მთავარი,სიახლეები

რას უპირებს ბათუმის მერია ავარიულ კორპუსებში მცხოვრებლებს – VIDEO

17.12.2021 • 3288
რას უპირებს ბათუმის მერია ავარიულ კორპუსებში მცხოვრებლებს – VIDEO

„ეს სარეცხი ჩემი ბინის აივნიდან 8 ოქტომბერს გავფინე… არ ჩამომიხსნია, ნელ-ნელა თავისით ჩამოიყარა…“ – გვიყვება ელენე აბაიშვილი, რომელიც 26 მაისის ქუჩაზე ცხოვრობდა იმ საცხოვრებელ კორპუსში, სადაც 8 ოქტომბრის დილას სადარბაზო ჩამოიშალა და 9 ადამიანი დაიღუპა. კორპუსის ნგრევის დროს ელენეს ბავშვს იმ კედელთან მიდგმულ საწოლზე ეძინა, რომლის მეორე მხარესაც დედა ორ ბავშვთან ერთად დაიღუპა.

„ეზოში როცა გამოვედი ბავშვთან ერთად და ნანგრევებს შევხედე, ჩემთვის ვიხვეწებოდი, ნეტა, ისინი სახლში არ იყვნენ-მეთქი, მაგრამ ასე არ იყო,“ – რკინის ღობეს იქეთ დარჩენილ ნანგრევებს გაჰყურებს ელენე აბაიშვილი. მას ახლაც უჭირს თავისი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში შესვლა, საიდანაც ოჯახები ქირით გაიყვანეს, ვიდრე ექსპერტიზის საბოლოო დასკვნები მომზადდება და მერია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

დაცარიელებულ ეზოში ყურადღებას იქცევს თოკი ნახევრად ჩამოყრილი, ფერადი სარეცხით. ეს ელენეს ბინაა, მეოთხე სართული. ელენეს 8 ოქტომბრის გახსენება უჭირს, ისევე როგორც ბინაში შესვლა და სარეცხის ჩამოხსნა თოკიდან, გვერდით მდებარე სადარბაზოს ჩამონგრევამდე ზუსტად 5 წუთით ადრე რომ გაფინა.

8 ოქტომბერს გაფენილი სარეცხი 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ეზოში

8 ოქტომბრის შემდეგ მერიას ამ დრომდე მიმართავენ ბათუმის მცხოვრებლები და საცხოვრებელი კორპუსების უსაფრთხოების შემოწმებას სთხოვენ. ბოლო მონაცემებით და ექსპერტიზის დასკვნებით, ბათუმში 144 მისამართზეა ცხოვრება საშიში.

ეს მინიმუმ 1500 ოჯახის პრობლემა. პრობლემა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას და სიცოცხლის უფლებას.

ვინ უშველის ავარიულ სახლებს და როგორ? აქვს თუ არა რამე მოდელი ხელისუფლებას, მერიას, ავარიული სახლების პრობლემა რომ მოაგვაროს? – ამ სტატიაში ვცადეთ პასუხი მიგვეღო, როგორც ხელისუფლებისგან, ასევე ადამიანებისგან, საფრთხისშემცველ სახლებში რომ ცხოვრობენ, ან უკვე იცხოვრეს და ახლა, საუბრის დროს, ყველაზე ხშირად ამ ფრაზას ახსენებენ: „უსაფრთხოებაზე ძვირფასი არაფერია“.

  • „ნეტა აივანზე ყოფილიყვნენ, ბავშვებს მაინც გადმოაწვდიდა“ – ელენე ჩამონგრეული კორპუსიდან 

„როდესაც სართულები ინგრეოდა, იყო ეს ხმები: დუგ, დუგ, დუგ… როგორც კი ვიგებ მსგავს ხმას, არაადეკვატური რეაქცია მაქვს. შეიძლება, ვიჯდე, წამოვხტე, გავიხედო  და ვიკითხო: რა ხდება? ამას წინათ, ჩემი მეზობელი უბრალოდ სახლს რთავდა, სადაც ახლა ნაქირავებში ვცხოვრობ, იმ მეზობელს ვგულისხმობ, ლურსმანს აჭედებდა. იმის ხმაზეც კი არაადეკვატური რეაქცია მქონდა, გავედი და ვიკითხე, თუ რას აკეთებდა,“ – საკუთარ თავზე დაკვირვებას გვიზიარებს ელენე აბაიშვილი, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მცხოვრები.

ელენე აბაიშვილი

გავქვავდი იმ დღესო, დასძენს ელენე და ამბობს, რომ 8 ოქტომბრის ამბავიც თანდათანობით აღიდგინა:

„ზუსტად 40 დღის გახდა 8 ოქტომბერს ჩემი შვილი… დილით გავიღვიძეთ ჩვეულებრივად, ბავშვს მოვუარე, ვაჭამე, ჩემი მეუღლე წავიდა ზუსტად 15 წუთით ადრე პროდუქტების საყიდლად, ამავდროულად ჩამოიარეს, იყო კაკუნი, რომ გაზი ითიშება და ფრთხილად იყავითო,“ – ნანგრევებთან ახლოს, რკინის ღობესთან ჩერდება ელენე და ახსენდება, სარეცხის გაფენის შემდეგ ისევ სააბაზანოში რომ შებრუნდა, რადგან ბავშვის ტანსაცმელიც უნდა გაეფინა. რეცხვის ავტომატური რეჟიმის დასრულებას სამი წუთი აკლდა. ელენე უკან ბრუნდება და კედელთან მდგარ საწოლზე მძინარე ბავშვს დაჰყურებს. ბავშვს მშვიდად სძინავს. ელენე სავარძელს უბრუნდება…

„ზუსტად ამ დროს სახლი წავიდა წინ, მერე უკან, ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შეგრძნება მქონდა, იყო ხმები დუგ-დუგ-დუგ… სანამ ეს ხმა დამთავრდებოდა… თავი რომ ავწიე, იყო საშინელი მტვერი… ბავშვს ვაცმევდი, ვყვიროდი: მარტო ვარ, ბავშვთან ერთად, ვინმემ მიშველეთ-მეთქი. არავინ გამოსულა. ზედა სართულიდან ჩემი მეზობელი გამორბოდა, ერთი ის მითხრა, რომ „საქართველოს ბანკის“ გვერდით ჩამოინგრა შენობაო.

როცა სადარბაზოდან გამოვედი, შემდეგ დავინახე ეს ნანგრევები“, – კორპუსებს შორის დარჩენილ სიცარიელეს აკვირდება ელენე, სადაც იმ დილით ნანგრევებში ადამიანების ძებნა დაიწყეს.

ელენეს ბავშვით ხელში, პირველ რიგში, ინგა გაახსენდა. ინგა ელენეს კარის მეზობელი იყო. ამ ქალის და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრები რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს მაშველებმა. მანამდე ელენე ტელევიზორს არ შორდებოდა აკვიატებული ფიქრით: „იქნებ გადარჩნენ“.

პროფესიით ფსიქოლოგია ელენე აბაიშვილი და თვლის, რომ ამ სტრესს არათუ დაღუპული ადამიანების ოჯახები, არამედ მეზობლები და სხვებიც ვერასდროს დაივიწყებენ – „მე გაქცევა ვამჯობინე, ვეღარ გავჩერდი აქ… სულ ვუყურებდი ტელევიზორს.

ინგას ძირითადად აივანზე ვნახულობდი. ის გამოდიოდა აივანზე და მეც.

იმ დილასაც გავხედე ინგას აივანს. კარები ევროზე იყო მოკეტილი და ვიფიქრე, ალბათ სოფელში არიან-მეთქი,“ – გვიყვება ელენე, რომელიც ვეღარ ეშვება ფიქრს იმაზე, როგორ შეიძლებოდა იმ დილითაც ინგა ბავშვებთან ერთად აივანზე ყოფილიყო და ბავშვები მაინც გადმოეწოდებინა ელენესთვის ნანგრევებიდან.

„ჩვენი აივნები ისე ახლოს იყო… რამდენჯერმე კარი ჩაგვეკეტა და ჩემი მეუღლე მათი აივნიდან ჩვენთან გადავიდა, რომ შიგნიდან კარი გაგვეღო. ამ სახლში იგივე ემოციებით როგორ უნდა ვიცხოვრო?“ – კითხულობს ელენე.

ელენე აბაიშვილის აზრით, სპეციალისტები ხშირად უნდა ამოწმებდნენ ავარიული სახლების მდგომარეობას, ხოლო თუკი ეს ფინანსურად რთულია, ხელისუფლებამ ამ პროცესში ბიზნესი უნდა ჩართოს. ელენე ელის, რომ ამჯერად მაინც ექნება ხელისუფლებას ადეკვატური რეაქცია.

გარდა იმისა, რომ ელენე საუბრის დროს ხშირად ახსენებს უსაფრთხოებას, იმეორებს ფრაზასაც: „ეს არ უნდა მომხდარიყო“.

„მძაფრად და ახლა უფრო ადეკვატური რეაქციები უნდა ჰქონდეთ. როგორც კი რაღაცას შეიტყობენ, სერიოზულად უნდა აღიქვან და შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს ამ ყველაფერს… აქაც ნებართვა ხომ იმაზე არ ექნებოდა, კედლები გამოეღო, ეს ცოტა გამკაცრებული რომ ყოფილიყო,  ალბათ ეს ტრაგედიაც არ მოხდებოდა, ყველა ძალიან ფრთხილად და დაფიქრებულად უნდა იყოს, რაღაც სიმშვიდეს ვპოვებთ ხო სახლში…

პატარა ბავშვი სახლში არ უნდა იღუპებოდეს, სხვა რა უნდა ვთქვა, არ არსებობს სხვა ემოცია, ეს არ უნდა ხდებოდეს,“ – დაასრულა ელენემ.

  • „ფეხქვეშ გვეცლება“ – ადამიანები 12-სართულიანი კორპუსიდან, სადაც ცხოვრება საშიში

„კიბეზე რომ ჩამოივლი, ხომ უნდა იცოდე, რო ფეხს უსაფრთხოდ დგამ, არა? ხომ არ უნდა გქონდეს განცდა, რომ ფეხქვეშ გამოგეცლება კიბე?“- კითხულობენ ადამიანები, რომლებიც ბათუმში, ლეონიძის 6 ბ-ში ცხოვრობენ. 12-სართულიანი კორპუსი სარდაფში წლების განმავლობაში დამდგარ წყალში ისე იძირება, რომ სარდაფში შესვლაც ვეღარ ხერხდება.

საცხოვრებელი კორპუსის კედლები დაბზარულია, კიბეზე ყოველი საფეხურის ავლა კი, საშიში.

„ეს კიბე ჩვენ შევარემონტეთ, ჩამოვასხით, მუყაოს ნაჭრები ჩავაკერეთ, თორემ აქ შეუძლებელი იქნებოდა საერთოდ გავლა,“ – გვიყვება მეგი ნაგერვაძე და დაფლეთილ კიბეებს გვაჩვენებს, ბზარებს, რომელიც აჩვენებს, როგორ შორდება კიბის უჯრედი კორპუსის კედლებს.

 

მეგი ნაგერვაძე

„იშვიათად გამოვდივარ აივანზე, მეშინია, ყველგან საშიშია უკვე გავლა,“ – დასძენს მეგი ნაგერვაძე.

„წლების წინ აქ სარდაფში შესასვლელი კარი იყო ჩვეულებრივი, ახლა მთლიანად წყლით დაფარულია სარდაფი და ისე ჩაიწია კორპუსმა, შესასვლელი კარი აღარ არსებობს“, – გვიხსნის აქვე მცხოვრები როზანა ჭაღალიძე და სადარბაზოს შესასვლელის გვერდით პატარა ხვრელთან ჩერდება.

„წყლით კი არა, კანალიზაციითაა სავსე, აქ გაუსაძლისია ცხოვრება,“ – ამბობს არსენ ვარშანიძე და აღწერს, რომ ქარის დროს, ასევე ზაფხულში კორპუსში გაჩერება გაუსაძლისია.

კიბე ლეონიძის 6 ბ-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში

ლეონიძის 6 ბ არაა იმ საცხოვრებელი კორპუსების სიაში, ანუ 144 მისამართს შორის, რომლის შესახებ მერიაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია უკვე დამუშავებული აქვთ. ამ 12-სართულიანი კორპუსმა რამდენჯერმე მიმართა მერიას, თუმცა ექსპერტიზა არ ჩატარებულა და ჯერ კიდევ არავის შეუფასებია, რამდენად საშიშია ცხოვრება ამ მისამართზე.

ეს სახლი აჩვენებს იმას, რომ ოფიციალურად აღწერილი კორპუსების გარდა, კიდევ ბევრი მისამართია ბათუმში, სადაც ცხოვრება საშიშია.

საგულისხმოა ისიც, რომ სახლი 12-სართულიანია და აქ ინვესტორი თავისი სურვილით ნაკლებად შეიძლება გამოჩნდეს.

„26 მაისის ქუჩაზე როცა კორპუსი ჩამოინგრა, რამდენიმე დღე ჩუმად ვიყავით ყველა, ვერაფერს ვამბობდით,“ – კიბეების ჩამოვლის დროს გვეუბნება მეგი ნაგერვაძე და იქვე დასძინა: „მანამდე სულ ვლაპარაკობდით იმაზე, თუ რა უნდა გვეშველოს, ვინ გვიშველოს? იმ ტრაგედიის მერე კი, აღარ ვიცოდით, რა გვეთქვა… ტრაგედიის შემდეგ შევიკრიბეთ და ვთქვით, რომ ჟურნალისტებს მივწერდით, პირველ რიგში,“ – გვითხრა მეგი ნაგერვაძემ.

  • რას უპირებს ბათუმის მერი ავარიულ კორპუსებს? 

„ბუნებრივია, სიმძიმის მიხედვით მოხდება ეტაპობრივი დაკმაყოფილება,“ – ამბობს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, რომელსაც ავარიულ სახლებზე საუბრის დროს, პირველ რიგში, ვკითხეთ: რამდენი კორპუსის აშენება მოხერხდება იმ 20 მილიონით, რომელიც 2022 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული?

ავარიული სახლებისთვის ბათუმის მერია 2025 წლამდე ჯამში 80 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. თუმცა, ამ ეტაპზე, დოკუმენტურად 144 ავარიული სახლი, ანუ დაახლოებით 1500 ოჯახი.

ბათუმის მერი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, რამდენ ოჯახისთვის იქნება საკმარისი 80 მილიონი. რა მოდელზე ფიქრობს მერია, როცა ფაქტია, რომ ეს თანხა პრობლემას ვერც კი გაანახევრებს? 

„საკითხი გადაწყდება მას შემდეგ, რაც კონკრეტული საპროექტო სამუშაოები დასრულდება. ბუნებრივია, სხვადასხვა მოცემულობაში სხვადასხვა ზონირების მიხედვით იქნება სხვადასხვა გადაწყვეტა, არსებული ქალაქმშენებლობებისა და ნორმატივების შესაბამისად… ჩვენ გვაქვს კონკრეტული შესწავლები, ექსპერტიზის დასკვნები, ჩვენი თანაქალაქელების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის, ჩატარებულია დასკვნები, სადაც დახარისხებულია რამდენიმე ტიპის გამოწვევა, რომლებიც აქვთ ჩვენს თანაქალაქელებს.

იქ არის საცხოვრისები, სადაც შესაძლებელია ცხოვრება და გამაგრებითი სამუშაოებია საწარმოებელი, არის [შენობები], სადაც არარენტაბელურია გამაგრებითი სამუშაოების წარმოება, ამავდროულად საფრთხის შემცველია და არ ექვემდებარება არანაირ რეაბილიტაციას,“ – გვიპასუხა არჩილ ჩიქოვანმა.

ბათუმის მერი ამბობს, რომ ინვესტორებისთვის ბათუმის მერიის კარია ღიაა, თუმცა ვერ ასახელებს პირობას, რატომ იქნება მიმზიდველი ინვესტორისთვის, მაგალითად, 12-სართულიანი კორპუსი, როცა სხვა ტერიტორიაზე გაცილებით დიდი მოგება შეიძლება ნახოს, ან რატომ სჭირდება ინვესტორს მერიის „ღია კარი“, თუკი მას ბიზნესინტერესი ისედაც აქვს კონკრეტულ ავარიულ სახლზე?

„ქალაქ ბათუმის და ჩვენი თანაქალაქელების საჭიროებებიდან გამომდინარე, მზად ვართ კერძო და საჯარო თანამშრომლობისთვის, რაც, ბუნებრივია, კონკრეტულ დაინტერესებულ ინვესტორებსაც გულისხმობს და ასევე იმ ადამიანებს, ვინც იქ ცხოვრობს და საცხოვრებელი პირობებიც უნდა გავაუმჯობესოთ.

სამი პლატფორმა გავხსენით ურთიერთთანამშრომლობის და სამივე პლატფორმაზე გაგეცით პასუხი. ღიაა მუნიციპალიტეტის მერიის კარი ყველა დაინტერესებული ბიზნესმენისა და კერძო პირისათვის, ვინც ამ პროექტში მიიღებს მონაწილეობას, დანარჩენ დეტალებზე ინდივიდუალურად ვიმსჯელებთ და განვიხილავთ, სად რა მოცემულობა და შესაძლებლობები გვაქვს.

ეტაპობრივად იქნება მოწოდებული უფრო მეტი კონკრეტიკა, უფრო მეტი გადაწყვეტილება ინდივიდუალურ ნაწილში, რომელ ოჯახებს შეეხება,“ – გვიპასუხა არჩილ ჩიქოვანმა.

ბათუმის მერს ასევე ვკითხეთ სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებაზეც, რადგან 26 მაისის ქუჩაზეც იმ კორპუსში, სადაც სადარბაზო ჩამოინგრა კიდევ ორი მიმდინარე მშენებლობა დაფიქსირდა ტრაგედიის შემდეგ, სადაც ასევე საყრდენი კედელი დააზიანეს.

„ყველა სამშენებლო ნებართვასთან მიმართებით, ასევე საპროექტო შეთანხმებებთან მიმართებით, ჩვენი პოზიცია გავაჟღერე: არც ერთ მილევადი ექსპლუატაციის მქონე კორპუსზე და არც ერთ კორპუსზე ზოგადად, ქალაქის მასშტაბით არ უნდა ხდებოდეს მიშენება – დაშენება, სხვა ტიპის ფასადზე ჩარევა და ცვლილებები შესაბამისი საექსპერტო გადაწყვეტილებების გარეშე. ჩვენ მაქსიმალურად ფრთხილი ვიქნებით გადაწყვეტილების მიღებაში ამ მიმართებით, განსაკუთრებით იმ კორპუსებთან დაკავშირებით, რომლებსაც მილევადი ექსპლუატაციის ვადა აქვთ,“ – გვიპასუხა არჩილ ჩიქოვანმა.

  • „საჭიროა მოდელის შემუშავება“ – ექსპერტები ავარიულ სახლებზე 

„თუ გავითვალისწინებთ ბიზნესის მუშაობის პრაქტიკას, ავარიული კორპუსებით სამშენებლო ბიზნესი არ დაინტერესდება,“ – მიიჩნევს არქიტექტორი გია რამიშვილი. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ არსებული პრაქტიკით, ბიზნესმენს აქვს არჩევანი, კონკრეტულ მისამართზე აშენებულ ახალ კორპუსში მხოლოდ 30 პროცენტი დაუთმოს იმ ოჯახებს, რომლებიც იქ მანამდე ცხოვრობდნენ, რამდენიმე პროცენტი შენების ხარჯს სჭირდება, ხოლო დანარჩენი – მოგებაა.

„მოგების მაღალი მარჟაა ჩვენთან. ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს, ან კონკრეტული პირობა უნდა შესთავაზოს მას მუნიციპალიტეტმა მესაკუთრესთან ერთად,“ – გვითხრა გია რამიშვილმა.

აპირებს თუ არა ავარიული სახლების ახალი კორპუსებით შეცვლას ბიზნესი დამოუკიდებლად? – ამ თემაზე ჯერჯერობით ბათუმელი ბიზნესმენები ჩრდილში დგომას ამჯობინებენ. კომენტარის გაკეთება, მაგალითად, არ ისურვა ბიზნესმენმა გია ჭყონიამ, რომელიც კანონდარღვევით ახორციელებდა სარემონტო სამუშაოებს 26 მაისის ქუჩაზე იმ საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, სადაც სადარბაზო ჩამოიშალა.

„სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და არ უნდა უთხრას მოქალაქეებს, ეს თქვენი საკუთრებაა და მე არ მეხებაო,“ – ამბობს ურბანისტი ზურაბ ბაქრაძე. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ქვეყანაში სიღარიბეა და, მეორეს მხრივ, „საბჭოთა წარსულში ეს ქონება წართმეული იყო“.

ურბანისტი პარალელს ავლებს ევროპის ქვეყნებთან, სადაც მუნიციპალიტეტი მხოლოდ საჯარო, საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობასა და მოვლაზეა ორიენტირებული, მაგრამ საქართველოში მას მართებულად მიაჩნია სახელმწიფომ იმუშაოს მესაკუთრეების უძრავ ქონებაზეც, როცა ქვეყანა ღარიბია და საქმე სიცოცხლეს ეხება.

ზურაბ ბაქარაძე ყურადღებას ამახვილებს მერიის პასუხისმგებლობაზე საბიუჯეტო ფულის ხარჯვის ნაწილშიც.

„უნივერსალური მოდელი არ არსებობს, საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა, კონკრეტული გეგმაა დასაწერი, პროგრამა, სპეციალისტებთან ერთად უნდა გაკეთდეს ეს… კარგია, რომ მერიამ ამისთვის ფული გამოყო, თუმცა მთავარი ეს არ არის. მთავარია, როგორ დახარჯავს ამ ფულს,“ – აღნიშნა ზურაბ ბაქრაძემ.

  • „ადეკვატური საცხოვრისის უფლება“ – რის უფლება გაქვს, როცა ავარიულ სახლში ცხოვრობ? 

„ამ დროს შესაძლებელია ვისაუბროთ ადეკვატურ საცხოვრებლის უფლებაზე,“ – მიიჩნევს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, კონსტიტუციონალისტი გიორგი გოცირიძე. მისი აზრით, იმ ავარიული სახლების შემთხვევაში, სადაც არსებობს ექსპერტიზის დასკვნა საფრთხის შემცველობის შესახებ, სამართლიანია მესაკუთრეების მხრიდან ქირის უზრუნვეყოფის მოთხოვნა.

იურისტი განმარტავს, რომ თითოეული მოქალაქის „ადეკვატური საცხოვრისი უფლება“ სახელმწიფოს პირდაპირ არ ავალდებულებს ახალი საცხოვრებელი კორპუსების აშენებას, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია ადამიანებს უსაფრთხო და ჯანსაღი ცხოვრების პირობა შეუქმნას.

„ეს უფლება სახელმწიფოს ავალდებულებს მინიმუმ ამ სახლების გამაგრებას, ან ალტერნატიული საცხოვრებელი შესთავაზოს ამ ადამიანებს. თუმცა, როგორც ყველა სოციალური უფლება, ესეც დამოკიდებულია საბიუჯეტო რესურსებზე,“ – გვიპასუხა გიორგი გოცირიძემ.

___

გადაბეჭდვის წესი


ასევე: