მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ტყვია ნეგატიურად აისახება ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზეც – ჯანმოს ექსპერტი

30.10.2020 •
ტყვია ნეგატიურად აისახება ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზეც – ჯანმოს ექსპერტი

ტყვიით მოწამვლის პრევენციის კვირეულის ფარგლებში 29 ოქტომბერს ფეისბუქის პირდაპირ ჩართვაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქიმიური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის განყოფილების ხელმძღვანელმა კეროლაინ ვიკერსმა ისაუბრა ტყვიის მავნე ზეგავლენაზე.  მან ტყვიის ექსპოზიციის მთავარ წყაროდ საღებავები დაასახელა და აღნიშნა, რომ ტყვიით მოწამვლის შედეგად ბავშვების, მათ შორის მუცლადმყოფი ნაყოფის, ტვინი და ნერვული სისტემა ზიანდება:

„ტყვია ნეგატიურად აისახება ბავშის ინტელექტუალურ განვითარებაზე, ამცირებს საგანმანათლებლო მიღწევებს. ტყვიას ინტელექტის ქურდსაც ეძახიან, იმიტომ, რომ მას მიაქვს ჩვენი მოსახლეობის ინტელექტი, ტვინის შესაძლებლობები. იგი აზიანებს ზრდასრულებსაც, ამაღლებს წნევას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი, რაც თავის მხრივ სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია მსოფლიოში. ტყვიას ასევე შეუძლია დააზიანოს თირკმლები,” – თქვა მან.

„ბათუმელების“ კითხვას, ექვემდებარებიან თუ არა ტყვიის მავნე გავლენისგან სრულ გამოჯანმრთელებას ბავშვები, რომელთა სისხლშიც დადასტურდა ტყვიის არსებობა და როგორია ტყვიის ზემოქმედების გრძელვადიანი ეფექტი, კეროლაინ ვიკერსმა ასე უპასუხა: 

მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ყოფილა ტყვიის ექსპოზიციის სერიოზული შემთხვევები, რომელთა შედეგადაც ბავშვები მძიმედ მოწამლულან ტყვიით. მათ მკურნალობენ თერაპიით, რომელიც ტარდება სისხლიდან ტყვიის გამოსაყვანად.

უნდა ითქვას, რომ ტყვიის ასეთი მაღალი დონის ზემოქმედების შედეგად ძალიან ცხადი ნევროლოგიური ზეგავლენები ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ ამის შედეგად მათ ექნებათ ხანგრძლივად მიმდინარე დაზიანებები/ჩივილები.

როცა ხდება მცირე დონის ტყვიის ზემოქმედება, არ არის აუცილებელი აკუმულაციური თერაპიის ჩატარება. ის საჭიროა მხოლოდ ტყვიის კონკრეტული დონის ზემოქმედებისას. თუმცა, ტყვიის მცირე დონის ექსპოზიციისას აუცილებელია მოხდეს ტყვიის ზეგავლენის წყაროს იდენტიფიცირება და მისი მოშორება, რადგან ტყვიის მცირე დონის ექსპოზიცია, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება, აზიანებს ნერვულ სისტემას და,  სამწუხაროდ, მისი შედეგები შეუქცევადია“.

რა შეიძლება იყოს ტყვიის ზემოქმედების მანიშნებელი ბავშვებში? ჯანმოს ექსპერტი ამბობს, რომ  წლების განმავლობაში მცირე დოზის ექსპოზიციის დროს ეს შესაძლოა გამოხატული იყოს ისეთ ქმედებებში, როგორიცაა ანტისოციალური ქცევა, ყურადღების დეფიციტი, სკოლაში ცუდი მოსწრებადობა.

 კეროლაინ ვიკერსი: „კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ბავშვმა უნდა დაიბანოს ხელები ჭამის წინ, ტყვიისშემცველი მტვერია, რომელიც იმ სახლებში წარმოიქმნება, რომელთა კედლებიც წლების წინ ტყვიისშემცველი საღებავით იყო შეღებილი. წლების განმავლობაში ეს ტყვია არსად მიდის“. 

„კვირეულის მიზანია ყურადღება გავამახვილოთ ტყვიის მავნე ზეგავლენაზე და იმაზე, თუ რას აკეთებენ ქვეყნები ამ საკითხთან მიმართებაში და რა უნდა გააკეთონ. 77-მა ქვეყანამ უკვე მიიღო ზომები ტყვიის შემცველ საღებავთან მიმართებაში, რომელიც ბავშვებში ტყვიით მოწამვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. კარგია, რომ ამ ქვეყნებმა მიიღეს ზომები, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნების 60%-ს ჯერ კიდევ გადასადგმელი აქვს ეს ნაბიჯი,” – ამბობს კეროლაინ ვიკერსი.

საქართველოში ბავშვების 41 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობის დონე ნორმას ათჯერ აღემატება, რასაც გაეროს კვლევაც ადასტურებს. ცნობილია ისიც, რომ ტყვიის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი [85%] დაფიქსირდა აჭარაში მცხოვრებ ბავშვებს შორის. თუ რატომ არის ტყვის მაღალი მაჩვენებელი საქართველოში, ჯერ კიდევ  სწავლობენ, თუმცა ცნობილია, რომ ბავშვების ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის მიზეზად, სავარაუდოდ, არსებობს ტყვიის ექსპოზიციის ერთდროულად რამდენიმე წყარო.

ჯანმოს წევრი ქვეყნების რუკაზე ლურჯად არის ნაჩვენები სახელმწიფოები, სადაც კანონით სავალდებულოა საღებავის ტყვიაზე კონტროლი. ამ რუკაზე საქართველო ყვითლადაა მონიშნული, რაც ნიშნავს, რომ საქართველო ამას არ აკონტროლებს.

გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის პრეზენტაციაზე, რომელიც ბათუმში მარტში გაიმართა, ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზებზე საუბრისას ითქვა, რომ ინფორმაცია არასაკმარისია იმის დასადგენად, რა გავლენა აქვს ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობაზე შემდეგ პროდუქტებს: საღებავი, რძე და ცხოველური პროდუქტები, ხის მასალები და წარმოება, ნიადაგი, მტვერი, სამშენებლო მასალები, კოსმეტიკა, ბიჟუტერია, სამზარეულოს ჭურჭელი, ნაგავსაყრელები, საფანტის დამზადება, პოლიგრაფიული საქმიანობა და სხვა.

კვლევის წინასწარი შედეგებით, ბავშვების ორგანიზმში ტყვიის მაღალი მაჩვენებლის საყურადღებო წყაროებია: სანელებლები, მაღაროებთან დაკავშირებული საქმიანობა, ნახშირის წარმოება, ტყვიისა და სხვა მეტალების გადამუშავება, ისტორიული ტყვიანარევი ბენზინი (იგულისხმება ბიოაკუმულირებული ბენზინის ტყვია, რომელსაც მოიხმარდნენ საბჭოთა კავშირის პერიოდში და მას შემდეგაც, სანამ ჩაანაცვლებდნენ თანამედროვე მოხმარებადი ბენზინით) და სათამაშოები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: