საინიციატივო ჯგუფის, „არ გადადოს“ აქტივისტებმა დღეს, 12 თებერვალს, ბათუმში, მერიის წინ პერფორმანსი გამართეს. მათ მერიის შენობის ფასადზე ბათუმის სკოლების წინ გადაღებული ვიდეოკადრები გაუშვეს, სადაც ნაჩვენები იყო ბავშვებისთვის სახიფათო გარემო გადასასვლელებზე.
„ჩვენ ვახორციელებთ პროექტს – ბავშვების საგზაო უსაფრთხოება სკოლებთან მიმდებარედ.
სიტუაცია ძალიან პრობლემური აღმოჩნდა ბათუმში, ბათუმის 25 სკოლიდან დაახლოებით 12 სკოლასთან სავალალო მდგომარეობაა. თორმეტივე სკოლასთან მოშლილია საგზაო უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ნიშნები, როგორიცაა, მაგალითად, გამაფრთხილებელი ნიშანი და ე.წ. მწოლიარე პოლიციელი. ზებრები წაშლილია ან საერთოდ არ არის.
ასევე, შუქნიშნებთანაც არის გარკვეული პრობლემები. ეს პრობლემაა როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მიმდებარედ.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მერიის პასუხისმგებლობაა, რადგან თვითმმართველობამ უნდა უზრუნველყოს ქალაქში გამართული ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც ბავშვები ყოველდღიურად გადაადგილდებიან“ – ამბობს ხატია რომანაძე, „არ გადადოს“ აქტივისტი.
„არ გადადოს“ წევრებმა სკოლებთან პიკი საათებში გადაღებულ კადრები აჩვენეს. ვიდეოჩანაწერში მოსწავლეები საუბრობდნენ, თუ რამდენად რთულია ქუჩის გადაკვეთა მათთვის და სკოლამდე უსაფრთხოდ მისვლა, მოშლილი საგზაო უსაფრთხოების პირობებში.