მთავარი,სიახლეები

ძმებ წულუკიძეებს, ჭელიძეებს და ანთაძეს 5 და 4 წელი მიუსაჯეს – შუაღამით დასრულებული სხდომა

25.12.2021 • 14971
ძმებ წულუკიძეებს, ჭელიძეებს და ანთაძეს 5 და 4 წელი მიუსაჯეს – შუაღამით დასრულებული სხდომა

დღეს, 25 დეკემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ძმებს – რეზო და ფირუზ წულუკიძეებს, ასევე ელდარ ანთაძეს 5 წელი მიუსაჯა, ძმებ ჭელიძეებს და მათ ბიძაშვილებს კი 4 წელი. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ რეზო წულუკიძის ცოლმა, ნარი ფუტკარაძემ დაუდასტურა.

„გუშინ მთელი დღე სხდომა მიდიოდა. ბოლოს, ღამის 11 საათზე მოსამართლემ თქვა, რომ გადიოდა სათათბიროდ. გავიდა და აღარ დაბრუნდა დარბაზში. მერე თანაშემწემ გვითხრა, რომ ბიჭები მიჰყავდათ დაწესებულებაში, თქვენც წადი სახლებში და შემდეგი სხდომა როდესაც იქნება გაგაგებინებთო. დღეს ჩანიშნა ონლაინ და გამოაცხადა გადაწყვეტილება“, – უთხრა „ბათუმელებს“ ნარი ფუტკარაძემ.

ნარი ფუტკარაძე ხულოს საკრებულოს წევრია ნაციონალური მოძრაობიდან. ის ამბობს, რომ მოსამართლემ შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა. „ყველამ იცით, რა გავლენებიც ჰქონდათ ბიჭებს. ასევე ისიც, რომ ჩვენ ნაციონალურ მოძრაობასთან ვართ. სწორედ მაგიტომ დასაჯეს“, – ამბობს დაკავებულის მეუღლე.

„საერთოდ არაფრის გამო ძმებს წულუკიძეებს, ჭელიძეებს და ანთაძეს 5-4 წელი პატიმრობა შეეფარდათ. ეს ადამიანები ოპოზიციის მხარდაჭერის გამო დასაჯეს“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე, ქუთაისის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან.

___

გამოძიების ვერსიით, ძმები – წულუკიძეები, ჭელიძეები და ელდარ ანთაძე, სულ 7 პირი, რიონის ხეობაში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, ბრალდებულები კი აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებამ საჯარო მოხელეების გამოყენებით პროვოკაცია მოუწყო.

ძმები – წულუკიძეები და ჭელიძეები პოლიციამ 14 აპრილის ღამეს დააკავეს, ხოლო ელდარ ანთაძე – 23 აპრილს. გამოძიება დაიწყო სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით – მონაწილეობა ჯგუფურ მოქმედებაში, რასაც თან ახლავს ძალადობა და სხვისი ნივთის დაზიანება.

ამ საქმეში დაზარალებულების – „უძლიერესი კაცების“ ფედერაციის 3 სპორტსმენის, ასევე ქუთაისის მერიის დაცვის 2 თანამშრომლის ჩვენებები თითქმის იდენტურია. მათი თქმით, წულუკიძეები და ჭელიძეები რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე არ უნდა მისულიყვნენ, რადგან რეალურად „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები არიან და „ქულების დაწერა სურდათ“.

„უძლიერესი მამაკაცების ფედერაციის“ წარმომადგენლებმა გამომძიებლებს ასევე უთხრეს, რომ წულუკიძეები და ჭელიძეები წარსულში, ზოგადად, შეურაცხყოფდნენ ქრისტიანობას და კათალიკოს-პატრიარქს.

ამონარიდი „უძლიერესი კაცების“ ფედერაციის ხელმძღვანელის, ავთანდილ ახვლედიანის ჩვენებიდან: „აქციის მონაწილეებს შორის დავინახე ჩემი ნაცნობი ძმები – ფირუზ და რეზო წულუკიძეები, ასევე ძმები თორნიკე და თამაზ ჭელიძეები, გელა და ირაკლი ჭელიძეები, რომლებიც არიან მოჭიდავეები და აჭარელი მუსლიმები. ძმებს ფირუზ და რეზო წულუკიძეებს, ასევე თორნიკეს, თამაზის, გელას და ირაკლი ჭელიძეებს ვიცნობ სპორტიდან. ისინი პროფესიონალი მოჭიდავეები არიან ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ძმები ფირუზი და რეზო წულუკიძეები მხარს უჭერენ საქართველოში მეჩეთების აგებას და ლანძღავენ როგორც ჩვენს პატრიარქს, ასევე ჩვენს რელიგიას…“

დაკავებულები, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ეს არის ტყული და ხელისუფლების დაგეგმილი პროვოკაცია, რაზეც სასამართლო პროცესზე ნეიტრალურმა მოწმეებმა, ანუ ქუთაისში მცხოვრებმა მოქალაქეებმა დაადასტურეს.

ძმებ წულუკიძეებს ღია კონფლიქტი აქვთ აჭარის მთავრობს თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ოჯახთან.

____

საქმის დეტალები

„უძლიერესი კაცების“ ჩვენებები დაკავებული ძმების – წულუკიძეებისა და ჭელიძეების წინააღმდეგ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: