენება მეორე სოფელში მოწყობილი ჭაბურღილიც“, – აცხადებს აუდიტი.
  • „2019-2020 წლებში ხელვაცაურის მუნიციპალიტეტმა, შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ მეშვეობით, წყალსადენის სათავე ნაგებობების და რეზერვუარის მოვლა-ექსპლუატაციისათვის დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე შრომის ანაზღაურებისათვის სულ გადაიხადა 800 985 ლარი. მუნიციპალიტეტში არსებული 66 ერთეული წყალსადენის რეზერვუარის მოვლა ექსპლუატაციისათვის შპს „ხელვაჩაურის წყალკანალში“ დასაქმებულია 81 შტატგარეშე თანამშრომელი და ჯამში გაცემულია შრომის ანაზღაურება 431 000 ლარის ოდენობით. დასაქმებულ პირებს უნდა განეხორციელებინათ წყლის და შენობა-ნაგებობის რეცხვა-გასუფთავება, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ვალდებულების ჯეროვნად შესრულება წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება, ამასთანავე, ვერ იქნა წარმოდგენილი დასაბუთებული რწმუნება შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

[highlight color=”red”]ბ ს უ[/highlight]

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტი.

უნივერსიტეტში აღმოჩენილ სხვადასხვა ნაკლოვანებებთან ერთად აუდიტი ანგარიშში მიუთითებს, რომ

  • „უნივერსიტეტში არ არის დანერგილი ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები, რეგულარულად არ ხორციელდება შესყიდული სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგი, რის გამოც არ ხდება ნაკლოვანებების გამოვლენა და მათზე რეაგირება. კერძოდ, უნივერსიტეტის სამი შენობის მშენებლობისათვის ჯამში დახარჯულია 7 270 465 ლარი, თუმცა ვიზუალური დათვალიერებით შეიმჩნევა მნიშვნელოვანი ხარვეზები: მათ შორის, შენობა იტბორება, სახურავიდან ჩამოედინება წყალი, დაზიანებულია კედლები და სხვ. ამასთანავე, 132 182 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება არ შეესაბამება ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მიუხედავად ამისა, თანხები ანაზღაურებულია სრულად. აღნიშნული კი წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად და არაეფექტიანად ხარჯვის რისკებს.
  • მიუხედავად იმისა, რომ ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობისათვის დახარჯულია 2 884 887 ლარი, ვიზუალური დათვალიერებით გამოვლინდა მნიშვნელოვანი დაზიანებები. შედეგად, შენობის ნორმალური ფუნქციონირებისა და სამუშაოების დასასრულებლად საჭიროა დამატებითი ფინანსური რესურსები.
  • უნივერსიტეტმა ვერ უზრუნველყო მედიცინის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა მოზიდვის ხელშეწყობის შესახებ მემორანდუმის ეფექტიანი მართვა, არ იყო დაცული წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის წესი. შედეგად, უცხოელ სტუდენტთა დავალიანება წლების მიხედვით იზრდებოდა და 2019 წლის ბოლოსათვის 1,486,817 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთანავე, უნივერსიტეტში ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტთა მიმართ სტატუსის შეჩერების შესახებ მიღებულია არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებები.
  • წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების მოქმედ რეგულაციებთან შეუსაბამობისა და საკითხის არასათანადო შესწავლის შედეგად, მაგისტრატურის რიგი საგანმანათლებლო პროგრამის 653 სტუდენტმა ზედმეტად გადაიხადა 332,000 ლარი. აღნიშნული თანხა ექვემდებარება სტუდენტებისთვის უკან დაბრუნებას.
  • უნივერსიტეტში არ არის ჩატარებული ბალანსზე რიცხული 44 872 912 ლარის აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია, რაც ზრდის აქტივების დაუცველობასთან დაკავშირებულ რისკებს. ამასთანავე, საბალანსო მონაცემებში დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები უსაფუძვლოდ გაზრდილია 174 651 ლარით, რაც შიდა კონტროლის სისუსტესა და აღრიცხვაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს.“

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

როგორ მუშაობს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – აუდიტის შეფასება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: