მთავარი,სიახლეები

როგორ ვიშოვოთ მილიონები ჭოროხის სანაპიროზე, ანუ რას არ იმჩნევს მთავრობა – ეპიზოდი III

06.10.2021 • 6071
როგორ ვიშოვოთ მილიონები ჭოროხის სანაპიროზე, ანუ რას არ იმჩნევს მთავრობა – ეპიზოდი III

  • გაგრძელება

ქვეყნის მთავარ საფულეში – ბიუჯეტში ასობით ათასი ლარი ვერ შევიდა ჭოროხის სანაპიროზე 21 ჰექტარი მიწის  გამოყენების სანაცვლოდ.

კომპანია, რომელიც ჭოროხის ნაპირზე ინერტულ მასალას მოიპოვებს, სახელმწიფო მიწას უკანონოდ იყენებს. თუმცა ამას არ ხედავს არც პოლიცია, არც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და არც გარემოს დაცვა.

ამ სტატიაში გიამბობთ, როგორ სარგებლობს ერთი კომპანია სახელმწიფო მიწით უკანონოდ ისე, რომ ასობით ათას ლარს არ იხდის.

  • რა პირობებით შემოვიდა კომპანია ჭოროხის სანაპიროზე 

ხელვაჩაურში, სოფელ თხილნართან, ჭოროხის სანაპიროზე თუ ჩახვალთ, აუცილებლად შენიშნავთ ხრეშის უზარმაზარ მთებს. აქ ინერტულ მასალას ბევრი კომპანია თუ კერძო პირი მოიპოვებს, მაგრამ ხრეშის ყველაზე დიდი მთები ერთ კომპანიას ეკუთვნის.

ხრეშის მთები მდინარე ჭოროხზე. აქ, წესით, მხოლოდ 1.2 მილიონი კუბური მეტრი ხრეში უნდა იყოს დაყრილი, თუმცა ზედამხედველს არ შეუმოწმებია ნამდვილად რამდენი ხრეშია ამოღებული

კომპანიის სახელია სს „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთის ფილიალი საქართველოში“. ეს კომპანია შპს POLAT YOL & MAP-ის ბიზნესჯგუფშია.

სწორედ POLAT YOL & MAP-მა მიიღო ლიცენზიის გარეშე 1 275 676, 45 მ³ ინერტული მასალის, ქვიშა-ხრეშის მოპოვების უფლება 2020 წელს.

ამისათვის გასული წლის 17 სექტემბერს პრემიერმა გიორგი გახარიამ განკარგულება გამოსცა.

განკარგულებაში ვკითხულობთ:

„ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ერთობლივი საწარმო POLAT YOL & MAP-ი გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიისგან 8 თვის ვადით და მიეცეს უფლება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვოს 1 275 676, 45 მ³ ინერტული მასალა [ქვიშა-ხრეში], შემდეგ X და Y კოორდინატების საზღვრებში.

ზედამხედველობა განახორციელოს სააგენტომ, ხოლო მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირაში სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ“.

ქვიშა-ხრეში, რომელსაც კომპანია ჭოროხიდან მოიპოვებს, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას უნდა მოხმარდეს, კომპანია კი ვალდებული იყო გახარიას განკარგულებიდან ერთი თვის ვადაში 11 მილიონ 237 406 ლარი გადაეხადა ბიუჯეტში.

კომპანია ჭოროხის სანაპიროზე სწრაფად შეუდგა მუშაობას, სახელდახელოდ ააშენა ხიდი ჭოროხზე, იქვე გამართა ქარხანა და შემოვლითი გზისთვის საჭირო ინერტული მასალის დამუშავება დაიწყო.

ხრეშის მოსაპოვებლად კუსტარულად აშენებული ხიდი მდინარე ჭოროხზე

ცხადია, ქვიშა-ხრეშის მოსაპოვებლად კომპანიას სჭირდებოდა ტერიტორია ინერტული მასალის დასაყრელად, ამიტომაც კომპანიამ  აჭარის მთავრობას მიმართა.

მართლაც, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, პრემიერის განკარგულების გაცემიდან ექვსი თვის შემდეგ, 2021 წლის 17 მარტს, კომპანიას გაუფორმა ხელშეკრულება სახელმწიფო მიწის იჯარით სარგებლობის შესახებ.

ხელშეკრულების ჩანაწერის თანახმად, ეს ქონება არის „70035 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მდებარეობს კახაბრის/მეჯინისწყლის დასახლებაში. …ქონების იჯარის ქირა შეადგენს 351 902 ათას ლარს“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, რაც ადგილზე გადამოწმებითაც დასტურდება, იჯარით აღებულ 70 035 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე კომპანიას ინერტული მასალის გადამამუშავებელი ქარხანა აქვს მოწყობილი.

ინერტული მასალების გადამუშავებისთვის მოწყობილი ქარხანა

  • 21 ჰექტარი უკანონოდ და უფასოდ კომპანიის განკარგულებაში

იმ მასშტაბური საქმისთვის, რასაც ეწევა კომპანია სს „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთი-ის ფილიალი საქართველოში“, 7 ჰექტარი ნამდვილად არ არის საკმარისი.

„ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ ეს კომპანია დამუშავებული ხრეშის დასაყრელად ზუსტად 209 000 კვადრატულ მეტრ ანუ 21 ჰექტარ სახელმწიფო მიწას იყენებს უკანონოდ და უსასყიდლოდ. ამ აღმოჩენას განსაკუთრებით საინტერესოს ხდის ის გარემოება, რომ ამ უკანონობას „ვერ ამჩნევს“ სახელმწიფოს ვერც ერთი სტრუქტურა, შედეგად კი ასობით ათასი ლარი იკარგება ბიუჯეტიდან.

მაგალითისთვის – კომპანიასთან 17 მარტს დადებული ხელშეკრულების თანახმად, ბიუჯეტმა 352 ათასი ლარის შემოსავალი მიიღო 7 ჰექტარის კომპანიაზე იჯარით გაცემისას.

კომპანია დამატებით, უკანონოდ და უსასყიდლოდ იყენებს 21 ჰექტარს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ბიუჯეტმა 1 მილიონზე მეტი ლარი დაკარგა.

  • როგორ დასტურდება, რომ კომპანია უსასყიდლოდ სარგებლობს 21 ჰექტარი მიწით

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2021 წლის გაზაფხულზე ამჟამად ბრალდებულმა მერაბ ღოღობერიძემ მიმართა წერილობით – რამდენად ლეგალურად სარგებლობდა კომპანია სს „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთი-ის ფილიალი საქართველოში“ 21 ჰექტარი მიწის ნაკვეთით ჭოროხის სანაპიროზე.

2021 წლის 13 აპრილს ღოღობერიძეს აჭარის ფინანსთა მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ, უპასუხა წერილობით. ამ წერილში მინისტრი წერს, რომ კომპანია „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთი-ის ფილიალი საქართველომ“ 21 ჰექტარი მიწის ნაკვეთის იჯარის გადაცემის თხოვნით უკვე მიმართა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს.

„მიმდინარეობს აღნიშნული განცხადების განხილვა და ნაკვეთების სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურები“, – წერია ღოღობერიძისთვის გაგზავნილ წერილში.

ღოღობერიძემ კიდევ ერთი კითხვა დაუსვა სამინისტროს – სახელმწიფო მიწის თვითნებურად დაკავებისთვის კომპანია არის თუ არა დაჯარიმებული? – მის ამ კითხვას სამინისტრომ არ უპასუხა.

2021 წლის 15 მაისს ამჯერად უკვე „ბათუმელებმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჰკითხა, რის საფუძველზე იყენებდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 21 ჰექტარ ტერიტორიას კერძო კომპანია. ასევე გვაინტერესებდა, არსებული პრაქტიკით, რა ფასად გასცემდა სამინისტრო აქ მიწის ნაკვეთს იჯარით.

კომპანია ჭოროხის სანაპიროზე 280 000 კვადრატული მეტრი მიწით სარგებლობს. აქედან იჯარის გადასახადს მხოლოდ 70 ათას კვადრატულ მეტრზე იხდიდა, 210 ათას კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს კი ყოველგვარი გადასახადის გარეშე სარგებლობდა

ჩვენი წერილის გაგზავნის ეტაპზე, პრემიერის ბრძანების თანახმად, კომპანიას ზუსტად 2 დღეში [17 მაისს] უნდა დაესრულებინა ინერტული მასალის სრულად მოპოვება. შესაბამისად, მას 1 მილიონზე მეტი კუბური მეტრი ინერტული მასალა უკვე დასაწყობებული ჰქონდა სახელმწიფოს მიწაზე.

ამის მიუხედავად, აი, რა გვაცნობეს სამინისტროდან:

„თქვენ მიერ წარმოდგენილ განცხადებაში მითითებულ უძრავ ქონებაზე [ჯამში ექვს საკადასტრო კოდზე – ავტ.] ს/კ#05.32.06.256, 05.32.06.257, 05.32.06.288, 05.32.06.259, 05.32.06.260, 05.32.06.282] იჯარით სარგებლობის გადაცემის თაობაზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შემოსულია წერილობითი განცხადება სს „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთი–ის ფილიალი საქართველოში“-ს მიერ, რის საფუძველზეც მიმდინარეობს აღნიშნული განცხადების განხილვა და ნაკვეთების სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურები“.

სამინისტროსგან მიღებული ეს წერილი დათარიღებულია 1-ელი ივლისით. ამავე წერილში საუბარია იმაზე, რომ „ადმინისტრაციული წარმოება არ არის დასრულებული“.

პირველი წერილის გაგზავნიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ – 23 სექტემბერს „ბათუმელებმა“ ისევ ჰკითხა სამინისტროს, გადასცა თუ არა კომპანიას აღნიშნული 21 ჰექტარი იჯარით. ამის გათვალისწინებით, თუ შევა ბიუჯეტში თანხა ამ მიწის სარგებლობისთვის. სამინისტროდან გვაცნობეს, რომ ამ დროისთვის იჯარით მიწა კომპანიაზე გადაცემული არ არის.

შესაბამისად, კომპანია 21 ჰექტარ ტერიტორიას მეჯინისწყლის დასახლებაში დღემდე უსასყიდლოდ იყენებს. ზარალდება ბიუჯეტი, თანამდებობის პირები კი, რომლებიც ვალდებულნი არიან ბიუჯეტის შევსებაზე იზრუნონ, ასევე დაიცვან სახელმწიფო ქონება განიავებისგან და გარემო დაზიანებისგან, ამას არ იმჩნევენ.

  • რას ამბობენ კომპანიაში

კომპანია „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთი-ის ფილიალი საქართველოს“ იურისტს, თამილა გორონიკაშვილს 23 სექტემბერს ვკითხეთ, ჭოროხის სანაპიროზე 21 ჰექტარი მიწის სარგებლობისთვის იხდიან თუ არა რაიმე სახის გადასახადს. „რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა გადასახადს ვიხდით. თუ რამე გაინტერესებთ, მოგვწერეთ“, – გვითხრა იურისტმა.

შენიშვნაზე, რომ ამ ტერიტორიით კომპანია არალეგალურად სარგებლობს და, შესაბამისად, გაუგებარია, რა გადასახადებს იხდიან, იურისტმა თქვა:

„ამ კითხვაზე პასუხს არ გაგცემთ“.

თამილა გორონიკაშვილს ასევე ვკითხეთ, თუ ჩააბარეს წიაღის ეროვნულ სააგენტოს ანგარიში, როგორც ეს პრემიერის განკარგულებაში წერია. იურისტმა გვიპასუხა, რომ ჩააბარეს. თუმცა კითხვაზე – სააგენტოს წარმომადგენლები მივიდნენ მოპოვებული ინერტული მასალების მოცულობის გადასამოწმებლად თუ თავად კომპანიამ წარუდგინა მონაცემები –  იურისტმა გვითხრა, რომ არც ამ კითხვაზე გვიპასუხებს.

კიდევ ერთი დეტალი – ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ჰქონდა კომპანიას 7 ჰექტარი ტერიტორია იჯარის სახით აღებული, ვადა 20 დღის წინ, 17 სექტემბერს, გაუვიდა. იურისტის, თამილა გორონიკაშვილის განმარტებით, ტერიტორაზე, სადაც კომპანიას ქარხანა აქვს მოწყობილი, იჯარის ხელშეკრულების გაგრძელების მოთხოვნით უკვე მიმართეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს. მანვე აღნიშნა, რომ ამ წერილზე პასუხი ჯერჯერობით არ მიუღიათ. 

  • რას ამბობენ გარემოსდაცვაში

ინერტული მასალების ლეგალურად და არალეგალურად მომპოვებლებთან საუბრის დროს ყველაზე ხშირად თეიმურაზ გელდიაშვილის სახელსა და გვარს ახსენებენ.

თეიმურაზ გელდიაშვილი 2019 წლიდან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელია. შესაბამისად, ჭოროხის სანაპიროს ზედამხედველობა ამ უწყების პასუხისმგებლობაა.

„ბათუმელებმა“ სცადა აჭარაში გარემოსდაცვის საკითხებში მთავარი პასუხისმგებელი პირისთვის ეკითხა:

  • როგორ ახერხებენ დღისით, მზისით, ასეულობით მანქანით ჭოროხის სანაპიროდან ინერტული მასალების მოპოვებას კერძო კომპანიები?
  • რა რეაგირება ჰქონდა მის უწყებას „ბათუმელების“ 23 ივნისის შეტყობინებაზე, როცა ათობით ტრანსპორტით ერთდროულად იპარავდნენ ხრეშს და ამის შესახებ 112 -ს ვაცნობეთ? [ამ შეტყობინების შემდეგ „ბათუმელებს“ დაუკავშირდა პოლიციელი, რომელმაც განაცხადა: „ჩვენ ადგილზე ვართ. გარემო მოვა და დამატებით დაგიკავშირდებით“. დღემდე არავინ დაგვკავშირებია].
  • რა არის მისი, თეიმურაზ გელდიაშვილის როლი ამ ყველაფერში?

თუმცა თემურ გელდიაშვილს ამ თემაზე საუბარი არ სურს. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მასთან ინტერვიუს ვერ ჩავწერთ.

  • დაზიანებული მწვანე საფარი

კომპანია „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთი-ის ფილიალი საქართველოს“ ტექნიკა ჭოროხიდან ამოღებულ ხრეშს პირდაპირ მწვანე საფარზე ასაწყობებს, რაც დაუშვებელია.

კომპანიის იურისტთან საუბრისას „ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ დააზიანა კომპანიამ მწვანე საფარი. იურისტმა დაგვიდასტურა, რომ ამ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, უკვე არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება და კომპანია ჯარიმას გადაიხდის.

„რაც მუხლში წერია, იმით დაგვაჯარიმეს“, – თქვა იურისტმა და დასძინა: „რაც დავაზიანეთ, ყველაფერს აღვადგენთ. მოვიყვანთ პირვანდელ მდგომარეობაში, როცა სამუშაოებს დავასრულებთ, მაშინ“.

თეიმურაზ გელდიაშვილის მიერ ბათუმის მერისთვის, არჩილ ჩიქოვანისთვის, მიწერილ წერილში ნახსენებია 552-ე მუხლი. ამ მუხლის თანახმად მწვანე საფარის დაზიანებაზე ჯარიმა არის 1000-დან 2000-მდე ლარი, განმეორების შემთხვევაში კი – 3000-3500 ლარი.

ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტების მიხედვით, ჭოროხის სანაპიროზე მწვანე საფარის დაზიანება გარემოს დაცვის სამსახურს არ აღმოუჩენია. ამის შესახებ აჭარა-გურიის გარემოს დაცვის სამსახურს მერაბ ღოღობერიძემ მიმართა განცხადებით, გარემოს დაცვის სამსახურმა კი – ბათუმის მერიას.

დაზიანებული მწვანე საფარი. კომპანია ამ ტერიტორიას ყოველგვარი გადასახადის გარეშე იყენებს

კერძოდ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარა-გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსმა თეიმურაზ გელდიაშვილმა 28 ივნისს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს, არჩილ ჩიქოვანს მისწერა, რომ კომპანიამ მათ ვერ წარუდგინა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ „გაცემული ნებართვა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით“ და ამიტომ მერიას უგზავნის მასალებს „სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირებისთვის“.

ამავე წერილში გელდიაშვილი წერს, რომ ეს დარღვევა მხოლოდ მას შემდეგ აღმოაჩინეს, როცა მათ მერაბ ღოღობერიძემ წერილობით მიმართა.

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა, არჩილ კონცელიძემ, 15 ივლისს მერაბ ღოღობერიძეს წერილობით აცნობა გელდიაშვილის შეტყობინების შესახებ და ასევე ის, რომ კომპანიის მიმართ 15 ივლისს  შედგენილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომელიც გადაგზავნილი იქნა სასამართლოში.

ამ დარღვევის შესახებ სასამართლომ უკვე იმსჯელა.

ვინ არიან მფლობელები?

სს ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთ-ის ფილიალი საქართველოში დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი თურქულ კომპანია „სს ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთია“. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სწორედ ამ კომპანიასთან აქვს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებები. ჭოროხის სანაპირიზეც სამუშაოებს რეალურად ეს კომპანია ასრულებს.

პრემიერის განკარგულების მიხედვით, 1, 2 მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალების მოპოვების უფება ჭოროხის სანაპიროზე კომპანია POLAT YOL & MAP -ს აქვს.

გაგრძელება იქნება


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „მოქალაქეებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება სამოქალაქო აქტივობებში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: