4 ოქტომბრის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 46 ადამიანი დააკავა. მათგან 5 ორგანიზატორადაა მიჩნეული, 41 დაკავებული კი სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებითაა ბრალდებული.
ადვოკატი მაია მწარიაშვილი “ტვ პირველთან” საუბრობს იმაზე, თუ რა ჩანს 4 ოქტომბრის მოვლენების ამსახველ საჯაროდ გავრცელებულ კადრებში და რა დასკვნები შეიძლება გამოიტანოს ამ კადრებიდან მაყურებელმა.
მაია მწარიაშვილი თბილისის ყოფილი პროკურორი და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარეა, რომელსაც საჯარო სექტორსა და სასამართლო სისტემაში მრავალწლიანი კარიერა აქვს.
„მაყურებლის თვალით ვუყურებ ხოლმე ასეთ მოვლენებს. რა თქმა უნდა, მეხმარება ჩემი პროფესია რაღაცების აღქმასა და შეფასებაში.
მეც თვალს ვადევნებდი პრეზიდენტის სასახლის, ასე ვთქვათ, გისოსებთან ჯაჯგურს და შემდეგ ამ გისოსების უცნაურ დაზიანებას. მე საქმის გარემოებებს ხომ არ ვიცნობ, თუმცა ვიცი საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები – ის, რაც საჯაროდ ითქვა და საჯაროდ ჩანს.
ამის უკან ჩვენ არაფერი არ მოგვისმენია. ეგრეთ წოდებულ ორგანიზატორებზე და მათ განცხადებებზე არაფერს არ ვიტყვი, იმიტომ, რომ რაც ტელეეთერში იყო, იმის მიღმა არაფერი არ ვიცი. მტკიცების ტვირთი, აქ გამოძიების ორგანოებზეა.
რაც შეეხება სასახლის ღობეს, ვუყურე კადრებს, რომელიც ტელევიზიებში გავიდა, აშკარად ჩანს, რომ ღობე, რკინის კონსტრუქცია შუაში ტყდება. ასევე ჩანს მავთულით გადაბმის კვალი. არ უნდა ამას დიდი პროფესორობა, რომ ღობის თემა ძალზე მნიშვნელოვანია აქ. ამიტომ, როგორც მინიმუმ, გამოძიებამ რომ შეინარჩუნოს ელემენტარული კეთილსინდისიერება, ექსპერტიზა უნდა დაინიშნოს. გაარკვიოს, რამდენ ადგილას დაზიანდა ღობე, რამ გამოიწვია ეს დაზიანება, ნჯღრევის შედეგად მიღებული დაზიანებაა თუ არა და ა.შ. ფაქტია, კადრებში გადაბმა ჩანს, რომელიც ირღვევა,“- ამბობს მაია მწარიაშვილი.
რას ცვლის სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობაში მოცემულობა, თუკი პრეზიდენტის სასახლის ღობე წინასწარ იყო დაზიანებული?
„დანაშაულის პროვოცირებაზე როდესაც ვსაუბრობთ, სახელმწიფოს უზარმაზარი რესურსი აქვს იმისთვის, რომ შექმნას პირობები, ანუ დაეხმაროს, ხელი შეუწყოს, დადგას, მოახდინოს დანაშაულის პროვოცირება, რაც თავისთავად დანაშაულია. ამას ისე არ ვსაუბრობ, გამომიძიებია ასეთი საქმეები წინა ხელისუფლების პირობებში.
სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები დღემდე არის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი. ვიზუალურად რაც ჩანს, რასაკვირველია, ნებისმიერ გონიერ ადამიანში წარმოშობს კითხვებს – როგორ მოხდა ამის [ღობის] დანგრევა, რატომ ზოზინებდნენ იქ სახელმწიფო დაცვის თანამშრომლები, შემდეგ შენობიდან როგორ გამოვიდა სპეცდანიშნულების დანაყოფი…
რატომ ვუსვამ ამას ხაზს. დარჩა შთაბეჭდილება, რომ დამკვეთებს უდავოდ სჭირდებოდათ ეს სურათი, სანახაობის შექმნა, რომ ღობე გადაინგრა და ადამიანები გადავიდნენ ეზოში.
თუმცა ეს არ არის ერთიანი დანაშაული. ეს არ არის საერთო განზრახვით მოცული დანაშაული. რასაც ვისმენ კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით, ყველას აქვს თავისი მოტივი და მიზანი რატომ იყო იქ.
როგორც წესი, ეს ადამიანები არიან გაჭირვებული, დაჩაგრული, სოციალურად დაუცველი ხალხი. ანუ, ისინი, ვისაც სახელმწიფო არაფრით ეხმარება, სახელმწიფო მათთვის არ არის. რა გასაკვირია, რომ ასეთი ადამიანი აპროტესტებს რაღაცას?!
ამიტომ ეს პროვოცირებული მოქმედებები: ვიღაცამ ღობეს გადააბიჯა, ვიღაცამ აქედან რაღაც დაუყვირა, ვიღაცას სპრეი რომ შეასხეს, რაღაც საპასუხო მოქმედება განახორციელა და იქიდან პასუხი მიიღო, ეს არ ნიშნავს, რომ ეს მოქმედებები შეკრულია ერთიანი განზრახვით, რომელიც ან ხელისუფლების დამხობის შემადგენლობაში ან სსკ-ს 225-ე მუხლის შემადგენლობაში ჯდება.
მაგალითად, ბათუმელი მედროშე. მინდა მასზე ვისაუბრო. ამ ადამიანს ვიცნობ მზია ამაღლობელის საქმეებიდან. ეს არის ის ადამიანი, იმ ცნობილი კადრიდან, როდესაც მზიას აკავებს გრიგოლ ბესელია, ხმა ისმის: „არ ქნა გოგო, არ ქნა“. ბათუმელი მედროშის, ზურაბ ჭავჭანიძის ხმაა.
მზიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პროცესზე პოლიცია ცდილობდა ზურაბ ჭავჭანიძის ნათქვამი გაესაღებინა პოლიციის მოწოდებად, რომ ეს პოლიციამ მოუწოდაო. შემდეგ ამ ადამიანმა ჩვენებაც მისცა პროცესზე. თქვა: „ეს ვიყავი მე და იქ პოლიციის მოწოდება არ ყოფილაო“. ანუ რისი თქმა მინდა, ეს ადამიანი, რაც მე ვიცი, სულ დადის ამ დროშით, გარდა ამისა, ის მონიშნულიც ჰყავდათ მზია ამაღლობელის საქმიდან.
ეს ადამიანი სამშობლოს დროშას სად აფრიალებს, სასახლის შენობის შიგნით თუ სასახლის შენობის გარეთ, დანაშაულის შემადგენლობა ვერ შეიქმნება ვერც ერთ შემთხვევაში,“ – ამბობს მაია მწარიაშვილი.
„წარმოვიდგინოთ, რომ იქ ღობე საერთოდ არ არის. მაგრამ დაცული ობიექტია, არ შეიძლება შესვლა, მოდით დავუშვათ ეს. კანცელარიას და პარლამენტს არ აქვს ღობე შემორტყმული.
იმ ღობის შიგნით რომ შეიპაროს ადამიანი და სამშობლოს დროშა აფრიალოს, ეს არ ქმნის დანაშაულის შემადგენლობას.
დანაშაულის შემადგენლობას ამ მუხლების თვალსაზრისით ქმნის ძალადობრივი ქმედებები, მაგრამ ეს ძალადობრივი ქმედებები არ უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან პროვოცირებული“ – ამბობს ადვოკატი.
ადვოკატი მაია მწარიაშვილი მიიჩნევს, რომ ორგანიზატორების განცხადებებსა და აქციის მონაწილეების ქმედებებს შორის ბმა უნდა დაამტკიცოს ბრალდებამ.
„ჩემი მოქმედება თუ გამოიწვია კონკრეტულმა ადამიანმა, თუ გაღიზიანებაზეა ჩემი რეაქცია, აი, კონკრეტულმა ადამიანმა რაღაცა დამიყვირა და მე ვრეაგირებ იმიტომ, რომ ცუდი სიტყვა დამიძახა.
ჯერჯერობით რაც ჩანს, ამ ადამიანების მოქმედებები, ერთჯერადი მოქმედებებია. გასაგებია, რომ ერთ ქვაბში მოაქციეს და ყოველთვის ეცდება ხელისუფლება ერთი ქუდის ქვეშ დაიჭიროს ეს მოქმედებები, რომ ერთი საერთო სცენარის ნაწილად წარმოადგინონ, მაგრამ კიდევ ვამბობ… ავიღოთ ისევ ზურაბ ჭავჭანიძის მაგალითი. სამშობლოს დროშას სად ააფრიალებდა, ღობის შიგნით თუ გარეთ, ეს არ არის ძალადობრივი მოქმედება.
სისხლის სამართალი ეს არის უკანასკნელი ზომა. სისხლის სამართალი მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ამოწურულია ყველა სხვა. ამ შემთხვევაში (4 ოქტომბრის საქმეზე) დარწმუნებული ვარ, ზოგი იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ზოგი საქმე კი საერთოდაც არაფერი არ იქნება სამართლებრივად”.
ამავე თემაზე:
„4 ოქტომბრის საქმეზე“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სულ დააკავა 46 პირი.
5 მათგანს, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძესა და პაატა მანჯგალაძეს, როგორც „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრებს, პროკურატურა ედავება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას.
გარდა ე.წ. ორგანიზატორებისა, „4 ოქტომბრის საქმეზე“ დაკავებულია კიდევ 41 პირი.
ესენი არიან: ალექსანდრე გოგოლაძე, მანუჩარ მიქელაძე, ალექსანდრე ხაბეიშვილი, კახაბერ მჟავანაძე, ევა შაშიაშვილი, გიორგი რურუა, ვახტანგ ფიცხელაური, დავით სტურუა, საბა კორძაია, სულხან აბრალავა, ბექა ქელეხსაშვილი, ბექა მაჭავარიანი, თორნიკე მჭედლიშვილი, აბო ნავერიანი, სერგო მეგრელიშვილი, დავით ჟღენტი, გოჩა ყატაშვილი, გიორგი კირვალიძე, ნანა სანდერი, გენადი კუპრეიშვილი, გიორგი ჩახუნაშვილი, ვლადიმერ გველესიანი, კობა ეპიტაშვილი, ნიკა გვენცაძე, მამუკა ლაბუჩიძე, ალექსანდრე ჩილაჩავა, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ლაშა ივანაძე, ავთანდილ სურმანიძე, რამაზ მამულაძე, ამირან დოლიშვილი, ირაკლი ჩხვირკვია, გიორგი ქორქია, გიორგი მულაძე, გურიელ ქარდავა, ზურაბ ჭავჭანიძე, ია დარახველიძე, ხვიჩა გოგოხია, ზაქრო ალბუთაშვილი, კონსტანტინე კოკაია.
„4 ოქტომბრის საქმეზე“ დაკავებულთა ნაწილს ბრალი ორი მუხლით ედებათ: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა; დაკავებულთა ნაწილს კი პროკურატურა მხოლოდ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.
46 დაკავებულიდან 44 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ორ პირს, 71 წლის ექიმს, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს (ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო) საპატიმრო გირაო შეეფარდათ.
ორივე მათგანმა გირაო გადაიხადა და წინასწარი დაკავების იზოლატორი, დატოვა.






