მთავარი,სიახლეები

ქსელი, რომელიც არ შეიქმნა – აუდიტი ქართულ დიასპორებთან ურთიერთობებზე

13.02.2022 • 1450
ქსელი, რომელიც არ შეიქმნა – აუდიტი ქართულ დიასპორებთან ურთიერთობებზე

ქართულ დიასპორასთან კავშირების გაძლიერების მიზნით 2017-2020 წლებში გატარებული ღონისძიებები, აუდიტის დასკვნით, არაეფექტური იყო.

ხარვეზები იყო პროექტების დაგეგმვაში, დიასპორულ პროექტებზე არასაკმარისი წვდომა ჰქონდათ თვითონ ემიგრანტებს, არ შესრულდა დაგეგმილი ღონისძიებები სრულად, ხოლო პროექტების უმეტესობა არაეფექტურად განხორციელდა.

დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მონაცემებით კი, სხვადასხვა ქვეყანაში დღეისათვის, ჯამში, 284 დიასპორული ორგანიზაცია არსებობს. განსაკუთრებით დიდია მათი რაოდენობა აშშ-ში, რუსეთში, გერმანიასა და საბერძნეთში.

დღემდე არ არის შექმნილი პროფესიული დიასპორული ქსელი, რომელიც საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმით იყო განსაზღვრული და რაც, აუდიტის განცხადებით, „უარყოფით გავლენას ახდენს ერთიანი და ძლიერი დიასპორის შექმნის მიზნებზე.“

სახელმწიფო აუდიტმა ანგარიში ორი დღის წინ, 11 თებერვალს გამოაქვეყნა.

„დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია 2016-2017 წლებში დიასპორული ქსელის შექმნასთან დაკავშირებით განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, ასევე დიასპორული ქსელის შექმნა-განვითარების ღონისძიებები 2018, 2019 და 2020 წლების სამოქმედო გეგმებში არ იყო განსაზღვრული. [აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება ევალებოდა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, რომელიც 2017 წელს განხორციელებული რეორგანიზაციით შეერწყა საგარეო საქმეთა სამინისტროს და შეიქმნა დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი]“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მსოფლიოში მრავალი კარგი, ერთიანი და ძლიერი დიასპორული ქსელი არსებობს, თუმცა, მაგალითებად მოყვანილია „სხვადასხვა მაჩვენებლით საქართველოსთან უფრო მეტად შესადარისი“, სომხეთისა და ლიეტუვას დიასპორაში არსებული კავშირები.

„ლიეტუვაში, 2009 წელს ჩატარებული პირველი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შემდეგ, შეიქმნა პლატფორმა − „მსოფლიო ლიეტუველი ლიდერები“, რომელიც აერთიანებს ლიეტუვური წარმოშობის საერთაშორისო გამოცდილების მქონე 2 000 პროფესიონალს/ლიდერს, მსოფლიოს 40 ქვეყნიდან და ხელს უწყობს მაღალკვალიფიციური დიასპორის ერთმანეთთან დაკავშირებას [პროფესიული ქსელის შექმნას], რომლებსაც შეუძლიათ/სურთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში წვლილის შეტანა და გლობალურ სამყაროში ქვეყნის პოზიციის გამყარება“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

 

„დიასპორასთან მჭიდრო კავშირების მქონე ქვეყნების ერთ-ერთი მაგალითია ასევე სომხეთის რესპუბლიკა, სადაც დიასპორა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში აქტიურადაა ჩართული. სომხეთის მთავრობამ და დიდმა დიასპორულმა ორგანიზაციებმა შექმნეს ფონდი − Hayastan All-Armenian Fund, რომელმაც დაარსების დღიდან სომხეთში 1 300-ზე მეტი მსხვილი პროექტი განახორციელა ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური კეთილდღეობის, ხელოვნებისა და სპორტის სფეროებში, რის შედეგადაც გაუმჯობესდა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა“ – აცხადებს აუდიტი.

 

აუდიტის მიხედვით, „ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორის პროგრამით“ განსაზღვრული იყო „თანამემამულეებისათვის ერთიანი საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცის ვებპორტალის აპლიკაციის შექმნაც, რასაც ინფორმაციის ელექტრონული გაცვლის პლატფორმის სახე ექნებოდა და ხელს შეუწყობდა დიასპორის ქსელის შექმნისათვის განხორციელებულ ქმედებებს“.

ამ დროისთვის კი, არც ეს ვებპორტალი მუშაობს. აუდიტის ინფორმაციით, მათ მიიღეს განმარტება, რომ ვებ-პორტალი სატესტო რეჟიმშია.

აუდიტის მიხედვით, 2018-2020 წლებში დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა განახორციელა შემდეგი პროექტები:

• ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამა; პროექტი „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“; მაღალპროფილური დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების პროექტი; პროგრამა „მომავლის ბანაკი“; დიასპორის დღე; საგრანტო პროგრამა „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ და უცხოეთში არსებული ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა.

ამ პროექტებში სამი წლის მანძილზე ბიუჯეტიდან ჯამში  4 946 200 ლარი დაიხარჯა.

„აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ რიგ შემთხვევაში ვერ ხორციელდებოდა პროექტში გამარჯვებულთა მიერ მიმდინარე ხელშეკრულების პირობების შესრულების ქმედითი და ეფექტიანი კონტროლი. რამდენიმე შემთხვევაში დეპარტამენტის მიერ სრულად არ არის დაანგარიშებული და გამოთხოვილი კონკურსანტების მიერ დასაბრუნებელი თანხები, რაც კონტროლის მექანიზმების არარსებობაზე მიუთითებს“ – აცხადებს აუდიტი.

 

აუდიტის დასკვნის მიხედვით:

  • „დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული კვლევები საჭიროებების შესახებ, დიასპორული პროექტების ეფექტიანად დაგეგმვისათვის არ არის საკმარისი, ვინაიდან გამოკითხულია მხოლოდ დიასპორული ორგანიზაციები − საკვირაო სკოლები და
    სამრევლოები, რომელთა საჭიროებები შესაძლოა განსხვავდებოდეს დიასპორის ცალკეული წარმომადგენლის საჭიროებებისგან.
  • არ არის განსაზღვრული პროგრამის შესრულებისა და მისაღწევი შედეგის ვადები, ასევე არ განხორციელებულა პროექტების ეფექტიანობისა და მიღწეული შედეგების შეფასება.
  • შედეგად, აუდიტის ჯგუფი მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი აქტივობები რამდენად სრულყოფილად მოიცავდა და ეფექტიანად მართავდა დიასპორის საჭიროებებს.
  • 2016-2020 წლების საქართველოს მიგრაციის სტრატეგიით, „ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორის პროგრამითა“ და საქმიანობის გეგმებით გათვალისწინებული 48 აქტივობიდან, 8 არ შესრულებულა. ამასთანავე, დიასპორული ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო უწყებათა შორის კოორდინირებული სამუშაოები არ ჩატარებულა.“

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: