სინდისის პატიმარი ზურაბ ჭავჭანიძე 45-ე დღეა ციხეში, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
„ბათუმელები“ დღეს, 30 დეკემბერს, ზურაბ ჭავჭანიძის მეუღლეს, მარინა გორჯელაძეს ესაუბრა.
მისი თქმით, ზურაბი, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი დღეა შიმშილობს, ამბობს, რომ მაინც მხნედ გრძნობს თავს.
„როცა მესაუბრება, ამბობს, მხნედ ვარო. სვამს მხოლოდ წყალს და იღებს გლუკოზას.
როგორც მითხრა, ექიმი დღეში ორჯერ ნახულობს, დილით და საღამოს და წნევას უსინჯავს“ – ამბობს მარინა გორჯელაძე.
ზურაბ ჭავჭანიძე, ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მედროშე, 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე დააკავეს.
მას პროკურატურა ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.
სასჯელის სახით ეს მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატის თქმით, ზურაბ ჭავჭანიძის საქმეში მხოლოდ ერთი ვიდეოკადრია, რომელზეც ზურაბ ჭავჭანიძე ჩანს დროშით ხელში.
ზურაბ ჭავჭანიძე სოხუმელია. დევნილობის შემდეგ იგი ბათუმში ცხოვრობს.
9 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მან ისაუბრა რუსულ ოკუპაციაზე. „რას ნიშნავს რუსული მმართველობა? მილიონამდე ქართველი მოკლეს, ყველა რუსი მმართველის ოცნებაა „საქართველო ქართველების გარეშე. საქართველოს გაქრობა, გადაშენება, ან გადაჯიშება უნდათ“- თქვა მან.






