კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

ვინ იხეირა გალარების პროგრამით

28.06.2017 • 3119
ვინ იხეირა გალარების პროგრამით

გალარების პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. გალარებული სესხი კი რეფინანსირებაზე აღმოჩნდა მიბმული, რის გამოც, მსესხებლებს შესაძლოა მეტი თანხის გადახდა მოუწიოთ. გარდა ამისა, იმ მოქალაქეებს და მცირე მეწარმეებს, რომლებსაც პრობლემები ჰქონდათ სესხის დაფარვის კუთხით, გალარება არ შეეხო. ამავე პროგრამის შედეგად გაჩნდა შეზღუდვა – მოქალაქეები გრძელვადიან, მცირე იპოთეკურ სესხებს აშშ დოლარში ვეღარ აიღებენ. ამან შესაძლოა მშენებლობის სეგმენტზეც იქონიოს გავლენა – შემცირდება მოთხოვნა 25-35 ათას დოლარად ღირებულ ბინებზე, რომლებსაც მოქალაქეები იპოთეკური სესხით ყიდულობდნენ.

ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია

ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია

გალარების პროცესში კომერციულმა ბანკებმა საქართველოში, ჯამში, 257 მილიონი ლარის მოგება ნახეს, რაც 148 მილიონი ლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბანკები ყველაზე დიდ მოგებას ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან იღებენ.

გალარების პროგრამის პერიოდში (მიმდინარე წლის 17 იანვარი – 24 მარტი) საქართველოში 17 კომერციული ბანკი ფუნქციონირებდა, მათგან გალარების პროგრამაში 14 ჩაერთო.

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ინფორმაციით, გალარების პროგრამისათვის ბიუჯეტიდან 15 726 889 ლარი დაიხარჯა, თუმცა სახელმწიფოს 65 მილიონი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. რაც შეეხება გალარებას – 400 მილიონი აშშ დოლარის სასესხო პორტფელიდან გალარდა მხოლოდ 78 659 017 აშშ დოლარის სესხი.

სები გალარების დაწყებამდე აცხადებდა, რომ პროგრამა შეეხებოდა 33 ათას მსესხებელს, თუმცა ეს მაჩვენებელი შემდეგ ბანკმა 27 000-მდე შეამცირა.

სების მიერ ჩვენთვის მოწოდებული მონაცემებით, სულ გალარდა 5 614 სესხი, რაც გასალარებელი 27 000 სესხის მხოლოდ 20,8%-ია. დარჩენილი 21 386 მსესხებლიდან რამდენმა მიმართა ბანკებს გალარების თხოვნით, ეს ინფორმაცია არ არსებობს.

„საქართველოს ეროვნულ ბანკს არ გააჩნია ინფორმაცია, რამდენმა კლიენტმა მიმართა კომერციულ ბანკებს სესხის გასალარებლად,“ – მოგვწერეს სებიდან.

ფინანსისტების თქმით, ანალიზისთვის – შედგა თუ არა პროგრამა, აუცილებელია სულ ცოტა ორი მონაცემი: რამდენმა კლიენტმა მიმართა ბანკებს და რამდენის სესხი გალარდა. აქედან ერთი – რამდენმა მიმართა ბანკებს გალარების თხოვნით, არ არსებობს. ეს მონაცემი არც სახელმწიფოს აქვს, შესაბამისად, ვერც საფუძვლიანი ანალიზი გაკეთდება.

სპეციალისტების თქმით, ეროვნულ ბანკს უნდა დაევალებინა კომერციული ბანკებისთვის მიეწოდებინათ მონაცემები, თუ რამდენმა მიმართა მათ პროგრამის ფარგლებში სესხის გასალარებლად, რამდენს ეთქვა უარი და რა მიზეზით.

„ბანკი გაცნობებთ, რომ რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა 6,75 პროცენტიდან 7 პროცენტამდე, შესაბამისად, შეიცვალა თქვენი სესხის საპროცენტო განაკვეთიც“, – ასეთი შეტყობინება ერთ-ერთმა მოქალაქემ რამდენიმე დღის წინ მიიღო. მაშინ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა. არსებობს პროგნოზი, რომ წლის ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი შესაძლოა 8 პროცენტი გახდეს. შესაბამისად, ამ მოქალაქეს ყოველთვიური შენატანი, ახლა თუ თვეში 6 ლარით გაეზარდა, წლის ბოლოს 16 ლარით გაეზრდება.

დოლარში აღებული სესხი ამ მოქალაქემ მთავრობის პროგრამის ფარგლებში იმ იმედით გაალარა, რომ სავალუტო რყევები მის ბიუჯეტზე ნაკლებად აისახებოდა. მოლოდინი არ გამართლდა – გალარების პროგრამის დასრულებიდან ერთ თვეში მას სესხზე გადასახადი გაეზარდა.

„გალარების პროცესის რაღაც შუალედში დაიწყო გამყარება დოლარმა, ერთგვარი პანიკაც კი იყო – დოლარის შესყიდვა დაიწყო მოსახლეობამ… მაშინ შევშინდი და სესხი გავალარე, კურსი იყო 2,62. მართალია, 2,42-ში გამილარეს, თუმცა შემდეგ ისევ დაბლა წამოვიდა დოლარის კურსი“, – გვეუბნება იგივე მოქალაქე და დასძენს, რომ იმ დროს ყველაფერი დათვალა და გალარება მისთვის მისაღები იყო, თუმცა არ იცის, ლარში სესხის მიბმა რეფინანსირებაზე (შესაბამისად, არაფიქსირებული გადასახადი) საბოლოოდ რას გამოიწვევს.

თუ ლარი გამყარდა, ანუ დოლარის კურსი დაეცა, რა მიზანიც მთავრობას აქვს, მაშინ იზარალებს ყველა მოქალაქე, ვინც სესხი გაალარა. თუ ლარი არ გამყარდა, გაიზრდება რეფინანსირება და ყველას, ვისაც სესხი ლარში აქვს, ავტომატურად გაეზრდება სესხის საპროცენტო განაკვეთი.

ხელისუფლება მოუწოდებდა მოქალაქეებს, აშშ დოლარში აღებული სესხები გაელარებინათ სავალუტო რყევებისგან თავის დასაზღვევად. საქართველოს ეროვნული ბანკი კი აცხადებდა, რომ „მსესხებელმა გადაწყვეტილების მისაღებად – გაალაროს თუ არა სესხი, უნდა შეადაროს არსებული დოლარის სესხის პირობები ბანკის მიერ შეთავაზებულ ლარის სესხის პირობებს“.

ფინანსისტები არ გამორიცხავენ, რომ მათ, ვინც სესხი გაალარეს და არაფიქსირებულ შენატანს იხდიან, საბოლოოდ, შესაძლოა მეტის გადახდაც კი მოუწიოთ. ცხადია, თითოეული სესხის შემთხვევაში, მსესხებლის დანახარჯები სესხის ოდენობიდან და პირობებიდან გამომდინარე სხვადასხვა იქნება.

რეფინანსირებაზე მიბმული სესხის შემთხვევაში, რამდენი პუნქტითაც გაიზრდება რეფინანსირება, ავტომატურად იმდენით გაიზრდება საპროცენტო შენატანიც.

გალარების პროგრამის დასრულებიდან თითქმის ერთ თვეში რეფინანსირების განაკვეთი ეროვნულმა ბანკმა 0,25 პუნქტით უკვე გაზარდა და ნაცვლად 6,75-ისა (რაც გალარების დროს იყო), 7 პროცენტია (4 მაისიდან). შესაბამისად, თითქმის ყველას, ვინც სესხი გაალარა და რეფინანსირებაზეა მიბმული, გადასახადი გაეზარდა.

მოქალაქეები, რომლებმაც სესხი გაალარეს, ამბობენ, რომ ისინი გალარების დროს ბანკებმა ამის შესახებ გააფრთხილეს. ზოგადად, კომერციული ბანკები სების მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს ამატებენ მინიმუმ 2%-ს და ისე გასცემენ სესხებს ლარში.

რეფინანსირების განაკვეთი 2004 წლიდან დღემდე 4-დან 7 პროცენტამდე გაიზარდა.

ის, რომ მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთი 2017 წლის ბოლოს შესაძლოა 8%-მდე გაიზარდოს, ეროვნული ბანკის პროგნოზია. იმავე პროგნოზით, 2019 წლისთვის ამ მაჩვენებელმა შესაძლოა დაიწიოს, თუმცა სებ-ი მიუთითებს, რომ ეს პროგნოზი შეიცავს რისკებს, როგორც ზრდის, ასევე შემცირების მიმართულებით: „კერძოდ, რისკის შემცველია ეკონომიკური ვითარება სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, დოლარის გლობალური გამყარება და სურსათისა და ნავთობის საერთაშორისო ფასები. შესაბამისად, თუკი საგარეო ფაქტორები ან/და საერთაშორისო ფასები მოსალოდნელისგან განსხვავებული იქნება, ეს გავლენას მოახდენს საპროგნოზო მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე და ეროვნული ბანკის მომავალ გადაწყვეტილებებზე“.

2008 წლიდან დღემდე რეფინანსირების განაკვეთი ყველაზე დაბალი 2013 წლის აგვისტო-დეკემბერში იყო – 3,75%; ხოლო ყველაზე მაღალი, 2008 წლის აპრილ-ივლისში – 12%.

მაგალითისთვის ავიღოთ ხუთწლიანი, 50 ათასი ლარის სესხი, რომელიც გაცემულია 10,5%-ში და მსესხებელი იხდის 1074 ლარს თვეში. როცა 0,25-ით გაიზარდა რეფინანსირება, შენატანი ავტომატურად გაიზარდა 1081 ლარამდე. თუ რეფინანსირება გაიზრდება, ვთქვათ, 8%-მდე, ამ შემთხვევაში შენატანი წლის განმავლობაში 384 ლარით გაძვირდება.

სესხის გალარება კლიენტისა და ბანკის ნება იყო, გალარებული სესხის ისევ დოლარში გადატანა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სესხი 100 ათას ლარზე მეტია. 100 ათას ლარზე ნაკლები ოდენობის სესხის დოლარში გადატანა უკვე შეუძლებელია.

ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

რა პროცენტს სთავაზობდნენ კლიენტებს სესხის გალარების შემთხვევაში კომერციული ბანკები? – ამ მონაცემების მოწოდებაც ეროვნულ ბანკს ვთხოვეთ. სებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 3 130 გალარებული სესხის საპროცენტო განაკვეთი არ აღემატებოდა 11%-ს, ხოლო 2 484 სესხი გალარდა 11-დან 17,01%-ში.

„გალარების პროგრამის ერთ-ერთი ხარვეზი იყო ის, რომ ეროვნულ ბანკს არ ჰქონდა განსაზღვრული მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი ლარში“, – მიაჩნია ფინანსისტ გიორგი ქათამაძეს. – „შესაძლოა, მე მქონდა 8%-იანი სესხი დოლარში, მივედი ბანკში და ბანკმა მითხრა, რომ გამილარებდა, ვთქვათ, 13-15 პროცენტში, რაც არ მაწყობდა და ვერ გავალარე. სწორედ ამიტომ უნდა განესაზღვრა ეროვნულ ბანკს მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთის ზღვარი და ეს არ უნდა ყოფილიყო 12%-ზე მეტი. ზღვრის განსაზღვრა კომერციული ბანკების სტანდარტებში ერთგვარი ჩარევა იქნებოდა, მაგრამ როცა საქმე სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას ეხებოდა, ვფიქრობ, ეს შეიძლებოდა. მითუმეტეს, კომერციული ბანკებისთვის პროგრამაში ჩართვა ისედაც ნებაყოფლობითი იყო“.

საპროცენტო განაკვეთი გაცილებით მაღალია (იწყება 11%-იდან) ლარში გაცემულ სესხებზე, ვიდრე დოლარში გაცემულ სესხებზე. ამასთან დაკავშირებით სებ-ი თავის ბოლო ანგარიშში აღნიშნავს, რომ „უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე არსებული დაბალი საპროცენტო განაკვეთი, საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის საპროცენტო განაკვეთების ზრდის ფონზე, შესაძლოა საფრთხის მატარებელი აღმოჩნდეს საბანკო სექტორისთვის; აღნიშნული გარემოების გათვალისწინება მნიშვნელოვანია ამ უკანასკნელის მიერ ფასდადების პროცესისას“.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოს ბანკების მიერ გაცემული სესხების დიდი წილი იყო სამომხმარებლო. შესაბამისად, ბოლო პერიოდში კურსის ცვალებადობა მძიმედ დააწვა ამ კატეგორიის მსესხებლებს.

სახელმწიფომ ამ ტვირთის შესამსუბუქებლად აიღო ზღვარი, რომ გალარებისას სუბსიდირება შეეხებოდა იმ სესხს, რომელიც არ აღემატებოდა 100 ათას ლარს (40 ათას აშშ დოლარს). ამასთან, გალარებას ექვემდებარებოდა ერთი პირის მიერ აშშ დოლარში აღებული ერთი სესხი, რომელიც არ აღემატებოდა 40 ათას აშშ დოლარს.

გარდა ამისა, ეროვნული ბანკის განკარგულებით, გალარების პროგრამა შეეხო მხოლოდ სტანდარტულ სესხებს, თუმცა, რას ნიშნავდა ეს სტანდარტული სესხი, სპეციალისტების თქმით, სებ-ს არ განუმარტავს და კომერციულ ბანკებს მისცა თავისუფალი ინტერპრეტაციის უფლება. ანუ, რომელ სესხს ჩათვლიდა ბანკი სტანდარტულად, ეს მისი გადასაწყვეტი იყო. ბანკებს კი მიაჩნიათ, რომ ძირითადად, სტანდარტულია სესხი, რომელსაც არ აქვს ვადაგადაცილება.
გიორგი ქათამაძის თქმით, ეროვნულ ბანკს შეეძლო სტანდარტულად ჩაეთვალა ვადაგადაცილებული სესხებიც: „5-10 დღე აგვიანდებოდა კლიენტს, მაგრამ შემდეგ შეჰქონდა თანხა. ასეთი სესხები არასტანდარტულად ჩაითვალა. ანუ, ვისაც მართლა უჭირდა და არასტანდარტული სესხი ჰქონდა, შესაძლოა მიმართეს ბანკებს, მაგრამ უარი მიიღეს. ბანკებს ამის უფლება დაუტოვეს“.

არასტანდარტული სესხი „ვითიბი ბანკ ჯორჯიაში“ არ გაულარეს, მაგალითად, მოქალაქე ნანა ღვინჯილიას. ის ამბობს, რომ მას ბანკისგან პასუხიც კი არ მიუღია.

„ეს არის პრობლემური სესხი, ამიტომ ვუთხარით მას უარი გალარებაზე… დეტალებს ვერ გაგაცნობთ, კონფიდენციალური ინფორმაციაა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნინო ბენდელიანმა, „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.

„სესხის გადახდა რომ იყო პრობლემა, ამიტომაც სურდა ნანას გალარება. მოქალაქეებს უჭირდათ დოლარში აღებული სესხის დაფარვა და გალარება მნიშვნელოვანი შეღავათი იქნებოდა მათთვის,“ – ამბობს იურისტი რუსლან ბერიძე.
კლიენტს, პროგრამის ფარგლებში, შეეძლო სესხი სხვა ბანკში გადაეტანა და იქ გაელარებინა. თუმცა სხვა ბანკში კლიენტს სთხოვდნენ დოკუმენტაციას – ხელფასის შესახებ ცნობას, რამდენი ჰქონდა შემოსავალი…

„როცა სესხი აიღე, შესაძლოა მუშაობდი და ახლა აღარ მუშაობ. ბანკი, სადაც სესხი გქონდა, ჩართული იყო პროგრამაში, ვალდებული იყო გაელარებინა და არ ითხოვდა ამ დოკუმენტებს, მაგრამ შესაძლოა მაღალ პროცენტში სთავაზობდა კლიენტს გალარებას. სხვა ბანკი კი, შეიძლება დაბალ პროცენტში ალარებდა, მაგრამ ითხოვდა დოკუმენტებს. ამიტომ, ასეთი კლიენტებიც სესხს ვერ გაალარებდნენ, რაც აისახა კიდეც პროგრამის შედეგში. სესხის ერთი ბანკიდან მეორეში პორტირებისას პირობები არ უნდა შეცვლილიყო“, – ამბობს ფინანსისტი გიორგი ქათამაძე. მისივე თქმით, პროგრამას ეფექტურს გახდიდა ის, რომ კლიენტებს გალარებასთან ერთად ვადის გაზრდის საშუალებაც მისცემოდათ, დაახლოებით ისე, რომ ეს დამსგავსებოდა სესხის რესტრუქტურიზაციას.

„ბათუმელებმა“ ეროვნულ ბანკს ჰკითხა, თუ რას გულისხმობდა ის „სტანდარტული კატეგორიის სესხში“. სებისგან მიღებულ წერილობით პასუხში ვკითხულობთ:

„სესხი კლასიფიცირდება სტანდარტულად, თუ მისი ძირითადი თანხის და პროცენტის მუდმივად გადახდა დროულად წარმოებს. ამასთან, მსესხებლის კაპიტალი და გადახდის უნარი სტაბილურია. ეს კლასიფიკაცია მისაღებია, როდესაც მსესხებელი ფინანსურად ძლიერია და აქვს საკმარისი კაპიტალი, რათა შეამციროს უარყოფითი ზეგავლენა მოულოდნელი მოვლენებისაგან, ასრულებს მომგებიანობასთან დაკავშირებულ თავის მიზნებს და აქვს საკმარისი ნაღდი ფული, რათა დროულად დააკმაყოფილოს ყველა ვალდებულება, მათ შორის, აღნიშნული აქტივიც“.

ეროვნული ბანკის ამ პასუხიდან ჩანს, რომ სესხი გაულარეს ძირითადად იმ კატეგორიას, რომელსაც ბანკთან აღებულ ვალდებულებებს უპრობლემოდ ასრულებდა. სახელმწიფომ ამაში 16 მილიონამდე ლარი დახარჯა ბიუჯეტიდან.
მსესხებლებს, რომლებსაც პრობლემები ჰქონდათ სესხის პროცენტის გადახდაში, სახელმწიფო პროგრამა არ შეხებია. პროგრამა მათ რომც შეხებოდა, გალარების შედეგმა აჩვენა, რომ ისინი დიდ შეღავათს მაინც ვერ მიიღებდნენ. მიუხედავად ამისა, მაშინ, როცა სახელმწიფომ რაღაც ფულადი რესურსი გამონახა და მსესხებლებისთვის მოსალოდნელი შეღავათების შესახებ განაცხადა, ამ კატეგორიის მოქალაქეებზე, გამოდის, არ უფიქრია.

ლარის კურსი. მანანა ქველიაშვილის ფოტო

ლარის კურსი. მანანა ქველიაშვილის ფოტო

100 ათას ლარამდე სესხების პორტფელში მოქალაქეების უმეტესობას, ძირითადად, 10 ან 20 ათასი დოლარის სესხი ჰქონდა. იმ მიზნით, რომ აღარ გაგრძელებულიყო სესხის აღება დოლარში, სახელმწიფომ ხელოვნურად მოახდინა ერთგვარი პრევენცია ლარიზაციის პროგრამით, რომ ყველა სესხი 100 ათას ლარამდე, ბანკებიდან გასულიყო არა უცხოურ ვალუტაში, არამედ ლარში.

ეს, ერთი მხრივ, შეიძლება კარგია, – გაიზრდება მოთხოვნა ლარზე, გამყარებას დაიწყებს ეროვნული ვალუტა, თუმცა არის მეორე მხარეც. ამ სესხებიდან უმეტესობა არის იპოთეკური – მოსახლეობა ყიდულობდა ბინას ან მიწას, სადაც საცხოვრებელ გარემოს იქმნიდა. შესაბამისად, ეს ადამიანები დოლარში ამ სესხს იღებდნენ გრძელვადიანს, ათწლიანს, ოცწლიანს და თანაც ფიქსირებულს.

ლარიზაციით კი დაკანონდა შეზღუდვა, რომ საქართველოს მოქალაქე 100 ათას ლარამდე სესხს (დაახლოებით 40 ათასი აშშ დოლარი) აიღებს მხოლოდ ლარში. მაგრამ ზოგი ბანკი გრძელვადიან სესხს ლარში ვერ სთავაზობს კლიენტს. ამასთან, თუ სთავაზობს (5 და მეტი წლით), მაღალ პროცენტში და თანაც მცოცავი საპროცენტო განაკვეთით. შესაბამისად, ლარის რეფინანსირების განაკვეთი როცა იზრდება, ეს პროცენტი ავტომატურად ეზრდებათ კლიენტებს.

ფაქტობრივად, მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც მცირე, იპოთეკური სესხებით სარგებლობდა (10-20-30 ათასი დოლარი), შეეზღუდათ ასეთ სესხზე წვდომა და იძულებულია სესხი აიღოს ლარში და მთლიანად მოერგოს ბანკს. ამასთან, ასეთ სესხებზე წვდომა შეეზღუდათ იმ მოქალაქეებსაც, რომლებსაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ.

სების მონეტარული პოლიტიკის ბოლო, მაისის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „გასული წლის ბოლო კვარტალთან შედარებით, იპოთეკური სესხების მოცულობა 134 მლნ ლარითაა შემცირებული…“

„შეიძლება იფიქრეს, რომ ლარიზაციას უფრო მეტი დადებითი ეფექტი ექნებოდა, ვიდრე უარყოფითი, მაგრამ სესხის მხოლოდ 20% გალარდა. ეს აჩვენებს, რომ პროექტი სრულად არ შედგა. შედეგად კი მივიღეთ შეზღუდვა – 100 ათას ლარამდე სესხს უცხოურ ვალუტაში ვერ აიღებ“, – ამბობს გიორგი ქათამაძე.

უცხოურ ვალუტაში სესხის შემცირებას ეროვნული ბანკიც ადასტურებს: „2017 წლის აპრილის მონაცემებით, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა წინა კვარტალთან შედარებით 704,1 მლნ ლარით შემცირდა“.

2005 წლიდან ლარმა გამყარება დაიწყო და გაცვლის კურსმა დოლართან მიმართებით 1,4 ნიშნულსაც კი მიაღწია, 2008 წლის ომამდე. ექსპერტები ამბობენ, რომ ლარის გამყარების ეს პერიოდი ემთხვევა იმ დროს, როცა სახელმწიფო იღებდა უცხოეთიდან ვალს. ამასთან ვალუტა შემოდიოდა სხვადასხვა დონორი ორგანიზაციიდან, დაფინანსდა მსხვილი პროექტები მსოფლიო ბანკის მიერ და სხვა.

რა მოხდა 2012 წელს? ის ექსპერტები, რომლებიც ადრე ამბობდნენ, რომ ვალების აღებამ გამოიწვია კურსის გამყარება, ახლა ამბობენ, რომ ლარის გაუფასურება ამ ვალების გასტუმრების დაწყებამ გამოიწვია. სახელმწიფოს ვალი აღებული აქვს დოლარში ან ევროში, ამიტომ ბიუჯეტიდან ლარით ხდება შეძენა ვალუტის და გადახდა. შესაბამისად, სახელმწიფო მასიურად ყიდულობდა დოლარს, მასზე მოთხოვნა გაიზარდა და დოლარის კურსმა აიწია.

მთავრობის განცხადებით, ლარიზაციის პროგრამა ლარზე მოთხოვნის გაზრდას და ლარის გამყარებას ემსახურება. აპრილის თვიდან ლარი ოდნავ გამყარდა, მაგრამ ამაზე გალარების პროგრამაზე მეტად უფრო იმან იმოქმედა, რომ ბანკებს სესხების (100 ათას ლარამდე) უცხოურ ვალუტაში გაცემა აეკრძალათ. ამასთან, ფინანსისტების თქმით, გალარების პროგრამა წლის პირველ კვარტალში დასრულდა, ზოგადი ტენდენციის მიხედვით კი, მეორე კვარტალიდან, ზოგადად, დოლარის კურსი ყოველთვის იწევს დაბლა – ტურიზმისა და სხვა შიდა ფაქტორების გამო. საერთო ჯამში, პროგრამის 20%-ით შესრულება იმის მაჩვენებელია, რომ არ იყო ისეთი წარმატებული, როგორადაც დაიგეგმა.

მიუხედავად იმისა, რომ გალარების პროგრამა თვენახევარია დასრულდა, მთავრობას შედეგები ოფიციალურად ამ დრომდე არ შეუჯამებია.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“[/highlight]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: