მთავარი,სიახლეები

„არ გადადო“, ეს შენს ოჯახს, მეზობლებსა და ნაცნობებს ეხება – აქტივისტების ჯგუფი ბათუმში

11.02.2022 • 1767
„არ გადადო“, ეს შენს ოჯახს, მეზობლებსა და ნაცნობებს ეხება – აქტივისტების ჯგუფი ბათუმში

დღეს, 11 თებერვალს, ბათუმში საინიციატივო ჯგუფი „არ გადადო“ ჟურნალისტებს შეხვდა და განხორციელებული პროექტები გააცნო.

„არ გადადო“ თავისუფლების აკადემიის სტუდენტების პროექტია, რომელიც ბათუმში ხორციელდება. საინიციატივო ჯგუფი 30-მდე წევრს აერთიანებს.

„არ გადადოს“ წევრები სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობენ – ავარიული სახლები, სკოლებთან საგზაო უსაფრთხოების მოთხოვნები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკა ბათუმში.

თავისუფლების აკადემიის პროგრამის მენეჯერის, გვანცა კვარაცხელიას თქმით, მათი მთავარი ამოცანაა არ დაშორდნენ მოსახლეობის საჭიროებებს და მომავლისთვის გეგმავენ „არ გადადოს“ გაძლიერებას, რათა შეძლონ შერჩეულ თემებზე უკეთ მუშაობა და დაიმატონ სხვა მიმართულებებიც.

თავისუფლების აკადემია თავისუფლების ინსტიტუტის პროექტია, რომლის მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის კონტროლის გაძლიერება მოქალაქეების გაძლიერებით.

პროექტის მონაწილეებმა ჯერ სალექციო კურსი გაიარეს და შემდეგ თვითონ აარჩიეს, რაზე ემუშავათ. ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ ეს პრობლემები მათ ეხებათ, მათი ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ნაცნობებსა და მეზობლებს.

„ეს არ არის ერთჯერადი პროექტი. ვფიქრობთ „არ გადადოს“ გაძლიერებას. ჩვენ ამას თანმიმდევრულად ვიზამთ, იმიტომ რომ საზოგადოებას ახლა სწორედ თანმიმდევრულობა აკლია და გვინდა, რომ თანმიმდევრული აქტივიზმით შემოვიტანოთ ეს თემები საჯარო სივრცეებში.

არა მხოლოდ ბათუმში, არამედ სხვადასხვა  რეგიონში მივიტანთ და გავაძლიერებთ აქტივიზმს, ვფიქრობთ, ეს იქნება იმ შედეგის მომტანი, რომ საჯარო პოლიტიკით იქნება გაჟღენთილი სივრცეები და არა პოლიტიკოსების პერსონალური გასაჭირით“, – ამბობს გვანცა.

ნიაზ ჩიტიძე

საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი აქტივისტი, ნიაზ ჩიტიძე ავარიული სახლების მიმართულებით მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელია. იგი მისი ჯგუფის გამოცდილებაზე გვიყვება.

„ჩვენმა ჯგუფმა მიმართა მერიას, გავუგზავნეთ ოფიციალური წერილი მეილზე. უკუკავშირი გვქონდა ავარიულ შენობებთან დაკავშირებით, გამოგვიგზავნეს სია, რომელ შენობებზე დაიხარჯებოდა 18 მილიონი, მაგრამ კონკრეტულად რაში უნდა დაიხარჯოს ფული და როგორ განაწილდება ეს რესურსი, ამაზე ინფორმაცია ვერ მივიღეთ. მხოლოდ კორპუსების ჩამონათვალი მოგვაწოდეს, რომელი კორპუსი რა სამუშაოებს ექვემდებარება – ეს არ უთქვამთ.

ერთ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა უშუალოდ ბათუმის მერთან გასაუბრება ავარიული შენობებთან დაკავშირებით, მაგრამ მისი პასუხები ყოველთვის იყო აბსტრაქტული, არანაირი კონკრეტიკა, არც იმას არ ამბობდა საჯაროდ დაიდებოდა თუ არა ინფორმაცია და ზუსტად რაში დაიხარჯებოდა ეს 18 მილიონი.

პრობლემა საკმაოდ სენსიტიური და მნიშვნელოვანია. თუ მერია არ დაიწყებს სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან აქტიურ თანამშრომლობას, არ მოგვაწვდის ზუსტად ინფორმაციას, თუ როგორ ხარჯავს ჩვენს, ანუ ქალაქის ფულს, ყოველთვის იქნება ეჭვი, რომ რაღაც არ ხდება სწორად“, – ამბობს ნიაზი.

„არ გადადოს“ შეხვედრა ჟურნალისტებთან

25 თებერვალს თავისუფლების აკადემიის პროექტი სრულდება, თუმცა საინიციატივო ჯგუფ „არ გადადოს“ წევრების თქმით, ისინი არ აპირებენ გაჩერებას.

როგორც ნიაზ ჩიტიძე ამბობს, მალე „არ გადადო“ იმუშავებს კორუფციისა და ფლანგვის მიმართულებით.

„არ ვაპირებთ გაჩერებას, მალე დავიწყებთ მეოთხე მიმართულებით მუშაობასაც, თუ როგორ იხარჯება ქალაქის ბიუჯეტი და გვაქვს თუ არა საქმე კორუფციასთან. აქტიურები ვიქნებით ტენდერების მიმართულებითაც“, – ამბობს ნიაზი.

 

გადაბეჭდვის წესი