„ფასი 50 ლარი მიწერია იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმე დიდი ხნით იქირავებს ბინას, თორემ ისე 120 ლარად ვაქირავებ დღიურად ივლისიდან,“ – ამბობს ერთ-ერთი ბინის მესაკუთრე ბათუმში, რომელსაც კაჩინსკების ქუჩაზე, ახალ ბულვართან ახლოს სტუდიოს ტიპის ბინა აქვს.
თუ ბინის მესაკუთრეებს, ან უძრავი ქონების აგენტებს დაუკავშირდებით, ნახავთ, რომ ბინები ბათუმში ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე საიტებზეა მითითებული. ბინის მესაკუთრეები ამბობენ, რომ „ცხოვრების გაძვირების მიუხედავად, ბინის ფასი არ გაუზრდიათ“, რადგან დამსვენებელი ნაკლებია.
„ბათუმელები“ დაინტერესდა სასტუმროების ბინის ფასებითაც. ამ შემთხვევაში არ გვითხრეს კონკრეტულად რამდენით, მაგრამ დაგვიდასტურეს, რომ ფასები გაიზარდა.
- ბინის რამდენიმე მესაკუთრესთან, ასევე უძრავის ქონების რამდენიმე აგენტთან გასაუბრების მიხედვით, ბათუმში, ზღვის პირველ ზოლში, ანუ ზღვიდან დაახლოებით 5-10 წუთის სავალზე, ორ პერსონაზე სტუდიოს ტიპის ბინის დასაქირავებლად ივნისში მინიმუმ 100 ლარი დაგჭირდებათ, ივლისში ფასი სავარაუდოდ 150 ლარამდე გაიზრდება, აგვისტოში კი, სტუდიოს ტიპის ბინის დაქირავება დღეში დაახლოებით 180 ლარი დაგიჯდებათ.
- იგივე სტუდიოს ტიპის ბინა ბათუმის მეორე ზოლში, ანუ ზღვიდან დაახლოებით 20 წუთის სავალზე, ივნისის დღეებში 60-70 ლარია, ივლისში კი, ფასის გაზრდას მესაკუთრეები 100-120 ლარამდე აპირებენ.
„ეს საათის ფასია, 50 ლარად არ ვაქირავებ“ – ეს ხვიჩა მელიქიშვილმა გვითხრა, რომელსაც ბინა გორგილაძის ქუჩაზე აქვს 2 ადამიანზე. ბინის მესაკუთრის თქმით, ივნისში ბინას 80 ლარად აქირავებს, მაგრამ „მსურველი ნაკლებია“.
„გასულ წელსაც იგივე ფასი მქონდა, ჯერ არ ვიცი, დავაკლებ თუ არა ფასს… მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული, გავზრდი თუ არა ფასს ივლისსა და აგვისტოში. წელს ნაკლებად მირეკავენ, ჯერ არანაირი ჯავშანი არ მაქვს,“ – აღნიშნა ხვიჩა მელიქიშვილმა „ბათუმელებთან“.
„თქვენ პირველი ხართ, ვინც ბინაზე დამირეკა, წელს ჯერ ვინმეს არ დაურეკავს“, – გვითხრა ეკა ქართველიშვილმა. მას გასაქირავებელი ბინა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე აქვს. ბინის ფასი დღეში 80 ლარია, თუმცა მესაკუთრე არ გამორიცხავს მნიშვნელოვნად დააკლოს ფასს, თუკი მსურველი ერთი, ან ორი კვირით აიღებს ბინას.
„გასულ წელს ხან 80 ლარად გავაქირავე ბინა, ხან 70 ლარად. მე ბათუმში არ ვარ, დამლაგებელს ვუხდი 30 ლარს, გარდა ამისა, კომუნალური ხარჯებია, ზოგჯერ სანტექნიკა ზიანდება, ამიტომ ამაზე დაბალ ფასად არ ღირს გაქირავება. არ არის ბინის ქონა სარფიანი – ბათუმში უკვე ტურისტზე მეტი ბინაა, იმდენი კორპუსი აშენდა,“ – ამბობს ნინო ქართველიშვილი.
„წელს ნაკლებად მირეკავენ, მაგრამ ალბათ ამინდების ბრალია,“ – ამბობს თამუნა, რომელსაც ბინა ინასარიძის ქუჩაზე აქვს. იგი ბინას ივლისში 120 ლარად, აგვისტოში კი, 150-170 ლარად აქირავებს.
ბინის მესაკუთრე ამბობს, რომ მის ბინაში 3-4 ადამიანი შეძლებს დარჩენას.
„მე წლებია არ გამიზრდია ფასი, არ მინდა დავკარგო კლიენტები, თორემ ცხოვრება გაძვირდა, რა ფასებია უკვე? იმედია, ამინდი გამოსწორდება და დამსვენებლებიც გამოჩნდებიან,“ – გვითხრა თამუნამ. მან გვარის გამხელა არ ისურვა.
„ძირითადად შემოდიან რუსები, ბელარუსები, უკრაინელები. მესაკუთრეებს უკვე აქ დასაქმებული რუსი აგენტები ურჩევნიათ, რუს დამსვენებლებს მოგვიყვანს და მეტს გადაგვიხდიანო, ბოლო პერიოდის ტენდენცია ესაა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ უძრავის ქონების ერთ-ერთი აგენტი, ნინა ივანოვი.
უძრავი ქონების აგენტის თქმით, ისევ ძველ ბათუმში ქირავდება ყველაზე ძვირად ბინები:
„ძველ ბათუმში, ივნისში სტუდიოს ტიპის ბინა საშუალოდ 150 ლარიდან იწყება, ივლისში 200 ლარია, აგვისტოში – 250. აგენტის გარეშე, ცხადია, შედარებით იაფად ქირავდება ბინები, რადგან საკომისიოს გადახდა მესაკუთრეს აღარ უწევს.
წელს ბევრი გვაქვს ჯავშანი, ზოგიერთ შემთხვევაში სექტემბერშიც კი, გვაქვს დაჯავშნილი ბინები.
ჩემი დაკვირვებით, ფასები არ გაზრდილა, დაახლოებით იგივე ფასებია, რაც გასულ წელს იყო,“ – გვითხრა ნინა ივანოვამ.
რაც შეეხება სასტუმროებს, „ბათუმელებს“ სამ ყველაზე დიდ სასტუმროში – „შერატონში“, „რადისონსა“ და „ჰილტონში“ უთხრეს, რომ ფასი ცვალებადია და იგი, პირველ რიგში, დატვირთულობაზეა დამოკიდებული. მსხვილ სასტუმროებში ასევე მოქმედებს ფასდაკლებების სხვადასხვა სისტემა.
რა ღირს სტანდარტული ნომერი ორ ადამიანზე საუზმით, დღესვე რომ დავჯავშნოთ, მაგალითად, 25 ივნისს, ასევე 25 ივლისს და 25 აგვისტოს? – „ბათუმელებმა“ ერთი და იგივე შეკითხვით მიმართა სასტუმროების ადმინისტრაციას.
„შერატონში“ გვითხრეს, რომ 25 ივნისს სტანდარტული ნომრის საფასური 354 აშშ დოლარი იქნება [920 ლარი], იგივე ნომერი საუზმის ჩათვლით 25 ივლისს, ასევე 25 აგვისტოს იქნება 340 აშშ დოლარი [884 ლარი].
„საკმაოდ დატვირთული ვართ უკვე, ფასი გაზრდილია გასულ წელთან შედარებით,“ – გვითხრეს „შერატონში“.
სტანდარტული ნომრის ფასი საუზმით „რედისონში“, ივნისში 1239 ლარია, 25 ივლისს – 826 ლარი, 25 აგვისტოს – 1121 ლარი.
„ჰილტონში“ კი, სტანდარტული ნომრის ფასი დამოკიდებულია ზღვის და ქალაქის ხედზე, ასევე, ბევრად უფრო მეტის გადახდა მოგიწევთ, თუ მაღალ სართულიდან მოგწონთ ზღვის ყურება:
25 ივნისს „ჰილტონში“, მაგალითად, ღამის გატარებას სტანდარტულ ნომერში და ზღვის ხედით დაბალ სართულებზე 420 აშშ დოლარად [1092 ლარი] შეძლებთ, მაღალ სართულზე ქალაქის ხედით ერთი ღამის ფასი 450 აშშ დოლარია [1170 ლარი], ზღვის ხედით – 460 აშშ დოლარი [1196 ლარი].
25 ივლისს სტანდარტულ ნომერს საუზმის სერვისით „ჰილტონში“ 450 აშშ დოლარად იქირავებთ, მაღალ სართულებზე 460-490 აშშ დოლარად.
25 აგვისტოს დაბალ სართულზე, მაგრამ ზღვის ხედით სტანდარტულ ნომერს 420 აშშ დოლარად [1092 ლარი] იქირავებთ, მაღალ სართულებზე 430-460 აშშ დოლარად.
„ფასები ცვალებადია, რამდენიმე დღის შემდეგ შესაძლოა იგივე ფასი აღარ იყოს და ამას თავად სისტემა აგენერირებს… ირანში კონფლიქტის მოგვარების შემდეგ ჯავშნებმა იმატა,“ – გვითხრეს „ჰილტონში“.






