მთავარი,სიახლეები

„მკვლელი და ქურდი პუტინი“ – უკრაინელების, ბელარუსებისა და რუსების აქცია ბათუმში

12.02.2022 •
„მკვლელი და ქურდი პუტინი“ – უკრაინელების, ბელარუსებისა და რუსების აქცია ბათუმში

„შენ ჩვენი შვილების მომავალი მოიპარე“, „მკვლელი და ქურდი“, – ეს წარწერები დღეს, 12 თებერვალს, ბათუმში, ევროპის მოედანზე პუტინის პლაკატზე ბათუმში მცხოვრებმა უკრაინის, ბელარუსის და მოლდოვას რესპუბლიკების მოქალაქეებმა გააკეთეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პუტინის რეჟიმმა და ომის მუქარამ მათ მომავალი წაართვა.

აქციაზე ისმოდა უკრაინის და საქართველოს ჰიმნი.

„პუტინმა ჩვენი შვილების მომავალი მოიპარა“- ანტიპუტინისტური აქცია ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე

„გაუფრთხილდით თქვენს ქვეყანას, საქართველოს, რადგან მისი დაკარგვა ძალიან იოლია და დაბრუნების შესაძლებლობა – ძნელი.

რუსეთში პუტინს ქურდს ეძახიან. პუტინმა მოიპარა უკრაინის, მოლდოვას, საქართველოს ტერიტორიები, პუტინმა მოიპარა ჩემი ქვეყანა – რუსეთი, მოიპარა ბელარუსი ერთი ბანდიტისთვის.

ყველა უნდა მიხვდეს, რომ ამ ადამიანისთვის ხელის ჩამორთმევა არ შეიძლება. ისე უნდა ვქნათ, რომ ჩვენი ხმა ისმოდეს უფრო ხმამაღლა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიხვდეს – პუტინის მოსმენისას, შენ იქცევი ადამიანად, რომელიც თანამშრომლობს დამნაშავესთან.

პუტინი დამნაშავეა, ლუკაშენკო დამნაშავეა, მსოფლიოს ყველა დიქტატორი დამნაშავეა და ისინი ოდესმე დაისჯებიან. ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მალე მოხდეს“- განაცხადა აქციაზე რუსმა აქტივისტმა.

„მკვლელი და ქურდი“ – საპროტესტო აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე

სოლიდარობის ნიშნად აქციაზე საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.

„ჩვენ საერთო ომში ვიმყოფებით, პუტინის რეჟიმი ცდილობს, რომ აღადგინოს საბჭოთა კავშირი, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რუსეთის საფარქვეშ შეუძლებელია ადამიანი არ იყოს მკვლელი, ყაჩაღი და ცხოვრობდეს მშვიდად და ბედნიერად და ჩვენ არ გვინდა ასეთ არანაირ ალიანსში ცხოვრება და მეგობრობა ასეთ სახელმწიფოსთან.

ქართველი და უკრაინელი აქტივისტები პუტინის პოლიტიკას აპროტესტებენ. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე

რუსეთი კი სწორედ ამ სისტემაში დაბრუნებით გვემუქრება.

თუ დღეს იქნება უკრაინა, შემდეგი შეიძლება ვიყოთ ჩვენ. როდესაც ჩვენი ხელისუფლება ასეთი პასიურია, ან მშიშარაა, ან შეკრულია რუსეთის ხელისუფლებასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობამ დავანახოთ ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს, რომ მათ გვერდით ვართ“ – ამბობს ანდრია ფენი, აქციის მონაწილე.

ბათუმში მცხოვრები უკრაინელები, ბელარუსები და მოლდოველები პუტინის რეჟიმს აპროტესტებენ. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე

აქციას ბათუმში „დროაც“ შეუერთდა. “დროას” ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნათია ლეთოდიანის თქმით, პუტინი ისეთივე მტერია საქართველოსი, როგორც უკრაინის.

„აქ არიან ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ რუსეთის აგრესიას, იმას, რაც დღეს ხდება და რაც ხდებოდა ბოლო წლებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ და სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა აქციას, სადაც მთავარი მესიჯი არის, რომ რუსეთი არის აგრესორი და პუტინი ჩვენი მტერია“ – ამბობს ნათია ლეთოდიანი.

ანტიპუტინისტური აქცია ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე

ბათუმი ევროპის მოედანი – ანტიპუტინისტური აქცია. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: