„ჩახერგეს და დაამახინჯეს“, „წაართვეს და ვეღარ იბრუნებენ“ – ძირითადად ასეთი რეაქცია აქვთ მოქალაქეებს გონიოში მიმდინარე სამშენებლო პროცესზე საუბრისას. ასეთი რეაქცია აქვთ მათაც, ვინც ადრე ბათუმის მერიას ნებართვების გაცემის გაჭიანურებას საყვედურობდა.
„დიახ, გვინდოდა, სასტუმროც გვინდოდა და რესტორანიც, მაგრამ ასე არა. ყველაფერი მათთვის? ჰაერიც აღარ გვაქვს, გასავლელი არ დაგვრჩა. მოდიან, კიდევ ეძებენ ადგილებს ასაშენებლად, მერია სულ თანახმაა. სხვა არაფერი აინტერესებთ. ნახა ვინმემ ბულვარი რა დღეშია? გაიარეთ აბა თქვენ და ნახეთ“, – საყვედურნარევი, გაბრაზებული ტონით გვეუბნება მოქალაქე. ის ბათუმის მერიას და მთავრობას საყვედურობს.
მან სახელი არ გვითხრა, არ არის საჭიროო – „კი არ ვმალავ, მე არაფრის არ მეშინია, მაგრამ არაა საჭირო, ხომ გითხარი“.
მოქალაქეს ვთხოვეთ აეხსნა, რას გულისხმობდა სიტყვებში – „ყველაფერი მათთვისაა“.
იგი გვიყვება, რომ დიდი სასტუმროების მფლობელები გონიოსა და კვარიათში მხოლოდ სასტუმროებს არ დასჯერდნენ და სანაპიროს „ბატონ -პატრონობა“ მოინდომეს:
„ვინც სასტუმრო ააშენა, პლაჟიც იმას უნდა, აქ ჩემი სტუმარი გამოვა და მე უნდა მოვემსახუროო. კაფეც მას უნდა, ჩემი სტუმარი სხვასთან რატომ ჭამსო. მალე ტაქსისაც არ გამოაძახებინებენ – ჩვენ წაგიყვანთო. ასე უნდა ექნა მთავრობას? დარეგულირება არ შეიძლებოდა? – ტელევიზორში რომ ლაპარაკობენ ხალხისთვის ვაშენებთო, ვაწყობთო, როგორაა ხალხის, ის კი არა ცოტა ზემოთ ახედეთ აშენებულებს, მაგათაც უნდათ პლაჟი, გააბამენ ალბათ ბაწარს მათი სტუმრები და ჩამოსრიალდებიან“.
„თქვენ გახსოვთ, როგორი იყო ჩვენი სანაპირო? არ გემახსოვრებათ“, – გვეუბნება სამოც წლამდე კაცი კვარიათის სანაპიროზე. ის შეზლონგებზეა ჩამომჯდარი. „არ გახსოვთ ხომ?“ – გვიყურებს გამომცდელი მზერით და მაღლივი კორპუსების მწკრივზე მიგვითითებს -„ესენი არაფერი არ იყო“.
„აქედან დაგანახებდი ჩემს სახლს, მაგრამ აღარ ჩანს, იქაა, ამ კორპუსის უკან. მაღლა ხომ ხედავ დიდ სახელებს, ასეთი სახლები კი არ გვქონდა, ჩიტის ბუდეებივით იყო, ეზოებიდან ჩანდა მთელი სანაპირო, ნავებიც ჩანდა.
ახალგაზრდებს არ მოგწონდათ, მაგრამ ჩვენ მოგვწონდა“, – გვიყვება ნოდარი, ასე გაგვეცნო. გვარი არ გვითხრა, უცნაური მიზეზით – მეზობლები გადამეკიდებიანო. რატომ, ეს აღარ აგვიხსნა.

სარფი – აქ აქტიურად მუშაობენ ადგილების სამშენებლოდ ათვისებაზე

კვარიათის სანაპირო
თავისი ამბის მოყოლა თითქმის არავის სურს. ყველა, ვინც დაგველაპარაკა, მეზობლის ამბავს გვიყვება და მიმართულებას გვაძლევს: „იქ მიდი, ნინო იკითხე“, „იმ ჯიხურში შეიხედე“…
როგორც ირკვევა, სანაპიროზე ვინც მუშაობს, ან მუშაობდა, ყველამ კარგად იცის ერთმანეთის ამბავი, განსაკუთრებით – თუ ეს ადგილების გადანაწილებას ეხება.
„ბობოლები ცდილობენ ჩაგვყლაპონ, ისე როგორც ჩაყლაპეს „რაკუშკები“. არ ჩაყლაპეს? – აბა მითხარით, სად არის, დაშალეს და მორჩა. ეგონა მოაგვარებდა, მაგას ის კაცი ებრძვის“ – ზემოთკენ მიგვითითებს ნოდარი, სადაც სასტუმრო კომპლექსი „ლიცი“ მდებარეობს.
კომპლექსი „ლიცი“ დიმიტრი ტვილდიანის საკუთრებაა.
„ლიცის მფლობელი?“ – ვთხოვეთ დაზუსტება. ნოდარი პასუხად ხელებს შლის. ხელის მოძრაობით გვანიშნებს იმასაც, რომ ჩვენთან საუბარი დაასრულა და მეტს არაფერს გვეტყვის.
იქ, სადაც ცნობილი კაფე „რაკუშკები“ იყო, არაფერი დაგხვდა ტალახის გარდა. ადგილზე გვითხრეს, რომ ყოფილი მოიჯარე ხელვაჩაურის მერიისგან პასუხს ამ დრომდე ელის, თუმცა უშედეგოდ – „მერიამ დაუნგრია მაგას, იჯარის ვადა ჰქონდა, ტყუილს არ ვამბობ. გადაამოწმეთ. მაინც დაუნგრიეს, რატომ? – ზემოთ რომ კაცია, იმას უნდა ეს ადგილი, საბაგიროს მოწყობა უნდოდა. მართალია თუ არა არ ვიცი, თქვენ გაარკვიეთ“.
მოქალაქის ნათქვამი საჯარო რეესტრში გადავამოწმეთ: ამონაწერის მიხედვით, ანდრია პირველწოდებულის IX ჩიხის #8-ში მცირე ზომის ადგილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. თუმცა, მისამართის მიხედვით, ის ბათუმია [რეესტრის ამონაწერი]. 2026 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერით, ამ მიწის ნაკვეთის მოიჯარე შპს „ფრიდაა“ 2026 წლის სექტემბრამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ შპს „ფრიდას“, ანუ კაფე „რაკუშკების“ მფლობელს მართლაც მოქმედი ხელშეკრულება ჰქონდა.
„ფრიდას“ მეპატრონემ ამ თემაზე „ბათუმელებთან“ საუბარი არ ისურვა.

მარჯვნივ ადგილი, სადაც კაფე იყო განთავსებული, მარცხნივ კაფე „რაკუშკების“ ფოტო, რომელიც ხელვაჩაურის მერიის მოთხოვნით დაშალა მეპატრონემ, მას შემდეგ, რაც ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დაშალა პლაჟზე არსებული სხვა ობიექტები.
საინტერესოა, რის საფუძველზე მოსთხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალურმა ინსპექციამ მოქმედ მოიჯარეს კომერციული ობიექტის დაშლა, როცა ბათუმის მერიამ იგივე მიზეზით ბულვართან შეუსაბამო შენობები შეინარჩუნა არგუმენტით – „მოქმედი ხელშეკრულებები აქვთო“.
ხელვაჩაურის მერიას ვკითხეთ, თუ მიმართა „ლიცის“ მეპატრონემ, დიმიტრი ტვილდიანმა საბაგიროს მოწყობის პროექტით – „ლიციდან“ სანაპირომდე. მერიიდან მოგვწერეს, რომ მსგავს პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.
გონიოში აქტიურად განიხილავენ სასტუმრო „ვინდჰემის“ გაყიდვის ამბავსაც. „რუსებს მიყიდეს და ახლა მთელი პლაჟი მოინდომესო“ – გვიყვებიან გონიოში. ეს ამბავიც გადავამოწმეთ.
აპარტოტელის ტიპის 25-სართულიანი სასტუმრო „ვინდჰემი“ თითქმის დასრულებული პროექტია. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ეს ადგილი 2018 წელს „ალიანსის“ დამფუძნებლის შვილმა თემურ ბიწაძემ იყიდა „აჭარა რეალ ისთეითისგან“.
2026 წლიდან ამონაწერის მიხედვით კი, ახალი მესაკუთრეები ფიქსირდებიან, მათ შორის მართლაც არიან რუსეთის მოქალაქეები – როგორც ჩანს, გონიოში სწორი ინფორმაცია აქვთ.
„ვინდჰემში“ გონიოს სანაპიროზე ყიდიან როგორც საინვესტიციო, ასევე საცხოვრებელ ბინებს.

„ვინდჰემი“ გონიოს სანაპიროზე
კომპანიის ვებგვერდზე მითითებულია, რომ აპარტოტელი კერძო პლაჟს ფლობს, თუმცა, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით კომპანიას საიჯარო ხელშეკრულება არ აქვს. ყოველ შემთხვევაში რეესტრში დაფიქსირებული არ არის.
საქართველოს კანონმდებლობით, პლაჟის გაყიდვა დაუშვებელია: მისი გასხვისება კონკრეტული ვადით და მხოლოდ საიჯარო წესით შეიძლება. თუმცა „კარგმა მომლაპარაკებლებმა“, როგორც საკუთარ თავს ბიზნესის წარმომადგენლები უწოდებენ ხოლმე, მაინც იპოვეს გამოსავალი – 30-50 წლიან ხელშეკრულებებს აფორმებენ.
„ვინდჰემის“ გვერდით 7183 კვ.მეტრზე აპარტოტელს აშენებს შპს „პონტუს გონიო“ – პროექტი მასშტაბურია.

„პონტუს გონიო“ – მარცხნივ მიმდინარე მშენებლობა, მარჯვნივ – პროექტის რენდერი
მის გვერდით კი შპს „ნექსთ გონიო +“ სასტუმროს მშენებლობას ასრულებს. აქ სასტუმრო „რედისონი“ უნდა განთავსდეს. კომპანიის თანამესაკუთრედ ფიქსირდება შპს „ვამოსი“. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „პონტუსი“ ნათია ვარშალომიძის საკუთრებაა.

კომპლექსი „ვინდჰემი“ გონიოს სანაპიროზე
გონიოში, სანაპიროსთან, თავისივე მშენებარე პროექტის წინ ახალ პროექტის დაწყებას გეგმავს შპს „გუმბათი“. კომპანია აქ ერთ ჰექტრამდე ფართობს აითვისებს სამშენებლოდ. ამ პროექტის გვერდით კი, კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს აშენებს „ნექსთ გარდენი.“

„გუმბათის“ მშენებარე პროექტი მარჯვნივ, მარცხნივ, შემოღობილ ადგილზე კი კომპანია ახალ პროექტს იწყებს

„გუმბათის“ ახალი პროექტის რენდერი
ამ პროექტის გაგრძელებაზე „ნექსთ გარდენის“ პროექტი ორი ბლოკის მშენებლობას ითვალისწინებს.

სამშენებლო მიწის ნაკვეთი, მშენებლობა დაწყებულია

კიდევ ერთი ამბავი რაზეც გონიოში ბევრს საუბრობენ ე.წ. მდიდრების უბნის მშენებლობაა.
„მდიდრების უბნის“ მშენებლობაზე გიყვებიან, როგორც აუცილებლად სანახავ ადგილზე გონიოში: „ქვემოთკენ იარე, ბათუმისკენ, სასტუმრო „მგზავრებს“ რომ გასცდები, ჩასახვევის შემდეგ, მდიდრების უბანია“ – გვიხსნის ერთი მოქალაქე, მეორე კი გვირჩევს დრო არ დავკარგოთ – „მაინც არ შეგიშვებენ, მოღობილია“.
ე.წ. მდიდრების უბანი გონიოში მართლაც სანახავი ადგილია, ამ პროექტზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა, როგორც „ალიანს ჯგუფის“ ვილების პროექტზე გონიოში, შემდეგ პროექტი შეცვალეს, მიწის ნაკვეთი რამდენიმე საკადასტრო ერთეულად დაარეგისტრირეს და ცვლილების შემდეგ კონკრეტულ მიწის ნაკვეთს და მშენებარე ვილას თავისი მფლობელი ჰყავს.
აქ სახლების კარკასების მშენებლობა თითქმის დაუსრულებიათ, ვილების წინ ფართობი კუსტარულად შემოუღობავთ და გაუმწვანებიათ.
ტერიტორიას დაცვა იცავს, შესვლის უფლება არ მოგვცეს, თუმცა გარედანაც კარგად ჩანს ყველაფერი. ზოგიერთი სახლის კარკასი შთამბეჭდავად გამოიყურება, როგორც ჩანს, ტყუილად არ უწოდეს გონიოელებმა ამ ადგილს მდიდრების უბანი.

ე.წ. მდიდრების უბანი გონიოში – სამშენებლო ტერიტორია პრომენადამდეა შემოღობილი, ვილების წინ ზღვის ხედი იშლება. მართალია, მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა გამწვანებაზე ზრუნვა უკვე დაუწყიათ.

ხედი „მდიდრების უბნიდან – გამწვანებული ადგილი სამშენებლო ტერიტორიიდან პრომენადამდე კერძო საკუთრება არ არის და მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, შესაძლოა მშენებელ კომპანიას საჯარო ხელშეკრულება ჰქონდეს, თუმცა ასეთ შემთხვევაში ეს საჯარო რეესტრის ამონაწერში უნდა იყოს დაფიქსირებული – ამ ეტაპზე მსგავსი ჩანაწერი არ იძებნება. მოაწყო თუ არა ვილების ეზო მუნიციპალურ საკუთრებაში მერიასთან შეთანხმებით მშენებელმა კომპანიამ, ამაზე „ბათუმელები“ ინფორმაციას მერიიდან გამოითხოვს.
პროექტის მიხედვით საპროექტო გეგმარებითი ერთეული საერთო ფართობით – 20 469 კვ.მ მდებარეობს ბათუმში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის პირველი ჩიხის 18 ნომერში, გონიოს დასახლებაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში, რომელიც ბათუმის ცენტრიდან დაშორებულია 12 კმ-ით. საპროექტო ტერიტორიას დასავლეთის მხრიდან ესაზღვრება სანაპირო და შავი ზღვა.
აქ საცხოვრებელ სახლებს იშენებენ: „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის თემურ ბიწაძის მეუღლე მედეა ბოჭორიშვილი; შვილი – თემურ ბიწაძე; აჭარის ყოფილი ფინანსთა მინისტრი დავით ბალაძე, რომელიც ახლა „ალიანს ჯგუფის“ ერთ-ერთი დირექტორია; კომპანიის კიდევ ერთი დირექტორი აკაკი სონგულია; ერთ-ერთი ვილის თანამფლობელია ზაქარია ქუცნაშვილი, ყოფილი პარლამენტარი „ოცნებიდან“; შპს „ამბასადორის“ ერთ-ერთი დირექტორი გოჩა კამკია და ა.შ.

მედეა ბოჭორიშვილის მშენებარე სახლი გონიოს სანაპიროზე
რაც შეეხება ადგილობრივების გულის ტკივილს დაზიანებულ ინფრასტრუქტურაზე – მიუხედავად იმისა, რომ სანაპიროს გასწვრივ ბევრი მაღალბიუჯეტიანი პროექტი ხორციელდება, სანაპირო მაინც მოუვლელი და დაზიანებულია.
მართალია, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია თავს იწონებს, რომ გონიო-კვარიათის სანაპირო უსახური ობიექტებისგან გაწმინდა, თუმცა, როგორც ჩანს ნარჩენების გატანაზე არავის უზრუნია, პლაჟზე იპოვით, როგორც ძველ ჩაიდანს, დამტვრეულ ჭურჭელს, ისე საპირფარეშოს ნარჩენს.

საპირფარეშო გონიოს სანაპიროზე

დაზიანებული პრომენადი

კომერციული ფართობის ნარჩენები






