მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა არის ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზები – წინასწარი კვლევის შედეგები

14.08.2020 •
რა არის ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზები – წინასწარი კვლევის შედეგები

მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩატარებული მასშტაბური კვლევის ფარგლებში აღმოჩნდა, რომ ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე მაღალი აქვს, გაეროს ბავშვთა ფონდმა, ტყვიის სავარაუდო წყაროების დადგენის მიზნით, მოკვლევა დაიწყო. წინასწარი კვლევის შედეგებით გამოიკვეთა, რომ საქართველოში, ბავშვების ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის მიზეზად, სავარაუდოდ არსებობს ტყვიის ექსპოზიციის არა ერთი, არამედ ერთდროულად რამდენიმე წყარო.

ტყვიის უფრო ზუსტი წყაროებისა და გზების დასადგენად, 2020 წელს დაავადებათა კონტროლის ცენტრს გაეროს ბავშვთა ფონდმა გადასცა ატომურ აბზორფციული სპექტომეტრი და სწრაფი დეტექციის ოთხი აპარატი – ლაბორატორიული დანადგარები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა სახის ნიმუშში (სისხლში, წყალში, საკვებში და ა. შ.) ტოქსიკური მეტალების შემცველობის განსასაზღვრად. უშუალოდ კვლევა დაიწყება უახლოეს მომავალში (ქვეყნის ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე) და რამდენიმე თვეს გაგრძელდება.

[red_box]ძირითადი სავარაუდო წყაროები[/red_box]

დღეს ბათუმში გამართულ კონფერენციაზე სახელწოდებით – “ტყვიის პროექტი”, გაეროს ბავშვთა ფონდმა კვლევის წინასწარი შედეგები წარმოადგინა. გუნდის ერთ-ერთი წევრი, გაეროს ბავშვთა

ვლადიმერ ხასია

ფონდის კონსულტანტი ტყვიის შესწავლის საკითხებში, ვლადიმერ ხასია ამბობს, რომ კვლევის წინასწარი შედეგებით, ბავშვების ორგანიზმში ტყვიის მაღალი მაჩვენებლის საყურადღებო წყაროებია: სანელებლები, მაღაროებთან დაკავშირებული საქმიანობა, ნახშირის წარმოება, ტყვიისა და სხვა მეტალების გადამუშავება, ისტორიული ტყვიანარევი ბენზინი (იგულისხმება ბიოაკუმულირებული ბენზინის ტყვია, რომელსაც მოიხმარდნენ საბჭოთა კავშირის პერიოდში და მას შემდეგაც, სანამ ჩაანაცვლებდნენ თანამედროვე მოხმარებადი ბენზინით) და სათამაშოები.

კვლევების მიხედვით არ დასტურდება, რომ ტყვიის წყარო არის სასმელი წყალი, ჰაერი და თანამედროვე მოხმარების ბენზინი.

პრეზენტაციაზე ასევე აღნიშნეს, რომ ინფორმაცია არასაკმარისია იმის დასადგენად, რა გავლენა აქვს ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობაზე შემდეგ პროდუქტებს: საღებავი, რძე და ცხოველური პროდუქტები, ხის მასალები და წარმოება, ნიადაგი, მტვერი, სამშენებლო მასალები, კოსმეტიკა, ბიჟუტერია, სამზარეულოს ჭურჭელი, ნაგავსყრელები, საფანტის დამზადება, პოლიგრაფიული საქმიანობა, მეტალების გადადნობა სათამაშოების დასამზადებლად, თამბაქოს მოხმარება ბავშვის თანდასწრებით და სხვა.

[red_box]სისხლში ტყვიის შემცველობა და სიღარიბე[/red_box]

შეხვედრაზე ვლადიმერ ხასიამ აღნიშნა, რომ ტყვიის მაღალი კონცენტრაცია სისხლში განსხვავდებოდა ბავშვების სოციალური ფონის მიხედვით: ტყვიის შემცველობა უფრო მაღალია ღარიბ ბავშვებთან.

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა 5მკგ/დლ

2018 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, სისხლში ტყვიის მაჩვენებელი შედარებით მაღალი იყო დასავლეთ საქართველოში,  განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი (85%) დაფიქსირდა აჭარაში მცხოვრები ბავშვების სისხლში. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზები ჯერ არ არის ნათელი, თუმცა ვლადიმერ ხასიას განმარტებით, სხვა ფაქტორების გარდა (როგორიცაა სანელებლები, საწვავი და სხვა) მაღალმთიან რეგიონებში ასევე გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი, რომელთაც უშუალოდ ეს კვლევა არ მოიცავდა. “მათ შორის, როგორია რკინის შემცველობა სისხლში და როგორ კორელირებს ეს ტყვიის მაღალ ათვისებადობაზე და პირიქით. ამიტომ აქაც არ გვაქვს ჯერ ცალსახა პასუხები. ამ კუთხით პასუხებს მოგვცემს ის კვლევა, რისთვისაც ვემზადებით. ეს წინასწარი კვლევაც ამ მომზადების ნაწილი იყო”, – ამბობს ხასია.

დღევანდელ შეხვედრაზე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა თქვა, რომ ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის წყაროების შესახებ სულ მალე გახდება ცნობილი სწორედ იმ კვლევის შედეგად, რომელიც უახლოეს მომავალში ჩატარდება და რომლის შედეგების მიხედვით, საქართველოს/აჭარის ჯანდაცვის სამინისტროები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან ერთად შეიმუშავებენ საპასუხო გეგმას, როგორ დაიცვან მოსახლეობა ტყვიის მავნე ზემოქმედებისგან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: