მთავარი,სიახლეები

საპენსიო სესხის აღება მაქსიმუმ 26 პროცენტად იქნება შესაძლებელი

11.02.2022
საპენსიო სესხის აღება მაქსიმუმ 26 პროცენტად იქნება შესაძლებელი

საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისმა კომისიამ  განსაზღვრა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკი შეირჩევა.

მთავრობის ცნობით, უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, რომელიც დღეს, 11 თებერვალს,  მთავრობის ადმინისტრაციაში ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა ბანკი, რომელიც  ახალი პირობებით გაცემს პენსიებს და სესხებს საპენსიო უზრუნველყოფით.

მთავრობის ცნობით, კომისიის გადაწყვეტილებით, საპენსიო გასაცემლებით უზრუნველყოფილი სესხის მაქსიმალური ზღვარი დღევანდელი მოცემულობით 26% იქნება, რომელიც „მომავალში, ინფლაციის დასტაბილურების შესაბამისად, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს“.

დავითაშვილი იმედოვნებს, რომ კონკურსში ბანკების მხრიდან მაღალი კონკურენცია იქნება, რაც უზრუნველყოფს პენსიონერების უფლებების დაცვას და მათთვის მაქსიმალურად მისაღები პირობების შეთავაზებას.

უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. კომისიის საქმიანობაში ასევე ჩართულია საქართველოს ეროვნული ბანკი.

აქამდე პენსიით აღებული სესხში პენსიონერები 30 პროცენტზე მეტს იხდიდნენ. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ „ლიბერთი ბანკი“ საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას სათანადოდ არ ითვალისწინებს სოციალური სესხების მომხმარებელთა განსხვავებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც ამ პირებს გაუმართლებლად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: