მთავარი,სიახლეები

9 ყველაზე რომანტიკული ადგილი ბათუმში

13.02.2022 • 6762
9 ყველაზე რომანტიკული ადგილი ბათუმში

ყველა ქალაქს აქვს ისეთი პოპულარული ადგილები, ქუჩები, სადაც ტრადიციულად, შეყვარებულები ხვდებიან ერთმანეთს. ასეთი ადგილები, რა თქმა უნდა, ბათუმშიცაა. ამჯერად რამდენიმე მათგანზე გეტყვით, საზოგადოებრივ სივრცეებზე, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია და რომანტიკული შეხვედრებისთვის შესაფერისი.

ბათუმში ყველაფერი ზღვით იწყება და ჩვენც ზღვით დავიწყოთ.

  • სანაპირო, პლაჟი 

ბათუმის სანაპირო რომ რომანტიკული და პაემნებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილია ბათუმში, ეჭვგარეშეა. ზამთარ-ზაფხულ, ნებისმიერ თვეში და ამინდში, ნებისმიერ დროს ნახავთ ზღვის პირას ჩამომსხდარ წყვილებს. აქ შეგიძლია ზურგი შეაქციო მთელ ქალაქს და ყველა პრობლემას, ნახო მზის ჩასვლა, წვიმა, თოვა თუ შტორმი ზღვაზე.

კარგ ამინდში პლაჟზე უამრავი წყვილი ხვდება ერთმანეთს, თუმცა ბევრს არც უამინდობა აშინებს.

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

წყვილი ზღვის პირას. 31 დეკემბერი, 2015 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/ნანა კვაჭაძე

2021 წლის იანვარი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

მზის ჩასვლა ბათუმის სანაპიროზე

  • „ალი და ნინო“

თამარ კვესტაძის „ალი და ნინო“ ზედგამოჭრილი ადგილია შეყვარებულებისთვის. მობილური ქანდაკება სანაპიროზე, იქვეა იახტები, ბათუმის უძველესი შუქურა, ქუჩაში გასაყიდად გამოტანილი სასუსნავები და კაფე-ბარები.

თავად სკულპტურის ავტორი ამბობს, რომ პირადად მისთვის „ალი და ნინო“ შეხვედრა – განშორებაა და იმის შეხსენება, რომ გაერთიანება მხოლოდ ცოტა ხნითაა შესაძლებელი.

ალი და ნინო. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

ეს ადგილიც „ალი და ნინოს“ მიმდებარედაა. გაზაფხულზე აქ გლიცინია ყვავის.

  • ბათუმის ბულვარი 

რა თქმა უნდა, ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ადგილია ქალაქში. ზღვა ახლოსაა, ირგვლივ სიმწვანე და გრძელი ხეივნებია, სადაც დაუსრულებლად შეგიძლიათ ისეირნოთ, გზადაგზა შეისვენოთ, ძელსკამზე ჩამოსხდეთ ან შადრევანთან ახლოს, ბორდიურზე, ან კიდევ სულაც ხის ქვეშ, გაზონზე. ადგილი და სივრცე აქ ყველას ეყოფა.

უამრავი ბათუმელის ალბომში ნახავთ ქორწილის დღის ფოტოს, რომელიც მათ ბულვარში გადაიღეს. ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება.

გახსოვდეთ, რომ ეს ისტორიული ადგილია, ბულვარის განაშენიანება მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო და მისი გაშენებიდან დღემდე ასი ათასობით წყვილს უსეირნია აქ.

ფოტო: ბათუმის ბულვარი FB

წყვილი ბულვარის შესასვლელთან. ფოტო: „ბათუმელები“

  • კედელი „მე შენ მიყვარხარ“

ამ კედელს ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩის №13-ში ნახავთ. ორსართულიანი, ძველი, ბათუმური სახლის კედელზე ბევრჯერ წერია – „მე შენ მიყვარხარ“. აქ თუ დაუნიშნავთ ვინმეს შეხვედრას, ამ სიტყვების თქმა იქნებ სულაც არ გახდეს საჭირო, ალბათ ისედაც ყველაფერი ცხადი იქნება.

კედელი ბათუმის ისტორიულ უბანშია, ღამით აქაურობა მბჟუტავი ლამპიონებით ნათდება, ვიწრო, მოკირწყლული ქუჩები სასეირნოდ შესანიშნავი ადგილია და ამ უბანშივეა ბათუმის ყველაზე მოდური ბარები.

კედელი „მე შენ მიყვარხარ“

  • ნავსადგური 

ბათუმის ნავსადგური, თავისი კაფეებით, უდავოდ ცნობილი შეხვედრის ადგილია. აქაურობა ყოველთვის მიმზიდველია, ნავსადგურში პატარა გემები და იახტებია, მეთევზეები საათობით სხედან თევზის დაჭერის მოლოდინში, დღისით მთებით გარშემორტყმულ ქალაქი ჩანს, ღამით – ზღვაზე არეკლილი ღამის ბათუმი. აქ მდებარე კაფეებში კი ქვიშაზე მომზადებული ყავის დაგემოვნება შეგიძლიათ.

ყავა და წვიმა სანაპიროზე

  • ბოტანიკური ბაღი 

თუ პიკნიკზე გინდათ წასვლა, განმარტოება და ხანგრძლივი სეირნობისთვისაც ხართ მზად, უკეთეს ადგილს ვერ ნახავთ.

ქალაქის ხმაურსა და გამონაბოლქვს მოშორებულ ბოტანიკურ ბაღში საათობით შეგიძლიათ ისეირნოთ და ჰიმალაის, ავსტრალიის, სამხრეთ ამერიკისა და აღმოსავლეთ აზიის ტყეებშიც კი „იმოგზაუროთ“ – ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ამ რეგიონების ფლორაა წარმოდგენილი.

ბოტანიკური ბაღი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

  • ბათუმის ცენტრალური პარკი 

ცენტრალური პარკი ბათუმში შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ტბის ირგვლივ ტირიფებია, სასეირნო ბილიკები, გაზონი. შესასვლელში მფრინავი ქალის ქანდაკება დგას, სადაც ხშირად იღებენ ფოტოებს.

ბათუმის ცენტრალური პარკი

ეს ბათუმის ერთ-ერთი რომანტიკული ადგილი რომ არის, ამ ვიდეოს ნახვითაც დარწმუნდებით.

  • არდაგანის ტბა 

ეს ტბა ახალ ბულვარში მდებარეობს. ღამით აქ მოცეკვავე, ფერად შადრევნებს ნახავთ და ტბის ზედაპირზე არეკლილ ქალაქს.

არდაგანის ტბა ღამით. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

  • ბათუმის საბაგირო 

საბაგირო ბათუმის ნავსადგურში მდებარეობს. აქედან 2586 მეტრს გაივლით გონდოლით ანურიის მთამდე, საიდანაც ბათუმის, ზღვისა და მთების ულამაზეს პეიზაჟებს ნახავთ.

ხედი ანურიის მთიდან. ფოტო: საბაგირო გზა „არგო“/FB

და თქვენ რას ფიქრობთ, რომელია ბათუმის ყველაზე რომანტიკული ადგილი?

გადაბეჭდვის წესი


ასევე: