„როდის დაიწყო და მე-19 საუკუნეში“, „ერთ არჩევნებზე დაიწყო და მეორეზე დასრულდება“, „საცობიი? – უუუფ რა ვიცი“, „ახალ მანქანას მიყიდით?“ – ასეთი რეაქცია აქვთ მძღოლებს, ხელვაჩაურის გზის რეაბილიტაციის პროცესზე კითხვების მოსმენისას. ხელვაჩაურის გზაზე მძღოლებთან გასაუბრების შემდეგ მიხვდებით, რომ აქ გზის რეაბილიტაციის პროცესს უკვე სარკასტულ-იუმორისტულ ჟანრში განიხილავენ.
„გაბრაზების“ ეტაპს უკვე ჩაუვლია: „ლაპარაკით რა იქნება ვითომ“.
იმავეს ვერ ვიტყვით გზის ჩაკეტილი მონაკვეთის გასწვრივ მცხოვრებლებსა და კომერციული ობიექტების მეპატრონეებზე:
„რამე არ მითხრა, მღალატობს ნერვები“.
„ხელი აბა არ გვეშლება? – კლიენტი ვეღარ შემოდის, მტვერში ვიხრჩობით.“
ხელვაჩაურის გზა, ფრიდონ ხალვაშის გამზირი მეჯინისწყლის დასახლებაში გადასასვლელი ხიდიდან, ე.წ. სტეფანოვკის ხიდამდეა ჩაკეტილი. გზის ჩაკეტილ მონაკვეთზე გადაადგილება მხოლოდ ფეხით შეიძლება. თუმცა ხანდახან, გამონაკლისის სახით მანქანასაც ატარებენ – იმათ, ვინც ამ მონაკვეთზე ცხოვრობს, ან მუშაობს.
„კეთდება და რა არის ამაში ცუდი? – ცოტა უნდა გავიჭირვოთ“, – გვეუბნება ხელვაჩაურის გზის იმ მონაკვეთზე მცხოვრები კაცი, სადაც გზა სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო უკვე ორი კვირაა ჩაკეტეს. მეზობელს კი მისი ნათქვამი არ მოსწონს.
ფრიდონ ხალვაშის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო. ჯერ სანიაღვრე არხებს თხრიდნენ, შემდეგ ტროტუარების ადგილი მონიშნეს, ხიდების გაფართოება დაიწყეს, გააფართოვეს, ახლა ამ ხიდებზე ძველი ასფალტის ნარჩენები დაყარეს, დიდი გროვები დააყენეს, პარალელურად გზის სავალ ნაწილზე ასფალტი ათხარეს, ახალი უნდა დააგონ…
მთელი ამ დროის განმავლობაში ხელვაჩაურის გზაზე მოძრაობა ხან შეზღუდული იყო, ხან შეუძლებელი. განსაკუთრებით რთული იყო ავტომანქანით გადაადგილება, როცა ხიდების გაფართოების სამუშაოების გამო გზა მკვეთრად შევიწროვდა. აქ საცობში საათობით უწევდათ დგომა, მათ შორის ქედაში, შუახევსა და ხულოში მიმავალ სამგზავრო ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს: „ორი საათი გინდა გზაში.“
იყო შემთხვევები, როცა ადგილზე სიტუაციის დასარეგულირებლად საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.
ფრიდონ ხალვაშის გამზირის სარეაბილიტაციოდ საქართველოს ბიუჯეტიდან 22 206 512 ლარი იყო გამოყოფილი. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „ერ ტე დე“-სთან გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება 2022 წლის 13 ივნისს 19 399 999 ლარზე გააფორმა.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს გზის დაახლოებით 4,1 კილომეტრ სიგრძის მონაკვეთს – ანგისიდან [აეროპორტის გზატკეცილიდან] დაბა ხელვაჩაურამდე.
ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოების წარმოებისას გზაზე უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო ტრანსპორტის მოძრაობა, რის გამოც სამუშაოები ეტაპობრივად უნდა ჩატარებულიყო, ჯერ გზის ერთ ნახევარზე, მეორე ნახევარზე ტრანსპორტის მოძრაობის შენარჩუნებით, შემდეგ კი პირიქით [გარდა ხიდური გადასასვლელების მოწყობისა].
ფრიდონ ხალვაშის გამზირი მეჯინისწყლის ხიდიდან სტეფანოვკის ხიდამდე 4 მაისს ჩაკეტეს. ამ პერიოდიდან დღემდე ახალციხიდან ბათუმის მიმართულებით მსუბუქი ავტოტრანსპორტი მაჭავარიანის ქუჩისა და საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის გავლით მოძრაობს, შედეგად გადატვირთულია ეს ქუჩაც.
ხოლო, ბათუმიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტოტრანსპორტი მოძრაობს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 109-ე კმ-დან ჭოროხისა და ა. შანიძის ქუჩების გავლით და დაუკავშირდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზას მე-5 კმ-ზე.
ასე საგზაო დეპარტამენტმა განსაზღვრა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ჯერ არც ე.წ. ჭოროხის გზის მშენებლობა დაუსრულებიათ, რომლის რეაბილიტაციაც 2017 წელს დაიწყო. ეს გზა მახოს ხიდის გვერდით არსებული ბენზინგასამართი სადგურიდან მდინარის მარჯვენა ნაპირს მიუყვება, ჩაუვლის ბათუმის სამრეწველო ზონას და ბათუმი-სარფის მაგისტრალს ქალაქის ძაღლსაშენის მიმდებარედ უერთდება.
აქამდე ჭოროხის გზა რომ დაესრულებინათ, საცობები გზის ამ მონაკვეთზე არ იქნებოდა.
პირველი განცხადების მიხედვით, რომელიც საგზაო დეპარტამენტმა გზის ერთი მონაკვეთის ჩაკეტვის თაობაზე გაავრცელა, ფრიდონ ხალვაშის გამზირი 22 მაისს უნდა გახსნილიყო, თუმცა კვლავ გადაკეტილია. „უამინდობის გამო ვერ მოესწრო“ და მოძრაობა 5 ივნისამდე არ აღდგებაო.
ხელშეკრულების შესაბამისად, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრული იყო სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან – 7 [შვიდი] თვე – 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდი.
გზების დეპარტამენტის განმარტებით, „სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პროცესში ობიექტზე გამოვლინდა სხვადასხვა ხელისშემშლელი ფაქტორი, რამაც გამოიწვია სამუშაოების შეფერხება, მათ შორის საჭირო გახდა „სოკარის“ გაზის მილების, „ბათუმის წყლის“ მილების, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მაღალი ძაბვის, „სილქნეტის“, „მაგთიკომის“ და „დელტა-კომის“ კაბელების გადატანა:
„აღნიშნულიდან გამომდინარე, კონტრაქტორს გაუგრძელდა სამუშაოების დასრულების ვადა 2023 წლის 31 მაისის ჩათვლით.“
ერთი მხრივ დეპარტამენტი გვწერს, რომ კონტრაქტორს ვადა 31 მაისამდე აქვს, მეორე მხრივ თავადვე გაავრცელა განცხადება, რომ გზის ჩაკეტილი მონაკვეთი 5 ივნისამდე არ გაიხსნება.
ამ დროისთვის კომპანიისთვის გადარიცხულია 9 მილიონ 778 106.05 ლარი, მათ შორის ავანსი 3 879 999.85 ლარი, საიდანაც დაქვითულია 1 609 423.94 ლარი [გაცემული ავანსის 41.48%].