მთავარი,სიახლეები

29 მლნ ლარის ტენდერი „ოცნების“ დამფინანსებელ კომპანიას მოაგებინეს – ოპოზიცია

12.02.2022 • 1991
29 მლნ ლარის ტენდერი „ოცნების“ დამფინანსებელ კომპანიას მოაგებინეს – ოპოზიცია

დღეს, 12 თებერვალს, ბათუმის საკრებულოს წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ რეზო ხარაზმა და ბაჩი მექვაბიშვილმა განცხადება გააკეთეს ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების თქმით, ბათუმის გარეგანათებისთვის გამოცხადებული 29-მილიონიანი ტენდერი „ქართული ოცნების“ დამფინანსებელ კომპანიას მოაგებინეს.

„განათების სისტემებზე გუშინ დასრულდა ტენდერი, რომელიც უკონკურენტოდ მოიგო შპს „აჭარგანათებამ“.  ჩვენ  24 იანვარს გავუგზავნეთ ქალაქის მერს წერილი და ვითხოვდით ტენდერთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რაც არ მოგვაწოდეს.

ეს არის კომპანია, რომელიც არჩევნების დროს აფინანსებს „ქართულ ოცნებას“. ბევრი კითხვა არსებობს მისი მისამართით და ამის მიუხედავად მაინც კონკურენციის გარეშე მოიგო მოიგო „აჭარგანათებამ“ ტენდერი“ – ამბობს რეზო ხარაზი.

ბაჩი მექვაბიშვილის თქმით, 2020 წლის სახელმწიფო აუდიტის მასალების მიხედვით, „აჭარგანათებამ“ 827 333 ლარი, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს დადასტურების გარეშე გადაურიცხა მიმწოდებელს.

„ამავე დოკუმენტში წერია, რომ გარდა ამ დარღვევისა, მოქმედი რეგულაციებით, საბაზრო ფასებთან შედარებით არანაკლებ 41 668 ლარით მეტი გადაუხადა „აჭარგანათენამ“ მიმწოდებელს. ამის მიუხედავად, აღნიშნული კომპანია მაინც იგებს მილიონიან ტენდერებს“ – ამბობს ბაჩი მექვაბიშვილი.

საკრებულოს ოპოზიციის განცხადებით, გარე განათების შესყიდვაზე გამოცხადებულ 29 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერის დოკუმენტაცია სრულყოფილად არ იყო ატვირთული.

„არც განმარტებითი ბარათი არსებობს, არც ხარჯთაღრიცხვაა დეტალურად მოცემული.

ჩვენ ვიცით, რომ სატენდერო პირობები არა მერიაში, არამედ „აჭარაგანათების“ ოფისში იწერება.

ორშაბათს მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს და დაიწყონ გამოძიება ამ ფაქტზე. კომპანიამ, რომელმაც ჩააბნელა ქალაქი და განათების ერთი ბოძი არ არის ნორმალური ქალაქში, მაინც მოიგო  ტენდერი. ახლა არჩევნები იქნება, რისთვისაც „ქართულ ოცნებას“ სჭირდება ფული და სწორედ ამიტომ მოაგებინეს ეს ტენდერი, რომ კომპანიისგან მიიღონ დაფინანსება საარჩევნოდ“ – ამბობს რეზო ხარაზი.

ბათუმის ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 29 მილიონ 800 ათასი ლარი ახალი გარეგანათების დამონტაჟებაზე დაიხარჯება. მერიის ინფორმაციით, გარეგანათების ძველი სანათები LED სანათებით ჩანაცვლდება. შეიცვლება 14 555 ერთეული სანათი.

31 იანვარს, „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა ქუჩების ჩამონათვალი, სადაც გარეგანათება თვეების განმავლობაშია გამორთულია, ან ქუჩა ნაწილობრივ არის განათებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: