მთავარი,სიახლეები

„სახით რომ მათრევდი, ის ფორმა იყო?“ – თორნიკე რიჟვაძე სოფელ დიდაჭარაში არ შეუშვეს

28.10.2020
„სახით რომ მათრევდი, ის ფორმა იყო?“ – თორნიკე რიჟვაძე სოფელ დიდაჭარაში არ შეუშვეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და „ქართული ოცნების“ უმაღლეს საბჭოს საარჩევნო სიის პირველ ნომერს – თორნიკე რიჟვაძეს დღეს, 28 ოქტომბერს, სოფელ დიდაჭარაში წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცეს. ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალა ფეისბუქლაივში გადაიცა.

ხულოში, სოფელ დიდაჭარაში მისულ თორნიკე რიჟვაძეს თავდაპირველად ფირუზ წულუკიძემ მიმართა, რომ სოფელი დაეტოვებინა. სოფლის დატოვების მოთხოვნა სხვებმაც გაიმეორეს: „წავიდეს“.

ფირუზ წულუკიძე მსოფლიო ჩემპიონია და რამდენჯერმეა გასამართლებული. ამჟამად მისი ძმა – რეზო წულუკიძეა ბრალდებული. ბრალდებულების რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის მხარდასაჭერ საპროტესტო აქციებზე ფირუზ წულუკიძემ თქვა, რომ მათ წინასაარჩევნოდ დახმარებას და პრაქტიკულად, ზონდერჯგუფის შექმნას სთხოვდნენ. ფირუზ წულუკიძის მტკიცებით, კონსპირაციულ შეხვედრებს მასთან და მის ძმასთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა – დავით რიჟვაძე მართავდნენ.

ფეისბუქში გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, სოფელ დიდაჭარაში შეხვედრის დროს, თორნიკე რიჟვაძემ ფირუზ წულუკიძეს „ცალკე დალაპარაკება“ შესთავაზა, რაზეც ფირუზ წულუკიძემ უარი უთხრა.

„სალაპარაკო როცა გვქონდა, ჩამოვედით და არ მიგვიღეთ, არ გვიმასპინძლეთ… მამათქვენთან მქონდა კაცური ურთიერთობა და თქვენ არ დააფასეთ,“ – მიმართა ფირუზ წულუკიძემ თორნიკე რიჟვაძეს. ამ დიალოგის შემდეგ თორნიკე რიჟვაძე შეხვედრის ადგილი დატოვა, ხოლო ფირუზ წულუკიძესთან დიალოგის გაგრძელება პოლიციის თანამშრომლებმა სცადეს.

„სახით რომ  მათრევდი, ის ფორმა იყო?“ – მიმართა ფირუზ წულუკიძემ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, როდესაც მას „სტუმარ-მასპინძლობის წესებზე“ მიუთითეს.

თორნიკე რიჟვაძემ სოფელი მას შემდეგ დატოვა, რაც წულუკიძემ და მისმა თანმხლებმა პირებმა დაიწყეს სკანდირება – „წადი“.

სოფელ დიდაჭარაში მომხდარი ინციდენტი ფეისბუქლაივი ოთხი საათის წინ გადაიცა.

გუშინ ამავე სოფელში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, მოქმედ დეპუტატს, ანზორ ბოლქვაძე არ მისცე წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარების საშუალება.

ამ თემაზე:

აჭარის მთავრობის პასუხი 2000 ლარის ჩარიცხვაზე – დახმარება თუ „ზონდერჯგუფის“ წახალისება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: