ბათუმი,მთავარი,სიახლეები

დავა რესპუბლიკურის კოვიდპაციენტების კვებაზე გამოცხადებული ტენდერისთვის

13.02.2022 • 2948
დავა რესპუბლიკურის კოვიდპაციენტების კვებაზე გამოცხადებული ტენდერისთვის

ბათუმის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ კოვიდპაციენტების სამჯერადი კვების მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი პრეისკურანტით 2021 წლის დეკემბერში გამოაცხადა, თუმცა ერთ-ერთმა პრეტენდენტმა კომპანიამ ტენდერი დავების საბჭოში გაასაჩივრა.

საბჭოს გადაწყვეტილებამდე კი, საავადმყოფომ, თებერვლის თვის ჩათვლით პაციენტების კვების მომსახურებაზე ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა. სახელშეკრულებო თანხა 30 ათასი ლარია.

რაც შეეხება გასაჩივრებულ ტენდერს, 2022 წლის განმავლობაში პაციენტების სამჯერადი კვების მომსახურებაში რესპუბლიკური საავადმყოფო ხელშეკრულების გაფორმებას მაქსიმუმ ნახევარ მილიონ ლარზე გეგმავს. ტენდერის პირობის მიხედვით, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება 262.75 ლარია, შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება კი – 500 000 ლარი.

ტენდერში 4 პრეტენდენტი მონაწილეობდა:

  • შპს ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემს – შეთავაზება: 262.75 ლარი
  • თენგიზ დიასამიძე – 210.21 ლარი
  • შპს ჩიხურა – 210.20 ლარი
  • შპს დელფუდი – 187.28 ლარი.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სატენდერო კომისიამ დოკუმენტების დაზუსტება სწორედ შპს „დელფუდს“ მოსთხოვა, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა.

სატენდერო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი შპს „ჩიხურამ“ დავების საბჭოში გაასაჩივრა და მისი ბათილად ცნობა მოითხოვა.

„აღნიშნულ ტენდერში „დელფუდმა“ ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების ეტაპზე წარმოადგინა დაზუსტებული ფასების ცხრილი და აუდიტორული დასკვნა ფასთა ადეკვატურობის დადასტურების მიზნით 187.21 ლარზე. დაზუსტებულ ფასების ცხრილში, განფასებული თითოეული პოზოციის დაჯამების შედეგად კი დგინდება რომ, „დელფუდის“ მიერ სისტემაში ატვირთული ფასების ცხრილის [პრეისკურანტის] ჯამური ღირებულება გახლავთ არა 187.21 ლარი არამედ 187.48 ლარი. კერძოდ, გაზრდილია როგორც სტანდარტული მენიუს ფასი [91.42 ლარი] ასევე დიაბეტური მენიუს ფასი [96.06 ლარი] ამრიგად, მიუხედავად იმისა ,რომ ფასების ცხრილს ჯამურად აწერია 187.21 ლარი, ეს არ არის სიმართლე და თუ დავაჯამებთ „დელფუდის“ მიერ ატვირთულ პრეისკურანტს დავინახავთ რომ, როგორც ინდივიდუალურად პოზიციებზე აგრეთვე ჯამურად გაზარდილია წინადადების ფასი, 187.48 ლარამდე“ – აღნიშნულია „ჩიხურას“ საჩივარში.

მომჩივანი ასევე აღნიშნავს, რომ „დაზუსტებულ ფასების ცხრილში არის კიდევ უზუსტობა, ანუ შეუსაბამობა შემსყიდელის მიერ ატვირთულ ფასების ცხრილთან, კერძოდ გამქრალია მითითება სტანდარტულ მენიუში თუ რომელი განფასებაა N6 დღის ჩანაწერი და საუზმის დასათაურება, და ვინაიდან ანაზღაურება ხდება დღის შესაბამისი მენიუს მიხედვით, შემსყიდველს ვარაუდის სიზუსტით მოუწევს N6 მენიუს გამოცნობა“.

აღნიშნულ საჩივარზე შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს გადაწყვეტილება ამ დროისთვის შესაბამის პორტალზე ატვირთული არ არის. შესაბამისად, ტენდერის ბედი საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით გაირკვევა.

 

განახლება: სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭომ შპს „ჩიხურას“ საჩივარი სრულად დაკმაყოფილა.

„დაევალოს შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ სატენდერო კომისიას 2022 წლის 3 თებერვლის სხდომის №3 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და შპს „დელფუდის“ მიერ წარდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.“ – აღნიშნულია საბჭოს გადაწყვეტილებაში.

 


აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ 100 პროცენტი წილი მართვის უფლებით საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს 2021 წლის 21 ოქტომბრიდან გადაეცა. სამედიცინო ჰოლდინგს კი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მართავს.

ამავე თემაზე:

დღეში 1 მილიონი იხარჯება საავადმყოფოებში კოვიდპაციენტების მკურნალობაზე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: