მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

აჭარაში სისხლში ტყვია გამოუვლინდა 6000 ორსული და მეძუძური ქალების 65 პროცენტს

11.02.2022 • 1975
აჭარაში სისხლში ტყვია გამოუვლინდა 6000 ორსული და მეძუძური ქალების 65 პროცენტს

2021 წელს აჭარაში გამოკვლეული 6000 ორსული და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალიდან 3908-ს სისხლში ტყვია გამოუვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

სისხლში ტყვიის ყველაზე მაღალი შემცველობა – 25 მიკროგრამი დეცილიტრი ტყვია გამოუვლინდა 62 (3%) ბენეფიციარს.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, კვლევის შედეგად 3908 (65.1%) ბენეფიციარს გამოუვლინდა სისხლში ტყვიის დონე ≥5 მკგ/დლ, მათ შორის:

  • ≥5-<10 მკგ/დლ ჰქონდა გამოკვლეულთა 42%-ს (2519);
  • ≥10 – <14 მკგ/დლ – 43.6%-ს(912);
  • ≥15- < 25 მკგ/დლ – 6.9% (415);
  • ≥ 25 მკგ/დლ -3% (62).

ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი. თუმცა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის [CDC] ცნობით, თუ ზრდასრული ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში ექვემდებარებოდა ტყვიის ზეგავლენას ან წარსულში ჰქონდა სისხლში ტყვიის მაღალი დონე, მათ ძვლებში შენახული ტყვია შეიძლება გამოიყოს სისხლში ორსულობის დროს.

ხოლო, თუ ორსული ექვემდებარება ტყვიის ზეგავლენას ორსულობის პერიოდში, ტყვიის ზეგავლენა შესაძლოა გავრცელდეს მის განვითარებად ჩანასახზე.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის თანახმად, ორსულობის დროს სისხლში ტყვიამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • გესტაციური ჰიპერტენზია;
  • პრეეკლამფსია;
  • სპონტანური აბორტი;
  • ნაადრევი მშობიარობა
  • მცირე მასის ახალშობილით მშობიარობა
  • ნაყოფის ნერვული მილის დეფექტი.

ძუძუთი კვება დასაშვებია სისხლში ტყვიის მაქსიმუმ <40 მკგ/დლ მაჩვენებლის დროს.

ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლით, ძუძუთი კვება უნდა გაგრძელდეს ყველა ახალშობილში, რომელთა სისხლში ტყვიის შემცველობა 5 მკგ/დლ-ზე ნაკლებია. თუმცა, არ არის რეკომენდებული ახალშობილის ძუძუთი კვება, იმ შემთხვევაში, თუ დედის სისხლში ტყვიის შემცველობა 20 მკგ/დლ-ზე მეტია, ჩვილის სისხლში ეს მაჩვენებელი ≥5მკგ/დლ-ია და ტყვიის ექსპოზიციის გარეგანი წყარო არ არის იდენტიფიცირებული.

ტყვიის შემცველობა სისხლში განსაკუთრებით საშიშია ბავშვის ჯანმრთელობისთვის. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში ბავშვების 41 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობის დონე ნორმას ათჯერ აღემატებოდა. განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი (85%) დაფიქსირდა აჭარაში მცხოვრებ ბავშვებს შორის.

რის გამო არის ტყვის მსგავსი მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში და განსაკუთრებით აჭარაში, სათანადოდ შესწავლილი და დადგენილი კვლავაც არ არის.

NCDC-ის გაიდლაინით, სისხლში ტყვიის შემცველობის დონე 5 მკგ/დლ-ზე ნაკლები ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, თუმცა გაიდლაინში ასევე განმარტებულია, რომ არ არსებობს ტყვიის შემცველობის უსაფრთხო დონე.

თუ ბავშვის სისხლში ტყვიის შემცველობის დონე 5-10 მკგ/დლ-ის ფარგლებშია ფიქსირდება ტყვიის ზეგავლენა მსუბუქი დოზით. ამან, შესაძლებელია, იმოქმედოს ბავშვის აკადემიურ მოსწრებასა და ყურადღების კონცენტრაციაზე.

თუ ბავშვის სისხლში ტყვიის შემცველობის დონე 10-30 მკგ/დლ-ის ფარგლებშია ეს ბავშვის ჯანმრთელობისათვის პოტენციურ რისკებს ქმნის.

„ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში ტყვიის შემცველობის განსაზღვრის“ ღონისძიება ითვალისწინებდა სისხლში ტყვიის შემცველობის დონის განსაზღვრას გრაფიტული აბსორბციის ატომური სპეტრომეტრული ან/და პლაზმური მასპექტრომეტრული მეთოდით, აჭარის სამედიცინო დაწესებულებებში.

კვლევის მონაწილეები არიან 2021 წლის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა“ ანტენატალური კომპონენტით მოსარგებლე ორსულები და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ აჭარის ტერიტორიაზე.

ამავე თემაზე:

რა არის ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზები – წინასწარი კვლევის შედეგები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: