მთავარი,სიახლეები

ყველაფერი მენატრება საქართველოში, ადამიანები, ბალახი, ცა… – ქართველი ისრაელიდან

13.02.2022 • 4714
ყველაფერი მენატრება საქართველოში, ადამიანები, ბალახი, ცა… – ქართველი ისრაელიდან

ლონდა ხახიაშვილი საქართველოდან ისრაელში საცხოვრებლად 10 წლის წინ წავიდა. ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, ერთდროულად სავსე სიხარულით და სირთულეებით.

ლონდა ხახიაშვილი, ქართველი ებრაელი:

ისრაელში 2012 წელს ჩამოვედი, 10 თვით ადრე ჩემი ქალიშვილი ჩამოვიდა სასწავლო პროგრამით. გარდა იმისა, რომ ისრაელი ჩვენი, ებრაელების ისტორიული სამშობლოა, ამ ქვეყანასთან დიდი ნათესაური კავშირები მქონდა, დედა, ახლობლები, თითქმის ყველა აქ მყავდა.

ისრაელის შექმნის დღიდან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შრომას და შრომამ აქცია ისრაელიც მაღალგანვითარებულ ქვეყნად. აქ ხალხმა იცის, თუ არ იმუშავა, ცხოვრების ელემენტარულ პირობებზე არ ექნებათ წვდომა. ენერგიას არავინ იშურებს შრომისას, ყველამ იცის, რომ საკუთარი ცხოვრება თავად უნდა მოაწყონ. ცხოვრობენ კიდეც შესაბამისად.

ძალიან მენატრება საქართველო. მინდოდა ერთხელ მაინც ჩამოვსულიყავი, მაგრამ ჩემი გეგმები გადაეწყო. ყველაფერი მენატრება საქართველოში: ადამიანები, მიწა, ხე, ბალახი, ცა, ყველაფერი. დიდი სიამოვნებით ჩამოვალ, როცა ამის საშუალება მომეცემა, თუმცა საქართველოში ცხოვრებას ვეღარ შევძლებდი, რადგან ისრაელში ცხოვრების დონე საკმაოდ მაღალია და ამან შეჩვევა იცის.

ლონდა ხახიაშვილი

ისრაელში ჩამოსვლა და შეგუება აქაურ ყოფასთან ძალიან გამიჭირდა, თითქმის მთელი წლის განმავლობაში ყოველ ღამე ვტიროდი და ვსაყვედურობდი თავს, აქ არ უნდა ჩამოვსულიყავი-მეთქი. ენის ბარიერი, ხალხთან შეგუების ეტაპი, ყველაფერი რთულად მეჩვენებოდა. ალბათ იმიტომ, რომ ქართველი მგონი ყველაზე ბოლოს ეგუება უცხოეთში, სხვა ქვეყანაში ყოფნას.

რაც აქ ჩამოვედი, შევესწარი ალბათ დაახლოებით 5 ომს, თუ მეტს არა, ებრაელებსა და არაბებს შორის. ყველა ომი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა პოლიტიკური მიზეზებით და დაბომბვის სიხშირითაც.

ზოგჯერ იმდენად ხშირია დაბომბვა, რომ ადამიანი ვერ ასწრებს თავშესაფრიდან სახლში დაბრუნებას და გზაში ისევ განგაში უსწრებს.

როცა ომია აქ სამუშაო პროცესი არსად წყდება, ქარხნები, ფაბრიკები, საზოგადოებრივი ადგილები, დაწესებულებები – მუშობას განაგრძობენ. უბრალოდ, არის თავშესაფრები და ვისაც სადაც და როგორც შეუძლია, ისე განერიდება მოსალოდნელ საშიშროებას.

არ შემიძლია ზუსტად გითხრათ, რა მენატრება განსაკუთრებით საქართველოში. ყველაფერი მენატრება, მთლიანად ქვეყანა. ჩემს შვილებს ძალიან დიდი კავშირი აქვთ საქართველოსთან. ყველაფერი, რამაც დაიკავა მათი გული, გონება და ცნობიერება აქამდე, ყველაფერი საქართველოსთანაა დაკავშირებული.

აქ, რა თქმა უნდა, შეიძინეს მეგობრები, მაგრამ ბავშვობის მეგობრებს, რომლებიც მათ საქართველოში ჰყავთ, აქ ვერავინ შეედრება. ამას ვერაფერი შეცვლის, ეს სხვა ახლობლობა და ურთიერთობაა.

ჩემი ქალიშვილის, ანას ნამდვილი მეგობარი დღესაც საქართველოდან გამოყოლილი  ქართველი გოგოა – ნინი გიორგაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: