ნეტგაზეთი • RU

22 მილიონი ლარი ფრიდონ ხალვაშის გამზირის სარეაბილიტაციოდ – ტენდერი გამოცხადებულია

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირის სარეაბილიტაციოდ საქართველოს ბიუჯეტიდან 22 206 512 ლარია გამოყოფილი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის დაახლოებით 4,1 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთს – ანგისიდან [აეროპორტის გზატკეცილიდან] დაბა ხელვაჩაურამდე.

სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2022 წლის 12 მაისს დაიწყება და ხუთ დღეში, 17 მაისს დასრულდება.

პირობის მიხედვით, „მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 7 თვეში. მიმწოდებელს არ აქვს უფლება სამუშაოები დაიწყოს შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებამდე. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, მაქსიმალურად უწყვეტ რეჟიმში, ტექნოლოგიური მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყველა შესაძლო სამშენებლო მოედნის ორგანიზებით.“

ამასთან, „სამუშაოების წარმოებისას გზაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტრანსპორტის მოძრაობა, რის გამოც სამუშაოები უნდა ჩატარდეს ეტაპობრივად, ჯერ გზის ერთ ნახევარზე, მეორე ნახევარზე ტრანსპორტის მოძრაობის შენარჩუნებით, შემდეგ კი პირიქით [გარდა ხიდური გადასასვლელების მოწყობისა].

პროექტში აღნიშნულია, რომ გზის სარეაბილიტაციო მონაკვეზე არის ორი ხიდური გადასასვლელი და საჭიროა ორივე მათგანის დემონტაჟი და ახლის მოწყობა, რადგან ისინი არ შეესაბამება საპროექტო გზის პარამეტრებს [ერთი ხიდია ხევზე-ბატალიისწყალი, მეორე კი მდინარე მეჯინისწყალზე].

საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით:

  • გზის სავალი ნაწილის სიგანე მუდმივია და შეადგენს 13.5 მეტრს;
  • ტროტუარები დაპროექტებულია არსებული სიტუაციის ოპტიმალურად გამოყენების პრინციპით;
  • ტროტუარებზე ასასვლელებში შშმ პირთათვის მოეწყობა პანდუსები;
  • დამონტაჟდება 6 შუქნიშანი [მესხეთის, ხახულის, ბეთლემის, პკ.18+20 საქვეითო, მაჭახელას და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების მიერთებასთან];
  • მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები;
  • ნაგვის ურნების დასადგმელად გათვალისწინებულია სათანადო ჯიბეების მოწყობა სავალი ნაწილის გარეთ;
  • სანიაღვრე ქსელი საჭიროებს ხელახლა მოწყობას, გასაზრდელია სანიაღვრე ჭების საერთო რაოდენობა, მოსაწყობია ახალი სანიაღვრე მილები სათანადო დიამეტრებით;
  • სავალი ნაწილი დაიფარება ასფალტბეტონის რამოდენიმე ფენით.
გზის არსებული მდგომარეობის სანახავად დააწკაპუნეთ აქ

„საპროექტო ქუჩის დღევანდელი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. აქ არსებული ასფალტბეტონის საფარი ძლიერ დაზიანებულია, შეიმჩნევა დაუშვებელი ზომის ორმოები, სავალი ნაწილი დეფორმირებულია, ინტენსიურადაა წარმოქმნილი გრძივი და განივი ბზარები, ხოლო გახშირებული ბადისებური ბზარების გამო საფარის გარკვეული ნაწილი დაშლის პროცესშია. ამავდროულად დარღვეულია განივი ქანობი, ბორდიურები და ტროტუარები ამორტიზებულია, მოშლილია სანიაღვრე სისტემა.

ყოველივე ამის გამო წვიმიან ამინდებში მუდმივად ხდება წყლების დაგროვება სავალ ნაწილზე, რომლის გაშრობის ბუნებრივი პროცესი დიდხანს გრძელდება.

გარდა ამისა არსებული საკომუნიკაციო ჭების თავსახურების უმრავლესობა არ დგას სათანადო ნიშნულზე (ჩავარდნილია ან ამოწეულია), აგრეთვე ჩაძირულია/არ არსებობს ბორდიურები.

ზემოთხსენებული დეფექტებიდან გამომდიარე მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილება წარმოებს გარკვეული შეფერხებებით. მოძრაობის პროცესი განსაკუთრებით რთულდება წვიმიან ამინდებში, რა დროსაც ადგილი აქვს ინტენსიური საცობების წარმოქმნას. ყოველივე ეს კიდევ უფრო ამძიმებს ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას.

ადგილობრივ მაცხოვრებლებს მუდმივად ხმაურში და დაბინძურებულ გარემოში უწევთ ყოფა-ცხოვრება, ხოლო ქვეითად მოსიარულეები განიცდიან მუდმივ დისკომფორტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დღის წესრიგში დადგა მოცემული მონაკვეთის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების განხორციელების აუცილებლობა,
რადგანაც იგი უნდა დაუკავშირდეს ამჟამად მშენებარე ბათუმის შემოვლით გზას და გახდეს ცენტრალური ქუჩა ქალაქ ბათუმში შესასვლელად.“

წყარო: სატენდერო დოკუმენტები

 

„ბათუმელები“ ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაციის საკითხით ერთი წლის წინაც დაინტერესდა, თუმცა, მაშინ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში სამუშაოების დაწყების თარიღი ვერ დაგვისახელეს.

„გამზირის რეაბილიტაცია დამთავრდება ბათუმის შემოვლითი გზის დასრულების პერიოდში.“ – გვითხრეს მაშინ დეპარტამენტში.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა კი, დეპარტამენტის ინფორმაციით, 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

ამ თემაზე:

როდის დაიწყება ფრიდონ ხალვაშის გამზირის სრული რეაბილიტაცია

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com