ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ქობულეთის სოფელ კვირიკეში მთა დაშალეს. კუნძულის მშენებელი კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ქვებს და ლოდებს აჭარაში სხვა ადგილებშიც მოიპოვებს. კომპანია ქვიშა-ხრეშს მდინარე ჭოროხის კალაპოტიდანაც იღებს.
თითქმის ყველა შემთხვევაში კომპანია სასარგებლო წიაღისეულს ულიცენზიოდ მოიპოვებს – ლიცენზიისგან მას „ოცნების“ მთავრობა ათავისუფლებს განკარგულებებით, რომლებსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ყველა ეს განკარგულება უკანონოა. აქედან გამომდინარე კი, შეიძლება ვთქვათ, რომ უკანონო განკარგულების საფუძველზე წიაღისეულის მოპოვებაც უკანონოა.
„ეს მიდგომა – ლიცენზიისგან გათავისუფლება [ბევრს ვნახავთ ასეთი ტიპის განკარგულებებს მთავრობის ვებგვერდზე], ჩემი აზრით, არის უკანონო, ანუ არ შეესაბამება კანონს. პრობლემა იმაშია, რომ ლიცენზიისგან გათავისუფლების მექანიზმს, რომელსაც მთავრობის ის დადგენილება გვთავაზობს, რომელიც ლიცენზირების საკითხებს არეგულირებს [ვგულისხმობ 2005 წლის N136 დადგენილებას], საერთოდ არ ცნობს ზემდგომი აქტები. ამ შემთხვევაში ეს არის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „წიაღის შესახებ“ კანონები“, – ამბობს ქეთი გუჯარაიძე.
მაგალითად, კვირიკეს შემთხვევაში კობახიძის 2025 წლის 6 მაისის #762 განკარგულებით, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ლიცენზიისგან გაათავისუფლა და 21 ჰექტარი ტერიტორია გამოუყო 1,5 მილიონი კუბური მეტრი წიაღისეულის [კვირიკეს ტუფობრექჩიები და ანდეზიტო-ბაზალტები] მოსაპოვებლად. ეს განკარგულება მთავრობის 2005 წლის #136 დადგენილების საფუძველზეა გამოცემული. თავის მხრივ ამ დადგენილების კონკრეტული მუხლი, ქეთი გუჯარაიძის განმარტებით, უკანონოა და შესაბამისად, უკანონოა თავად განკარგულებაც.

- ქალბატონო ქეთი, აგვიხსენით, რატომ არის ეს განკარგულება უკანონო?
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ განკარგულებაში ნათლად წერია, რომ მოპოვების არეალი 21 ჰექტარია, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს საქმიანობა პირდაპირ ექცევა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პირველი დანართის საქმიანობაში, სადაც ზღვარი არის „10 ჰექტარი და მეტი“. ანუ, ამ კოდექსით, ეს საქმიანობა უნდა ყოფილიყო გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] საგანი.
გადავამოწმე გარემოსდაცვითი შეფასების პორტალზე და იქ არ არის ასეთი პროექტი დარეგისტრირებული. ვინაიდან არ ჩატარებულა გზშ, მომპოვებელი კომპანია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსს არღვევს და მისი საქმიანობა, ანუ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, უკანონოა.
- რატომ?
აქტში – რომელსაც მთავრობის განკარგულება ეყრდნობა, ანუ საქართველოს მთავრობის 2005 წლის #136 დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესს – არსებობს სპეციალური მუხლი, როდის შეიძლება იყოს გათავისუფლებული მეწარმე ლიცენზიისგან, მაშინ როდესაც ლიცენზიისგან გათავისუფლების მექანიზმს არ ცნობს ზემდგომი აქტები. ეს არის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონი და „წიაღის შესახებ“ კანონი. შესაბამისად, უკანონოა დადგენილების ეს კონკრეტული მუხლი, რომლითაც დადგენილია ეს მექანიზმი.
მთავრობის დადგენილება არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მის ზემდგომ კანონებს, ხომ?! არ შეიძლება მას ჰქონდეს მექანიზმი, რომელსაც არ ითვალისწინებს ზემდგომი კანონი. 136-ე დადგენილებამ შემოიტანა სწორედ ასეთი მექანიზმი, რომელსაც დაარქვეს „ლიცენზიისგან გათავისუფლება“.
შეიძლება ითქვას, რომ მთავრობამ, თავისივე გამოცემული აქტით – #136 დადგენილებით – თავის თავს მიანიჭა ისეთი უფლებამოსილება, რაც პარლამენტს, კანონის საშუალებით, მისთვის არ მიუნიჭებია. ყურადსაღებია, რომ აღნიშნულ დადგენილებაში ძალზე ხშირად შედის ცვლილებები, სხვადასხვა საჭიროების და ინტერესის დასაკმაყოფილებლად.
ამ დადგენილებაში, მისი მიღებიდან დღემდე, 91-ჯერ შეიტანეს ცვლილება.
სხვათა შორის, ამავე დადგენილებით მთავრობას მინიჭებული აქვს უფლება, ლიცენზიისგან გათავისუფლების შემთხვევაში, თვითონ განსაზღვროს გადასახდელი თანხა, რასაც ასევე არ ითვალისწინებს ზემდგომი კანონები. ანუ, ეს კიდევ ერთი უკანონო მექანიზმია. გამოდის, რომ 20 წელია არსებობს უკანონო ნორმა, რომელსაც მთავრობა უკანონოდ იყენებს.
- ამ შემთხვევაში ამას იყენებს კერძო კომპანიის პროექტისთვის. ამას როგორ შეაფასებდით?
დიახ, ეს კომერციული პროექტია. ნებისმიერი კერძო პროექტი მომგებიანია უპირველეს ყოვლისა ინვესტორისთვის. ანუ ინვესტორი, მეწარმე თუ რამეს აკეთებს, აკეთებს იმისთვის, რომ მიიღოს მოგება. აქ რომ იყოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება, მაგალითად: გადიოდეს გზა, რკინიგზა, ელექტროგადამცემი ხაზი, ან პლაჟის გამაგრებითი სამუშაოები ტარდებოდეს, ანუ პროექტი, რომელიც აუცილებელია საზოგადოებისთვის, გადაუდებელია, ასეთ შემთხვევაში ყველა ქვეყნის კანონმდებლობა, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს საგამონაკლისო წესებს.
მაგრამ ეს კონკრეტული პროექტი არის კერძო პროექტი. რატომ შეიძლება იყოს გათავისუფლებული ასეთი პროექტი ლიცენზიისგან? – რომ არ გათავისუფლებულიყო, ასეთ შემთხვევაში, ეს კონკრეტული საბადო გამოვიდოდა აუქციონზე, მოპოვების უფლების ყიდვით დაინტერესებული მეწარმეები შევიდოდნენ კონკურენციაში აუქციონზე და შესაძლოა ბიუჯეტს უფრო მეტი თანხაც კი მიეღო, ვიდრე მთავრობის განკარგულებით იქნა დადგენილი.
- ეს ერთი და ალბათ გზშ-ს ჩატარების ვალდებულებაც იქნებოდა ამ შემთხვევაში?
21 ჰექტარ ფართობზე საშენი მასალების მოპოვების გარემოზე ზემოქმედებაც აუცილებლად უნდა შეფასებულიყო. ამ შეფასების შედეგად, შეიძლება დადგენილიყო, რომ შერჩეულ ადგილზე (მთავრობის განკარგულებით გამოყოფილ ადგილზე) არ შეიძლება მოპოვება სხვადასხვა მიზეზთა გამო და საჭიროა სხვა საბადოს მოძიება. მხოლოდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეს საქმიანობა სერიოზული დარღვევებით მიმდინარეობს. სულ მცირე, ეს არის სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვება.
სხვათა შორის, მთავრობის ვებგვერდზე იძებნება ამ კომპანიის [„ამბასადორი ბათუმი აილენდი“-ავტ.] სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების სხვა შემთხვევებიც. ჯამში 130 ჰექტრამდე გამოდის მოსაპოვებელი ფართობი. აქედან ანდეზიტ-ბაზალტისა და ტუფობრექჩიების მოსაპოვებლად დაახლოებით 39 ჰექტარი ჯამში და უფრო მეტია ქვიშა-ხრეში – ჯამში, დაახლოებით 87 ჰექტარი.
ეს მონაცემები შეიძლება არ იყოს ზუსტი, ვინაიდან მთავრობა არ არის თანმიმდევრული თავისი აქტების გამოქვეყნებაში. შესაძლოა, არსებობდეს სხვა განკარგულებებიც, რომელიც არაა გამოქვეყნებული მთავრობის ვებგვერდზე.
გარდა იმისა, რომ ეს განკარგულებები მთავრობის 136-ე დადგენილებას ეყრდნობა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქვიშა-ხრეშს და სხვა საშენ მასალებს მოიპოვებენ სავალდებულო გზშ-ს გარეშე. ამ განკარგულებებში წიაღისეულის მოპოვებისთვის გამოყოფილია 10 ჰექტარზე მეტი ფართობები, რაც პირდაპირ უნდა ყოფილიყო გარემოზე ზემოქმედების შეფასების საგანი. არის განკარგულებები, სადაც მოსაპოვებელი ფართობი 5 ჰექტარი და მეტია. ასეთ შემთხვევებში, აუცილებელი იყო სკრინინგის პროცედურის გავლა. არაფერი მსგავსი არ მომხდარა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობები უკანონოა.
კიდევ ერთი სურათი გამოიკვეთა – მსხვილი, დიდი ფართობის მქონე საქმიანობის პატარა საქმიანობებად დაქუცმაცება: რეალურად, ერთი და იმავე ტერიტორიაზე, ერთ დიდ არეალზე, მაგალითად, ჭოროხის ხეობაში, მეზობელ უბნებზე, ცალ-ცალკე განკარგულებებია გამოცემული.
ჩემი აზრით, ეს შეიძლება საქმიანობის, მისი გარემოსა და მოსახლეობაზე მავნე ზეგავლენების შენიღბვას ემსახურებოდეს.
- რა ზიანს აყენებს ასეთი საქმიანობა გარემოს, მოსახლეობას, რა შედეგამდე შეიძლება მივიდეთ?
კვირიკეს შემთხვევაში მე რაც ვნახე – ფოტოები, მოპოვება ხდებოდა ან ახლაც ხდება ხელუხლებელ გარემოში, ტყეში… ანუ გამოდის, ზეგავლენა გარემოზე მნიშვნელოვანია. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უნდა შეფასდეს.
გზშ რომ ჩატარებოდა ამ საქმიანობას, მეეჭვება დაეშვათ ასეთ ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვება; ან თუ დაუშვებდნენ, მაშინ გზშ-ში გათვალისწინებული იქნებოდა კომპანიის მიერ აღდგენითი და საკომპენსაციო ღონისძიებების გატარების ვალდებულება. გამოდის, რომ კომპანიამ ესეც თავიდან აიცილა.
მდინარე ჭოროხი ხომ ვიცით, როგორი დაგლეჯილი მდინარეა… ნატანის, სანაპიროს, პლაჟების პრობლემაა და ასე შემდეგ… რა გავლენას ახდენს ჭოროხზე ამ რაოდენობის ქვიშა-ხრეშის ამოღება, ბუნებრივია, ესეც გზშ-ს საგანი უნდა ყოფილიყო აუცილებლად.
რაც შეეხება მოსახლეობაზე ზეგავლენას. მოსახლეობამ ამის შესახებ, დიდი ალბათობით, შეიტყო მაშინ, როდესაც კომპანიამ სამუშაოები დაიწყო. გზშ რომ ჩატარებულიყო, მოსახლეობას ექნებოდა დაგეგმილ საქმიანობაზე სახელმწიფო უწყების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობის და შესაძლო შედეგების შესახებ. ასევე, ჩატარდებოდა საჯარო განხილვები, სადაც ისინი შეძლებდნენ თავისი აზრის გამოთქმას მათ გვერდით ასეთი მასშტაბური მოპოვებითი სამუშაოების წარმოებაზე.
ზეგავლენის სახეებზე დღეს ზედაპირულად ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ შეიძლება ვახსენოთ ე.წ. სტანდარტული ზეგავლენები: მიწის და ნიადაგის გაუვარგისება, ტყის მოჭრა… იქ შეიძლება ყოფილიყო წითელი ნუსხის სახეობები. მტვერი, ჰაერის, წყლის დაბინძურება და უამრავი რამ… მათ შორის ეროზიული პროცესების განვითარების რისკი…
კანონით ეს მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები წინასწარ უნდა იყოს შესწავლილი და თავიდან აცილებული. თუ კომპანია შესაძლო შედეგების თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა, მაშინ – შერბილებული, შემცირებული და კომპენსირებული. რა თქმა უნდა, ეს მოითხოვს დროს და თანხას. სწორედ ეს აიცილა თავიდან კომპანიამ.
სამწუხაროდ, ასეთი თავიდან აცილებული ხარჯები, მოგვიანებით (ან საქმიანობის დაწყებისთანავე), გარდაისახება მძიმე ტვირთად, რომელიც საზოგადოებას, ადგილობრივ მოსახლეობას აწვება, დეგრადირებული გარემოსა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის სახით.
- ხელოვნურ კუნძულს „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის“ და „განსაკუთრებული რეგულირების ზონის“ სტატუსი მიანიჭეს. ამ სტატუსებით შეუძლია მთავრობას თავისი ქმედება გაამართლოს?
საკითხავია, რის საფუძველზე და რატომ მიანიჭეს? შეიძლება ამ სტატუსით გაამართლონ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლება; მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი, ეს სტატუსი არ ათავისუფლებს საქმიანობას გზშ-სგან. ზოგადად, ამ სტატუსების მინიჭება როგორ ხდება, ეს ცალკე საკითხია. სტატუსის მინიჭების აუცილებლობის დასაბუთება, როგორც წესი, ზედაპირულია.
ამ თემაზე:
კობახიძის განკარგულებით კვირიკეში მთას შლიან – წიაღისეულს ხელოვნური კუნძულისთვის იყენებენ






