ხელვაჩაურში და-ძმა გარდაცვლილი იპოვეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისაღმართში და-ძმა გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია.

ადგილობრივების ინფორმაციით და- ძმას ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა.

გარდაცვლილები პროზექტურაში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ცხედრები და-ძმის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სხვადასხვა მხარეს იპოვეს.

სოფელში განხილავენ ვერსიას, რომ და ერთ-ერთი მათგანი სახლიდან მეორე პირის მოსაძებნად გავიდა. ადგილზეა ძმის ტელეფონი.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, და-ძმა დაახლოებით 30-დან 40 წლის ასაკის იყვნენ.

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში-დაიბრუნე 30% Extra-ზე

თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ითვალისწინებს მათ საჭიროებებს და ანებივრებს მათზე მორგებული, მრავალფეროვანი შეთავაზებებით.

თიბისის მომხმარებლებს მორიგი შეთავაზება 30 იანვარს, Extra-ზე დახვდებათ, სადაც  ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, თანხის 30 %-ს, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს, მომენტალურად დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლები კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, მაქსიმუმ 200 ლარს.

თიბისი ბარათების მომხმარებლებს ქეშბექი ერთგულ ყულაბაში მომენტალურად უბრუნდებათ, რაც უფრო მეტი სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევთ.  ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ნებისმიერ ანგარიშზე და მისი განკარგვა ხდება ნებისმიერი მიზნობრიობით.

Extra-ზე 30 იანვრის შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად ეწვიე ბმულს.

აიღე, ახალი თიბისი ბარათი ონლაინ  რამდენიმე წამში- ფილიალებში მისვლისა და ზედმეტი დროის ხარჯვის  გარეშე. გაიმარტივე ცხოვრება  და ისარგებლე შენზე მორგებული შეთავაზებებით.

რა მუხლით დააკავეს „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური, “სახელმწიფო პოლიტიკური პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე” დააკავეს.

ეს ინფორმაცია დღეს, 27 იანვარს, საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

„ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეობის პარალელურად, სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო.

გამოძიებით დადგინდა რომ 2022 წლის 27 სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების შესყიდვაზე.

ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი, 8 525 876 ლარი შესთავაზა.

აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის უკანონო დავალებით.

მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით.

2023 წლის 10 მაისს მისი მითითებით გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს.

წინასწარ შერჩეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 138 196 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები,“ – განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა.

მისივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით.

ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე 2022 წლის 3 იანვარს დაინიშნა, ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის დროს.

მინისტრის მოადგილეობამდე ილია ღუდუშაური საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი იყო, 2018 წელს კი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

2025 წელს დააკავეს ილია ღუდუშაურის ძმა ვლადიმერ ღუდუშაური, რომელიც თავდაცვის სამინისტროში შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი იყო ჯუანშერ ბურჭულაძის თავდაცვის მინისტრობის დროს.

ვლადიმერ ღუდუშაური წინასწარი პატიმრობიდან 18 ოქტომბერს გაათავისუფლეს მას შემდეგ რაც პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს. პროკურატურას განმარტება არ გაუკეთებია, რის საფუძველზე შეუცვალეს აღკვეთის ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს.

ილია ღუდუშაური 26 იანვრის საღამოს დააკავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა.

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

მთავარია, გჯეროდეს – შენი მიზნების, საკუთარი შესაძლებლობების და იმისა, რომ განათლება სურვილებს რეალობად აქცევს. სწორედ ამ ღირებულებებზეა დაფუძნებული თიბისი კამპუსი, რომელიც 2026 წლიდან, სტუდენტებს განახლებული – უფრო მოქნილი და მათ საჭიროებებზე მორგებული სასწავლო ფორმატით უბრუნდება.

ახალი სეზონიდან, რედიზაინის შედეგად, კამპუსი ოთხ დამოუკიდებელ მოდულად დაიყო, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, წლის განმავლობაში თავად ააწყონ სასურველი სასწავლო პორტფოლიო და აირჩიონ მათთვის საინტერესო მიმართულებები.

თიბისი კამპუსის 2026 წლის სეზონი მარკეტინგის მოდულზე მიღებით იწყება და რეგისტრაცია 5 თებერვლის ჩათვლითაა შესაძლებელი. სასწავლო პროცესი კი 16 თებერვალს დაიწყება და 31 მარტამდე გაგრძელდება.

მარკეტინგის მოდული სამი ცალკეული კურსისგან შედგება:

  • სარეკლამო კონტენტის შექმნა
  • ციფრული მარკეტინგი
  • SEO – საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია.

კურსები პარალელურად ჩატარდება. მათი დასრულების შემდეგ კი სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სწავლა სხვა მოდულებზეც გააგრძელონ.

თიბისი ზრუნავს, რომ განათლება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. ამიტომ, კამპუსში სწავლება, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს და სრულიად უფასოა.

განვლილი სემესტრების ანალიზი გვიჩვენებს, რომ კამპუსის კურსებზე მიღებული ცოდნა სტუდენტებს ეხმარება, როგორც კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებაში, ისე საკუთარი ბიზნესის ეფექტიან მართვაში.

კამპუსში მონაწილეობა შეუძლიათ 18-24 წლის ახალგაზრდების, რომლებიც ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას ისახავენ მიზნად. თიბისი კამპუსის პარტნიორია „კოლაბი“.

თიბისის განათლების პროგრამები გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ, და სიახლეების მუდმივ ძიებაში კიდევ უფრო გაიღრმაო ცოდნა და ინტერესები. ყველაფერი გამოვა – მთავარი, გჯეროდეს!

ამბასადორი აილენდ ბათუმის 2025 წლის პროგრესი რიცხვებში 

ამბასადორი აილენდ ბათუმი, რომელიც რეგიონის ყველაზე ამბიციური საინვესტიციო პროექტია, 2025 წელს ახალ ეტაპზე გადავიდა. როგორც ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალური დირექტორი, გოჩა კამკია აღნიშნავს, გასული წელი გარდამტეხი აღმოჩნდა, პროექტი დაგეგმვის ფაზიდან აქტიური განხორციელების ეტაპზე გადავიდა.

  • ზღვაში უკვე შევსებულია 48.3 ჰა ფართობი;
  • 26 ჰა ტერიტორია მიღებულია ექსპლუატაციაში;
  • კუნძულის მშენებლობაში ყოველდღიურად 52-ზე მეტი სპეციალიზებული ტექნიკური საშუალებაა ჩართული;
  • ამბასადორის პირველი თაუერი -დაწყებულია პირველი ულტრათანამედროვე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. მოწყობილია 158-ივე ხიმინჯი.

2025 წელს „ამბასადორი აილენდმა“ მნიშვნელოვნად გააღრმავა საერთაშორისო კავშირები:

  • გაიხსნა კომპანიის ოფისი დუბაიში;
  • პროექტი მსოფლიო სავაჭრო ცენტრში გამოფენა IPS Dubai 2025-ზე წარდგა;
  • გაღრმავდა სტრატეგიული თანამშრომლობა პოლონურ, სლოვაკურ და ჩეხურ მხარეებთან. პოლონეთში პარტნიორებთან ერთად 4 მასშტაბური ღონისძიება გაიმართა;
  • საქართველოში პროექტმა უმასპინძლა GCC-ის (სპარსეთის ყურის ქვეყნების) ოფიციალურ დელეგაციას.

კომპანიამ 2025 წელს უმნიშვნელოვანესი ბიზნეს-შეთანხმებები გააფორმა, მათ შორისაა – IG development-თან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლიც კუნძულზე 120 000 კვ/მ-ზე ულტრათანამედროვე სავაჭრო ცენტრის მშენებლობას მოიაზრებს.

„მობილური წაართვეს და ბანკში ანგარიშის გახსნას აიძულებდნენ“ – ბათუმში 3 პირი დააკავეს

ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი იძულების, ძალადობისა და დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ბრალდებით სამი პირი დააკავეს. ბრალდებულები თურქეთის მოქალაქეები არიან.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიების ვერსიით, „ბრალდებულებმა ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 2007 წელს დაბადებულ ა.ა. -ს ჯგუფურად, მოტყუებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

დაკავებულები დაზარალებულს ცემითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ერთ-ერთ ბანკში მათ სასარგებლოდ ანგარიშის გახსნას აიძულებდნენ, ამასთან, უზღუდავდნენ საცხოვრებლის დამოუკიდებლად დატოვების შესაძლებლობას,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, 27 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 126-ე და 363-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ბათუმში +19 გრადუსამდე დათბება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 იანვრის 21 საათიდან 28 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 14 – 19 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5– 10 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 29 და 30 იანვარს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

„პურის შემოტანის უფლებაც არ მოგვცეს, არც წამლის“ – უსახლკარო გოგოლის ქუჩიდან

„პურის შემოტანის უფლება არ მოგვცეს, არც წამლის,“ – ამბობს მარინა მსხალაძე-ღოღობერიძე, რომელიც „ბათუმელებს“ დღეს, 27 იანვარს, დილით დაუკავშირდა. ის დაახლოებით 12 დღის წინ შევიდა თვითნებურად გოგოლის ქუჩაზე ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ჩამორთმეულ ერთ-ერთ კორპუსში.

ოზთურქისთვის ჩამორთმეულ და უკვე სახელმწიფოსთვის გადაცემულ კორპუსებთან  მესამე დღეა დაცვის პოლიციაა და შენობაში სხვებს აღარ უშვებენ.

მარინა ღოღობერიძე შენობაში შვილთან და რძალთან ერთადაა. მათ შენობის დატოვების უფლება აქვთ, უკან დაბრუნების – არა. მარინა ღოღობერიძე ამბობს, რომ უკვე სამი დღე საკვების გარეშეა. ამ კორპუსში კიდევ რამდენიმე ოჯახმა შეიტანა ნივთები, თუმცა ამ დროისთვის ისინი ადგილზე არ არიან.

„აქედან არსად წავალ, არ მაქვს არსად წასასვლელი… წყალიც გამორთულია და შუქიც გაგვითიშეს, რომ ჩვენ წავიდეთ. გათბობა ისეც არ მღირსებია არასოდეს. ასე შეიძლება, წამლის შემოტანის უფლებაც არ მოგვცეს?“ – ამბობს მარინა მსხალაძე-ღოღობერიძე.

„გუშინ მივედი საღამოს 11 საათზე და წამალიც კი არ მიმაწოდებინეს. დავრეკე 112-ში და მოვიდა პოლიციის მე-5 განყოფილება, გვითხრეს, რომ მერიის ზედამხედველობიდან არის შეზღუდვა. ვითხოვთ დახმარებას,“ – ამბობს ია ბერიძე, ის მარინა მსხალაძის კიდევ ერთი რძალია.

მარინა მხალაძეს 6 შვილი ჰყავს, აქედან სამს სახელმწიფომ მისცა ბინა. ამ კორპუსში აქვს ასევე ოფისი მერაბ ღოღობერიძეს, იგი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელია. მერაბ ღოღობერიძეც ბინას ითხოვს. ამბობს, რომ 6 შვილის მამაა და უძრავი ქონება არ აქვს. მერაბ ღოღობერიძემაც ამ კორპუსში გახსნა ოფისი, ვიდრე ოზთურქის კორპუსები სახელმწიფოს ხელში გადავიდოდა.

კორპუსების დიდი ნაწილი გამოკეტილია და წლებია უფუნქციოდაა დატოვებული.

24 იანვრიდან გოგოლის ქუჩაზე გამოკეტილ კორპუსებთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. უსახლკაროებმა აქციების მოწყობა მას შემდეგ დაიწყო, როცა ცნობილი გახდა ოზთურქისთვის ბინების ჩამორთმევის შესახებ. აქციის მონაწილეებს ამ დრომდე არ შეხვედრია ვინმე აჭარის არალეგიტიმური მთავრობიდან, ან მერიიდან.

გუშინ, 26 იანვარს აქციის მონაწილეებს შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციის „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძე და აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ აჭარის მთავრობა არაა წინააღმდეგი, ეს ბინები აქციის მონაწილეებს გადაეცეთ.

თამაზ ბაკურიძის თქმით, შეიქმნება კომისია, რომელიც დაადგენს, ვინ არის რეალურად უსახლკარო და მიიღებს ბინას. მისივე თქმით, აჭარის მთავრობამ ინფორმაცია უსახლკაროებს დღეს უნდა მიაწოდოს.

გოგოლის ქუჩაზე ოზთურქისთვის ჩამორთმეულ ბინებთან საპროტესტო აქცია დაანონსებულია დღესაც, 3 საათზე.

ამ თემაზე:

როგორ დააღწია თავი პატიმრობას და სად წავიდა ოზთურქი? – „1 მილიონი ლარი ბიუჯეტში ჯარიმის სახით“

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 27 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 235 880 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +820. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 609 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 23 954 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 36 691 ერთეული [+47]
  • MLRS – 1 626 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 286 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 116 712 ერთეული [+899]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 205 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 76 025 ერთეული [+119]
  • სპეცტექნიკა – 4 051 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 27 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 111 231 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 646 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 349 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 651 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 877 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 52 956 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/602947/

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მარკეტებში სიძვირეაო და ამ დროს ბათუმში აორმაგებენ ავტობუსით მგზავრობის ფასს – საკრებულოს ოპოზიცია

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია მუნიციპალური ტრანსპორტის ფასის გაზრდას ეწინააღმდეგება. მათი შეფასებით გადაწყვეტილების აუცილებლობა სათანადოდ არ არის დასაბუთებული და გარდა ამისა, ზრდა უკვე არსებულ ფასზე მეტით არის დაგეგმილი და „ამას ვერანაირი არგუმენტი ვერ გაამართლებს“.

ბათუმის მერია მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასის გაზრდას 70 თეთრამდე გეგმავს და ამისთვის საკრებულოს თანხმობას სთხოვს. ამ დროისთვის ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასი 30 თეთრია. გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად მერია საწვავის ფასის გაზრდას ასახელებს.

„ამ ფორმით არასდროს არცერთი ტარიფი არ გაზრდილა, ორნახევარჯერ მეტით იზრდება. სხვა გამოცდილება რომ ავიღოთ, ტარიფები იზრდებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ და არა ასე“ – ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“, ვაჟა დარჩია. მისივე თქმით, ის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასის გაზრდას მხარს არ დაუჭერს.

ვაჟა დარჩია ამბობს, რომ თავადაც მუნიციპალური ავტობუსით გადაადგილდება. ის მიიჩნევს, რომ მგზავრობის ფასის ორნახევარჯერ გაზრდა მოსახლეობისთვის მძიმე ტვირთი იქნება:

„წლების განმავლობაში წაგებაზე მუშაობდა მუნიციპალური ტრანსპორტი, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა იყო, რომ ფასი უნდა ყოფილიყო ყველასთვის მისაწვდომი. საწვავის ფასზე და მარშრუტებზე საუბრობენ. იგივე მარშრუტებია, ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა. #13 ელექტრონულია, მაგალითად, არ შევცვალოთ მაშინ ამ ნომრით მგზავრობის ფასი…

ერთი მხრივ, სუპერმარკეტებში ძალიან ძვირია ფასებიო და ამ დროს ყველაზე ხელმისაწვდომი და საჭირო რაც არის მოქალაქისთვის – ორნახევარჯერ რეალურად ზრდიდე ფასს, მგონი ეს არ არის სწორი მიდგომა“. 

ვაჟა დარჩია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ გადაწყვეტილება არანაირ ანალიზს არ ეყრდნობა:

არანაირი კვლევა არ არსებობს, თუ რატომ უნდა გაძვირდეს ფასი. მე ვაპირებ სხდომაზე დავაყენო ეს საკითხი, რომ ჯერ მოხდეს შესწავლა, მარშრუტების ანალიზი, დათვლა. არანაირი მსგავსი დოკუმენტი ჩვენამდე არ მოსულა. ვთქვათ, 50 თეთრი თუ გახდებოდა მგზავრობა, შესაძლებელია მისაღები ყოფილიყო მოქალაქეებისთვის, მაგრამ როცა ორნახევარჯერ იზრდება, არ არის მისაღები“. 

ავტობუსით მგზავრობის ფასის გაზრდას ეწინააღმდეგება საკრებულოს კიდევ ერთი წევრი, სულიკო გოგოლიშვილი. ის საკრებულოში გახარიას პარტიას წარმოადგენს.

„არ უნდა გაძვირდეს. გადაწყვეტილება სათანადო კვლევას და დასაბუთებას უნდა ეყრდნობოდეს“ – გვითხრა მან. 

საკითხის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს გიორგი მასალკინსაც, რომელიც საკრებულოში „გირჩს“ წარმოადგენს. მისი თქმით, ჯერ საკითხი კომისიებში არ განუხილავთ და გადაწყვეტილებას მხოლოდ განხილვის შემდეგ მიიღებს, თუმცა ფასების გაზრდა მისთვის მისაღები არ არის:

„როცა მოსახლეობას უჭირს, ფასების მომატება არ არის კარგი. მით უმეტეს, რომ ბათუმის ბიუჯეტი საკმაოდ დიდია და მეორე ბიუჯეტია საქართველოს მასშტაბით – 570 მილიონია. არის ქალაქები, სადაც საერთოდ დოტაციურია ტრანსპორტი, თავიდან ბოლომდე. საჯარო ტრანსპორტი არასდროს არ იქნება მომგებიანი, მოგეხსენებათ“ – გვითხრა მან. 

ჯერ კიდევ გასული თვის ბოლოს, როცა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცეს, ბათუმის მერია მუნიციპალური ავტობუსის ფასი გაზრდას არ გეგმავდა: „თვითმმართველობა იღებს ვალდებულებას შეინარჩუნოს მგზავრობის ფიქსირებული მინიმალური საფასური“ – წერდა მერია პროექტში. ბათუმის საკრებულომ ბიუჯეტი სწორედ ამ ჩანაწერით დაამტკიცა.

ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის დამტკიცებიდან ერთ თვეში კი მერიამ საკრებულოს მგზავრობის ტარიფის მოთხოვნით მიმართა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ წლის განმავლობაში საშუალოდ 25 500 000 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს, შესაბამისად, თვის განმავლობაში კომპანიას დაახლოებით 2 მილიონ 125 000 მგზავრი გადაჰყავს.

2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარება 36 მილიონ 900 000 ლარით დააფინანსეს, მათ შორის 24 მილიონ 315 200 ლარი შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ სუბსიდირებას მოხმარდება, 12 მილიონ 584 800 ლარით კი მერიამ ავტობუსები უნდა შეიძინოს. დაგეგმილია სულ 18 ერთეულის შეძენა, თითოეულის საშუალო ფასი 699 156 ლარია.

ევროსასამართლო მზია ამაღლობელის საქმეზე მალე გავა გადაწყვეტილების გამოსატანად – ინტერვიუ საიას ხელმძღვანელთან

„მალე დასრულდება ამ საქმის წარმოების ეტაპი და სასამართლო გავა გადაწყვეტილების გამოსატანად,“ – ამბობს საიას თავმჯდომარე თამარ ონიანი „ბათუმელებთან“ მზია ამაღლობელის ერთ-ერთ საჩივართან დაკავშირებით, რომელიც სტრასბურგის სასამართლოშია.

ვიდრე ევროსასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, „კლუნების ფონდმა“ თავისი ანგარიში გამოაქვეყნა და ქართული სასამართლო სისტემა საერთაშორისო სამართლის სტანდარტების დარღვევაში ამხილა.

აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ ფონდის ექსპერტი ევროსასამართლოს ყოფილი პრეზიდენტია. ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე, რომელმაც შეისწავლა „მზია ამაღლობელის საქმე“, ანგარიშში წერს: „მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის წარმოებაში გამოვლინდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მრავალი დარღვევა, რომლებმაც სერიოზულად შეარყია, როგორც მისი დაკავებისა და სასამართლო პროცესის სამართლიანობა, ისე მის მიმართ გამოყენებული მსჯავრის სამართლიანობა“.

„ეს არის ფაქტობრივად გამოაშკარავება საქმეში არსებული მთელი იმ დარღვევებისა, რასაც დაცვის მხარე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამბობს… თავიდან ბოლომდე ამ საქმეს რაც გასდევს, არის ის, რომ მართლმსაჯულების ნაცვლად, მთელი სამართალწარმოება ემსახურება ადამიანის – მზია ამაღლობელის დასჯას,“ – ამბობს თამარ ონიანი, საიას ხელმძღვანელი. საია  ევროსასამართლოში მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს.

რამდენად დიდია მზია ამაღლობელის საქმის მოგების შანსი სტრასბურგის სასამართლოში? – „ბათუმელებმა“ საიას თავმჯდომარესთან, თამარ ონიანთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო თამარ, რა ეტაპზეა მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში?

მზია ამაღლობელის ორი საჩივარი გვაქვს სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი. პირველი ეხება მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების გამოყენებას და აქედან გამომდინარე სხვა დარღვევებს.

მეორე საქმე, რომელიც 2025 წლის ნოემბერში გაიგზავნა, ეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის პარალელურად მიმდინარეობდა. პირველი საქმე უკვე კომუნიცირებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ არსებითი განხილვის ეტაპზე არის გადასული და სასამართლოსგან შეკითხვები უკვე გამოეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელზეც მან გასცა პასუხები და შემდეგ უკვე ჩვენ ვუპასუხეთ, ხუთ იანვარს გავაგზავნეთ შეპასუხება.

როცა სტრასბურგი იღებს საქმეს არსებითად განსახილველად, მიმართავს მეორე მხარეს, ანუ სახელმწიფოს შეკითხვებით. როდესაც სახელმწიფო ამ შეკითხვებს პასუხს გასცემს, მომჩივანს აქვს უფლება, უპასუხოს იუსტიციის სამინისტროს, ანუ, ასე ვთქვათ, შეპასუხების შეპასუხება გააკეთოს. საერთო ჯამში არის ორი რაუნდი: საჩივარი – იუსტიციის სამინისტროს პასუხი, შემდეგ ჩვენი პასუხი იუსტიციის სამინისტროს შეპასუხებაზე და საბოლოოდ, იუსტიციის სამინისტროს პასუხი.

თამარ ონიანი
  • იუსტიციას ჯერ არ გაუგზავნია თქვენს შეპასუხებაზე პოზიცია?

არა, 5 იანვარს გავგზავნეთ ჩვენი შეპასუხება. იუსტიციას კვლავ ექნება უფლება, გვიპასუხოს. სასამართლოს მხრიდან გარკვეული კვირების განსაზღვრა ხდება, თუ სახელმწიფო არ მოითხოვს ასევე ვადის გახანგრძლივებას, რასაც ითხოვს ხოლმე და სასამართლო გარკვეულ შემთხვევებში ამას კმაყოფილებს, თუმცა კოლოსალურად არ წელავს ამ პროცესს.

სავარაუდოდ უკვე მალე დასრულდება ამ საქმის წარმოების ეტაპი და სასამართლო გავა გადაწყვეტილების გამოსატანად.

მეორე საქმეს [ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე] საკმაოდ სწრაფად მიენიჭა რეგისტრაციის ნომერი, იმიტომ, რომ ეს საქმე 2025 წლის 14 ნოემბერს გავაგზავნეთ და 12 იანვარს მივიღეთ ფოსტით გზავნილი, რომ რეგისტრაციის ნომერი მიენიჭა. რეგისტრაციის ნომრის მინიჭების უკვე შემდეგი ეტაპი არის საქმის კომუნიცირება, ანუ საქმის არსებითი განხილვის დაწყება და შეკითხვების გამოგზავნა იუსტიციის სამინისტროსთვის.

  • დაახლოებით რა დროს დასჭირდება სტრასბურგის სასამართლოს „მზია ამაღლობელის საქმეზე“ გადაწყვეტილების მისაღებად? 

სტრასბურგის სასამართლოს დადგენილი ვადები არ აქვს და გამიჭირდება, რაიმე წინასწარი ვადა განვსაზღვრო, თუმცა ის, რომ ეს პროცედურები საკმაოდ მჭიდრო დროში მიდის, ეს უკვე კარგია და ნიშნავს იმას, რომ სასამართლო მალე გავა გადაწყვეტილების გამოსატანად.

  • თქვენი აზრით, როგორია ამ საქმის წარმატებით დასრულების შანსი, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, როცა ევროსასამართლოს ყოფილი პრეზიდენტი, სერ ნიკოლა ბრატცა „კლუნების ფონდის“ დასკვნაში წერს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების დარღვევებმა „სერიოზულად შეარყია, როგორც მზია ამაღლობელის დაკავების და სასამართლო პროცესის სამართლიანობა, ისე მის მიმართ გამოყენებული მსჯავრის სამართლიანობა“. 

თავიდან ბოლომდე ამ საქმეს რაც გასდევს, არის ის, რომ მართლმსაჯულების ნაცვლად, მთელი სამართალწარმოება ემსახურება ადამიანის – მზია ამაღლობელის დასჯას. ამ სამართალწარმოების მიღმა არსებობს ფარული განზრახვა, რომელზეც ჩვენ, სხვათა შორის, სტრასბურგშიც ვდაობთ და ეს ფარული განზრახვა, საბოლოო ჯამში, შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.

ეს საქმე არ არის ჩვეულებრივი საქმე, სადაც, მაგალითად, მართლმსაჯულებას სხვადასხვა გამოწვევა შეიძლება ჰქონდეს. ინდივიდუალურ საქმეებშიც შეიძლება დაირღვეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, მაგრამ ამ საქმეში გარდა იმისა, რომ ირღვევა ინდივიდუალური ელემენტები სამართლიანი სასამართლოს უფლების ქვეშ, ამავდროულად, ამ დარღვევების პარალელურად მთელი სამართალწარმოება არის პოლიტიკურად მოტივირებული.

ეს არის ჩვენი საჩივრების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტაციის ხაზი სტრასბურგის სასამართლოში.

„კლუნების ფონდის“ შეფასებაც ქალბატონი მზიას საქმესთან დაკავშირებით ამას მოწმობს და, მათ შორის, ექსპერტი, რომელიც ამ შეფასებაში იყო ჩართული – სერ ნიკოლას ბრატცა, რომელიც არის ძალიან გამოცდილი ექსპერტი, ამავდროულად ის იყო სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე და არის ძალიან ავტორიტეტული ადამიანი, რომელმაც ეს საქმე ასე შეაფასა.

  • პოლიტიკურ მოტივაციაზე მიუთითებს იგივე „ოცნების“ მაღალჩინოსნების, ირაკლი კობახიძის, თუ შალვა პაპუაშვილის განცხადებები მზია ამაღლობელის წინააღმდეგ? „კლუნების ფონდის“ ანგარიშში ხაზგასმულია ის, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია.

უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების ეტაპზეც კი.

ეს იყო ის დამაზიანებელი განცხადებები, რომელიც „კლუნების ფონდის“ ანგარიშშიც არის ასახული და არა მხოლოდ ამ ანგარიშში, პირველ საჩივარშიც ვდაობთ. „კლუნებს ფონდის“ ანგარიში ხაზს უსვამს იმას, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია სამართლიანი სასამართლოს უფლების ქვეშ შეიძლება დაირღვეს არა მარტო მოსამართლის, სასამართლოს მიერ, არამედ, მათ შორის, მაღალი რანგის სახელისუფლებო პირების მიერ, როდესაც ისინი აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ბრალდებული პირის რეალურ დამნაშავედ წარმოჩენას საზოგადოების წინაშე.

ქალბატონი მზიას საქმეში ასეთი არაერთი განცხადება ვნახეთ ჩვენ მაღალი რანგის პოლიტიკოსების მხრიდან, რასთან დაკავშირებითაც იურისტების მხრიდან დაყენებული იყო სხვადასხვა არგუმენტაცია, როგორც სისხლის სამართლის სამართალწარმოების ფარგლებში, ასევე სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში.

  • სტრასბურგის სასამართლოს ყოფილმა პრეზიდენტმა ხუთი კატეგორიიდან A B C D E „მზია ამაღლობელის საქმეს“ მიანიჭა D კატეგორია. რას ნიშნავს ეს?

ყველა ორგანიზაციას, რომელსაც აქვს სასამართლო მონიტორინგი [ჩვენც ვაკეთებთ სასამართლო პროცესის მონიტორინგს] მათ აქვთ თავიანთი კატეგორიები და მეთოდოლოგია. „კლუნების ფონდის“ ამ საქმისთვის D კატეგორიის მინიჭების ქვეშ ჩვენ ვკითხულობთ, რომ ეს კატეგორია საქმეს მიენიჭა იმის გამო, რომ საქმეში გამოიკვეთა სხვადასხვა ტიპის დარღვევა.

პირველ რიგში, ეს შეეხებოდა, მათ შორის, ეფექტურ მონაწილეობას პროცესზე, როდესაც, მაგალითად, ქალბატონი მზია მოთავსებული იყო შუშის კაბინაში, სადაც რეალურად ნაკლებად ჰქონდა ჯეროვანი შესაძლებლობა, საკუთარ ადვოკატებთან კონფიდენციალურად და ეფექტურად ჰქონოდა კომუნიკაცია. სამართლიანი სასამართლოს უფლებისთვის არის განუყოფლად მნიშვნელოვანი, რომ კლიენტსა და ადვოკატს შორის არსებობდეს ჯეროვანი და ადეკვატური კომუნიკაციის შესაძლებლობა.

ადამიანი სისხლის სამართლის სამართალწარმოებაში მონაწილეობას იღებს, მათ შორის, ადვოკატების დახმარებით. თუ კლიენტს და ადვოკატს შორის არ არის შესაძლებლობა პროცესზე, რომ ჯეროვანი და ადეკვატური კომუნიკაცია ჰქონდეთ – თუნდაც ლოჯისტიკურმა საკითხმა მოახდინოს გავლენა ამაზე – ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა. ასეთი ლოჯისტიკური საკითხი იყო ზუსტად კაბინა, რომელმაც საბოლოო ჯამში მარტო ლოჯისტიკაზე კი არა, მზია ამაღლობელის ძირითად უფლებაზე მოახდინა გავლენა და ეს ეხებოდა ადეკვატურ კომუნიკაციას მის ადვოკატებთან.

სხვათა შორის, ასეთი ლოჯისტიკური დაბრკოლებები არა მარტო ქალბატონი მზიას საქმეში შეინიშნება, არამედ სხვა პატიმრების საქმეებშიც ჩვენ გვახსოვს არაერთი შემთხვევა, როცა სასამართლოს არ ჰქონდა უზრუნველყოფილი ისეთი დარბაზის შერჩევა, სადაც ყველა ადვოკატს ყველა ბრალდებულთან, ან მინიმუმ ერთ ადვოკატს საკუთარ დასაცავ პირთან ექნებოდა ჯეროვანი კომუნიკაციის შესაძლებლობა. ამაზე ჩვენ, საიას, არაერთი გამოხმაურება გვქონია.

განსაკუთრებით დამახასიათებელია ასეთი ლოჯისტიკური დაბრკოლებები, ან რაღაც სპეციალურად შექმნილი დაბრკოლებები პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებებისთვის.

  • მოსამართლე ნინო სახელაშვილმა თქვა, რომ ასეთი მიდგომა, ანუ მინის კაბინაში გამოკეტვა აქვს სასამართლოს ყველა ბრალდებულის მიმართ. ეს მიდგომა რომ უსამართლოა, დადასტურდა სააპელაციო სასამართლოში? აქ მზია ამაღლობელს მისცეს საშუალება, ადვოკატების გვერდით დაეკავებინა ადგილი. 

ის, რომ რაღაც წესი ყველაზე ვრცელდება, არ ნიშნავს იმას, რომ ეს წესი დასაშვებია, ან თავსებადია ადამიანის უფლებათა სამართალთან. რაღაც არადისკრიმინაციული პრაქტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ბრალდებული შეიძლება შუშის კაბინაში იყოს მოთავსებული – არ გამორიცხავს იმას, რომ შუშის კაბინაში ადამიანის მოთავსება შეიძლება იყოს შეუსაბამო სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან.

შუშის კაბინის შეუსაბამობის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ადვოკატს და დასაცავ პირს შორის კომუნიკაცია რამდენად ადეკვატურია ასეთ დროს? – ეს არის აქ მთავარი შეკითხვა.

  • კლუნების ანგარიშში საუბარია მოსამართლე ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენის დაუსაბუთებლობის პრობლემაზეც: „განაჩენში არ იყო მოყვანილი გამამტყუნებელი გადაწყვეტილებისა და საპატიმრო სასჯელის სათანადო დასაბუთება, რაც საერთაშორისო სამართლის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს,“ „განაჩენი არ განმარტავს, როგორ გაუწია „წინააღმდეგობა“ მზიას ამაღლობელის სილამ ირაკლი დგებუაძეს“, „გადაწყვეტილება ვერ ხსნის, თუ როგორ წარმოადგენდა დარტყმა „ძალადობას“, – ვკითხულობთ ანგარიშში. ეს ნიშნავს იმას, რომ მზია ამაღლობელმა ვერ ისარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით?

ამ საქმესთან დაკავშირებით მართლმსაჯულების აღსრულებაზე ადგილობრივ დონეზე თუ სამართალი ნაპოვნი არ იქნება, ბოლო სიტყვას იტყვის ევროპული სასამართლო.

საბოლოო სიტყვას იტყვის საერთაშორისო მექანიზმები და „კლუნების ფონდის“ ეს შეფასება უკვე წინსწრებით, ფაქტობრივად, საცნობად ხდის, თუ რა შეიძლება დაინახონ ამ საქმეში, როგორც პრობლემა.

  • რას აჩვენებს ასეთი მკაფიო შეფასება ევროსასამართლოს ყოფილი პრეზიდენტისგან და „კლუნების ფონდისგან“? რამდენად დიდია შანსი, მზია ამაღლობელმა მოიგოს საქმე სტრასბურგის სასამართლოში?

„კლუნების ფონდის“ ანგარიში და ეს შეფასება არის ფაქტობრივად დადასტურება იმისა, რასაც ქალბატონი მზიას ადვოკატები, მათ შორის საია, ქალბატონი მაია მწარიაშვილი, ყველა ჩართული პირი ამდენი ხნის განმავლობაში ამბობდა. გარე, ობიექტურმა დამკვირვებელმა – „კლუნების ფონდის“ წარმომადგენლები სასამართლო პროცესებსაც ესწრებოდნენ – დაინახა ეს, როგორც პრობლემა. ეს არის ფაქტობრივად გამოაშკარავება ამ საქმეში არსებული მთელი რიგი იმ დარღვევებისა, რასაც დაცვის მხარე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამბობს.

„კლუნების ფონდი“ ასევე საუბრობს საქმის გადაკვალიფიცირებაზე, რაც ბოლო ეტაპზე მოხდა. რეალურად სასამართლოს არ მიუცია შესაძლებლობა დაცვის მხარისთვის, რომ საკუთარი არგუმენტები წარედგინა უშუალოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე: მანამდე სხვა მუხლით მიდიოდა სასამართლო წარმოება და მოსამართლემ კვალიფიკაცია მოგვიანებით შეცვალა უკვე გადაწყვეტილების გამოტანის დროს.

მთელი პროცესების განმავლობაში არ ჰქონია დაცვის მხარეს შესაძლებლობა, კომენტარი გაეკეთებინა ამ საკითხთან დაკავშირებით, ესეც ბუნებრივია წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის მნიშვნელოვან გამოწვევას.

ფაქტობრივად, გადაკვალიფიცირება ბოლო ეტაპზე შესაძლებლობას ართმევს დაცვის მხარეს, იყოს სრულყოფილად ჩართული საქმის პროცესში. სისხლის სამართალშიც ჩვენ გვაქვს შეჯიბრებითი პროცესი პროკურატურასა და დაცვის მხარეს შორის. მათ აქვთ შესაძლებლობა, შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, სასამართლოს წარუდგინონ, რა არის სიმართლე, შეაპირისპირონ ეს არგუმენტები. როდესაც ეს შეპირისპირება მიდის სხვა მუხლის საფუძველზე და შემდეგ უკვე პროცესის ბოლოს მოსამართლე ამ საფუძველს ცვლის, ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: რამდენად მოხდა დაცვის მხარის პოზიციების მოსმენა, იმიტომ, რომ დაცვის მხარეს რეალურად არ ჰქონდა შესაძლებლობა იმ მუხლთან დაკავშირებით წარედგინა საკუთარი არგუმენტები.

  • მზია ამაღლობელის საქმე ახლა უკვე უზენაეს სასამართლოშია. დავუშვათ, რომ უზენაესმა სასამართლომ გაამართლა მზია ამაღლობელი, ეს ამცირებს საქმის მოგების შანსს სტრასბურგის სასამართლოში?

უკვე წარდგენილი რა საჩივრებიც არის სტრასბურგის სასამართლოში, ისინი ეხება საქმის წარმოების სხვა ეტაპებს. ამიტომაც, ამ საჩივრებს არაფერი არ ემუქრებათ. როცა საჩივარი შეეხებაა აღკვეთ ღონისძიებას, იქ უკვე ამოწურულია უფლების დაცვის საშუალებები. სტრასბურგი იწყებს საქმის განხილვას მაშინ, როცა ეროვნულ დონეზე უკვე ამოწურულია უფლების დაცვის საშუალებები. აღკვეთთან დაკავშირებით ეს საშუალებები უკვე კარგა ხანია ამოწურულია. ადმინისტრაციული საქმეებიც უკვე დასრულებულია. ამ საქმეებს არაფერი არ ემუქრებათ. სტრასბურგის სასამართლო განაგრძობს მათ განხილვას.

რაც შეეხება უშუალოდ ბრალდების საქმეს, აქ, ასე ვთქვათ, უფლების დაცვის საშუალება ბოლო ეტაპი უკვე არის უზენაესი სასამართლო და შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს შედეგების მიხედვით გადავწყვეტთ, წავიღებთ თუ არა ამ საქმეს ევროპულ სასამართლოში.

ჩვენ ქალბატონი მზიას ინტერესების გათვალისწინებით ვიმოქმედებთ და, რა თქმა უნდა, ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს. თუ ეროვნულ დონეზე ქალბატონი მზია ამაღლობელი სამართალს ვერ იპოვის, ჩვენ აუცილებლად მისი თანხმობით და მისი ნების გათვალისწინებით, ყველა საერთაშორისო მექანიზმს მივმართავთ.

მწვანე კონცხზე და ბოტანიკურ ბაღთან ახალი ბაქნების მოსაწყობად რკინიგზა ტენდერს აცხადებს

საქართველოს რკინიგზა ბათუმში, ორი სამგზავრო ბაქნის რეაბილიტაციაზე, მილიონ ლარამდე თანხის დახარჯვას გეგმავს.

სამგზავრო ბაქნის რეაბილიტაცია დაგეგმილია მწვანე კონცხზე და ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან.

რკინიგზას მწვანე კონცხის სამგზავრო ბაქნისა და მოსაცდელი პავილიონის რეკონსტრუქცია-მოწყობისათვის ტენდერით 393 410 ლარი აქვს გათვალისწინებული, ხოლო ბოტანიკური ბაღის სამგზავრო ბაქნისა და მოსაცდელი პავილიონის რეკონსტრუქციაში 455 664 ლარის დახარჯვას გეგმავს.

პროექტის მიხედვით მწვანე კონცხზე დაგეგმილია არსებული დაბალი ბაქნის დემონტაჟი და ახალი, ისევ დაბალი ბაქნის მოწყობა ასფალტბეტონის საფარით.

„ლიანდაგის მხარეს ბაქნის მზიდ კონსტრუქციას წარმოადგენს ბეტონის კედელი, რომელზეც შეინიშნება ბზარები და დაზიანების კერები. პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ ადგილებზე კედლის რეკონსტრუქციას.

არსებული ბაქნის შუა ნაწილში განთავსებულია ლიანდაგზე გადასასვლელი ფეხითმოსიარულეთათვის.

პროექტის მიხედვით ახალი ბაქანი ეწყობა გადასასვლელიდან თბილისის მხარეს გვირაბამდე. პროექტით ასევე გათვალისწინებულია არსებული გადასასვლელის შეცვლა ახლით,“ – ვკითხულობთ პროექტში, რომელიც „საქართველოს რკინიგზას“ კომპანია „კვადრატმა“ მოუმზადა.

ტენდერი საქართველოს რკინიგზამ 23 იანვარს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 12 თებერვალს დაიწყება და 17 თებერვალს დასრულდება.

რაც შეეხება ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებულ ბაქანს, ბაქნის კედელიც დაზიანებულია. ასევე დაზიანებულია სავალი ნაწილი. პროექტით გათვალისწინებულია როგორც ბაქნის კედლის, ისე მოსაცდელი შენობის რეაბილიტაცია.

„საქართველოს რკინიგზის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, არსებული მოსაცდელი პავილიონის უკან 2 მეტრში განთავსებულია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი. კაბელის სიახლოვეს სამუშაოების წარმოებისას აუცილებელია სს „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ „ვორლდ ბიზნეს სოლუშენსის“ სამტრედიის კვანძის ხელმძღვანელის გაფრთხილება,მეთვალყურეობის გასაწევად,“ – ვკითხულობთ პროექტში.

ასე გამოიყურება სამგზავრო ბაქანი ბოტანიკურ ბაღთან, რომლის რეაბილიტაციაზეც რკინიგზა 400 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

ბოტანიკური ბაღის წინ მდებარე სამგზავრო ბაქნის მოსაწყობად ტენდერში წინადადებების მიღება 11 თებერვალს დაიწყება და 16 თებერვალს დასრულდება.

ორივე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა შესრულებულ სამუშაოზე გარანტია 10 წლის განმავლობაში უნდა აიღონ.

კომპანიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ მის მიერ შესრულებულ სამუშაოებს და გამოყენებულ მასალას არ ექნება დეფექტი ექსპლუატაციის ნორმების დაცვის პირობებში.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით განახორციელოს გამოვლენილი დეფექტ(ებ)ის აღმოფხვრა შემსყიდველის შეტყობინებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში დეფექტ(ებ)ის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს გაწეული ხარჯებისა და აღნიშნული დეფექტ(ებ)ის მიზეზით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება,“ – ნათქვამია სატენდერო პირობებში.

რენდერის მიხედვით ასეთი იქნება რეაბილიტაციის შემდეგ ბოტანიკური ბაღის სამგზავრო ბაქანი

ბათუმში №2ა სამარშრუტო ხაზი დროებით შეცვლილი მიმართულებით იმოძრავებს

27 იანვრიდან, ბათუმში, გრიგოლ ლორთქიფანიძისა და ზღვისპირის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის სამუშაოების დასრულებამდე, №2ა სამარშრუტო ხაზი დროებით შეცვლილი მიმართულებით იმოძრავებს.

დროებითი მარშრუტია: კაჩინსკების ქუჩა → ლორთქიფანიძის ქუჩა → კოტე აფხაზის ქუჩა → ადლიის ქუჩა → ელიავას ქუჩა → ლორთქიფანიძის ქუჩა → კაჩინსკების ქუჩა.

ინფორმაციას „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ავრცელებს.

თიბისი კონცეპტი „Winter Jazz Bakuriani 2026” ფესტივალის წარმდგენია

თიბისი კონცეპტი ქვეყანაში კულტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და უკვე, 15 წელია ჯაზფესტივალების მთავარი წარმდგენია.

წელს პირველად, 14 და 15 თებერვალს, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ზამთრის ჯაზფესტივალი ბაკურიანში გაიმართება.

ბაკურიანის მთების ზამთრის სცენას, ორი დღის განმავლობაში, თანამედროვე ჯაზის არტისტები და ბენდები დაიკავებენ. „Winter Jazz Bakuriani 2026”-ის სტუმრები მოისმენენ, როგორც ვინტაჟური მელოდიების გრუვსა და თანამედროვე ბრიტანულ სოულ-ფანკს, ასევე ბრას ბენდებს, ელექტრო მუსიკისა და ჯაზის ელემენტების სინთეზსა და სხვა.

14 თებერვალი:

Sweet Life Society

Smoove and Turrell

Kraak and Smaak

Dennis Rollins

15 თებერვალი:

Kraak and Smaak

Bass Monkeys

Swingrowers

თიბისი კონცეპტის წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, მხოლოდ თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათის მფლობელებს, 26 იანვრის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ.

წინასწარი გაყიდვის შემდეგ, თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათებზე გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება.

„Winter Jazz Bakuriani 2026” ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „ისთერნ ფრომოუშენსი“. ფესტივალს სასტუმრო „კოხტა-ბაკურიანის” ტერასა უმასპინძლებს.

2011 წლიდან თიბისი კონცეპტი სისტემურად უჭერს მხარს საქართველოში ჯაზფესტივალების სერიას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თანამედროვე მუსიკის განვითარებასა და საერთაშორისო კულტურული პროცესების გაძლიერებას. სწორედ, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური მოვლენები შეიქმნა და განვითარდა. მათ შორისაა შავი ზღვის და თბილისის ჯაზფესტივალები, კახეთის ჯაზისა და ღვინის ფესტივალი „Jazz & Wine Kakheti“, ასევე ზამთრის ჯაზფესტივალი, რომელმაც, 2024 წელს, გუდაურში აიღო სტარტი და წელს პირველად ბაკურიანის სცენაზე გადაინაცვლა.

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გამართული „Winter Jazz Bakuriani 2026“ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თიბისის მუდმივ ჩართულობას კულტურული ცხოვრების გაძლიერებაში და თანამედროვე მუსიკის მხარდაჭერაში.

ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, „ბათუმის სპორტული ცენტრის“ დირექტორმა უჩა აბრამიშვილმა თანამდებობა დატოვა და მის მოვალეობას სულხან აბულაძე შეასრულებს. ის ამ დრომდე აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა.

სულხან აბულაძე დღეს, 26 იანვარს, ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ წარუდგინა თანამშრომლებს, როგორც მოვალეობის შემსრულებელი.

უჩა აბრამიშვილი აჭარის განათლების სამინისტროს ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა – ეს ინფორმაცია მან „ბათუმელებს“ თავად დაუდასტურა.

მერიის ინფორმაციით, დღეს, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს სპორტული ცენტრის მიმდინარე საქმიანობა, სამწვრთნელო და სასწავლო მიმართულებები, ასევე, სამომავლო გეგმები, რაც ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სპორტული სექციების გაძლიერებას საჭიროებს.

ამავე დროს, ბათუმის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი გრძელდება. კანონის შესაბამისად, რიგ თანამდებობებზე მერიას კონკურსის გამოცხადება მოუწევს, რიგ თანამდებობაზე კი მერი თავისი გადაწყვეტილებით ნიშნავს ხელმძღვანელებს.

რამდენიმე მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელების შეცვლის შესახებ გასულ კვირას გავიგეთ.

მერს ჯერ კიდევ არ დაუნიშნავს ახალი ვიცე-მერი, ეს თანამდებობა ბათუმის მერიაში ვაკანტურია.

ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ რეორგანიზაცია 9 იანვარს გამოაცხადა.

ფოტო: ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, უჩა აბრამიშვილი და სულხან აბულაძე.

„ოცნების“ კოორდინატორი უსახლკაროების აქციაზე: „ძალიან უსამართლო ქვეყანაა“

მოქალაქეებს, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან, „ოცნების“ მთავრობიდან არავინ შეხვედრია. საპროტესტო აქციაზე გოგოლის ქუჩა #11 ბ-ში მოქალაქეები 25 იანვარს, საღამოს 8 საათზე შეიკრიბნენ და ღამის ორამდე დარჩნენ.

ამ მისამართზე მილიონერ ოზთურქის მიერ აშენებული კორპუსებია, რომლებიც ახლა უკვე სახელმწიფოს საკუთრებაა. ბიზნესმენს სახელმწიფომ ეს ქონება მასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების ფარგლებში ჩამოართვა.

მოქალაქეები წლების განმავლობაში უფუნქციოდ დატოვებული და დაკეტილი კორპუსების უსახლკარო ოჯახებისთვის გადაცემას ითხოვენ. ამ მოქალაქეებს შორის ძირითადად სოციალურად დაუცველი ადამიანები არიან: შშმ პირები, შემწეობაზე დამოკიდებული ადამიანები, ძალადობის მსხვერპლი ქალები, მარტოხელა დედები… ისინი აცხადებენ, რომ მათ დიდ ნაწილს ქირის გადახდა, ან ბინის შეძენა დამოუკიდებლად არ შეუძლია. წლებია ბათუმში ეს ადამიანები მთავრობის ყურადღებას ითხოვენ და საპროტესტო აქციებს მართავენ.

„41 წელია ქუჩაში ვარ შშმ შვილთან ერთად, ჩემი შვილი დაბადებიდან შშმ პირია, მარტოხელა დედა ვარ… ვითხოვ, შემხვდეს ბათუმის მერი, მაგრამ არ მხვდება. N რაოდენობის განაცხადი მაქვს დატოვებული ყველგან, რეაგირება – ნული. ეს მთავრობა მარტო საკუთარი თავისთვის ზრუნავს… თუ რამეს იტყვი, მოგიგზავნიან „შავი გაგების“ ხალხს და გაშინებენ, ჩემთანაც იყო ასეთი შემთხვევა, ახლა საუბარი არ მინდა…,“ – ამბობს მზიური ბალაძე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

„შემწეობით ვიხდი ბინის ქირას, სადაც ნესტია და მორიელები დადიან, ჩემი შვილი მარტოხელა დედაა, შვილიშვილი დიაბეტია, 25 წელია ნაქირავებში ვარ,“ – გვითხრა დალი თებიძემ. ისიც წლებია მონაწილეობს უსახლკაროების საპროტესტო აქციებში.

დალი თებიძე გვიყვება, რომ წლების წინ ძმასთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ სოფელში მდებარე სახლი მეწყერსაშიშ ზონაში აღმოჩნდა. ოჯახს ბინა ქედის სოციალურ სახლში მისცეს. დალი თებიძე ამბობს, რომ ბინა საკმარისი არაა ამდენი ადამიანისთვის:

„იმ ბინაშია ჩემი ეპილეფსიანი ძმა და მისი ოჯახი… მე ჩემს შვილთან და შვილიშვილებთან ერთად ბათუმში, ნაქირავებში ვარ. ჩემმა შვილმა განცხადება დაწერა ბათუმის მერიაში, მაგრამ უთხრეს, მრავალშვილიანი უნდა იყოო. ორი შვილი ჰყავს, რჩენა არ უნდათ?

ამ თვის შემწეობა და პენსიაც ქირაში გადავიხადე, კომუნალურების ჩათვლით 700 ლარი გამოვიდა, სასადილოთი ვსარგებლობ, მაგრამ დიაბეტიან შვილიშვილს რომ „ნაბეღლავი“ ვუყიდო, მაგის ფულიც არ მრჩება“, – აღნიშნა დალი თებიძემ „ბათუმელებთან“.

ამ აქციაზე არიან ეკომიგრანტებიც. მაგალითად, თინა ანთაძე ხულოს სოფელ გელაძეებიდანაა. ამბობს, რომ მის სახლთანაც ჩამოწვა მეწყერი და იქ ცხოვრება საშიშია. ოჯახს ხულოს მერია ქირის ფულს უხდის, მაგრამ ეს საკმარისი არაა ბათუმში ბინის საქირავებლად. ეკომიგრანტ ოჯახებს სახელმწიფო ასევე 50 ათას ლარს სთავაზობს. „რა უნდა ვიყიდოთ ამ ფასად? გვიყიდონ თვითონ და ჩვენ ვიცხოვრებთ“ – ამბობდნენ წუხელ აქციაზე გამოსული ეკომიგრანტები.

„ოჯახში 4 შშმ პირი მყავს, მომხედავი არავინაა. სოციალურს ვიღებთ, პენსიაა და ამით გაგვაქვს თავი, თუ გატანა ჰქვია,“ – ამბობს  თინა ანთაძე.

ვესაუბრეთ აქციაზე გამოსულ მოქალაქესაც, რომელიც „ოცნების“ კოორდინატორია:

„ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? ძალიან უსამართლო ქვეყანაა, უსამართლობაა, ამაზე ვაწერ ხელს… როგორ შეიძლება მოქალაქეს არ შეხვდეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე? რატომ არის მაშინ თავმჯდომარე?… მე ისევ „ოცნების“ მხარდამჭერი ვარ, სად წავიდე აბა?“ – გვითხრა იზოლდა ჯაბნიძემ.

იზოლდა ჯაბნიძის 10-სულიან ოჯახს სახლი აქვს თამარის დასახლებაში – მის მეზობლად შენდება ხელოვნური კუნძული. რამდენიმე წლის წინ იზოლდას ეზოში და ნავთობპროდუქტების ნარჩენებმა დაიწყო გამოჟონვა – ამ ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ძველი მილებია დარჩენილი. იზოლდა ჯაბნიძის სახლ-კარი სპეციალისტებმა შეამოწმეს და დაიწერა დასკვნა, რომ მის სახლში ცხოვრება საფრთხის შემცველია.

„აჭარის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ 60 კვადრ. მეტრი ბინა შემოგვთავაზა სანაცვლოდ, აქ გადადითო, ამ დროს მე მაქვს 220 კვადრატული მიწა და 120 კვადრატი სახლია. რა თქმა უნდა, არ დავთანხმდი.

ეს მოხდა 2024 წლის არჩევნების წინ. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. პირიქით, ორი თვის წინ შეღებილი კედლები სულ გაშავდა, სახლი ავარიულ მდგომარეობაშია.

არავინ არ მხვდება მთავრობაში. მაგათ უწიგნური ვგონივარ. მაგათზე მეტი განათლება მაქვს, ეს იცოდნენ… „ოცნების“ კოორდინატორი ვარ დღეს ისევ, გასაგები არ არის ეს, მაგრამ რა ვქნა?“ – კითხულობს იზოლდა ჯაბნიძე.

გოგოლის ქუჩა 11 ბ-ში შეკრებილი უსახლკაროები 26 იანვარს, ღამის 2 საათზე დაიშალნენ. მათთან ხელისუფლებიდან არავინ გამოჩენილა. ადგილზე მობილიზებული იყო მხოლოდ პოლიცია.

უცნობია, ამ ეტაპზე როდის და რა ფორმით განაგრძობენ საპროტესტო აქციას უსახლკაროები. აქციის რამდენიმე მონაწილემ დღეს „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ისინი დღეს არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან აპირებენ შეხვედრას.

„ბათუმელები“ 24 იანვარს ესაუბრა ამ კორპუსში თვითნებურად შესულ მარინა მსხალაძეს. მისი თქმით, კიდევ რამდენიმე ოჯახი შევიდა ოზთურქისთვის ჩამორთმეულ კორპუსში დაახლოებით 10 დღის წინ. ამ ბინებში არც წყალია და არც შუქი. ამის მიუხედავად, მარინა მსხალაძე ამბობდა, რომ ის ბინის დატოვებას არ აპირებს.

დღეს, 26 იანვარს, მარინა მსხალაძის ტელეფონის ნომერი გამორთულია. უცნობია, რჩება თუ არა ვინმე ამ დროისთვის კორპუსებში.

რა ბედი ეწევა ოზთურქისთვის ჩამორთმეულ კორპუსებს? – 24 იანვარს „ბათუმელებს“ ამ თემაზე „ბათუმელებს“ უპასუხეს, რომ „საკითხი განხილვის და გადაწყვეტის პროცესშია“. დღეს ბათუმის მერიის პრესცენტრში ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ და მას მიღებისთანავე გაგაცნობთ.

სოციალურად დაუცველი უსახლკაროები წლებია ბათუმში მთავრობის ყურადღებას ითხოვენ და საპროტესტო აქციებს მართავენ, მაგრამ ამ კატეგორიის ადამიანებისთვის არანაირი პროგრამა არ შეუქმნიათ. მათი საცხოვრებელი პირობები და რეალური ქონებაც კი რომელიმე სახელმწიფო უწყებიდან არავის შეუსწავლია.

„ოცნების“ მთავრობა წლების განმავლობაში აიგნორებდა უსახლკარო ადამიანებს, მაგალითად, „ოცნების ქალაქში“, კრიტიკულ ეტაპზე კი, 2022 წელს „ოცნებამ“ სოციალურად დაუცველი ადამიანები საარჩევნო სქემაში ჩართო: „ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლები თვითმმართველობის წინა არჩევნებზე მასობრივად დაარეგისტრირეს ბათუმში და დაჰპირდნენ ბინების გადაცემას, თუ „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდნენ მხარს.

2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების ბედი პრაქტიკულად „ოცნების ქალაქმა“ გადაწყვიტა – მას შემდეგ, რაც ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა და ეს ფაქტი დღემდე გამოუძიებელია, შუალედური არჩევნები ჩატარდა. საბოლოოდ, „ოცნების ქალაქის“ გამოყენებით ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. 

მაშინ არჩევნებში, „ოცნების ქალაქის“ ამ სქემის გამოყენების შედეგად, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სწორედ რამაზ ჯინჭარაძე გახდა, რომელიც მანამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო და დევნილებთან და ეკომიგრანტებთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. დღეს რამაზ ჯინჭარაძე „ოცნების“ არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს დეპუტატია.

ამ თემაზე:

როგორ დააღწია თავი პატიმრობას და სად წავიდა ოზთურქი? – „1 მილიონი ლარი ბიუჯეტში ჯარიმის სახით“

 

 

Anti-Corruption Agency Employee Found Dead in Car from Gunshot Wound

On January 26, in Tbilisi, an employee of the State Security Service’s Anti-Corruption Agency was found dead.

According to the Prosecutor’s Office, the deceased had sustained a gunshot wound.

“An Anti-Corruption Agency employee was found this morning in their car with a gunshot wound. During the inspection of the scene, a firearm, which the deceased had with them, and a note, found on the passenger seat, were recovered,” the Prosecutor’s Office said in a statement.

The identity of the deceased is not yet known.

According to the State Security Service, the employee arrived at work in the morning and was later found dead in their vehicle.

“What is currently known and confirmed by our staff is that the employee arrived at work early in the morning, apparently took a firearm, left the premises, and was later found dead in their car,” the State Security Service told the government-affiliated channel Rustavi 2.

A criminal investigation has been opened under Article 115 of the Criminal Code, which pertains to incitement to suicide.

“My Would-Be Assassin Was Held Below My Cell”: Givi Targamadze Released After Seven Months in Prison

Former Georgian lawmaker Givi Targamadze was released from prison on January 26 after serving a seven-month sentence for refusing to appear before the so-called Tsulukiani Commission, established by the Georgian Dream–controlled parliament to “investigate crimes of the previous government,” a process critics say is being used to justify the banning of political parties.

Speaking to journalists after his release, Targamadze said his freedom was overshadowed by the fact that many others remain behind bars. “I would have been happiest if I were the last to leave prison,” he said, adding that those still detained have already proven their resilience and deserve, above all, good health.

Targamadze described imprisonment of dozens of protesters, journalists and opposition politicians as “the price of fighting for freedom,” stressing that society must not retreat despite repression. He warned that halting resistance would only raise the cost, pointing to Iran and Ukraine as examples:

“This is the price of fighting for freedom, and it’s not easy. Sometimes it’s even tragic. But fortunately, the price we are paying now is not irreversible, whether it’s two years, one year, several months, or even days in prison. This is the price right now. What’s important is that people are not refusing to pay it and are not stopping. Because if we stop now, that price will automatically rise – to the level we see today in Iran, and even more so in Ukraine. So this price must be paid, unfortunately, no matter how heavy it is”.

Asked about his political future, Targamadze said he is ready to contribute “wherever needed,” though he does not currently represent any party leadership. He said he plans to share ideas through consultations, including with opposition figure Zurab Japaridze.

Targamadze also criticized the legitimacy of the Tsulukiani Commission, calling it cynical to summon him while he is a key witness in the case against Russia at The Hague. He noted that during his imprisonment he was held in proximity to individuals connected to the 2016 car bombing attempt on his life. He described the situation with a note of irony:

“I had to spend time in a rather original environment, as you can imagine. Below my cell was a man serving a sentence for attempting to assassinate me – the person who blew up my car. Nearby was someone who, back in the day, worked in the State Security Service and helped block the investigation into that bombing. Later, others joined us – Romeo Mikautadze, Juansher Burchuladze, then Grigol Liluashvili. And finally, even my ‘neighbor’ Irakli Garibashvili couldn’t wait – he could have waited until February, but wanted to feel closer to me, so he became my neighbor here (in prison) for a while. We’re not kept in the same space for long, but that’s fine… Now I’ll hold the line on the streets, and he’ll hold the line in here,” Targamadze said.

Targamadze  noted that despite years of threats, arrests, and political pressure, he remains committed to continuing the fight “for freedom, for our families, and for our country.”


The former MP survived that assassination attempt just days before the 2016 parliamentary elections, though five bystanders were seriously injured. While the authorities identified the alleged perpetrator, the organizers of the attack were never officially named.

The high-profile bombing of Givi Targamadze’s car occurred just days before the 2016 parliamentary elections, near the United National Movement’s office. At the time, Targamadze was a leading figure in the party and a member of parliament. He had just left the party office and entered his Skoda vehicle with his driver when, seconds after the car started moving, an explosive device planted in the rear of the vehicle was detonated remotely.

Targamadze and his driver miraculously survived, suffering only concussion and minor injuries, as the blast wave was largely absorbed by the rear of the car.

Five pedestrians were seriously injured in the explosion, one of them critically.

Shortly after the blast, the Interior Ministry and the Prosecutor’s Office declared the case solved. According to investigators, the direct perpetrator was former Interior Ministry employee Darcho Khechuaishvili, who fled the scene and was later sentenced in absentia to 18 years in prison. Prosecutors released surveillance footage showing Khechuaishvili following Targamadze.

Khechuaishvili’s relative, Boris Chagunava, was arrested on charges of aiding and abetting and illegal possession of weapons; he later entered into a plea agreement.

Targamadze accused Russian special services and the then-government of Georgia (Georgian Dream)of orchestrating the attack to destabilize the country ahead of elections. The authorities, for their part, claimed the explosion may have been a provocation benefiting the opposition. The investigation never identified those who ordered the attack, focusing only on the alleged perpetrator.

In September 2024, it was reported that Darcho Khechuaishvili, who had been wanted for years, was detained for illegally crossing Georgia’s border after entering the country from Russia.


Opposition Leader Giorgi Vashadze Leaves Prison After Serving Seven-Month Sentence

სუსთან თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს – პროკურატურა

დღეს, 26 იანვარს, თბილისში, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს.

პროკურატურის ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.

„ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს დილით საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა და წერილი, რომელიც გვერდითა სავარძელზე იქნა ნანახი,“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია გარდაცვლილის ვინაობა.

სუს-ის კომენტარის მიხედვით, მათი თანამშრომელი დილით სამსახურში მივიდა, შემდეგ კი ის მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

„რაც იკვეთება ახლა და ვიცით თანამშრომლებისგან – ის ადრე მოვიდა დილით სამსახურში, როგორც ჩანს, აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში იპოვეს გარდაცვლილი”, – ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამთავრობო ტელეარხ „რუსთავი 2-ს“ მიაწოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კახა ბექაურმა კომუნიკაციების კომისია დატოვა

კახა ბექაურმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. მას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

ბექაური კომუნიკაციების ხელმძღვანელის პოსტს 9 წლის განმავლობაში, 2 ვადით იკავებდა. ის კომუნიკაციების კომისიის წევრად 2014 წელს აირჩიეს, 2017 წლიდან კი თავმჯდომარე გახდა.

კახა ბექაური კომუნიკაციის კომისიის თავმჯდომარეობის პარალელურად ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა. ის ფლობს 33%-იან წილს სუპერმარკეტების ქსელ „ორ ნაბიჯში“.

ბოლო დეკლარაცია კახა ბექაურს 2025 წლის 30 მაისს აქვს ჩაბარებული. ბექაური ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელე იყო საქართველოში. ის ხელფასის სახით თვეში 16 ათას ლარს იღებდა.

დეკლარაციის მიხედვით, კახა ბექაური და მისი მეუღლე, ეკა ბერიძე, ფლობენ 21 ბინას, 14 მიწის ნაკვეთს, 7 ავტომობილს, 4 ძვირადღირებულ მაჯის საათს და 5 ცეცხლსასროლ იარაღს.

კახა ბექაური კომისიის თავმჯდომარის გარდა, წევრიც იყო.

ბექაური კომუნიკაციების კომისიის წევრის პოზიციაზე გოგა გულორდავამ ჩაანაცვლა.

გოგა გულორდავა კომუნიკაციების კომისიის წევრად სადავო პარლამენტმა დაამტკიცა და კანონით, ის მომდევნო 6 წლის განმავლობაში  იმუშავებს ამ პოზიციაზე.

Comcom-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, კომუნიკაციების კომისიის წევრობამდე, გოგა გულორდავა 2 წლის განმავლობაში ტელეკომპანია „იმედში“ ფინანსური მონიტორისა და აუდიტის პოზიციას იკავებდა. 2020 წლიდან 2025 წლამდე იყო  საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში გენერალური დირექტორის მრჩეველი, შემდგომ კი, ამავე უწყებაში, შიდა აუდიტის დირექტორი.

2016-2020 წლებში გოგა გულორდავა იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო 2013-2016 წლებში – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

აჭარის პროექტების მართვის კომპანიას ახალი უფროსი ჰყავს, ყოფილი დირექტორი კი მერიაში გადაიყვანეს

აჭარის პროექტების მართვის კომპანიის  დირექტორად გოჩა გაბრუშიძე დანიშნეს, მანამდე ის ამ ორგანიზაციაში იურისტად მუშაობდა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ედნარ ნატარიძის ბრძანების მიხედვით, გოჩა გაბრუშიძის ხელფასი 8000 ლარი იქნება.

აჭარის პროექტების მართვის კომპანია აჭარის მთავრობის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა. კომპანია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაქვემდებარებაში მუშაობს და მაღალბიუჯეტიანი საპროექტო-სამშენებლო პროექტების შესყიდვა- განხორციელებაზე მუშაობს.

დოკუმენტების მიხედვით, კომპანიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბაქარ ჩიტაიამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა – ის ბათუმის მერიაში გადავიდა სამუშაოდ.

ჩიტაიამ ბათუმის მერიის ერთ-ერთი ყველზე მაღალბიუჯეტიანი ორგანიზაცია, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ჩაიბარა. ეს თანამდებობა აკაკი ბერიძემ დატოვა გასულ წელს, თუმცა ამ დრომდე დირექტორის მოვალეობას მოადგილე ასრულებდა.

ამავე დროს, ბათუმის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი გრძელდება. კანონის შესაბამისად, რიგ თანამდებობებზე მერიას კონკურსის გამოცხადება მოუწევს, რიგ თანამდებობაზე კი მერი თავისი გადაწყვეტილებით ნიშნავს ხელმძღვანელებს.

რამდენიმე მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელების შეცვლის შესახებ გასულ კვირას გავიგეთ.

მერს ჯერ კიდევ არ დაუნიშნავს ახალი ვიცე-მერი, ეს თანამდებობა ბათუმის მერიაში ვაკანტურია.

ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ რეორგანიზაცია 9 იანვარს გამოაცხადა.

_______________

ფოტოზე: ბაქარ ჩიტაია, გოჩა გაბრუშიძე

ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან 270 მლნ ლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც საქართველოში, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (MSME) ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და მწვანე დაფინანსების გაძლიერებას მოხმარდება.

ფინანსური რესურსის ძირითადი ნაწილი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული. 20% ქალი მეწარმეების გაძლიერებას, ხოლო 30% – მწვანე ინვესტიციების დაფინანსებას მოხმარდება.

„კერძო სექტორის გაძლიერება ADB-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განსაკუთრებით – მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის საყრდენს წარმოადგენენ. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მათ ზრდას, განვითარებას და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას. თიბისი ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორია და ვიმედოვნებთ, რომ ახალი თანამშრომლობა საქართველოში გრძელვადიან, მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს”, – განაცხადა ADB-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლამმა.

„ვაფასებთ ADB-სთან ჩვენს მრავალწლიან პარტნიორობას და მათ უწყვეტ მხარდაჭერას. აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას და შესაძლებლობას მოგვცემს, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისათვის გრძელვადიანი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობა გავზარდოთ. MSME სექტორის, ქალი მეწარმეებისა და მწვანე ინვესტიციების მხარდაჭერა სრულად შეესაბამება ჩვენს სტრატეგიას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში’’, – განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უდიდესი მულტილატერალური პარტნიორია. ADB-ის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების, გრანტებისა და ტექნიკური დახმარების ჯამური ოდენობა 5 მილიარდ დოლარს აჭარბებს, საიდანაც დაახლოებით 1 მილიარდი კერძო სექტორისთვისაა გამოყოფილი. ADB-ის საქართველოსთან თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია მიზნად ისახავს, ქვეყანას დაეხმაროს მწვანე და ინკლუზიურ რეგიონულ კარიბჭედ განვითარებაში, ხელი შეუწყოს სახელმწიფო და კერძო სექტორში ინვესტიციების განხორციელებას, რეფორმებს, ცოდნის გაღრმავებას, კლიმატგამძლე ინფრასტრუქტურის აშენებასა და რეგიონულ ინტეგრაციას.

ოქროს ფასი კვლავ გაიზარდა

ოქროს ფასი კვლავ იზრდება გლობალურ ბაზარზე – „ბიბისი“ წერს, რომ ოქროს ფასმა პირველად გადააჭარბა 5 000 დოლარს ერთ უნციაზე, რითაც გაგრძელდა ოქროს ფასის ისტორიული ზრდა, რის შედეგადაც ძვირფასი ლითონის ფასები 2025 წელს 60%-ზე მეტით გაიზარდა.

ფასის ზრდა მოხდა აშშ-სა და ნატოს შორის გრენლანდიის გამო დაძაბულობის ზრდის ფონზე, რაც ფინანსური და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის შესახებ მზარდ შეშფოთებას იწვევს – წერს „ბიბისი“.

გამოცემის ცნობით, ოქროს ფასების ზრდას ასევე შეუწყო ხელი უკრაინასა და ღაზაში მიმდინარე ომებმა, ასევე ვაშინგტონის მიერ ვენესუელის პრეზიდენტის, მადუროს დაპატიმრებამ.

გაიზარდა ვერცხლის ფასიც და პირველად გადააჭარბა 100 დოლარს უნციაზე. ამავე დროს, ვერცხლის ფასი გასულ წელს თითქმის 150% პროცენტით გაიზარდა.

ოქრო და სხვა ძვირფასი ლითონები, ტრადიციულად, უსაფრთხო აქტივებად ითვლება გაურკვეველი პოლიტიკური სიტუაციის დროს.

 

გივი თარგამაძემ საპატიმრო დატოვა – „არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ მარცხისთვის ვიყოთ მზად“

7-თვიანი პატიმრობის შემდეგ გივი თარგამაძემ დღეს, 26 იანვარს, საპატიმრო დატოვა. ის პატიმრობაში იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო.

გივი თარგამაძეს ციხესთან ახლობლები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

„გული მეთანაღრება იმაზე, რომ მე გამოვედი და ამდენი ხალხი რჩება საპატიმროებში. ნამდვილად ბედნიერი ვიქნებოდი, მე რომ ბოლო გამოვდიოდე და ყველა გამოსული რომ იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვწყვეტთ ამას. ჯანმრთელობას ვუსურვებ ამ ხალხს, მხნეობა და გამძლეობა აქვთ და დაამტკიცეს ეს.

მადლიერება მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ეს თვეები მგულშემატკივრობდა, განსაკუთრებით ჩემ ოჯახს ედგა გვერდში. ჩემი ცოლიც და შვილებიც მებრძოლი გოგოები არიან ნამდვილად, მაგრამ უთქვენოდ ბევრად გაუჭირდებოდათ და ამის გამო მადლიერი ვარ. მიყვარხართ ყველა.

მე ვხედავ ჩემს თავს ამ ბრძოლაში, ნებისმიერ ადგილზე სადაც საჭირო იქნება. წლების განმავლობაში მქონდა შანსი, რომ მოვხვედრილიყავი რუსულ ან ბელორუსულ ციხეში, მზად ვიყავი ამ ყველაფრისთვის, ამიტომ ყველაფერ გავაკეთე, რომ უკეთეს ფორმაში ვყოფილიყავი – ფიზიკურადაც და მორალურადაც.

ცოტა ორიგინალურ გარემოში მომიწია ჯდომა – ჩემ ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდის ჩემი მკვლელობის მცდელობისთვის, ანუ ამაფეთქა. სადღაც გვერდზე იჯდა ადამიანი, რომელიც ამ აფეთქების საქმის ბლოკირებას აკეთებდა სუს-იდან თავის დროზე, მერე ესენიც შემოგვიერთდნენ [რომეო მიქაუტაძე, ჯუანშერ ბურჭულაძე, გრიგოლ ლილუაშვილი].

მე პარტიულ ლიდერშიფს არ წარმოვადგენ, მაგრამ კონსულტაციები იქნება, ჩემს იდეებს მივაწვდი. მართლა ობობას ველაპარაკებოდი მთელი 7 თვე და ამიტომ ვერავის ჭკუის სწავლებას ვერ დავუწყებ. ჯერ ადამიანებთან დავილაპარაკებ, გავერკვევი ზუსტად რა და როგორ ხდება.

ეს [პატიმრობა] არის ამ თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი და რთულია, არ არის მარტივი, ზოგ შემთხვევაში ტრაგიკულიცაა, მაგრამ არა – გამოუსწორებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფასის გადახდაზე ხალხი უარს არ ამბობს და ამის გამო არ ჩერდება – თუ ახლა გაჩერდები, ეს ფასი აიწევს ავტომატურად იმ ნიშნულზე, რასაც ახლა ირანში და კიდევ უფრო უკრაინაში ვხედავთ.

ეს ფასი გადასახდელია სამწუხაროდ. თან ახლა არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ მარცხისთვის ვიყოთ მზად. დღეს ბევრად მოწყვლადია ეს რეჟიმი“, – განაცხადა გივი თარგამაძემ ჟურნალისტებთან.

________________________________

ფოტოზე: კადრი TV„ფორმულას“ ვიდეომასალიდან.

„აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტი 100%-ით მზად არის“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტი 100 პროცენტით მზადაა ხელმოწერისთვის.

„დოკუმენტი 100 პროცენტით მზადაა. ველოდებით ჩვენი პარტნიორების მიერ მზაობას, თარიღსა და ადგილს, ხელის მოსაწერად“.

მისი თქმით, შეთანხმება უნდა რატიფიცირდეს აშშ-ის კონგრესისა და უკრაინის უმაღლესი რადას მიერ.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უსაფრთხოების გარანტიების ევროპულ ნაწილსაც.

„უკრაინისთვის უსაფრთხოების მეორე გარანტია არის ევროპული უსაფრთხოების გარანტიები, „მსურველთა კოალიცია“ და რაც მთავარია, ევროკავშირში წევრობა. ეს არის ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის. ჩვენ გვინდა 2027 წელი; ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ თარიღზე, როდესაც უკრაინა მზად იქნება“, – განაცხადა მან 25 იანვარს, პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, უკრაინას სურს ომის დასრულების შეთანხმებაში ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული თარიღი იყოს მითითებული, რათა ყველა მხარემ დაიცვას ეს შეთანხმება.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 26 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 235 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 608 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 23 951 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 36 644 ერთეული [+32]
  • MLRS – 1 626 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 286 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 115 813 ერთეული [+917]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 205 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 75 906 ერთეული [+147]
  • სპეცტექნიკა – 4 051 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 26 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 111 126 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 646 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 324 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 651 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 845 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 52 846 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

“მოდით, დავასრულოთ ეს „ზაზუნას დღე“ – ზელენსკის მიმართვა ევროპელებს დავოსიდან

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

FIFA-მ ბათუმის დინამოს სატრანსფერო შეზღუდვა არ მოუხსნა

FIFA-მ ბათუმის „დინამოს“ მიმართ სატრანსფერო შეზღუდვა კვლავ ძალაში დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის „დინამო“ ავრცელებს.

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ – FIFA-მ ბათუმის „დინამოს“ სატრანსფერო შეზღუდვა გასულ წელს დაუწესა. ეს შეზღუდვა 2025 წლის პირველი ივნისიდან, 2026 წლის ივნისამდეა ძალაში.

სატრანსფერო შეზღუდვის დაწესების მიზეზი ბათუმის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელების  მხრიდან FIFA-ში შეტანილი საჩივრებია. საფეხბურთო კლუბს ფეხბურთელების დავალიანება ჰქონდა.

„2025 წლის დეკემბრიდან, დინამოს სააქციო საზოგადოება დბ 1923-ის მმართველობაში გადასვლისთანავე, ახალი მენეჯმენტის პირობებში, FIFA-სა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტში არსებული ყველა დავალიანების შესწავლისა და დაფარვის პროცესი დაიწყო.

კლუბს სატრანსფერო შეზღუდვა FIFA-ს მხრიდან საფეხბურთო კლუბ “ანკარაგუჩუს”, ასევე ფეხბურთელების: კირილო მელიჩენკოს, მესი ბიატუმუსოკას, გიტის პაულაუსკასის, ვანდერსონ სილვას, ედმუნდ არკო-მესასა და ალექს სანტოსის მიმართვის საფუძველზე აქვს დაწესებული.

აღსანიშნავია, რომ ვანდერსონ სილვას შემთხვევაში FIFA-მ სადისციპლინო სანქცია გამოიყენა, რაც ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სასჯელს წარმოადგენს.

თურქულ კლუბთან და თითოეულ ზემოაღნიშნულ ფეხბურთელთან მორიგების აქტი გაფორმდა, რის საფუძველზეც, 2026 წლის 20 იანვრის მონაცემებით, დავალიანებები სრულადაა დაფარული.

ახალი მენეჯმენტის პირობებში, FIFA-ს სატრანსფერო შეზღუდვის მოხსნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, თუმცა მიუხედავად დავალიანებების სრულად დაფარვისა, 2026 წლის 21 იანვრის მონაცემებით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, ბათუმის დინამოს მიმართ სატრანსფერო შეზღუდვა კვლავაც ძალაში დატოვა.

ბათუმის დინამო აქტიურ რეჟიმში მუშაობს ყველა შესაბამის ჯგუფთან და ორგანიზაციასთან, რათა ახალი მენეჯმენტის პირობებში, კლუბის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება მოსარჩელე მხარეებისა თუ სამართლიანი თამაშის წესების მიმართ FIFA-ს მხრიდან კიდევ ერთხელ შეფასდეს, რაც არსებული გადაწყვეტილების გადახედვის იმედს გვიტოვებს,“ – ნათქვამია ბათუმის „დინამოს“ განცხადებაში, რომელიც დღეს, 25 იანვარს გავრცელა.

კლუბის ინფორმაციით, სატრანსფერო შეზღუდვის მიუხედავად, ბათუმის “დინამოს”  27 ფეხბურთელი ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონისათვის თურქეთში, ანტალიაში, აქტიურად ემზადება.

ამავე თემაზე:

„დინამო ბათუმს“ ამჯერად 1 ლარად ყიდიან ინვესტიციის ჩადების პირობით – ვინ იქნება მყიდველი

„ივანიშვილმა ქართული სახელმწიფოს ნაცვლად მიიღო პატარა სოფელი“ – აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა

„სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი რადიკალურად ცვლის ვითარებას არა მარტო კავკასიის რეგიონში, არამედ კავკასია-ცენტრალური აზიის მიმართულებით. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საქართველო ნელ-ნელა კარგავს თავის ფუნქციას რეგიონშიც… ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი პროექტი წარმატებით განახორციელა – ქართული სახელმწიფოს ნაცვლად მიიღო პატარა სოფელი, რომლის მამასახლისობასაც თავს არ ანებებს,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლელა ჯეჯელავა. მას სამხრეთ კავკასიაზე ვესაუბრეთ, სადაც საქართველო არათუ ლიდერი, არამედ არც კი ახსენებენ.

სომხეთსა და აზერბაიჯანს კი, თებერვალში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეწვევა.

„…რაც შეიძლება მალე უნდა დავაღწიოთ თავი ამ პატარა სოფლის ფუნქციას და დავიბრუნოთ ჩვენი გეოპოლიტიკური ფუნქცია. შესაბამისად, აქტიურად გამოვხატოთ ჩვენი სტრატეგიული ინტერესები რეგიონში და არა მარტო რეგიონში, სხვათა შორის… როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არის მრავალპოლუსიანი, ეს არის დიდი სიცრუე. „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არის მხოლოდ ჩიხური პოლიტიკა…. ამ ჩიხიდან ვიღაც გამოგვიყვანს, როგორც ჩამოწერილ ვაგონს, ან არა და გამოვალთ ჩვენით, როგორც კვლავ ფუნქციონირებადი, გეოპოლიტიკური სუბიექტი,“ – ამბობს ლელა ჯეჯელავა.

„ბათუმელებმა“ პოლიტოლოგ ლელა ჯეჯელავასთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ქალბატონო ლელა, ტრამპი ამბობს, რომ თებერვალში ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ეწვევა სომხეთს და აზერბაიჯანს. მას ამჯერადაც არ უხსენებია საქართველო. რას ნიშნავს ეს ამბავი ჩვენთვის?

საქართველო არა მარტო ტრამპის პოსტში არ არის ნახსენები, არამედ, ალბათ კარგად ჩასაფრებულები უნდა ვიყოთ: ახალი პოლიტიკური რუკები თუ გამოვა, ვართ თუ არა ისევ ზედ, როგორც სახელმწიფო მონიშნული.

ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი პროექტი წარმატებით განახორციელა – ქართული სახელმწიფოს ნაცვლად მიიღო პატარა სოფელი, რომლის მამასახლისობასაც თავს არ ანებებს. აი, ახლა ვკითხულობდი ზუსტად ერთი „ქოცის“ კომენტარს, რომელიც, სხვათა შორის, ინტელექტუალური ადამიანია, რომ უნდა გვიხაროდეს თურმე ის, რომ არავის არ ვახსოვართ, უკრაინა რომ ახსოვთ და სომხეთი რომ ახსოვთ, ეს არის ცუდიო, სომხეთმა ომი წააგო და უკრაინა საშინელ დღეშიაო. ასე აზროვნებს ინტელექტუალური „ქოცი“, სამწუხაროდ. მათ არ იციან ერთი რამ: როდესაც არავის არ ახსოვხარ, როგორც სახელმწიფოს არავინ არ განგიხილავს. შესაბამისად, განგიხილავენ, როგორც ტერიტორიას.

ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დაკარგული გაქვს, დაწყებული სუვერენიტეტიდან, დამთავრებული საზღვრებით და აბსოლუტურად ყველაფრით, იმიტომ, რომ არ გყავს პარტნიორი, არ გაქვს სტრატეგია, გეოპოლიტიკური ინტერესები. მაშინ რა არის სახელმწიფო?

  • მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოეხმაურა ალიევის განცხადებას საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მარშრუტის შესაძლოა შეიცვალოს. „ალიევის განცხადება ანგრევს ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ 90-იან და 2000-იან წლებში, როგორც ქვეყანამ,“ – წერს მიხეილ სააკაშვილი. თქვენი აზრით, რა ეტაპზე გადადის საქართველოს ურთიერთობა აზერბაიჯანთან? 

რასაკვირველია, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი რადიკალურად ცვლის ვითარებას არა მარტო კავკასიის რეგიონში, არამედ კავკასია-ცენტრალური აზიის მიმართულებით. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საქართველო ნელ-ნელა კარგავს თავის ფუნქციას რეგიონშიც.

საერთოდ წინააღმდეგი ვარ, რომ ქვეყნის ფუნქცია განიხილებოდეს, მხოლოდ, როგორც დერეფანი ან მილსადენი. ეს არის მხოლოდ ფუნქციის რეალიზაციისთვის საშუალება და არა ფუნქცია, მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა ამასაც ვკარგავთ.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვმონაწილეობთ არცერთ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პროექტში, რომელიც ახლა რეგიონში იწყება. შესაბამისად, არ გვაქვს ჩვენი ადგილი და როლი აქ მონიშნული. ამაში სრულიად ვეთანხმები საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც თავისი მმართველობის პერიოდში – რა პრეტენზიებიც არ უნდა გვქონდეს მის მიმართ – საქართველო იყო რეგიონის ლიდერი ქვეყანა, პოლიტიკურად ლიდერი ქვეყანა და ამაში ეჭვს ვერავინ შეიტანს. ეს ჩვენი უახლესი ისტორიაა.

ამიტომაც, ბუნებრივია, რაც შეიძლება მალე უნდა დავაღწიოთ თავი ამ პატარა სოფლის ფუნქციას და დავიბრუნოთ ჩვენი გეოპოლიტიკური ფუნქცია. შესაბამისად, აქტიურად გამოვხატოთ ჩვენი სტრატეგიული ინტერესები რეგიონში და არა მარტო რეგიონში, სხვათა შორის.

  • თუმცა ეს ალტერნატიული კორიდორი არ ქმნის საფრთხეს საქართველოსთვისო – ამბობს „ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, შვიდჯერ არის გაზრდილი გასული ხუთი წლის განმავლობაში ტვირთების მოცულობა შუა დერეფანში.

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელების განცხადებების კომენტირება არ მიმაჩნია სწორად – ეს ადამიანები ამბობდნენ, რომ მათ გუნდში არ არსებობდა კორუფცია [გაიხსენეთ კობახიძის განცხადებები], ეს ადამიანები ამბობდნენ იმას, რომ არ არსებობს მაღალი ფასნამატი საქართველოში, ეს ადამიანები ამბობდნენ იმას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპას უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ან შეერთებული შტატები. მითხარით ახლა, შესაძლებელია, ამ ყველაფრის მერე კიდევ ერთ, მორიგ აბსურდზე კომენტარი ვაკეთოთ?

ბუნებრივია, ყველა ის პროცესი, რომელიც რეგიონში ვითარდება, ამ მდგომარეობაში მყოფი საქართველოსთვის სერიოზული საფრთხეა – საქართველო საბოლოოდ დაკარგავს თავის გეოპოლიტიკურ ფუნქციას და ამის გარეშე ქვეყანა შეუძლებელია რომ არსებობდეს.

ჩვენ ასევე არ ვიცით, რა მოხდება ირანთან დაკავშირებით. თუ ირანში ვითარება რადიკალურად შეიცვალა, მერე საერთოდ სხვა მდგომარეობა იქნება, რადგან ირანი უმოკლესი გზაა ტვირთებისთვის. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვამბობ: ამ ძალიან რთულ და გარდამტეხ პერიოდში, როდესაც მთლიანად ირღვევა ძველი სოციალურ-პოლიტიკური პარადიგმა და უნდა შეიქმნას ახალი, უნდა ვიყოთ განსაკუთრებით პროაქტიულები, უნდა გვქონდეს ურთიერთობები პარტნიორებთან, რომ ყველა შესაძლო სცენარის განვითარებაში საქართველო მზად იყოს თავისი ინტერესების რეალიზებისთვის.

ლელა ჯეჯელავაბიძნ

როგორ უნდა ვიყოთ მზად ინტერესების რეალიზაციისთვის, როდესაც ქვეყანაში რამდენი წელია უსაფრთხოების ეროვნული კონცეფცია აღარ შექმნილა ახალი? რანაირად შეიძლება ეს შევძლოთ?

როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არის მრავალპოლუსიანი, ეს არის დიდი სიცრუე. „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არის მხოლოდ ჩიხური პოლიტიკა. აქ ამის იქით აღარ არის გამოსავალი, ანუ ვართ უკვე ჩიხში. ამ ჩიხიდან ან ვიღაც გამოგვიყვანს, როგორც ჩამოწერილ ვაგონს, ან არა და გამოვალთ ჩვენით, როგორც კვლავ ფუნქციონირებადი, გეოპოლიტიკური სუბიექტი.

  • შეიძლება ამაში დაგვეხმაროს ჩვენი გეოპოლიტიკური მოცემულობა? არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოს გარეშე ვერ მიიღწევა პროგრესი სამხრეთ კავკასიაში. 

ძველი პარადიგმიდან ახალი პარადიგმის პროგნოზირება ყველაზე დიდი შეცდომაა. ის, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა არის უპირობო შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენ მიმართ ინტერესი არსებობდეს, ასე არ ხდება. აქტიური იყო ინტერესი იმ ვითარებაში, როდესაც სომხეთ-აზერბაიჯანს შორის იყო კონფლიქტი, როდესაც თურქეთსა და სომხეთს შორის იყო კონფლიქტი, ირანის ისლამური რესპუბლიკა იყო სანქციების ქვეშ, საიდანაც ახლა შეიძლება გამოვიდეს.

ასე რომ, აქცენტი გეოპოლიტიკაზე ძველი გეოპოლიტიკური პარადიგმაა და ახალი სხვანაირად იკითხება. ძველი პარადიგმიდან ახლის პროგნოზირება აბსურდია.

  • ირანში ამ ეტაპზე ახერხებს რეჟიმი ძალაუფლების შენარჩუნებას? 

ვერ გეტყვით. ვხედავთ ძალიან სერიოზულ სამხედრო კომპონენტის კონცენტრაციას ირანის გარშემო, მაგრამ ამას აზრი არ ექნება, თუკი ამერიკელებს გარკვეული დასაყრდენი ქვეყნის შიგნით არ აქვთ. შესაძლოა, მიდის ელიტებთან მოლაპარაკებები და როგორი კონფიგურაცია დალაგდება, იმაზეა დამოკიდებული, გამოიყენებენ თუ არა სამხედრო კომპონენტს, რა ფორმით და რა მასშტაბით.

მარტო სამხედრო კომპონენტით ირანში არ გადაწყდება რეჟიმის საკითხი, თუ არ გაირკვა შიგნით ელიტების დისპოზიცია როგორია. როგორც ჩანს, ახლა ეს პროცესია.

  • რა გათვლებით მოქმედებს ივანიშვილი, თქვენი აზრით? ამჯერად კობახიძე დებატს გვთავაზობს…

კობახიძემდე ეს ივანიშვილმა თავისი უმცროსი ვაჟის პირით გვამცნო, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ შეკრებაზე, სადაც ცოტნე ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ მისთვის საინტერესო იქნებოდა განსხვავებული აზრის მქონე თანატოლებთან დისკუსია, ანუ ჯერ უფლისწულის საშუალებით შევიტყვეთ და მხოლოდ შემდეგ ვეზირმა გადმოიტანა დიდ პოლიტიკურ დისკურსში ეს საკითხი.

არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ჩვენთვის დისკუსიის თემა? თუკი ჩვენ ვართ შეთანხმებული იმაზე, რომ რეჟიმი არის რუსული, მისი ქმედების მოდელი არის ზუსტად ისეთი, როგორიც პუტინის რეჟიმისა, რაზე ვსაუბრობთ?

  • გამოსააშკარავებელი აღარაფერია, რადგან უკვე ტროტუარზე დგომისთვის აპატიმრებენ ადამიანებს? 

პუტინთან შეიძლება საუბარი მხოლოდ ქვეყნის დეოკუპაციაზე, ივანიშვილთან საუბარი შესაძლებელია მხოლოდ ტყვეების გამოშვებაზე, ასევე, მხოლოდ ახალი პირობებით ახალი არჩევნების დანიშვნაზე. ეს მათთვის არ არის დისკუსიის თემა. ამ საკითხს დისკუსია არ სჭირდება, ეს არის უპირობოდ შესასრულებელი. ამას სჭირდება პრესინგი, რომელიც პირიქით ამკაცრებს ამ თავის პოზიციას და აგროვებს მძევლებს – ჰგონია, როდესაც საქართველოს საკითხი გახდება პრიორიტეტული, ასეთ შემთხვევაში მას, რაც მეტი მძევალი ეყოლება დაგროვილი, მით უფრო მეტი ექნება სავაჭრო დასავლეთთან.

მაგრამ დასავლეთი მასთან არ ივაჭრებს. დასავლეთი ელაპარაკება ლუკაშენკოს პოლიტიკური პატიმრების გამოშვებაზე, დასავლეთი ლაპარაკობს ალიევთან, სადაც არ არის შესაშური დემოკრატია, მაგრამ არ ელაპარაკება ივანიშვილს. იმიტომ რომ ლუკაშენკოც და ალიევიც ორივე გახლავთ სახელმწიფოს ფორმალური მმართველი, რეალური მმართველები არიან და მათ უკან დგას სახელმწიფო თავისი ინსტიტუციებით.

  • გამორიცხავთ, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ მიიღოს გარე ლეგიტიმაცია? 

ივანიშვილის ლეგიტიმაციას, როგორც ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველისას, მე გამოვრიცხავ. ივანიშვილთან შეთანხმებები აბსოლუტურად უსარგებლოა. მან არაერთგზის გადააგდო საერთაშორისო საზოგადოება, ასე შეუძლია გადააგდოს კვლავაც. ამიტომ ეს გამოცდილება უკვე ყველას აქვს და მასთან არანაირ შეთანხმებაზე ჩვენი პარტნიორები არ წავლენ.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 იანვრის 21 საათიდან 26 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 -8 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
  • ღამით: 7– 12 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 27 და 28  იანვარს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

გაუმართლებელმა შეზღუდვებმა უკიდურესად დაამძიმა მედიის მდგომარეობა სასამართლოებში – ქარტია

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ქართული ოცნების” პარლამენტისგან მოითხოვს, გააუქმოს სასამართლოში მედიის მუშაობის შემზღუდავი ახლად მიღებული ნორმები, ხოლო პარალელურად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, მედიის წარმომადგენლებისათვის სასამართლოებში ჰუმანური სამუშაო პირობები უზრუნველყოს. ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა უნდა შეძლონ სასამართლოსთან დაკავშირებული ამბების გაშუქება ისე, რომ ამით რისკის ქვეშ არ დააყენონ თავიანთი ჯანმრთელობა და სიცოცხლე,“ – აღნიშნულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჟურნალისტებს სასამართლო დარბაზებში ფოტოს და ვიდეოს გადაღება, ასევე აუდიოჩაწერა 2025 წლის ივნისში აუკრძალა ანტიკონსტიტუციუმა პარლამენტმა. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა სინდიდის პატიმრების, მათ შორის, მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო სხდომებზე ადვოკატებმა არაერთი ცრუ მოწმე ამხილეს. სიცრუეში ამხილეს პოლიციის მაღალჩინოსნებიც, ჟურნალისტებმა კი, ეს ამბავი საზოგადოებამდე მიიტანეს.

კანონში შესული ცვლილებებით ვიდეოს და ფოტოს გადაღება, ასევე აუდიო ჩაწერა აიკრძალა, როგორც სასამართლო სხდომათა დარბაზში, ისე სასამართლოების შენობებში, ეზოებში.

„ამ დროიდან მოყოლებული, მედიის წარმომადგენლები საათობით დგანან თბილისის საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან, სადაც ჟურნალისტებს ინტერვიუს ჩასაწერად გამოჰყავთ რეპონდენტები – ადვოკატები და პროკურორები, სასამართლო პროცესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.

გაუმართლებელმა და დაუსაბუთებელმა შეზღუდვებმა უკიდურესად დაამძიმა მედიის მდგომარეობა სასამართლოებში. ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სასამართლოებიდან საზოგადოებამდე ინფორმაციის მისატანად წარმოუდგენელი ძალისხმევის გაღება უწევთ. შეუფასებელია მათი ერთგულება პროფესიის მიმართ და მათი თავდადება საზოგადოებრივი ინტერესისათვის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ იზრუნა ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ელემენტარული სამუშაო პიროებების შექმნაზეც კი. მათ ღია ცის ქვეშ უწევთ მუშაობა პაპანაქება მზეში თუ აუტანელ ყინვაში, წვიმასა და ქარში,“ – აღნიშნულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავარი ფოტო: მზია ამაღლობელის საქმის განხილვის დღე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. 2025 წლის 11 ნოემბერი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს

ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობი მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. მას გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში დანაშაულის ჩადენას ედავება.

ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.

გამოძიების ვერსიით, „ბრალდებულმა, ბათუმში, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს – 1991 წელს დაბადებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქ.ი.- ს დანის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, 25 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109- ე მუხლით მიმდინარეობს , რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 234 040 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 605 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 23 950 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 36 612 ერთეული [+32]
  • MLRS – 1 624 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 286 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 114 896 ერთეული [+847]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 205 ერთეული [+15]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 75 759 ერთეული [+115]
  • სპეცტექნიკა – 4 050 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 111 017 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 646 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 302 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 651 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 825 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 52 754 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

“მოდით, დავასრულოთ ეს „ზაზუნას დღე“ – ზელენსკის მიმართვა ევროპელებს დავოსიდან

რუსეთის ძალები კიევს ისევ თავს დაესხნენ

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რატომ აწყობს ივანიშვილს მზია ამაღლობელი ციხეში? – ინტერვიუ ზვიად ქორიძესთან

„მთავარი ამოცანა ჩვენი საზოგადოების არის ის, რომ რეალურად გაიაზროს, რა ფაზაში შედის ეს პროცესი და დაინახოს, რომ ეს არ არის რაღაც კარიკატურული ფორმა. ეს არის ნამდვილი დიქტატურა და ამ დიქტატურას ჩვენ მოვერევით მხოლოდ დიდი ერთობით… მზია ამაღლობელი და ნებისმიერი სინდისის პატიმარი გვახსენებს იმას, რომ დიქტატურას უნდა ვებრძოლოთ ყველგან, ყოველთვის და არ უნდა დავუშვათ მისი ბოლომდე სტრუქტურირება ამ სახელმწიფოში,“ – ამბობს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე. მას ვესაუბრეთ იმაზე, თუ რატომ აწყობს ისევ მზია ამაღლობელის ციხეში ყოფნა „ოცნების“ რეჟიმს, რა სარგებელს იღებს ივანიშვილი ამით?

„თუ შევხედავთ, განწყობა შარშანდელი იანვრიდან დღემდე არ შეცვლილა… მზია ამაღლობელი არის სტიმული ყველა მოქალაქისთვის, რომელსაც უნდა იცხოვროს თავისუფალ, დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოში. მისთვის, რა თქმა უნდა, მზია არის კურსორი, მზია არის კომპასი, ვექტორი – ისევე, როგორც ნებისმიერი სინდისის პატიმარი, რადგან ეს ადამიანები დღეს არიან ციხეში იმიტომ, რომ გამოვიდნენ ქუჩაში, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მთელი საქართველოს სახელმწიფოებრივი ხომალდი შემოაბრუნა და ზურგით დააყენა ევროპასთან,“ – გვიყვება ზვიად ქორიძე.

რა ფასს იხდის და გადაიხდის ივანიშვილი მზია ამაღლობელის საჩვენებელი პატიმრობით? – „ბათუმელებმა“ ჟურნალისტ ზვიად ქორიძესთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო ზვიად, თქვენი აზრით, რატომ აწყობს „ოცნებას“ მზია ამაღლობელი ციხეში? გასაგებია რატომაც დააპატიმრეს – ის კრიტიკულ მედიას წარმოადგენდა. დღეს რა გათვლებით აწყობს ივანიშვილს მზია ამაღლობელის ციხეში დატოვება, რა სარგებელს იღებს?

თუ შევხედავთ, განწყობა შარშანდელი იანვრიდან დღემდე არ შეცვლილა. გასაგებია აღიარებები, დაჯილდოებები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში განსაკუთრებით წლის ბოლოს იყო დიდი რაოდენობით, მაგრამ ეს ზუსტად იმ განწყობების შედეგი იყო, რაც საერთაშორისო თანამეგობრობას, დემოკრატიულ თანამეგობრობას ჰქონდა მზია ამაღლობელისადმი. შეიძლება, თავიდან ვიღაცებს გაუჭირდა სწორი ანალიზი, კადრმა შეიძლება უფრო იმოქმედა მათზე, ვიდრე შინაარსმა, მაგრამ როდესაც ისინი ჩასწვდნენ შინაარსს და გაიგეს, რაში იყო საქმე და რა მოხდა შარშან 11-12 იანვრის ღამეს ბათუმში, კითხვის ნიშანი არ ჰქონიათ ამ თემაზე და ისინი იმთავითვე მიიჩნევდნენ მზიას სინდისის პატიმრად.

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას ჩვენი პარტნიორები მიიჩნევდნენ მედიის წინააღმდეგ, კრიტიკული აზრის წინააღმდეგ და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად.

ქვეყნის შიგნითაც იგივე განწყობებია. მაშინაც იყვნენ ადამიანები, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, რომლებიც ამბობდნენ: კარგი, ჰო, დაარტყა, მაგრამ ახლა ამხელა სასჯელი და პრესინგი ადამიანზე არ შეიძლება, მით უმეტეს ქალზე. მაგრამ ეს არაფერს არ ცვლიდა, რადგან მთავარია ის მაგისტრალური ხაზი, რაც არჩეული აქვს ბიძინა ივანიშვილს. ის ამ ხაზიდან არ უხვევს. ეს ხაზი არის დიქტატურა.

დიქტატურას აუცილებლად სჭირდება სინდისის პატიმრები – ნებისმიერი რაღაცის გამო შეიძლება ადამიანმა გამოთქვას პროტესტი, იმოქმედოს და ნებისმიერი დიქტატორი მიიყვანს ამ ადამიანებს სატუსაღომდე. ამიტომაც, სინდისის პატიმრები თან სდევს დიქტატურას. როცა ჩვენ ვსაუბრობთ სინდისის პატიმრებზე, უნდა წარმოვიდგინოთ, ვინ აქცევს მათ სინდისის პატიმრებად – რა თქმა უნდა, დიქტატურა. დიქტატურას არ აწყობს კრიტიკული მედია.

  • მაგრამ რა ფასს იხდის ან გადაიხდის „ოცნება“ მზია ამაღლობელის საჩვენებელი დასჯით?

„ოცნება“ ჩახარშა საკუთარ წვენში ბიძინა ივანიშვილმა. ამ „ოცნებისგან“ არაფერი არ გამოვა. ეს „ოცნება“ ასეთი იქნება, როგორიც არის. სამწუხაროდ, ეს არ არის ქართული საზოგადოების ოცნება, რომ ასეთი სახელმწიფო მიიღოს. ამ „ქართული ოცნების“, ამ პოლიტიკური, თუ რაღაც კრიმინალური ჯგუფის ინტერესია იზოლირებული, გამოკეტილი ქვეყანა. ასეთი ქვეყანა უნდა ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილი საკუთარ დიქტატურას დემოკრატიულ თანამეგობრობაში, ან ნებისმიერი ტიპის ღია ურთიერთობებში ვერ დაამყარებს.

ბიძინა ივანიშვილისთვის დიქტატურა ხელმისაწვდომია მხოლოდ იზოლირებულ სახელმწიფოში. ის იქნება ჩაკეტილი გარე ურთიერთობებში და ის იქნება შიგნითაც ჩაკეტილი საზოგადოება. მხოლოდ ასეთ პირობებში შეძლებს ის, გაამყაროს ბოლომდე თავისი ავტორიტარული ძალაუფლება. ხვალ და ზეგ შეიძლება ესეც აღარ დასჭირდეს და მოიშოროს ან სხვანაირად გარდაქმნას.

მთავარია, რომ ამ ადამიანებმა – წინა ფორმაციის „ქართული ოცნების“ ჯგუფმა, დღევანდელი ფორმაციის თუ ხვალ რომ იქნება, იმ ფორმაციის „ოცნების“ დაჯგუფებამ ერთადერთი რამ უნდა შეასრულოს: ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება უნდა განამტკიცონ და უნდა დაარწმუნონ ის, რომ მის დიქტატურას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

დააკვირდით, არც ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, რომ რაიმე ტიპის ჰუმანიზმი, სამართლიანობა, თუნდაც ანგარიშიანობა უნდა გამოიყენოს ამ ადამიანების მიმართ.

  • მათ შორის, პოლიტიკურ ფასსაც არ გაუწიოს ანგარიში, რის გადახდაც უწევს ივანიშვილის იგივე „მზია ამაღლობელის საქმისთვის“?

რა თქმა უნდა. ივანიშვილმა იცის, რომ ის დემოკრატიულ თანამეგობრობასთან შედის წინააღმდეგობაში, მაგრამ მას ასე ურჩევნია.

ჩვენ ასე არ უნდა დავინახოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი იმიტომ არის გაბრაზებული, რომ ის დაასანქცირეს, რომ მან თითქოსდა მოიგო რაღაც საქმეები საბანკო ორგანიზაციებთან, მაგრამ ფულს არ აძლევენ და ამის გამო ახლა მათ ევაჭრება. ივანიშვილმა ზუსტად იცოდა, რას გააკეთებდა საქართველოში, რისთვისაც მან ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. აი ეს მოუტანდა მას ასეთი ტიპის შედეგებს.

ის თვალთმაქცობდა, შემდეგ გადავიდა უკანა პლანზე, ფარდის მიღმა: მე რა შუაში ვარ, ხელისუფლებაში ხომ არ ვარ, მაგრამ ბოლოს თვითონვე იძულებული გახდა, რომ არ დაემალა, ის არის დიქტატორი ამ ქვეყანაში. 2023 წლის აპრილში ივანიშვილი ღიად გამოვიდა, თავისი ფაშისტური, ავტორიტარული სიტყვა წარმოთქვა და ღიად უთხრა მთელ სამყაროს: მე ვარ აქ დიქტატორი, ისე მოვაწყობ საქართველოს, როგორც მინდა.

ამის შემდეგ იწყება ზუსტად რუსული კანონების კასკადი, არა მხოლოდ ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ, მთელი ეს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც არის დაფუძნებული რუსული ტიპის ავტორიტარიზმზე, ჩაკეტილობაზე, იზოლაციონიზმზე, ანტიევროპულობაზე, ანტიდასავლურობაზე. ამ ბრძოლაში ვინც დადგება მის წინააღმდეგ, ის ყველას გაწირავს, ყველას გამოკეტავს საპყრობილეში.

უკვე ადამიანებს იჭერს იმის გამო, რომ ისინი დგანან ტროტუარზე. მნიშვნელობა არა აქვს, ტროტუარზე ვაპროტესტებ თუ ვდგავარ. თანაც, ყველაზე ფართო, ორმხრივი მიმართულებით სამოძრაო, უზარმაზარი ტროტუარია ხომ პარლამენტთან? აი, იმ ტროტუარზე დგომის გამო ადამიანები მიდიან საპყრობილეში. ხვალ რომ დაიჭერენ მეორედ, განმეორებით, უკვე სისხლის სამართლის გზით წავლენ ისინი საპყრობილეში. ეს უკვე რეალური სახეა.

ივანიშვილს ზუსტად ისე წარმოუდგენია მმართველობა, როგორც ამბობს. ის ხომ არ მალავს, არ თვალთმაქცობს – რასაც ფიქრობს, როგორი საქართველოც უნდა რომ შექმნას, ამაზე ის სხვადასხვა ინტერვიუში საუბრობს. ის მართლა ასე ფიქრობს, ასეთ ქვეყანას აწყობს და ამ ქვეყნის აუცილებელი ატრიბუტია სინდისის პატიმრები.

  • როგორ ეხმარება მზია ამაღლობელი წინააღმდეგობის პროცესს საქართველოში? როგორ ჩანს, ასევე, დასავლეთის თვალში „მზია ამაღლობელის საქმე“?

ყველაზე მთავარია ჩვენი თვალი, ჩვენი საზოგადოების განწყობები. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანისთვის მზია არის გმირი, მზია არის მებრძოლი, გაუტეხელი და მართალი ადამიანი. ის არის სტიმული ყველა მოქალაქისთვის, რომელსაც უნდა იცხოვროს თავისუფალ, დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოში. მისთვის, რა თქმა უნდა, მზია არის კურსორი, მზია არის კომპასი, ვექტორი – ისევე, როგორც ნებისმიერი სინდისის პატიმარი, რადგან ეს ადამიანები დღეს იმიტომ არიან ციხეში, რომ გამოვიდნენ ქუჩაში მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მთელი საქართველოს სახელმწიფოებრივი ხომალდი შემოაბრუნა და ზურგით დააყენა ევროპასთან. ამიტომაც გამოვიდა ეს ხალხი ქუჩაში, გაუწიეს წინააღმდეგობა, ამას აპროტესტებდნენ და ამიტომ მოხვდნენ ისინი საპყრობილეში.

ჩვენი სინდისის პატიმრები ჩვენი საზოგადოების სინდისია.

ისინი თავისი მოსაზრებების გამო ისჯებიან და ამიტომ ჰქვიათ მათ სინდისის პატიმრები, ისინი არიან ჩვენი საზოგადოების სინდისი. ამ ადამიანებმა რეალურად საკუთარი თავი, თავისუფლება, საკუთარი უსაფრთხოება დადეს სასწორზე და ისინი დღეს იტანჯებიან ივანიშვილის პირად სატუსაღოში. ამიტომაც, ჩვენი საზოგადოების, თითოეული ჩვენგანისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია მათი აი ეს გაუტეხლობა, ეს სულისკვეთება და მეორე მხრივ თითოეულ ჩვენგანს გვაწუხებს მათი ბედი.

ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ თუ ჩვენი მიზანი არის ბრძოლა დიქტატურის წინააღმდეგ და საქართველოს გათავისუფლება ამ იზოლაციონისტური დიქტატურისგან, მაშინ ეს ხვედრი შეიძლება ყველა მოქალაქეს დაემუქროს საქართველოში.

  • ვინც გააპროტესტებს და შეეწინააღმდეგება დიქტატურის დამყარებას? 

რა თქმა უნდა. ბიძინა ივანიშვილი სწორედ ასე უყურებს საქართველოს მოქალაქეებს – ის რაოდენობრივად გვთვლის, უყურებს იმას, თუ რა დასჭირდება, მაგალითად, ეკონომიკურად? მთლიანი შიდა პროდუქტის ამაღლებას დასჭირდება უფრო ცოტა მოსახლეობა – პირდაპირ გვეუბნება, წადით ამ ქვეყნიდან, არ არის თქვენი ადგილი ამ ქვეყანაში. ისედაც უნდა, რომ წავიდნენ განსაკუთრებით ახალგაზრდები – მათი სულისკვეთება არ მოსწონს, ხელს უშლის. რაც უფრო „დაბერებული“ იქნება ასაკობრივად ქართული საზოგადოება, მით მეტად მისი მორჩილი იქნება. შესაბამისად, ნაკლები რესურსების დახარჯვა მოუწევს ავტორიტარიზმზე. ივანიშვილი ამ ყველაფერს თვლის, ანგარიშობს.

ყველა ადამიანი ფიქრობს იმაზე, რომ აი, როცა კრიტიკული მომენტი დგება, ღირს ამის გამო წავიდეს ციხეში? იწყებს ფიქრს და ამბობს: მირჩევნია, საერთოდ წავიდე ამ ქვეყნიდან.

მთლიანობაში, ასე ყალიბდებოდა დიქტატურები. ახლა არის დიქტატურის სტრუქტურირების, ბოლომდე ჩამოყალიბების პროცესი, რაც არ უნდა ვაცადოთ ბიძინა ივანიშვილს. მან თუ ეს პროცესი დაძლია, გადავა შემდეგ ეტაპზე, უფრო რეაქციულ ქმედებებზე.

  • ამ პროცესში მას არ სჭირდება მინიმუმ საკუთარი ამომრჩევლის მხარდაჭერა? „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ივანიშვილის დაჯგუფება საუბრობდა იმაზე, რომ თითქოს მზია ამაღლობელი დავალებას ასრულებდა, მის მობილურ ტელეფონში კი, „ოცნების“ პროკურატურამ „დიფ სთეიტი“ ვერ იპოვა. 

რატომ ვუშვებთ ამ ვარიანტს, რომ ბიძინა ივანიშვილს დღეს ამომრჩეველი საერთოდ აინტერესებს?

ბიძინა ივანიშვილმა 2020-ის, განსაკუთრებით კი, 2024 წლის არჩევნებზე გვითხრა, რომ სულ არ მაინტერესებს მილიონი იქნებით, მილიონ-ნახევარი თუ ორი მილიონი, რამდენიც არ უნდა მიხვიდეთ არჩევნებზე, დავწერ იმ პროცენტს, რაც მე მინდაო.

ივანიშვილი საკუთარ ძალაუფლებას ამყარებს რეპრესიულ მანქანაზე. ვხედავთ, რომ დღეს მას ჰყავს პოლიცია, რომელიც ყველაფერზე მიდის – ნადირობს ქუჩაში ადამიანებზე. დღეს მას ჰყავს სუსი, რომელიც მიდის ყველაფერზე, რასაც დაავალებს დიქტატორი. დღეს მას ჰყავს სასამართლო, სადაც ყველა ტიპის უმსგავსო გადაწყვეტილებას აწერენ ხელს მოსამართლეები, უკვე ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს უშვებენ საპატიმროში. ეს რეპრესიული მანქანა მას გამართული აქვს.

ივანიშვილმა უთხრა ქართულ საზოგადოებას: თუ დამჭირდება, თქვენს წინააღმდეგ გამოვიყენებ ქიმიურ იარაღს, თუ უფრო მეტად გამიჭირდება, მე თქვენ გესვრით – გესვრით არა სათამაშო ტყვიებს, არამედ ნამდვილ ტყვიებს, მოგკლავთ! ის ამას ამბობს.

მთავარი ამოცანა ჩვენი საზოგადოების არის ის, რომ რეალურად გაიაზროს, რა ფაზაში შედის ეს პროცესი და დაინახოს, რომ ეს არ არის რაღაც კარიკატურული ფორმა. ეს არის ნამდვილი დიქტატურა და ამ დიქტატურას ჩვენ მოვერევით მხოლოდ და მხოლოდ დიდი ნაციონალური ერთობით. ისეთი მერკანტილური, თუ ვიწრო პოლიტიკური გაანგარიშებები: აი, ამასთან ვიქნები, ამასთან არ ვიქნები – ეს ყველაფერი ხდება უკვე ფიქცია. აი, ასეთი პოლიტიკური მანიპულაციები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ამ დიქტატურის გაძლიერებას, მეტს არაფერს.

დღეს ჩვენ მზია და ნებისმიერი სინდისის პატიმარი გვახსენებს იმას, რომ დიქტატურას უნდა ვებრძოლოთ ყველგან, ყოველთვის და არ უნდა დავუშვათ მისი ბოლომდე სტრუქტურირება ამ სახელმწიფოში.

ყველა ტიპის დიქტატორს ჰყავს თავისი ადეპტები, მორჩილი ხალხი. საზოგადოებაში აუცილებლად იქნება რაღაც ნაწილი, რომელიც მორჩილია და დამყოლი, რომელმაც შეიძლება დაიჯეროს ისეთი ცრუპენტელური დაპირებებიც, რომ თურმე სუსი შევა სუპერმარკეტში და გაიაფდება პროდუქტები. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ რეალურად ქვეყანაში იქნება დეფიციტი პროდუქტის, ამიტომ საჭიროა ამ პროდუქტების მარაგების ცოდნა.

დააკვირდით, რომელი უწყება დაინტერესდა – უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სტრუქტურა დაინტერესდა იმით, რომ დაადგინოს ქვეყანაში სურსათის მარაგები. ხვალ ალბათ რაღაც გარკვეულ ფიქსირებულ ფასებზე გადაიყვანს სავაჭრო ქსელებს, ზეგ შეიძლება რაღაც ფონდები შექმნას და დაიწყოს საუბარი იმაზე, როგორ გაანაწილოს, იმიტომ რომ ობიექტურად შეექმნება მას ეს პრობლემები, მაგრამ ის პროპაგანდისტული მედიით შეეცდება ბოლომდე დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ჩვენ გვებრძვის მთელი დასავლეთი, ასეთი მექანიზმებით უნდა მოვიჭიროთ ქამრები და გავუძლოთ, იმიტომ, რომ დასავლეთი გაგვანადგურებს, გაგვრყვნის და ასე შემდეგ. აი, ეს არის მისი მთავარი კონცეფცია.

ჩვენი ამოცანაა არა ის, რომ დავაკვირდეთ ამ პროცესებს, არამედ ვიბრძოლოთ, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გათავისუფლდეს დიქტატურისგან.

მოქალაქეებმაც, რომლებიც ხანდახან ქილიკობენ: არაფერს აზრი არ აქვს, აი, ნახე რა ცოტა ადამიანი დარჩა რუსთაველზე,  ბათუმში, ან ზუგდიდში მიტინგებზე… უფრო ცოტანი დარჩებიან, თუ უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს ასე საუბარს. პირიქით, დღეს მთავარი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გამოხატოს პროტესტი ღიად, გაუწიოს წინააღმდეგობა ღიად და, რა თქმა უნდა, ქვეყანა დააბრუნოს დემოკრატიული განვითარების კალაპოტში.

  • ივანიშვილს არ აინტერესებს არც სტრასბურგის სასამართლოში საქმის წაგება? ამის შანსი იზრდება, თანაც ევროსასამართლოს ყოფილმა პრეზიდენტმა კლუნების ფონდის ანგარიშში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგის შესახებ თქვა, რომ „გამოვლინდა უფლებათა საერთაშორისო სტანდარტის მრავალი დარღვევა“. 

ივანიშვილი ყველაფერს ზომავს იმ საჭიროებით, რაც მას სჭირდება და არა იმით, შენ რა გჭირდება, მოქალაქეს. შენ, რა თქმა უნდა, გჭირდება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო, როგორც მაღალი დემოკრატიული და სამართლიანი სტანდარტების სასამართლო. ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში თუ გეპარება ეჭვი, გაასაჩივრებ და იქ იპოვი სამართალს, მაგრამ ამისთვის სჭირდება ბიძინა ივანიშვილს ეს?

ყველა ეს ევროპული მექანიზმი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის სასარგებლოა, მოქალაქეებისთვის, საზოგადოებისთვის, მაგრამ დიქტატურას ყოველთვის აქვს იმის რესურსი, ამას არ გაუწიოს ანგარიში და არ შეასრულოს.

ამიტომაც, არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ყველა ეს საგარეო ფაქტორი, მიღწევები გამოვიყენოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავუსწოროთ თვალი სიმართლეს და ვთქვათ, რომ ჩვენი ამოცანაა, ქვეყნის შიგნით ბრძოლით და თანამიმდევრული მოქმედებებით დავანგრიოთ დიქტატორული ვერტიკალი, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილის დიქტატურა უნდა დაემხოს – აი, ეს უნდა იყოს ქართული საზოგადოების მთავარი მიზანი.

ივანიშვილი პერიოდულად გვთავაზობს პოლიტიკურ მანიპულაციებს, ამჯერად გვეუბნება, რომ აი, ახლა ფასებს მოაწესრიგებს იმიტომ, რომ თურმე ნაცები არიან მოკალათებული სუპერმარკეტებში, საბოტაჟს ეწევიან და რომ თურმე დიალოგია საჭირო – რაღაც სოკრატეს პოზიციიდან გამოიყვანა კობახიძე. ეს ყველაფერი არის მისგან შემოთავაზებული სათამაშოები და ამ სათამაშოებს ჩვენ ავყვებით თუ არ ავყვებით – ეს არის ჩვენს სიმწიფეზე დამოკიდებული.

როგორ შეიძლება პოლიტიკურ დებატებზე ელაპარაკო მთავრობას, როდესაც იგივე მთავრობა აი, ამ პოლიტიკური დებატების შემოთავაზების მეორე დღეს ადამიანებს იჭერს და სვამს ციხეში ტროტუარზე დგომის გამო? გეუბნება, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი იმისთვის მჭირდება, რომ შენი ბრაზის ტემპერატურა დავწიო, შენი ბრძოლისუნარიანობის ტემპერატურა დავწიო, ცოტა დაგაბლაგვო და გითხრა, მოდი, ახლა ვითამაშოთ პოლიტიკანობა. მაგრამ პოლიტიკანობის თამაში, არჩევნების თამაში, ყველა მექანიზმი არის მის ხელში. ის, რა თქმა უნდა, ამ თამაშებს ყოველთვის მოიგებს.

ამიტომაც, როდესაც ვლაპარაკობთ ივანიშვილის დიქტატურაზე და მის წინააღმდეგ ბრძოლაზე, თუნდაც ჩვენი 35-წლიანი გამოცდილების სხვადასხვა ეტაპზე როგორ ვმოქმედებდით და როგორ ვაღწევდით წარმატებას ან როგორ ვმარცხდებოდით – ამას არ აქვს მნიშვნელობა, აღარ გამოგვადგება, იმიტომ, რომ ასეთი მოცემულობა ჩვენ არ გვქონია. დღეს ერთადერთი მხარდამჭერი და პოზიტიურად შემფასებელი ივანიშვილის დიქტატურის არის რუსეთის ხელისუფლება, რომელიც აქტიურად არც ერევა ამ პროცესებში – თითქოს არც ჩანს ამ პროცესებში. მხოლოდ მხარს უჭერს. რატომ? – იმიტომ, რომ მან ზუსტად იცის, რომ ასეთი იზოლაციონისტური, ავტორიტარული მმართველობის პირობებში საქართველო არის ძალიან კარგი და მისაღები ლუკმა რუსეთისთვის.

ასეთი საქართველო ვერ იპოვის დასავლურ ცივილიზაციაში თავის ადგილს და ის დარჩება, რა თქმა უნდა, რუსეთის საკბილო. ძალიან კარგად იცის რუსეთმა, რომ საქართველო იქნება ღარიბი, კორუმპირებული, გაუნათლებელი, ჩაკეტილი საზოგადოება, რომელსაც ეყოლება ივანიშვილი დიქტატორად.

ეს არის საუკეთესო პროექტი, რაც კი შეიძლება კრემლს ოდესმე მოეფიქრებინა საქართველოსთვის.

გალიფ ოზთურქს ბათუმში 9 კორპუსი ჩამოართვეს, რა ელის გოგოლის ქუჩაზე აშენებული ბინებს

ბიზსნესმენ გალიფ ოზთურქს, ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი კორპუსები ჩამოართვეს. დღეს, 24 იანვარს, კორპუსებში ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომლები შევიდნენ დაცვის პოლიციასთან ერთად. პოლიცია კორპუსების დატოვებას სთხოვს რამდენიმე ადამიანს, ვინც აცხადებს, რომ ამ ბინებში უკვე ცხოვრობს.

მას შემდეგ, რაც ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს ნარკოდანაშაულის საქმეზე საპროცესო გაუფორმეს და 1 მილიონი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენის წინააღმდეგ კიდევ ერთ საქმე დასრულდა საპროცესო შეთანხმებით. გალიფ ოზთურქს პროკურატურა ედავებოდა ფინანსური დანაშაულის ჩადენას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 2025 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დაადასტურა პროკურატურას და ოზთურქს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება. უკანონო შემოსავლის ლეგალიზების [ფულის გათეთრება] საქმეზე ბიზნესმენს ამჯერად ორწლიანი თავისუფლების აღკეთა შეუფარდეს, რაც ჩაეთვალა პირობით.

ასევე, სახელმწიფომ ბიზნესმენს ჩამოართვა უძრავი ქონება ბათუმში, გოგოლის ქუჩა #11-ში. საუბარია იმ კორპუსებზე, რომელიც ოზთურქის კომპანიამ 2021 წელს უკანონოდ ააშენა და სახელმწიფოს მისთვის ხელი არ შეუშლია. მას შემდეგ, რაც „ოცნების“ მთავრობას ბიზნესმენთან ურთიერთობა დაეძაბა, ამ კორპუსების კანონიერებაზე დაიწყო ადმინისტრაციული დავა ბათუმის სასამართლოში.

ამჯერად, სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლი აამოქმედა პროკურატურამ ოზთურქის წინააღმდეგ, რაც ქონების უსასყიდლოდ ჩამორთმევას გულისხმობს. ოზთურქი ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ ეს ქონება ოზთურქის ჩამოართვეს იმ ზიანის სანაცვლოდ, რაც პროკურატურის ვერსიით, ოზთურქიმ მიაყენა სახელმწიფოს და რაც დაახლოებით 23 მილიონი ლარად შეფასდა.

„ამას გარდა, ჯარიმა დაგვეკისრა 100 ათასი ლარი დამატებითი სასჯელის სახით,“ – ამბობს რობერტ გრიგალაშვილი „ბათუმელებთან“.

გოგოლის ქუჩა 11 ბ-ში მდებარე უძრავი ქონება საჯარო რეესტრის მონაცემებით უკვე სახელმწიფოს საკუთრებაა. რას უპირებს ამ ქონებას სახელმწიფო?

„საკითხი განხილვის და გადაწყვეტის პროცესშია“, – მხოლოდ ეს მოგვწერეს ბათუმის მერიის პრესცენტრიდან. უცნობია, რა ბედი ეწია სასამართლო დავას, როცა ბათუმის მერიამ კორპუსების აშენების შემდეგ თქვა, რომ კორპუსები უკანონოდ აშენდა.

  • გოგოლის 11-ში, უკანონო მშენებლობა ხელისუფლებამ 2021 წელს არ შეაჩერა. სხვადასხვა ჯგუფი, მათ შორის, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები პერიოდულად ითხოვენ ამ კორპუსების სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გადაცემას.

გოგოლის 11-ში უკვე ცხოვრობს რამდენიმე ოჯახი, მათ შორის, მარინა მსხალაძე:

„10 დღის წინ შემოვედი ამ კორპუსში ჩემი ერთ-ერთი შვილის ოჯახთან ერთად, წასასვლელი არსად გვაქვს, თუ მომკლავენ ისაა, მე არსად არ გავალ. არ შემოვუშვი დღეს პოლიციელები ჩემს ბინაში.

წყალიც არაა, მაგრამ მოვზიდე. გათბობა არც მანამდე მღირსებია… ნაქირავებში ვიყავით და ვეღარ ვიხდიდით ქირას. გათბობა არც იმ ნაქირავებში მქონია. როგორ ვარ იცით? სულ ვტირი, მიკვირს, ახლა რომ ვლაპარაკობ.

არ დაგიმალავთ: 6 შვილი მყავს და აქედან სამს მისცეს ბინა, ერთს „ოცნების ქალაქში“, ორს ხელვაჩაურში ჰქონდა სახლი და მაგისტრალი რომ ააშენეს, მაშინ მისცეს ბინები, ისეთი სივიწროვეა იმ ბინებში და იმდენი შვილიშვილი მყავს, ჩემი ადგილი არ არის. 65 წლის ქალი ვარ და 22 წელია ბინას ვითხოვ, მანამდე სადაც შევედი, ყველგან გამომაგდეს.

10 დღის წინ აქ შემოვიარე, არავის არ უთქვამს, შეგიძლია შეხვიდე მაქ და მიდიო, გარეთ არავინ იდგა, კარზევე იყო გასაღები, შემოვედი და დავრჩი… სხვებიც არიან, მაგრამ არ ვიცი არაფერი მათ შესახებ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მარინა მსხალაძემ.

გოგოლის 11-ში აქვს ოფისი ორგანიზაციას „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი“. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ ოფისში შესვლის და დოკუმენტაციის, ასევე ტექნიკის გატანას უზღუდავენ:

„ვუთხარი, რომ უნდა მომცენ კანონით გათვალისწინებული ვადა 10 დღე, რასაც არ აკეთებენ.

კეთილი ნების საფუძველზე, ვიდრე ეს ქონება სახელმწიფოს ხელში გადავიდოდა, ოზთურქიმ მომცა ოფისის ფართი და ბინაც. მე 6 შვილი მყავს და წლებია ვითხოვ ბინას, როგორც მრავალშვილიანი ოჯახი,“ – ამბობს მერაბ ღოღობერიძე.

გოგოლის 11-ში რჩება დაცვის პოლიცია.

პატიმრობიდან გათავისუფლებული გალიფ ოზთურქი კი, საქართველოში რჩება და ბიზნესსაქმიანობას განაგრძობს. ის საქართველოს და თურქეთის მოქალაქეა.

ამ თემაზე:

როგორ დააღწია თავი პატიმრობას და სად წავიდა ოზთურქი? – „1 მილიონი ლარი ბიუჯეტში ჯარიმის სახით“

„ანტიკონსტიტუციურია“ – საია ტროტუარზე დგომისთვის მოქალაქეების დაპატიმრებაზე

საია ეხმაურება ტროატურზე დგომის გამო ადამიანების სამართალდამრღვევად ცნობას და მათ დაპატიმრებას.

„2026 წლის 23 იანვარს, ადამიანის უფლებების კრიზისული მდგომარეობა ახალ ნიშნულზე გადავიდა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები [დიმიტრი ჯამბურია, მიხეილ ზაქარეიშვილი, სანდრო მეგრელიშვილი, ნათია ჭავჭანიძე, ნუკრი კაკულია, ლუკა ნაგლიაშვილი, ანი ახმეტელი] საფეხმავლო გზაზე [ტროტუარზე] პროტესტის გამო სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, შეკრების თავისუფლებას იმთავითვე შეზღუდულ უფლებად აქცევს, შინაარსს აცლის მის ფუნდამენტს და არის ცალსახად ანტიკონსტიტუციური,“ – აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საია ტროატუარზე დგომისთვის დაპატიმრებულ პირებს შორის იცავს დიმიტრი ჯამბურიას ინტერესებს. ამ საქმეშიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ევროსასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითებს, რაც საიას შეფასებოთ ფორმალურია: „ნაცვლად მათში მოცემული მსჯელობების საქმესთან მისადაგებისა, შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი სტანდარტების საქმისგან აბსტრაჰირებული მითითებით. ევროსასამართლოს სტანდარტების ჭეშმარიტი მოხმობა თბილისის საქალაქო სასამართლოს საშუალებას არ მისცემდა, საქართველოს მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ეცნო მაშინ, როდესაც ისინი ტროტუარზე იმყოფებოდნენ პროტესტის გამოხატვის მიზნით“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

საიას შუამდგომლობა, რომ სასამართლომ საკონსტიტიცუო წარდგინებით მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. თუ მოსამართლე ხედავს, რომ კონკრეტული სამართლებრივი ნორმა ანტიკონსტიტუციურია, საქმის განხილვა უნდა შეაჩეროს და საკონსტიტიციო სასამართლოს მიმართოს. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, კონსტიტუციურია თუ არა სადავო სამართლებრივი ნორმა. აე მოიქცა, მაგალითად, თეთრიწუაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა, რომელმაც რამდენიმე საქმეზე სამართალწარმოება შეაჩერა და განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ახალი სამართლებრივი ნორმები მისი აზრით არაკონსტიტუციურია.

„ტროტუარზე დგომისთვის” ადამიანების სამართალდამრღვევად ცნობის საქმის განხილვისას სასამართლოს არ გაუჩნდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ნორმატიული აქტი, რომელიც სასამართლოს ამ საქმის გადაწყვეტისას უნდა გამოიყენებინა, შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო კონსტიტუციის შეუსაბამოდ.

ტროტუარზე შეკრების და მანიფესტაციის იმავე წესებისთვის დაქვემდებარება, რომელიც ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტიპის შეკრება საზოგადოებრივი ცხოვრების ჩვეული რიტმს ბევრად ნაკლები ხარისხით ზღუდავს, მიუთითებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების მიზანი, არა სხვათა უფლებების ან მართლწესრიგის დაცვაა, არამედ შეკრება/მანიფესტაციებისთვის გაუმართლებელი დაბრკოლებების შექმნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასამართლოს პრაქტიკა, ასეთი ანტიკონსტიტუციური ადამიანის უფლებათა პოლიტიკის გატარებისას, მიუთითებს, როგორც ინდივიდუალური აქტივისტების მიმართ რეპრესიებზე, ასევე, მიზნად ისახავს დემონსტრაციების გამართვის შესაძლებლობებზე მსუსხავი ეფექტის ქონასაც. ასეთმა პრეცედენტებმა შეუქცევადად შეიძლება დააზიანოს, არამხოლოდ, ინდივიდუალური უფლებები, არამედ დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური საყრდენები,“ – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ თემაზე:

„ვის შევუშალე ხელი?“ – ვინ და როგორ დააპატიმრეს ტროტუარზე დგომის გამო

ჰელსინკის კომისია: „ოცნებამ“ საქართველო დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე უარეს კრიზისში ჩაითრია

აშშ-ს ჰელსინკის კომისია საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების შესახებ ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგი 2026 წლის 28 იანვარს გაიმართება. პრესრელიზში აღ%ნიშნულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე უარეს ადამიანის უფლებების კრიზისში ჩააგდო.

„2024 წლის ოქტომბრიდან, საქართველოს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, საქართველო დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე უარეს ადამიანის უფლებების კრიზისში ჩაითრია. მათ 20-ზე მეტი ახალი კანონი მიიღეს, რომლებიც აფართოებენ სახელმწიფო ძალაუფლებას განსხვავებული აზრის ჩასახშობად და სასამართლოს დამოუკიდებლობას ართმევენ.

რეპრესიებმა სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები და პოლიტიკური ოპოზიცია მოიცვა. ხელისუფლებამ გაყინა მომიტინგეებისთვის იურიდიული დახმარების გამწევი ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები, დააკავა ჟურნალისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები ყალბ საქმეებზე დაიბარა, რის გამოც ისინი მათი ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმის გამო დააპატიმრა. მშვიდობიანი პროტესტი ამჟამად მაღალ ჯარიმებსა და ხანგრძლივ პატიმრობას იწვევს.

ეს ბრიფინგი განიხილავს ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას, „ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის მქონე პირთა დასჯისა და დემორალიზაციის ტაქტიკას და საქართველოს წინსვლის გზებს,“ – აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

Exit mobile version