ბათუმი,მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ბათუმის რესპუბლიკური სამედიცინო ჰოლდინგს გადაეცა – რა წერია ხელშეკრულებაში

20.12.2021 • 4266
ბათუმის რესპუბლიკური სამედიცინო ჰოლდინგს გადაეცა – რა წერია ხელშეკრულებაში

აჭარის მთავრობამ ბათუმის „ახალი“ და „ძველი“ რესპუბლიკური საავადმყოფოები სამართავად საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს უსასყიდლოდ გადასცა.

ბათუმის ე.წ. „ახალი“ რესპუბლიკური საავადმყოფო შპს „ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს“ ექვემდებარება, „ძველი“ კი – შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს“. სწორედ ამ კომპანიების წილები გადაეცა მართვაში სამედიცინო ჰოლდინგს, მისი არსებობის ვადით. ჰოლდინგი, თავის მხრივ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

„ბათუმის რესპუბლიკურის“ წილებს ამ დრომდე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მართავდა. ორივე კომპანიის წილების მესაკუთრედ კვლავ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა რჩება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სამედიცინო ჰოლდინგს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ჰოლდინგს „უფლება აქვს წილის მართვისას ისარგებლოს, წილის მესაკუთრის უფლებით, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე“ – საქართველოს კანონმდებლობისა და ამ ხელშეკრულების ფარგლებში.

ჰოლდინგი უფლებამოსილია დამოუკიდებლად განსაზღვროს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამეურნეო პოლიტიკა, ინვესტიციების ოდენობა, წარმოების სახეებისა და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და შეწყვეტა.

ჰოლდინგის უფლებაა ასევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნა/გამოწვევა; ქონების შეძენა, გასხვისება ან/და იჯარით გაცემა ხელშეკრულების შესაბამისად; სესხების აღება; მოგების განაწილება.

ხელშეკრულების მიხედვით, სამედიცინო ჰოლდინგი მიიღებს ყოველწლიურ წმინდა მოგებასაც.

საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს მხოლოდ აჭარის მთავრობის [როგორც მესაკუთრის] წერილობითი თანხმობის საფუძველზე შეუძლია შემდეგი გადაწყვეტილებების მიღება:

[crosslist]

  • საწარმოს კაპიტალში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების, მათ შორის, წილებისა და აქციების, ასევე ფულადი შენატანის განხორციელება
  • ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა
  • საწარმოს რეორგანიზაცია [შერწყმა, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა] ლიკვიდაცია

[/crosslist]

 

ბათუმის ახალი კლინიკის საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვის გადაცემაზე საუბარი 2019 წლის ბოლოს დაიწყო. მოგვიანებით, 2020 წლის მარტში, ცნობილი გახდა, რომ ბათუმის კლინიკა ჰოლდინგს იმ დროისთვის არ გადაეცემოდა, თუმცა მაშინ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს, რომ „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ამ ჰოლდინგში აუცილებლად შევიდოდა“.

ბათუმში ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობისას ოფიციალურად ითქვა, რომ ის საუნივერსიტეტო კლინიკა იქნებოდა. თუმცა ეს მიმართულება ახალ კლინიკას აღარ აქვს.

ახალმა კლინიკამ ფუნქციონირება 2020 წლის აპრილში დაიწყო და ის ამ პერიოდიდან ძირითადად COVID 19-ის მართვაშია ჩართული.

რამდენიმე დღის წინ კი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოაცხადა ტენდერი, რომლითაც უნივერსიტეტი არაუმეტეს 120 საწოლზე გათვლილი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/380053/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: