მთავარი,სიახლეები

„უძლიერესი კაცების“ ჩვენებები დაკავებული ძმების – წულუკიძეებისა და ჭელიძეების წინააღმდეგ

27.04.2021 • 7411
„უძლიერესი კაცების“ ჩვენებები დაკავებული ძმების – წულუკიძეებისა და ჭელიძეების წინააღმდეგ

ყველაზე საინტერესო მონაკვეთი, რაც „წულუკიძეების და ჭელიძეების საქმეზე“ მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებში შეიძლება იპოვოთ, ალბათ, ისაა, როცა „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ ხელმძღვანელი აღწერს, როგორ სცემეს ის რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის 12 აპრილის აქციაზე.

„….რეზო წულუკიძემ შეგვაგინა დედის მისამართით, თან მოულოდნელად მან მომიქნია მარჯვენა მუშტი და პირველი დამარტყა სახეში, რითაც განვიცადე ძლიერი ტკივილი, მაგრამ გონება არ დამიკარგია… ყველა დარტყმაზე მე განვიცდიდი ძლიერ ტკივილებს და ვყვიროდი, რომ თავი დაენებათ ჩვენ ცემაზე, მათ ასევე სცემეს დავით ჭოხონელიძე და გიორგი ბარჯაძე. ისინი თან გვაგინებდნენ დედას… ჩვენ მხოლოდ ვიგერიებდით ხელებით და საპასუხოდ არ დაგვირტყამს რომელიმესთვის… ამის შემდეგ ყველამ დაგვიწყო ცემა, მე მირტყამდნენ ძმები რეზო და ფირუზ წულუკიძეები, ძმები თორნიკე და თამაზ ჭელიძეები, ასევე ირაკლი და გელა ჭელიძეები და მათი თანმხლები 14, თუ 15 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც ასევე მოჭიდავეები არიან. იყო ჯგუფური ჩხუბი და ყველა მამაკაცი გვეჩხუბებოდა,“ – უთხრა გამომძიებლებს ჩვენების მიცემის დროს ავთანდილ ახვლედიანმა. ის „უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ეროვნული ფედერაციის“ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია და ოფიციალურად საჯარო მოხელესთან გათანაბრებული პირია.

„უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ეროვნული ფედერაცია“ ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ავთანდილ ახვლედიანზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით – მონაწილეობა ჯგუფურ მოქმედებაში, რასაც თან ახლავს ძალადობა და სხვისი ნივთის დაზიანება. პროკურატურამ სულ 7 პირი დააკავა: ძმები – წულუკიძეები და ჭელიძეები 14 აპრილის ღამეს დააკავეს, ხოლო ელდარ ანთაძე – 23 აპრილს. შვიდივე ბრალდებულს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შვიდივე ბრალდებული რიონის ხეობის დასაცავად გამართული აქციის მონაწილეა. ისინი პირველად 12 აპრილს ჩავიდნენ ბათუმიდან გუმათში აქციაში მონაწილეობის მისაღებად.

„ბათუმელები“ ამ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს გაეცნო – ჩვენებებს, რაც მოწმეებმა უკვე მისცეს გამოძიებას. საქმის არსებითი განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჯერ არ დაწყებულა.

გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებებიდან ირკვევა, რომ „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ მხოლოდ სამი წარმომადგენელი არ იყო კონფლიქტის ადგილზე, როგორც ეს ვერსია თავდაპირველად მედიაში გაჟღერდა – იქ იყო მინიმუმ ქუთაისის მერიის კიდევ ორი საჯარო მოხელე, რომლებიც „ახლოს იცნობდნენ“ პირებს „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციიდან“ და მათთან ერთად იყვნენ.

ქუთაისის მერიის თანამშრომლების ჩვენებების მიხედვით, მათ 12 აპრილს, სამუშაო დღეს, მოულოდნელად აქციაზე წასვლა და ჰესის მშენებლობის გაპროტესტება გადაწყვიტეს. დაპირისპირების დროს მუშტი არ მოხვედრიათ, მაგრამ „გაშველებაში“ მონაწილეობდნენ.

საქმის ადვოკატი და პროცესიდან გაძევებული ირაკლი შავაძე კი, რამდენიმე გარემოებას ასახელებს, რაც, მისი შეფასებით, ადასტურებს ამ საქმეში პოლიტიკურ მოტივს.

დაზარალებულის ჩვენება: „ქრისტიან ხალხს გვქონდა პროტესტი“ – რის გამო მოსთხოვეს აქციის დატოვება ბათუმიდან ჩასულებს? 

ამ საქმეში მთავარი დაზარალებული ავთანდილ ახვლედიანია – „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ის კონფლიქტის შემდეგ კამერებთანაც გამოჩნდა და თქვა, რომ მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

„უძლიერესი კაცების“ ფედერაციის 3 სპორტსმენის, ასევე ქუთაისის მერიის დაცვის 2 თანამშრომლის ჩვენებები თითქმის იდენტურია. მათი თქმით, წულუკიძეები და ჭელიძეები ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე არ უნდა მისულიყვნენ, რადგან რეალურად „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები არიან და „ქულების დაწერა სურდათ“.

„უძლიერესი მამაკაცების ფედერაციის“ წარმომადგენლებმა გამომძიებლებს ასევე უთხრეს, რომ წულუკიძეები და ჭელიძეები წარსულში ზოგადად შეურაცხყოფდნენ ქრისტიანობას და კათალიკოს-პატრიარქს.

ამონარიდი ავთანდილ ახვლედიანის ჩვენებიდან:

„აქციის მონაწილეებს შორის დავინახე ჩემი ნაცნობი ძმები – ფირუზ და რეზო წულუკიძეები, ასევე ძმები თორნიკე და თამაზ ჭელიძეები, გელა და ირაკლი ჭელიძეები, რომლებიც არიან მოჭიდავეები და აჭარელი მუსლიმები. ძმებს ფირუზ და რეზო წულუკიძეებს, ასევე თორნიკეს, თამაზის, გელას და ირაკლი ჭელიძეებს ვიცნობ სპორტიდან. ისინი პროფესიონალი მოჭიდავეები არიან ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ძმები ფირუზი და რეზო წულუკიძეები მხარს უჭერენ საქართველოში მეჩეთების აგებას და ლანძღავენ როგორც ჩვენს პატრიარქს, ასევე ჩვენს რელიგიას…

ისინი ასევე არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერები. მე მივედი ძმებ ფირუზ და რეზო წულუკიძეებთან, რომლებსაც ვუთხარი, რომ მათ აღნიშნულ აქციაზე არაფერი არ ესაქმებოდათ და უნდოდათ მხოლოდ ქულების დაწერა. ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერები და რის გამოც ვუთხარი, რომ ამ აქციაზე პარტიებს არანაირი კავშირი არ ჰქონდათ, მხოლოდ ჩვენ და იქ მყოფ ყველა ქრისტიან ხალხს გვქონდა გულწრფელი პროტესტი და წინააღმდეგი ვიყავით, რომ თურქულ კომპანიას იჯარით არ გადასცემოდა საქართველოს ტერიტორიის ნაწილი და იქ არ აეშენათ გიგანტური ჰესი, რაც საფრთხეს უქმნის საქართველს მოსახლეობას. მათ მოვუწოდე, რომ მათი იქ ყოფნა გვაღიზიანებდა და აქედან წასულიყვნენ…“, – აღნიშნა გამოკითხვის დროს ავთანდილ ახვლედიანმა.

ავთანდილ ახვლედიანი ან სხვა მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მხარეები ამ თემებზე შეკამათდნენ, არ აკონკრეტებენ, როდის სად და რა ფორმით მიაყენეს კონკრეტულად შეურაცხყოფა ძმებმა წულუკიძეებმა, ან ჭელიძეებმა პატრიარქს, ან ზოგადად ქრისტიანობას, ან რატომ მიიჩნიეს „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციაში“, რომ ვინმეს შეურაცხყოფა ან ოპოზიციური პარტიის წევრობა არის მიზეზი, რომ აქციაში მონაწილეობა შეგიზღუდონ?

კამათს პარტიის წევრობასა თუ ეკლესიის შეურაცხყოფაზე ანალოგიურად აღწერს „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ კიდევ ორი წარმომადგენელი – გიორგი ბარჯაძე და დავით ჭოხონელიძე. ავთანდილ ახვლედიანის თქმით, ის ამ პირებთან ერთად მივიდა იმ დღეს აქციაზე  და აქციას რომ დასწრებოდა, თბილისიდან სპეციალურად წამოვიდა დილის 7 საათზე.

„ავთანდილ ახვლედიანმა რეზო წულუკიძეს უთხრა, თქვენ აქ არაფერი არ გესაქმებათო, რადგანაც აქ რომელიმე პარტია არ აწყობს აქციასო და არის ქართველი ხალხის გულწრფელი პროტესტი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან თურქული კომპანიის მიერ ჰესის აშენებას. ასევე შეახსენა, რომ ისინი ლანძღავდნენ ჩვენს პატრიარქს და ჩვენს რელიგიას, რადგანაც ქრისტიან მოსახლეობას არ სურს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აგებული იქნას მრავალი მეჩეთი….“, – თქვა ჩვენების მიცემის დროს ოთარ ბენდუქიძემ, რომელიც აქციაზე „უძლიერესი მამაკაცების ფედერაციის“ სპორტსმენებს ახლდა და თავად ქუთაისის მერიის დაცვის თანამშრომელია.

პროკურატურის მიერ გამოკითხული მოწმეების მიხედვით, თავდაპირველად შეკამათების დროს სიტუაცია პოლიციელებმა განმუხტეს, ხოლო შემდეგ, როცა აქციის გაგრძელება ორგანიზატორებმა ქუთაისში დაანონსეს, დაპირისპირება უკვე ჩხუბში გადაიზარდა.

ავთანდილ ახვლედიანის ჩვენების მიხედვით, ისიც ქუთაისში მიდიოდა, მაგრამ თავისი ავტომანქანა ვერ აამუშავა, ტექნიკური შემოწმება დაიწყო და ამ დროს ჩამოიარეს ჭელიძეებმა და წულუკიძეებმა:

„…რეზო წულუკიძემ აგრესიულად და მაღალი ტონით მითხრა, ჩვენთან რა გინდოდა და რატომ გვითხარი აქედან წადითო. მე წყნარად ვუპასუხე და გავუმეორე, რომ მათ აქ არაფერი ესაქმებოდათ, რადგან აქ იყო ქართველი ხალხის გულწრფელი პროტესტი და ისინი ჩამოსულები იყვნენ მხოლოდ ქულების დასაწერად, ასევე გავუმეორე, რომ მათი აქ ყოფნა გვაღიზიანებდა და კვლავ მოვუწოდე, რომ აქედან წასულიყვნენ და ჩვენი პატრიარქი აღარასოდეს გაელანძღათ. ამის თქმაზე რეზო წულუკიძემ მითხრა, თქვენი რელიგიაც და თქვენი დედაცო და შეგვაგინა დედის მისამართით, თან მოულოდნელად მან მომიქნია მარჯვენა მუშტი და პირველი დამარტყა სახეში…

რეზო წულუკიძე, რომელიც არის რიჟა, ძირითადად ორივე მუშტებს მირტყამდა თავისა და სახის არეში, ასევე მან მუშტი მომარტყა ცხვირში და წამომივიდა სისხლი. ფირუზ წულუკიძე, თორნიკე, თამაზი, ირაკლი და გელა ჭელიძეები ასევე სხვები მირტყამდნენ მუშტებს და ფეხებს სახის, თავის, მხრების, გვერდების, მუცლის და ფეხების არეში,“ – აღწერს ავთანდილ ახვლედიანი.

ამ კონფლიქტის დროს „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ პრეზიდენტს 112-ში დაურეკავს და დახმარება უთხოვია.

ბრალდებული თამაზ ჭელიძე მოსამართლეს: მე იქ საერთოდ არ ვყოფილვარ 

ბრალდებულების ვერსიით, კამათის საგანი იყო ის, რასაც დაზარალებულები ჰყვებიან, თუმცა აქ საქმეში ქალი ჩნდება. ბრალდებული სპორტსმენების და მათი მეგობრების თქმით, ავთანდილ ახვლედიანმა შეურაცხყო ქეთი კობაური, რომელიც წულუკიძეებს და ჭელიძეებს ახლდა აქციაზე.

„რეზო წულუკიძე იქ ყველაზე ახლოს იდგა და უთხრა ავთანდილ ახვლედიანს, რას კადრულობ, ქალს როგორ ექცევიო,“ – გვიყვება ადვოკატი ირაკლი შავაძე, რომელიც ბრალდებულების ინტერესებს იცავს. – „შემდეგ შუბლი შუბლზე მომადო და დარტყმას აპირებდაო, ამ დროს დაიწყო ჩოჩქოლი, სადაც რთული გასარკვევია, ვინ რას შვრებოდა, მაგრამ ის, რასაც „უძლიერესი მამაკაცები“ ამბობენ, დაუჯერებელია. შეუძლებელია, ადამიანს ტრაილერების გათრევა შეგეძლოს, 20-20 კილო კუნთები გქონდეს, ამ დროს გირტყამდნენ უმიზეზოდ, განიცდიდე ფიზიკურ ტკივილს, როგორც ამას თავად ჰყვებიან და შენ ერთხელაც ხელი არ მოიქნიო… ხოლო ინციდენტის შემდეგ პოლიციაში რეკავდე, მიშველეთო… რეალურად იყო ჩოჩქოლი, შემდეგ ესენი იქვე ახლოს ბუნებრივ ჩიხში მოხვდნენ, წაიქცნენ და დაანებეს ერთმანეთს თავი. ამით ამოიწურა კონფლიქტი,“ – აღნიშნა ირაკლი შავაძემ „ბათუმელებთან“.

ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს იმ საღამოს „რუსთავი 2“-ის მიერ გადაღებულ კადრებზე, სადაც არ ჩანს ფირუზ წულუკიძე, ასევე თამაზ ჭელიძე. ადვოკატის თქმით, ფირუზი ამ დროს მოშორებით იდგა და კონფლიქტში არ ჩარეულა, თამაზ ჭელიძე კი, იქ საერთოდ არ იყო.

„მე იქ საერთოდ არ ვყოფილვარ,“ – ეს თამაზ ჭელიძემ მოსამართლესაც უთხრა. მანამდე კი, თამაზ ჭელიძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აღწერს, როგორ შეხვდა გზად „უძლიერესი კაცების ფედერაციის“ წარმომადგენლებს და რა გადახდა თავს:

„….გვითხრეს, რომ ნაციონალების ადგილი აქ არ არის და წადითო. ფირუზ წულუკიძემ მათთან კომუნიკაცია არ გააგრძელა. მხოლოდ ქეთი კობაურმა უთხრა, მე ქუთაისელი ვარ, ჩემი სტუმრები არიან და რა თემებზე საუბრობთო. შემდეგ მე ვუთხარი, რომ ჩამოსული ვიყავით ჩვენი ქართველი ძმების მხარდასაჭერად და სხვა თემა სალაპარაკო არ იყო. ეს შეკამათება მოისმინეს აქციის სხვა მონაწილეებმაც, რომელთა ვინაობა არ ვიცი და ავთანდილ ახვლედიანი ხელის მოკიდებით განარიდეს იმ ადგილიდან.

გვითხრეს, რომ ეს ბიჭები იყვნენ სუსის მოგზავნილი პროვოკატორები და არ ავყოლოდით მათ საქციელს… გუმათჰესთან დაგვხვდნენ ჩვენ მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანები, მათ შორის, სასულიერო პირები და ხანდაზმული ადამიანები, რომლებმაც გაიგეს, რომ ბათუმიდან ვიყავი ჩასულები და გვლოცავდნენ. ჩვენ მოგვმართეს აქციის ახალგაზრდა წევრებმა, რომ აქცია არ დაგვეტოვებინა.

ამასობაში, მე ფეხები დამისველდა, ტელეფონიც დასამუხტი მქონდა, რის გამოც გელა ჭელიძეს გამოვართვი თავისი „ტოიოტა პრიუსის“ გასაღები და წამოვედი უკან მანქანის დგომის ადგილისკენ,“ – უთხრა თამაზ ჭელიძემ გამომძიებლებს.

ავტომანქანაში იჯდა თამაზი, როცა დაუნახავს, ავთანდილ ახვლედიანი თანმხლებ პირებთან ერთად როგორ მიდიოდა ისევ საპროტესტო აქციისკენ. რადგან ტელეფონი დასამუხტი იყო, მას სხვა პირის ტელეფონიდან დაურეკავს ფირუზ წულუკიძისთვის, გაერიდეთ მაქაურობას, ისევ მოდიანო. თამაზ ჭელიძის ჩვენების მიხედვით, ამ დროს ავთანდილ ახვლედიანი მოულოდნელად მისკენ მობრუნებულა:

„…ავთანდილ ახვლედიანმა მეორე მხრიდან, ანუ მგზავრის წინა მარჯვენა საქარე მინაზე მომიკაკუნა და დამიძახა, ჩამოწიე ფანჯარაო. მე აღნიშნული საქარე მინა ბოლომდე ჩამოვწიე და თან ოთხივე კარები ჩავკეტე ცენტრალური საკეტით. ავთანდილ ახვლედიანმა ჩამოწეული ფანჯრიდან მითხრა: შენ ბათუმიდან ჩამოსულ ბიჭებს ახლიხარ? რაიმე პროვოკაცია რომ არ მოეწყოთ, ვუთხარი, რომ მათ არ ვახლდი. როგორ არ ახლიხარ, ბიჯო, მაგენის ნაცი დედაცო და შეიგინა დედის მისამართით. ამ დროს მისი თანმხლები ჩემთვის უცნობი მამაკაცი, რომლის ამოცნობა არ შემიძლია ამ ეტაპზე, მაგრამ რომ შევხდე შეიძლება ამოვიცნო კიდეც, მოვიდა ჩემს მხარეს ავტომანქანასთან და შეეცადა კარის გაღებას, მაგრამ ჩაკეტილი მქონდა. მე ვიგრძენი საფრთხე, მანქანა დაქოქილი მყავდა, ჯერ დავძარი უკან, რომ გავსულიყავი, რადგან წინ მანქანა იდგა და ამ დროს ავთანდილ ახვლედიანმა ხელი შემოყო და სახის მიმართულებით მომიქნია დასარტყმელად, რომელიც ავიცილე. ამასობაში კი, წინ დავიწყე სვლა, რა დროსაც მანქანას დაუწყეს ხელებით ცემა და მაგინებდნენ… მე დავტოვე იქაურობა და სარკეში შევხედე, ვხედავდი, გამომეკიდნენ… მე დიდი სიჩქარე ავკრიფე და მხედველობიდან დავკარგე,“ – იხსენებს თამაზ ჭელიძე.

თამაზის თქმით, ფირუზ წულუკიძეს ისევ სხვისი ტელეფონით და გზიდან მას შემდეგ გადაურეკა, როცა დარწმუნდა, რომ აღარ მოსდევდნენ. „ჯაჭვის ხიდთან დაგელოდებით მაშინ,“ – უთქვამს თამაზს ფირუზ წულუკიძისთვის.

„ეს ხომ მარტივად დასადასტურებელია გამოძიების მხრიდან: დაურეკა თუ არა მართლაც ფირუზ წულუკიძეს სხვისი ტელეფონიდან ორჯერ თამაზ ჭელიძემ?“ – კითხულობს ადვოკატი. მას სხვა კითხვების დასმაც სურდა სასამართლო პროცესზე, როცა მოსამართლე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავდა, მაგრამ ის პროცესიდან გააძევეს.

გაძევებული ადვოკატი და ყოფილი მოსამართლე სასამართლოზე: ეს იყო კოლექტიური მართლმსაჯულების მაგალითი 

ადვოკატს რამდენიმე გარემოების გამო მიაჩნია, რომ „წულუკიძეების და ჭელიძეების საქმე“ პოლიტიკურად მოტივირებულია. ირაკლი შავაძეს მოლოდინი აქვს, რომ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება და ამ გზით ხელისუფლებამ დროებით ჩამოიშორა წულუკიძეები და ჭელიძეები, რომლებიც ბოლო დროს საპროტესტო აქციებზე ყველგან ჩანდნენ.

„დავიწყოთ იქედან, როცა „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ წარმომადგენლები, ყველა ერთნაირად ჩამოთვლის ჩვენებაში ექვსივე ბრალდებულს, ამათ სპორტული ღონისძიებებიდან ვიცნობდითო, მაგრამ საიდან, რომელი სპორტული ღონისძიებებიდან იცნობდნენ? რეალურად სპორსტმენი ამ ექვსი კაციდან მხოლოდ თორნიკე ჭელიძე და ფირუზ წულუკიძეა, მასაც ბოლო რამდენიმე წელია არ უვარჯიშია,“ – გვიყვება ადვოკატი ირაკლი შავაძე.

ადვოკატის თქმით, ამ საქმეზე საინტერესო ჩვენების მიცემა შეუძლია, მაგრამ ამ დრომდე დუმილს ამჯობინებს ბრალდებული ჭელიძეების ბიძა – ჯიმშერ ჭელიძეს. ის ქუთაისში ცხოვრობს და ისიც „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ წევრი ყოფილა.

„უთქვამს ძმისშვილებისთვის, რა ვიცოდი, თქვენზე თუ იყო საუბარი, თორე გაგაფრთხილებდითო… მეც მითხრეს ფედერაციიდან, 12-ში ნაციონალები აპირებენ ჩამოსვლას აქციაზე და დაგვეხმარე ცემაში, ვიკრიბებით სპორტსმენებიო. ავთანდილ ახვლედიანმა ისიც კი არ იცოდა, ვისთვის დაავალეს პროვოკაციის მოწყობა, მისი მეგობრის ძმისშვილები იყვნენ, არათუ ის, რომ თურმე სპორტულ დარბაზებში ხვდებოდა,“ – ამბობს ირაკლი შავაძე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ჯიმშერ ჭელიძეს. მან გვითხრა, რომ ამ საქმესთან არაფერი კავშირი არ აქვს და ჟურნალისტებთან საუბარი არ სურს.

ირაკლი შავაძე საუბრობს სამართალწარმოების კონკრეტულ დარღვევებზე:

„შუამდგომლობა არც კი იყო შესული სასამართლოში, რომ სასამართლოსთან უკვე მობილიზდნენ სპეცრაზმელები, ავტომანქანებით, ვის ვინ უნდა გადაეყვანა, ეს გაინაწილეს, ანუ წინასწარ იცოდნენ, რომ სხდომა გაიმართებოდა და აუცილებლად პატიმრობას შეუფარდებდნენ ბრალდებულებს. სასამართლოს შეეძლო 16 აპრილის ნაცვლად 17 აპრილს დღის 4 საათამდე განეხილა ეს საქმე, მაგრამ 300-გვერდიანი საქმის განხილვა შუამდგომლობის სასამართლოში შესვლიდან ერთ საათში დანიშნეს.

პროკურორიც კი დათანხმდა შუამდგომლობას, საქმის განხილვის გადადებაზე, როცა ვთქვი, რომ ასე, საქმის მასალების გაუცნობლად იზღუდება დაცვის უფლება და სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. პროკურორმა თქვა, ერთი საათი მივცეთო და ამაზეც უარი თქვა მოსამართლემ,“ – აღნიშნა ირაკლი შავაძემ.

ჭელიძეებს და წულუკიძეებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ქეთევან თხელიძემ შეუფარდა. სანამ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს ბრალდებულებმა და ადვოკატებმა.

„მე სხდომა დავტოვე, რადგან ბრალდებულებმა მთხოვეს ეს. მოსამართლეს არ უთქვამს, რომ უნდა დავრჩენილიყავი დარბაზში. მე უნდა გამერკვია, ხომ არ მიყენებდნენ აცილებას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები… შემდეგ იურიდიული დახმარების იურისტებთან ერთად შევხვდი ბრალდებულებს და გავარკვიე, რომ არ მიყენებდნენ აცილებას, თუმცა მოსამართლის თანაშემწემ შემატყობინა, გაძევებული ხართო. მას არ მიუთითებია კონკრეტულად, რის გამო გამაძევა დარბაზიდან. სხდომა საღამოს 11-ზე განახლდა, სადაც აღარ დამიშვეს. ამით კიდევ ერთხელ დაირღვა დაცვის უფლება. თავიდან ბოლომდე ეს იყო თვითნებური დაკავება, გადაწყვეტილებები კონკრეტული დასაბუთების გარეშე,“ – მიიჩნევს ადვოკატი ირაკლი შავაძე, რომელიც წინა წლებში მოსამართლედ მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

„კოლექტიური მართლმსაჯულება“ – კიდევ ამ პრობლემას გამოყოფს ირაკლი შავაძე, რაც „წულუკიძეების საქმეში“ დაინახა პირველი წარდგენის სხდომაზე. ადვოკატი შენიშნავს, რომ მოსამართლეს ცალ-ცალკე არ უმსჯელია თითოეული ბრალდებულის შესახებ. არ უმსჯელია, მაგალითად, ირაკლი ჭელიძის შესახებ, რომელიც 20 წლისაა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ეხება.

„მით უმეტეს, როცა მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი, ამ დროს პირდაპირი ვალდებულებაა, რომ განიხილოს განრიდების საკითხი, მის მიმართ დაიწყოს თუ არა საერთოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, შენ კი, პირდაპირ ყველაზე მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას უფარდებ. პირველ რიგში, ბრალდების მხარის ვალდებულება იყო, მასთან განეხილა განრიდების საკითხი, რაც არ განუხილავს…

კოლექტიური კი ამას ნიშნავს, რომ ჩამოწერეს 6 პირის სახელ-გვარი და ერთიანად განიხილეს. ეს საბჭოთა კავშირის დროსაც კი იყო პრობლემა, ხვდებოდნენ ამას და აკრიტიკებდნენ,“ – დასძინა ირაკლი შავაძემ.

ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე პროკურორის აცილებაც ითხოვა, რადგან ყოფილი მოსამართლისთვის გაუგებარია, როგორ წარუდგინეს ბრალი ადამიანებს 225-ე მუხლის მეორე ნაწილით [მონაწილეობა ჯგუფურ მოქმედებაში, რასაც თან ახლავს ძალადობა], როცა ამ მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაწყებული საერთოდ არ არის?

„შესაძლოა, პირის იდენტიფიცირება რთულია და ვერც გამოიკვეთოს ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ პირველი მუხლი თუ არ არის, ანუ თავად დანაშაულებრივი ჯგუფური მოქმედება, რასაც თან ახლავს ძალადობა, მასში მონაწილეობას როგორ ედავები ვინმეს? ეს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმაც კი იციან,“ – გაოცებას ვერ მალავს ადვოკატი ირაკლი შავაძე.

ვინ არიან ქუთაისის მერიის თანამშრომლები, რომლებიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ და „უძლიერეს მამაკაცების“ სასარგებლოდ მისცეს ჩვენება

„უძლიერეს მამაკაცთან ფედერაციის“ სპორტსმენების გარდა, „წულუკიძეების საქმეში“ ნახავთ ქუთაისის მერიის ორი თანამშრომლის ჩვენებას, რომლებმაც გამოძიებას უთხრეს, რომ ნაცემ სპორტსმენებს კარგად იცნობენ და ამ კონფლიქტში გამშველებლის ფუნქცია ჰქონდათ.

მაგალითად, ოთარ ბენდუქიძე ქუთაისის მერიის შიდა უსაფრთხოების სამსახურის დაცვის თანამშრომელია. ის საჯარო მოხელესთან გათანაბრებულ პირად ითვლება. ჩვენებაში ის არაფერს წერს, რატომ მოუნდა ჰესის მშენებლობის გაპროტესტება მაინცა და მაინც სამუშაო დღეს, ან რა ფორმით გაითავისუფლა თავი სამსახურიდან?

„…12 აპრილს მეგობართან გიორგი გორგიძესთან ერთად ვიმყოფებოდი წყალტუბოს რაიონის სოფელ ნამოხვანში, სადაც ვაპროტესტებდი ნამახვანჰესის მშენებლობას, რადგან ვთვლი, რომ არ უნდა შენდებოდეს რიონის ხეობაში აღნიშნული ჰესი“.

სპორტსმენების მსგავსად, ქუთაისის მერიის თანამშრომელიც ანალოგიურად ამბობს, რომ „წულუკიძეები წარსულში ლანძღავდნენ ქრისტიანულ სარწმუნოებას, ასევე საქართველოს კათალიკოს პატრიარქს,“ – აღნიშნავს ოთარ ბენდუქიძე. „უძლიერესი მამაკაცების“ მსგავსად, არც ბენდუქიძე აკონკრეტებს, სად მოისმინა პატრიარქის ლანძღვა წულუკიძეებისგან, რომელიც ასე დაამახსოვრდა, რომ აქციის მონაწილეებს შორის იცნო.

„…ჩვენ მოვახერხეთ და მოძალადე მამაკაცები მოვაშორეთ ავთანდილ ახვლედიანს, გიორგი ბარჯაძეს და დავით ჭოხონელიძეს, განვმუხტეთ ვითარება,“ – ასრულებს ქუთაისის მერიის თანამშრომელი.

„არ ვიცი არაფერი, ვერ დაგელაპარაკებით“ – ეს ფრაზა რამდენჯერმე გაგვიმეორა ოთარ ბენდუქიძემ, როცა მას ტელეფონით დავუკავშირდით და განმარტებები ვთხოვეთ, მაგალითად: როგორ მოხდა, რომ 12 აპრილს, სამუშაო დღეს გაუჩნდა აქციაზე დასწრების სურვილი, როცა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციები წინა დღეებშიც იმართებოდა?

„მე ის გიორგი არ ვარ, სხვა ვარ, რა შუაშია ჩემი სახელი და გვარი?“ – გვკითხა ქუთაისის მერიის მეორე თანამშრომელმა. ჩვენ გიორგი გორგიძის გამოკითხვის ოქმში მითითებულ ტელეფონზე დავრეკეთ. ოქმის მიხედვით, გიორგი გორგიძე ქუთაისის მერიის დაქვემდებარებული ორგანიზაციის „რამაზ შენგელიას სახელობის მოედნის შიდა უსაფრთხოების“ დაცვის თანამშრომელია.

გიორგი გორგიძე განსხვავებით ოთარ ბენდუქიძისგან დასძენს, რომ „უძლიერესი მამაკაცები“, რომლებიც წულუკიძეებმა და ჭელიძეებმა მათი თქმით სცემეს, მისთვის „კარგად ნაცნობი პირები“ არიან. გიორგიც სხვების მსგავსად აღწერს, რომ წულუკიძეების მხრიდან პატრიარქის ლანძღვა გაახსენდა და კამათს შეესწრო, ხოლო შემდეგ „რეზო წულუკიძემ შეაგინა ავთანდილ ახვლედიანს, ასევე შეიგინა ჩვენი რელიგიის მისამართით და თან მუშტი დაარტყა სახეში ავთანდილ ახვლედიანს…. აღნიშნულის შემდეგ ავთანდილ ახვლედიანს, გიორგი ბარჯაძეს და დავით ჭოხონელიძეს ყველამ ერთად დაუწყეს ხელებითა და ფეხებით ცემა,“ – დაასრულა გიორგი გორგიძემ.

„ვერ დაგელაპარაკებით, ჩვენ გამოძიებას მივეცით ჩვენება,“ – გვითხრეს „უძლიერეს  მამაკაცთა ფედერაციის“ წევრებმა – დავით ჭოხონელიძემ და გიორეგი ბარჯაძემ. საუბარს დაგვპირდა ამ ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი – ავთანდილ ახვლედიანი, ერთ საათში დაგელაპარაკებითო, თუმცა ერთ საათში ავთანდილ ახვლედიანის ტელეფონი საერთოდ გამოირთო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: