სასკოლო ფორმების შესაძენად საჭირო ბაზრის კვლევა თავიდან გამოცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.
„2026 წლის 14 მაისს, ბაზრის კვლევის პროცესში, კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, ბაზრის კვლევით გათვალისწინებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა,“- წერს განათლების სამინისტრო.
სასკოლო ფორმების შესაძენად ბაზრის კვლევა განათლების სამინისტრომ 3 აპრილს გამოაცხადა.
კვლევა 2026-2027 სასწავლო წლისთვის, საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების 1 801 000 ცალი სასკოლო ფორმის შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას ადგენდა.
29 აპრილს სამინისტრო, კონკრეტულად შპს „საგანმანათლებლო რესურსები“, დაჩქარებული წესით ითხოვდა მთავრობისგან 44 900 000 ლარის გამარტივებულ შესყიდვაზე ნებართვას. თუმცა 14 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ, რომელმაც ბაზრის კვლევისთვის ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, ვერ დააკმაყოფილა სამინისტროს მოთხოვნები და საბოლოოდ უარი თქვა შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობაზე.
სამინისტროს განცხადებით, „საგანმანათლებლო რესურსები“ ბაზრის ახალ კვლევას გამოაცხადებს სასკოლო ფორმების შესყიდვაზე. თუმცა განცხადებაში დაზუსტებული არ არის გამოცხადების თარიღი.
არც ბაზრის კვლევის და არც გამარტივებული შესყიდვის ეტაპზე საჯაროდ არ ჩანს რომელი კომპანია სთავაზობდა სამინისტროს ფორმების შეკერვას და რა ფასად. ტენდერის გარეშე მომსახურების შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად „საგანმანათლებლო რესურსების“ განცხადება შესყიდვების სააგენტოს დღეს, 15 მაისს უნდა განეხილა, თუმცა შესყიდვების პორტალის მიხედვით „საგანმანათლებლო რესურსებმა“ ეს განცხადება 14 მაისს უკან გაიხმო.





