მთავარი,სიახლეები

რა ადასტურებს, რომ ძმები წულუკიძეები და ჭელიძეები პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს

03.06.2021 • 4668
რა ადასტურებს, რომ ძმები წულუკიძეები და ჭელიძეები პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს

„ასეთ საქმეებში ჩანს, რამდენად არის პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი სასამართლო… პირველი სამი ფურცლის გაცნობაც საკმარისია იმისთვის, რომ დარწმუნდე: ეს საქმე პოლიტიკურია,“ – მკაფიო პოზიცია აქვს ადვოკატს და ყოფილ მოსამართლეს ირაკლი შავაძეს. ის რამდენიმე პირის ინტერესებს იცავს „ჭელიძეების, წულუკიძეების და ელდარ ანთაძის საქმეში“.

შვიდივე ბრალდებული, რომლებიც რიონის ხეობის დაცვის აქციაში მონაწილეობის შემდეგ, 14 აპრილს დააკავეს, გუშინ, 3 ივნისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

მათ შორის წინასწარ პატიმრობაში დატოვეს თამაზ ჭელიძე, რომელიც, როგორც ადვოკატი და  დაკავებულის ოჯახი ირწმუნება, კონფლიქტის ადგილას არც კი ყოფილა. გარდა ამისა, თამაზ ჭელიძე ერთადერთი მომვლელია მამის, რომელიც ეტლით მოსარგებლეა.

ჭელიძეებს, წულუკიძეებსა და ელდარ ანთაძეს გამოძიება 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. ეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალდებულები მიიჩნევენ, რომ მათ პოლიტიკური ნიშნით დევნიან, რადგან ისინი ბოლო წლებში მმართველი პოლიტიკური გუნდის საქმიანობას აპროტესტებენ.

დაკავებულები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერები არიან და ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ.

ბრალდებულებს შორისაა ევროპის ჩემპიონი ჭიდაობაში ფირუზ წულუკიძე. მან 2020 წლის 15 ივნისს თქვა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის – თორნიკე რიჟვაძის მამა მას პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელ უფროსთან – კოტე ანანიაშვილთან ერთად შეხვდა და წინასაარჩევნოდ სპორტსმენების მონაწილეობით ე.წ. ზონდერჯგუფის შექმნა შესთავაზა. ამ დროს ფირუზ წულუკიძის ძმა რეზო წულუკიძე და მისი მეგობარი – ელდარ ანთაძე სხვა საქმეზე იყვნენ ბრალდებულები. წულუკიძეების თქმით, შეთანხმება მთავრობასთან არ შედგა. რამდენიმე თვის შემდეგ კი, წინასაარჩევნოდ თორნიკე რიჟვაძე, როგორც „ქართული ოცნების“ კანდიდატი, წულუკიძეებმა სოფელ დიდაჭარაში არ შეუშვეს.

დღეს თორნიკე რიჟვაძე ყველა კითხვას, რაც ამ საქმის ირგვლივ ჩნდება, იცილებს და აქცენტი სასამართლოზე გადააქვს – „მართლმსაჯულების განხორციელებაში მე ვერ ჩავერევი“. თორნიკე რიჟვაძემ უპასუხოდ დატოვა ჯემალ ჭელიძეც, რომელიც დაკავებული ძმები ჭელიძეების მამაა. ის ეტლსაა მიჯაჭვული და ეტლი მან საჯაროდ აჭარის მთავრობის სახლის წინ მას შემდეგ დატოვა, როცა აჭარის მთავრობაში მისი სოციალური გასაჭირის მოსმენის სურვილიც კი არავინ გამოთქვა.

რა ადასტურებს იმას, რომ არსებობს პოლიტიკური ინტერესი ამ საქმეში? – „ბათუმელები“ ბრალდებულების ადვოკატებს ესაუბრა და შესაბამისი ოფიციალური ორგანოებიდან სცადა კონკრეტული პასუხის მიღება.

  • ფირუზ წულუკიძე 48 დღეა საკარანტინე ზონაშია – „მისი გატეხვა უნდათ“

საკარანტინე ზონაში მაქსიმუმ 2 კვირას ტოვებენ ბრალდებულებს, 7-დან ორი ბრალდებული – ფირუზ წულუკიძე და გელა ჭელიძე კი ამ დრომდე მე-8 დაწესებულებაში, ე.წ. „მატროსოვის ციხეში“ არიან. ადვოკატი ირაკლი შავაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეს დაწესებულება ოფიციალურად არის გამოცხადებული საკარანტინე ზონად, სადაც ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს მაქსიმუმ ორი კვირით ტოვებენ სამარტოო საკნებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით.

„არავის განუმარტავს, რატომ გადაიყვანეს სხვები, ესენი კი, დატოვეს… ვითომ მარტო ფირუზ წულუკიძე არ დავტოვეთო და გელა ჭელიძეც დატოვეს, არადა, ფაქტია – მისი გატეხვა უნდათ. იქ გასეირნების უფლებაც არ გაქვს, ხარ მთელი დღე მარტო საკანში, საპონსაც კი არ აძლევენ, რომ ბანაობა შეძლონ,“ – გვიყვება ადვოკატი ირაკლი შავაძე.

„კონკრეტული დოკუმენტები ადასტურებს, რომ ბრალდებულ გელა ჭელიძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს,“ – გვიყვება ადვოკატი ჯიმშერ არობელიძე. ის გელა ჭელიძის ინტერესებს იცავს და გუშინ მოსამართლე ქეთევან თხელიძეს გააცნო ეს დოკუმენტები.

ადვოკატი აქცენტს აკეთებს თავად საპატიმრო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ შედგენილ სამედიცინო დოკუმენტებზე, რომელთა მიხედვითაც, გელას გულის არითმია აწუხებს და რამდენჯერმე გახდა საჭირო სპეციალური ბრიგადის გამოძახება.

„მას  აქვს გულის არითმია და ასევე ჩაკეტილ სივრცეში, სიბნელეში მარტოდ დარჩენის შიში, ამ დროს აქვს უძილობა,“ – დასძინა ადვოკატმა. თუმცა მოსამართლე ქეთევან თხელიძისთვის ვერც ეს ფაქტორი აღმოჩნდა წინასწარი პატიმრობიდან ბრალდებულის გათავისუფლების საფუძველი.

ადვოკატები ირონიად მიიჩნევენ მოსამართლის მოქმედებას, რომელმაც თავის გადაწყვეტილებაში შაბლონურად მოიხსენია საკონსტიტუციო სასამართლო და ევროსასამართლოც, რომლებიც მოითხოვენ, რომ პატიმრობა სასამართლომ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოიყენოს, უკიდურესი აუცილებლობის დროს.

რატომ არიან ფირუზ წულუკიძე და გელა ჭელიძე „მატროსოვზე“ 17 აპრილიდან [ამ დღეს მოათავსეს ბრალდებულები საპატიმრო დაწესებულებაში] დღემდე, როცა ცნობილია, რომ მე-8 დაწესებულება საკარანტინე ზონაა, სამარტოო საკანში მოხვედრას სპეციალური რეგულირება სჭირდება, ხოლო 2 კვირის შემდეგ ბრალდებულები სხვა დაწესებულებებში გადაჰყავთ? – ეს კითხვები პენიტენციურ დაწესებულებას დავუსვით. პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

  • ცემაზე გამოძიება დაიწყო არა განყოფილებამ, არამედ იმერეთის სამხარეო პოლიციამ 

ინციდენტი რიონის ხეობის დასაცავად გამართული აქციის შემდეგ, 12 აპრილს მოხდა, როცა 112-ს დაუკავშირდა ავთანდილ ახვლედიანი და თქვა, რომ მას სცემეს და მანქანა დაუზიანეს. ავთანდილ ახვლედიანი „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია და საჯარო მოხელესთან გათანაბრებულ პირად მიიჩნევა.

გამოძიება 12 აპრილს 126-ე [ცემა ან სხვაგვარი ძალადობა] და 187 მუხლებით [სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება] დაიწყო, რაც ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიაა. რამდენიმე დღეში საქმეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა, მუხლი დამძიმდა და გამოძიება 225-ე მუხლით [ჯგუფური ძალადობა] გაგრძელდა.

ადვოკატი და ყოფილი მოსამართლე ირაკლი შავაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო არა ქუთაისის პოლიციის რომელიმე განყოფილებამ, რაც ლოგიკური და მოსალოდნელი იქნებოდა არსებული პრაქტიკის და სამართალდამცავი უწყებების სტრუქტურიდან გამომდინარე, არამედ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების განყოფილებამ.

„იმიტომ ჰქვია ამას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების განყოფილება, რომ განსაკუთრებულ საქმეებს იძიებს და არა ცემას. ცემა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულია და ცემის ფაქტები 100-მდე ფიქსირდება ზოგჯერ დღის განმავლობაში.

საქმეს რომ „ზემოდან“ უყურებდნენ, აჩვენებს ისიც, რომ იმავე დღეს, როცა ინციდენტი მოხდა, იმერეთის საოლქო პროკურორის მოადგილემ გამოსცა საგამოძიებო დავალება და დაწერა, რომ ქუთაისის პოლიციის სამმართველოს და მასში შემავალ პოლიციის განყოფილებების ყველა თანამშრომელს ავალებს გამოძიებაზე მუშაობას. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი პოლიციელია ქუთაისის პოლიციის სამმართველოში. აქ თუ საქმე პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან არ გვაქვს, რატომ იყო საჭირო ასე ოპერატიულად პროკურორის მოადგილის დავალება, მერე ყველა უწყების ჩართვა ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებაში?“ – კითხულობს ადვოკატი ირაკლი შავაძე.

რატომ ჩაერთო საქმეში თავიდანვე სამხარეო პოლიცია და არა პოლიციის ის განყოფილება, რომელსაც ტერიტორიული პრინციპით ერგებოდა საქმის გამოძიება? ან არსებობს თუ არა მსგავსი შემთხვევა, როცა ცემის ფაქტზე გამოძიება დაეწყოს სამმართველოს, პოლიციის განყოფილების ნაცვლად? – ვკითხეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს. პასუხი ამ დრომდე არც ამ უწყებიდან მიგვიღია.

  • ადვოკატის კითხვა მოსამართლეს და პროკურორს: რატომ არ დააკავეს დმანისში ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეები? 

დმანისში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება გაიხსენა გუშინდელ სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა ირაკლი შავაძემ და მოსამართლეს ჰკითხა: „თუკი საქმე არ გვაქვს პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან, რატომ არ დააკავეს დმანისის ჩხუბის მონაწილეები?“

„წინააღმდეგი კი არ ვარ იმის, რომ შერიგდნენ, მაგრამ ხელისუფლებამ შეარიგა, ხომ? აქ კი ხელისუფლებას პატიმრობის შეცვლაც კი არ უნდა გირაოთი… დმანისის შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ ვნახეთ ფიზიკური დაპირისპირება და პოლიციასთან წინააღმდეგობა. კლასიკური გაგებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ეს იყო. წულუკიძეებისა და ჭელიძეების საქმეში კი, დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს პირებს, რომლებიც უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციას წარმოადგენენ, ასევე გამშველებლების სტატუსი აქვთ ქუთაისის მერიის უსაფრთხოების თანამშრომლებს, ასევე საჯარო პირებს… ანუ, რა გამოდის, ეს საჯარო მოხელეები ჯერ რომ არ ყოფილან აქციაზე და მივიდნენ რიონის ხეობის დასაცავად ზუსტად 12 აპრილს?“ – გვიყვება ადვოკატი ირაკლი შავაძე.

ადვოკატის თქმით, მან კითხვა დმანისის შესახებ პროკურორსაც დაუსვა, მაგრამ პასუხად მხოლოდ ეს მიიღო: „არ ვიცი“.

ჭელიძეების, წულუკიძეებისა და ელდარ ანთაძის დაკავების დღიდან ირაკლი შავაძე ყურადღებას ამახვილებდა იმაზეც, რომ გამოძიება 225-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავად ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას კი, გამოძიება არავის ედავება და არც გამოძიება დაუწყია მაშინ, როცა 7 პირი დააკავა.

„როგორ შეიძლება კონკრეტულ დანაშაულში მონაწილეობას ედავებოდე ვინმეს, თუკი არ თვლი, რომ ეს დანაშაული მოხდა საერთოდ? ეს იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელებმაც კი იციან,“ – დასძინა ადვოკატმა.

  • რა ბედი ეწია ეტლს, რომელიც ბრალდებულების მამამ თორნიკე რიჟვაძეს დაუტოვა? 

„ეტლი ინახება დაცულ ადგილზე და უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება მფლობელს,“ – გვიპასუხეს აჭარის მთავრობის პრესცენტრში, სადაც ვიკითხეთ, სად წაიღეს ეტლი, რომელიც პროტესტის ნიშნად ბრალდებული ჭელიძეების მამამ – ჯემალ ჭელიძემ თორნიკე რიჟვაძეს 26 მაისს დაუტოვა?

აჭარის მთავრობის პრესცენტრში არ უპასუხეს კითხვებს: რატომ არ დაუბრუნეს ეტლი ამ დრომდე ჯემალ ჭელიძეს?

აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბაია კობახიძემ ამჯობინა, „ბათუმელების“ კითხვებზე წერილობით პასუხში აქცენტი გაეკეთებინა იმაზე, რომ ეტლი ჯემალ ჭელიძეს აჭარის მთავრობამ გადასცა 2019 წელს [ეს თავად ჯემალ ჭელიძემაც საჯაროდ თქვა, ვიდრე ეტლს დაუტოვებდა რიჟვაძეს]. ბაია კობახიძემ ასევე სცადა ყურადღების გადატანა იმაზე, რომ ჯემალ ჭელიძე ბრალდებულების გათავისუფლებასაც ითხოვს, რაც მთავრობის კომპეტენცია არ არის.

„ჯემალ ჭელიძეს ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდა ხშირი კომუნიკაცია მთავრობის აპარატის, სამინისტროს წარმომადგენლებთან და მას არაერთხელ გაეწია ფინანსური დახმარება მათ შორის აჭარის მთავრობის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე მუნიციპალიტეტის მხრიდან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს გადაეცა ელექტროეტლი. ჯემალ ჭელიძე კონკრეტული პირების გათავისუფლების მოთხოვნით შეხვედრას ითხოვდა, რაც სცილდება აჭარის მთავრობის უფლებამოსილების ფარგლებს. მან პროტესტის ნიშნად კუთვნილი ეტლი და საპენსიო ბარათი დატოვა. ბარათის დატოვების მიუხედავად მას სრული ოდენობით ერიცხება კუთვნილი პენსია“, – მოგვწერა ბაია კობახიძემ.

„ყველა შესაბამისი უწყება დაუკავშირდა“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ, როცა მას „ბათუმელებმა“ 28 მაისს ჰკითხა, რატომ არ მოუსმინეს ეტლით მოსარგებლეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არ დააკონკრეტა, ვინ დაუკავშირდა ჯემალ ჭელიძეს და რა შესთავაზეს.

ჯემალ ჭელიძე 26 მაისიდან ეტლის გარეშე ცხოვრობს. ის ამბობს, რომ ეტლის დატოვებამდე და არც მას შემდეგ არავინ დაკავშირებია მთავრობიდან. 26 მაისს ჯემალ ჭელიძეს აჭარის მთავრობის სახლთან სამთავრობო დაცვის წევრმა უთხრა, რომ დამოუკიდებლობის დღეა და ამიტომაც მის ეტლს ვერავინ ჩაიბარებდა.

ჯემალ ჭელიძე 26 მაისს პერსონალური ასისტენტის დანიშვნასაც ითხოვდა, რადგან მისი შვილი, რომელიც  უვლიდა, პატიმრობაშია, მას კი დამოუკიდებლად საჭმლის მიღებაც არ შეუძლია.

ამავე თემაზე: 

„უძლიერესი კაცების“ ჩვენებები დაკავებული ძმების – წულუკიძეებისა და ჭელიძეების წინააღმდეგ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: