„დანაშაულის დამთავრებულად ცნობისთვის მნიშვნელობა არა აქვს მძიმე შედეგის დადგომას. მაგალითად, ძალადობას შესაძლოა არ მოჰყვეს ფიზიკური ტკივილიც კი. ასევე სხვისი ნივთის დაზიანებას შესაძლოა არ მოჰყვეს მნიშვნელოვანი ზიანი და ა.შ,“ – ამ სახის განმარტება დასჭირდა მოსამართლე თათია გოგოლაურს „ძმები წულუკიძეების, ჭელიძეების და ელდარ ანთაძის საქმეში“.
მოსამართლის განმარტება განსაკუთრებით საინტერესოა მაშინ, როცა ამავე მოსამართლის მიერ მიღებული განაჩენის მიხედვით, დაზარალებულად ცნობილი „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ წევრები არიან „მსუბუქი ხარისხის“ დაზიანებით, ხოლო ბრალი, რომლითაც მოსამართლემ 7 კაცი ციხეში გაუშვა, ასეთია: „მონაწილეობა ჯგუფურ მოქმედებაში, რასაც თან ახლავს ძალადობა და სხვისი ნივთის დაზიანება“.
საქმეშია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ჩანაწერი დაზარალებულად ცნობილი „უძლიერესი კაცების“ შესახებ: „ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს“. კიდევ ერთი ექსპერტიზით კი, რაც დაზიანებულ ავტომანქანას უკავშირდება: „მატერიალური ზარალის ოდენობა სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით შეადგენს 40 ლარს“.
მოსამართლე თათია გოგოლაურმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2021 წლის 25 დეკემბერს ძმებ – ფირუზ და რეზო წულუკიძეებს, ასევე ელდარ ანთაძეს 5 – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ხოლო ძმებ ჭელიძეებს და მათ ორ ბიძაშვილს – 4 – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ საქმეში სულ 7 მსჯავრდებულია.
ელდარ ანთაძე, ჭელიძეები და წულუკიძეები გასული წლის აპრილში დააკავეს მას შემდეგ, როცა ისინი ქუთაისში, რიონის ხეობის დასაცავად გამართულ აქციაში მონაწილეობდნენ. დაკავებულები ამბობდნენ, რომ მათ პროვოკაცია მოუწყვეს, რადგან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერები არიან. და მანამდე არაერთ საპროტესტო აქციაშიო მონაწილეობდნენ. დაზარალებულების მტკიცებით კი, ისინი რიონის ხეობის დასაცავად გამართულ აქციაზე სცემეს.
ვიდრე სასამართლო დაიწყებოდა, ადვოკატი ირაკლი შავაძე რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებდა ყურადღებას, რაც, მისი აზრით, ადასტურებდა იმას, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და პოლიტიკურად აქტიური ადამიანები ციხეში გაუშვეს.
მაგალითად, ადვოკატი ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ გამოძიება შვიდივე ბრალდებულს ედავებოდა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას იმ დროს, როცა იმავე მუხლის პირველი ნაწილით, ანუ უშუალოდ ჯგუფურ ძალადობაზე გამოძიება არც კი დაწყებულა.
პოლიტიკურ ინტერესზე ეჭვები გაჩნდა მაშინაც, როცა გაირკვა, რომ დაზარალებულად ცნობილი პირები „უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ეროვნული ფედერაციის“ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ ახვლედიანი, ასევე ამ ფედერაციის წევრები დავით ჭოხონელიძე და გიორგი ბარჯაძე არიან. ეს ორგანიზაცია კი, ბიუჯეტიდან ფინანსდება.
აქციაზე დაზარალებულები კიდევ ორ საჯარო მოხელესთან ერთად იყვნენ – ქუთაისის მერიის შიდა უსაფრთხოების დაცვის თანამშრომელი, ოთარ ბენდუქიძე და ერთ-ერთი სპორტული მოედნის დაცვის თანამშრომელი, გიორგი გორგიძე. ისინი სამუშაო დღეს, სამუშაო საათებში რიონის ხეობის დასაცავად გამართულ აქციაზე მივიდნენ „უძლიერეს კაცებთან“ ერთად.
დაზარალებულების მტკიცებით, სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ ბათუმიდან ჩასულმა ბიჭებმა სცემეს ისე, რომ დასახმარებლად 112-ზე დარეკეს. მოსამართლისთვის სწორედ დაზარალებულების ნათქვამი აღმოჩნდა სარწმუნო.
„…როდესაც საპროტესტო აქციაზე მივედით, იქ ნაცნობი სპორტსმენები ვნახეთ,“ – უთხრა მოსამართლეს ავთანდილ ახვლედიანმა – „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა. – „შემდეგ ხალხი მომრავლდა და აქციის მონაწილეებმა სურვილი გამოთქვეს, რომ კომპანია „ენკას“ ოფისთან მისულიყვნენ. როდესაც კომპანია „ენკას“ ოფისთან მივედით, იქ დავინახე ბრალდებულები, რომელთაგან თავდაპირველად ვიცანი ფირუზ წულუკიძე და რეზო წულუკიძე. ვკითხე, იქ რა ესაქმებოდათ, ვინაიდან ბუკნარში მომხდარი ფაქტის შემდეგ, იქ არ უნდა ყოფილიყვნენ. ამასთან, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზაციების განცხადებით, აქციაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არ უნდა ყოფილიყვნენ.
მითხრეს, რომ პოლიტიკური პარტიის წევრები არ ვართო, თუმცა ტელევიზიიდან ყველასთვის ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს იცავდნენ… საპროტესტო აქციაზე მყოფმა ქალბატონებმა და სასულიერო პირებმა როდესაც გაიგეს, რომ ფირუზ წულუკიძე, რეზო წულუკიძე და მათი თანმხლები პირები ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ და ქრისტიანებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, მათ მიმართ უკმაყოფილება გამოთქვეს. ბრალდებულებს მიმართა, რომ უმჯობესი იქნებოდა ის ადგილი დაეტოვებინათ, რადგან მათი იქ ყოფნა ხალხს არ მოსწონდა,“ – ვკითხულობთ განაჩენში.
სასამართლოსთვის „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს უთქვამს ასევე, რომ ფიზიკური დაპირისპირება რეზო წულუკიძესთან დაიწყო: „თავი თავზე მომადო, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა და ხელი დამარტყა სახის არეში, მას ფირუზ წულუკიძეც აჰყვა, ელდარ ანთაძემ კი, მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი სასულიერო პირები და პატრიარქი უწმაწური სიტყვებით მოიხსენია. შემდეგ ყველამ ფიზიკური ძალადობა დაიწყეს… მთელი მასა მე და დავით ჭოხონელიძეს გვირტყამდა, ერთ-ერთს კასტეტის მსგავსი რკინის საგანი ჰქონდა, რომელიც ცხვირში მოხვდა და დავზიანდი.. ქვების სროლასაც ჰქონდა ადგილი… რეზო წულუკიძე, ფირუზ წულუკიძე და ელდარ ანთაძე გამეტებით მცემდნენ, ასევე სხვებიც მირტყამდნენ გვერდებში და თავში… ფიზიკური ძალადობის დროს ელდარ ანთაძემ თავზე კაპიუშონიანი ქურთუკი გადმომაფარა და ვეღარ ვხდებოდი, ვინ მირტყამდა“, – უთქვამს სასამართლო პროცესზე „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ წარმომადგენელს.
12 აპრილის ინციდენტი სასამართლო პროცესზე გაიხსენეს ბრალდებულებმაც, მათ შორის, ფირუზ წულუკიძემ, ევროპის ჩემპიონმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
„შუადღის საათებში მივედით ადგილზე, სადაც საპატრულო პოლიციას გზა ჰქონდა გადაკეტილი, დაახლოებით 500 მეტრი ფეხით გავიარეთ, აქციის მონაწილეები ტაშიც შეგვეგებნენ“, – უთხრა მოსამართლეს ფირუზ წულუკიძემ. – „შემდეგ აქციის მონაწილეებთან ერთად კომპანია „ენკას“ ოფისთან გადავინაცვლეთ, რა დროსაც ჩემთან ავთანდილ ახვლედიანი მივიდა და მითხრა, შენ ის ადამიანი არ ხარ, „ნაციონალების“ ოფისში, რომ ნ.მ.-ს იცავდი? [განაჩენი სასამართლომ დაშტრიხული ფორმით გამოგვიგზავნა] ეს არის ნაციონალების აქციაა და არც მეჩეთებს აშენებებო. მე ავთანდილ ახვლედიანთან პოლემიკაში არ შევსულვარ… აქციის მონაწილეებმა მითხრეს, რომ ავთანდილ ახვლედიანი პოლიციიდან არის, პროვოკატორია და მოვერიდოთო“, – ვკითხულობთ განაჩენში.
ამ შელაპარაკების შემდეგ ჩნდება თამაზ ჭილაძე, რომელსაც ასევე 4 წლით შეუფარდეს თავისუფლების აღკვეთა. ის ჰყვება, რომ ავტომანქანაში იჯდა, როცა „უძლიერესი კაცები“ სიტყვიერად დაემუქრნენ, რადგან წულუკიძეებს ახლდა და შემდეგ მანქანას ფეხები დაუშინეს.
თამაზ ჭელიძის ჩვენებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ადვოკატი ირაკლი შავაძეც, რადგან მისი თქმით, დადასტურებადი იყო, რომ თამაზ ჭელიძე ინციდენტის ადგილზე საერთოდ არ იყო და მეორე: მან გზიდან ფირუზ წულუკიძეს ტელეფონზე დაურეკა.
„თამაზი დამიკავშირდა და მითხრა, ქვევით არ ჩახვიდეთ, რადგან უცხო პირები მოვიდნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს და ავტომანქანას ფეხები ურტყეს, გავიქეცი მეო…,“ – აღნიშნა ფირუზ წულუკიძემ, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა პოზიცია იმაზე, რომ ამ ნაწილშიც გამოძიება ობიექტურად და სამართლიანად არ ჩატარდა:
„სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არ ჩატარდა ობიექტურად. კერძოდ, დაცვის მხარე უთითებს, რომ გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ, არ მომხდარა ვიდეო კამერების ჩანაწერების გამოთხოვა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მომხდარი ინციდენტის დროს, თამაზ ჭელიძე შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო უთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევისა და უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასების შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას,“ – წერს მოსამართლე თათია გოგოლაური.
ეს ის ეპიზოდია, რითაც შეიძლება გამოჩენილიყო, რამდენად ამბობდნენ სიმართლეს „უძლიერესი მამაკაცები“, თუმცა მოსამართლემ ეს გამოსავალი იპოვა: „თ—– ჭ–––ის ზუსტი ადგილსამყოფლის დადგენა შეუძლებელია,“ – აღნიშნულია განაჩენში.
ფირუზ წულუკიძის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, თამაზ ჭელიძესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ჰქონდა ადგილი ფიზიკურ დაპირისპირებასაც, როცა მის ქუთაისელ მეგობარს, ქეთი კობაურს ავთანდილ ახვლედიანმა შეაგინა:
„ავთანდილ ახვლედიანმა ბორიდიურიდან დამიძახა, თქვენ კიდევ აქ ხართო?“ – განაგრძო თხრობა ფირუზ წულუკიძემ. – „მასთან მივედი და ვუთხარი, რატომ ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას. მან კვლაც მითხრა, რომ იქ არაფერი მესაქმებოდა და მეჩეთებს არავინ ამიშენებდა. ავთანდილთან ქეთი კობაური მივიდა და უთხრა: რა გინდა, მე და ჩემი ბიძაშვილიც ქუთაისელები ვართ, ჩვენთან არიან ეს ადამიანები და შეეშვითო. ავთანდილ ახვლედიანმა ქეთის ხელი ჰკრა, მოიშორა და შეიგინა.
ავთანდილთან რეზო მივიდა და მათ შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ავთანდილ ახვლედიანმა რეზოს თავი დაარტყა. ავთანდილ ახვლედიანის გვერდით დავით ჭოხონელიძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი ედგა, ორივე მხრიდან, ერთმანეთის მოცილების მიზნით ხელის კვრას ჰქონდა ადგილი. შეხლა-შემოხლა ავტომანქანას და ღობეს შორის გაგრძელდა, სადაც ჭიშკარი იყო. კონფლიქტი დაახლოებით ერთი წუთი გაგრძელდა, რა დროსაც, აქციის მონაწილეების მხრიდანაც იყო ძიძგილაობა და ავთანდილ ახვლედიანი და დავით ჭოხონელიძე
ჭიშკრის გაღების შედეგად ქვემოთ ჩავარდნენ…“ – დაასრულა ფირუზ წულუკიძემ.
მოსამართლისთვის სარწმუნო არ აღმოჩნდა ის, რაც ბრალდებულებმა თქვეს, რადგან ისინი მეგობრები არიან. მოსამართლემ ხაზი გაუსვა განაჩენში მოწმეებისგან ნათქვამ კიდევ ერთ ფრაზას:
„რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს, სასამართლომ შეაფასა ისინი ყოველმხრივ და ობიექტურად და მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნული ჩვენებები არ არის სანდო რიგი გარემოებების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში ცალსახად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაცვის მხარის მოწმეები, გარდა ნ— ნ——ისა, ბრალდებულების მეგობრები არიან, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აღნიშნეს, რომ საპროტესტო აქციებზე ბრალდებულებთან ერთად დადიან და როდესაც გვერდში დგომა საჭიროა, ყოველთვის ერთად არიან,“ – ვკითხულობთ განაჩენში.
კიდევ ერთი დეტალი – ფირუზ წულუკიძემ 2020 წლის 15 ივნისს თქვა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის – თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძემ, მას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელ უფროსთან, კოტე ანანიაშვილთან ერთად შეხვდა და წინასაარჩევნოდ სპორტსმენების მონაწილეობით ე.წ. ზონდერჯგუფის შექმნა შესთავაზა. ამ დროს ფირუზ წულუკიძის ძმა რეზო წულუკიძე და მისი მეგობარი – ელდარ ანთაძე სხვა საქმეზე იყვნენ ბრალდებულები. წულუკიძეების თქმით, შეთანხმება მთავრობასთან არ შედგა. რამდენიმე თვის შემდეგ კი, წინასაარჩევნოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, წულუკიძეებმა სოფელ დიდაჭარაში არ შეუშვეს.
ამ თემაზე:
„უძლიერესი კაცების“ ჩვენებები დაკავებული ძმების – წულუკიძეებისა და ჭელიძეების წინააღმდეგ