მთავარი,სიახლეები

რას ნიშნავს აშშ-ის კონგრესში მიღებული რუსულ-ჩინური გავლენების საწინააღმდეგო აქტი საქართველოსთვის – ინტერვიუ

09.06.2026
რას ნიშნავს აშშ-ის კონგრესში მიღებული რუსულ-ჩინური გავლენების საწინააღმდეგო აქტი საქართველოსთვის – ინტერვიუ

8 ივნისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა მიიღო „კავკასიაში ჩინეთის კონტროლისთვის წინააღმდეგობის გაწევის აქტი“, რომელიც მთავრობას ავალებს, დეტალურად შეისწავლოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის გავლენა.

კანონპროექტი კონგრესში 2026 წლის 24 თებერვალს წარადგინა ორმა ამერიკელმა კონგრესმენმა – ჯო უილსონმა რესპუბლიკური პარტიიდან და სტივ კოენმა დემოკრატიული პარტიიდან.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ინიციირებული კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში რუსული და ჩინური გავლენების სიღრმისეულ შესწავლას და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სამომავლო სტრატეგიის გადახედვას.

დოკუმენტი აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლებისგან ორ მთავარ ქმედებას მოითხოვს (კანონის ამოქმედებიდან 180 დღის ვადაში):

სადაზვერვო ანგარიშის მომზადება საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის ქსელების შესახებ და აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების ახალი, 5-წლიანი სტრატეგიის მომზადებას.

წარმომადგენელთა პალატის შემდეგ კანონი მიღებულად რომ ჩაითვალოს, სენატმაც უნდა დაამტკიცოს.

რას ნიშნავს მსგავსი კანონპროექტის ინიციირება და როგორია საქართველოს კონტექსტი, „ბათუმელები“ თინა ხიდაშელს ესაუბრა, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ და არასამთავრობო ორგანიზაცი „სამოქალაქო იდეა“ დამფუძნებელს.

  • ქალბატონო თინა, რას წარმოადგენს „კავკასიაში ჩინეთის კონტროლისთვის წინააღმდეგობის გაწევის აქტი“ და რა არის მისი მთავარი მიზანი?  

მოგეხსენებათ, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საერთაშორისო ურთიერთობებში არის ჩინეთთან, ირანთან, რუსეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და მსგავსი ტიპის სახელმწიფოებთან ურთიერთობების სრულფასოვანი შესწავლა, ანალიზი და კვლევა. ხოლო შემდეგ იმ სახელმწიფოების პოზიციონირების სრულფასოვანი ანალიზი-კვლევა, ვინც ამ ქვეყნებთან ურთიერთობენ და იმავდროულად ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორები არიან. იმისათვის, რომ განისაზღვროს ეს პარტნიორობა და  ახალი ფორმები მიიღოს.

ეს არის ამოცანა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მარტო საქართველოზე არ არის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებზეა აქ, ძირითადად, საუბარი.

რაც შეეხება შინაარსს, არ მგონია, ამაზე ჯერჯერობით ვინმეს პასუხი ზუსტი ჰქონდეს. ეს პროცესი ახლა დაიწყო. თუ სენატი დაამტკიცებს და კანონად იქცევა, შემდეგ უკვე მოჰყვება აქტი, რომლითაც განისაზღვრება კონკრეტულად რა პარამეტრებით, მახასიათებლებით არის დაინტერესებული ამერიკის შეერთებული შტატები, რომ გაარკვიოს ამ სახელმწიფოების დამოკიდებულება ჩინეთთან, ირანთან და რუსეთთან. კვლევა უკვე ამის შესაბამისად წარიმართება.

  • თქვენი აზრით, რატომ გახდა ამ კანონპროექტის ინიციირება საჭირო ახლა?

არაფერი განსაკუთრებული, განსხვავებული თუ უცნაური ამაში არ არის. ამას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები პრაქტიკულად ყველა თავის პარტნიორთან მიმართებაში და ბუნებრივია, ვერც სამხრეთ კავკასია იქნებოდა გამონაკლისი. ის არკვევს, როგორია ჩინეთთან, რუსეთთან, ირანთან, ჩრდილოეთ კორეასთან და მსგავს ავტორიტარულ ქვეყნებთან მისი პარტნიორების ურთიერთობები.

  • თქვენი აზრით, რას ამბობს ეს გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულებაზე საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ?

არაფერს. ეს არ არის საქართველოს ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულების განმსაზღვრელი აქტი. ეს არის ჩინეთთან და ირანთან მიმართების განმსაზღვრელი აქტი. ამ ფოკუსში შეიძლება მოხვდეს ნებისმიერი სახელმწიფო. ამერიკას აინტერესებს ამ შემთხვევაში არა საქართველო, არამედ ჩინეთის და ირანის ოპერაციები მის სამეზობლოში, პარტნიორებში და ასე შემდეგ. საქართველო არის ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელთანაც ეს პარტნიორობა ამდენი წელი არსებობდა და ამიტომ ბუნებრივად მოხვდა ამ ჩამონათვალში.

  • თბილისმა რამე უნდა გააკეთოს, რამე თუ უნდა გაითვალისწინოს?

თბილისმა, დიდი ხანია ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოს. თუ მისთვის ძვირფასია ეს პარტნიორობა… რა თქმა უნდა, არსებობს სხვა გზაც. აგერ დღეს დილით კობახიძემ გვითხრა, რომ არსობრივად მაღალ ეტაპზე და უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები და ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე უნდა გადავიდეთ. ეს დაახლოებით ისეთია, რაც რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობაა ამ წუთას. ამიტომ ეს არჩევანია.

შეიძლება  დღეს „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ საქართველო ამ გზით უნდა წავიდეს და მისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ამაზე რას ფიქრობს ან რა პოზიცია ექნება და როგორ გამოიხატება ეს პოზიცია საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში.

რა თქმა უნდა, ესეც არჩევანია. ჩემთვის, პირადად, აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელი, ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ამას ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ გასაგებია, „ქართული ოცნება“ თავად აკეთებს იმ არჩევანს, რომელსაც აკეთებს და ხალხმა უნდა გადაწყვიტოს შემდეგ, რა დამოკიდებულება აქვს ამ არჩევანის მიმართ, მზად არის თუ არა, რომ მორიგ ვასალ ქვეყანად იქცეს, ამ შემთხვევაში უკვე ჩინეთისთვის.

  • რას ნიშნავს წარმომადგენელთა პალატაში ამ კანონპროექტის დამტკიცების პარალელურად ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება, რაც 9 ივნისის დილას მოვისმინეთ ირაკლი კობახიძისგან?

სიმართლე გითხრათ, აქ ცოტა კონფლიქტური მოსაზრება მაქვს, მე თვითონაც ვერ ჩამოვყალიბდი ბოლომდე. რეალურადაც ასეა, რაღაც სიმბოლიზმით დატვირთეს. საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 35 წლისთავი ყოფილა დღეს. მე არც ვიცოდი, მაგრამ ამას დაამთხვიეს.

ეს ასევე დაემთხვა წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ აქტს. ეს სპეციალურადაა გაკეთებული ამ აქტის მიღების ფონზე, თუ დიდი ხანია ასე იყო დაგეგმილი, იმიტომ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების წლისთავია, ეს ცოტა რთული სათქმელია. ამიტომ ასეთ დროს ყოველთვის ვცდილობ კონსპირაციებში არ გადავვარდე.

ჩავთვალოთ, რომ დაამთხვიეს დიპლომატიური ურთიერთობების აღნიშვნის წლისთავს და შემთხვევით მოხდა.

მთავარი აქ ის არის, რომ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად და სისტემურად, „წითელ ნაჭერს“ უფრიალებს ვაშინგტონს. ნახევარი ნაბიჯი წინ როგორც კი გადაიდგმება, ან გამოჩნდება ამ ნახევარი ნაბიჯის გადადგმის კონტურები, მაშინვე რაღაც მორიგ სიგიჟეს აკეთებს. ეს არის იმ მასშტაბის სიგიჟე, რომელმაც შეიძლება, თუკი რამე დადებითი პროცესის მოლოდინი არსებობდა, ისევ უკან დააბრუნოს და ისევ გაყინოს. რა ვქნათ, ასე იქცევიან და ასეთ არჩევანს აკეთებენ.

  • როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორებმა გამოიწვია ვაშინგტონის შეშფოთება, რომ მან ძალიან დიდ საფრთხედ დაინახა ჩინეთის გავლენის გაზრდა?

აქ არ არის საქართველოში საქმე. მესმის, რომ საქართველოში ყველაფერს რაღაცა თბილისური თვალთახედვით ვუყურებთ და გვგონია, რომ სამყაროს ცენტრში ვართ, მაგრამ ჩვენ არ ვართ სამყაროს ცენტრში, სამყაროს ცენტრში არის ჩინეთი ამ შემთხვევაში. ამიტომ ეს კანონპროექტიც, ყველა მსგავსი ინიციატივა ტრიალებს ჩინეთის გარშემო და არა საქართველოს გარშემო.

საქართველო მოხვდა რადარზე იმიტომ, რომ საქართველო არის ამერიკის ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი, ნუ ყოველ შემთხვევაში ქაღალდზე დაწერილად ჯერ ეს არავის არ გაუუქმებია. ამიტომ ბუნებრივია, როგორც სხვა ქვეყნებში ჯდება ეს ინტერესი და იწყებს ამერიკის შეერთებული შტატები გარკვევას, როგორ იქცევიან მისი პარტნიორები, იგივე შეეხო საქართველოსაც. ოღონდ აქ საუბარია იმაზე, რომ ისინი სინამდვილეში ინტერესდებიან ჩინეთის ოპერაციებით, ჩინეთის მიერ განხორციელებული ინფილტრაციის ოპერაციებით, სხვადასხვა მოვლენებით და ეს შეიძლება შეეხოს ნებისმიერ ქვეყანას.

  • თქვენი აზრით, რამდენად რეალისტურია ვარაუდი, რომ რუსული და ჩინური ინტერესები საქართველოში ერთმანეთს ემთხვევა ან კოორდინირდება და რაში შეიძლება ეს ყველაფერი გამოიხატებოდეს?

კოორდინირებას მე პირადად ვერ ვხედავ, როგორც ადამიანი, რომელიც უკვე რვა წელზე მეტია ვიკვლევ ამას. დამთხვევა ხშირია და ეს დამთხვევა ხშირად სიტუაციურია. დამთხვევა არის იმიტომ, რომ ამ ორ სახელმწიფოს საერთო მოწინააღმდეგე ჰყავს, საერთო ნიშნული აქვს დასმული იმაზე, თუ ვინ არიან მათი მტრები და მეგობრები.

ამიტომ ყველაფერი რაც ცუდია ამერიკისთვის, კარგია მათთვის, ყველაფერი რაც ცუდია ევროკავშირისთვის, კარგია მათთვის. შესაბამისად, ეს ინტერესთა თანხვედრა მუდმივად სახეზეა.

ახლა აქ მთავარი კითხვა ის არის, თბილისი სად არის ამ ყველაფერში? როგორც ჩანს და როგორც ვხედავთ, თბილისიც ამავე გზაზე დგას, რომ ყველაფერი, რაც ცუდია ამერიკისთვის, კარგია მისთვის. ამიტომ ყოვლისმომცველ გაღრმავებულ პარტნიორობაზე გველაპარაკება ჩინეთთან და არა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ან ევროკავშირთან.

  • რა ტიპის აქტივობებს შეიძლება გულისხმობდეს, როდესაც საუბრობენ სპეცსამსახურების ეგრეთ წოდებულ შეღწევაზე“?

ყველაფერი შეიძლება ვიფიქროთ, მაგრამ კონკრეტიკაზე საუბარი არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან. თუ ეს აქტი კანონად იქცევა, თუ სენატიც დაამტკიცებს მას და პრეზიდენტი ხელს მოაწერს, ამას მოჰყვება გრძელი განმარტებითი დოკუმენტი, რომელშიც ყველაფერს წავიკითხავთ ყველანი ერთად. რა აინტერესებს რეალურად, რისი გამოკვლევა, რისი შესწავლა უნდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, იქ ვნახავთ.

  • რომელ სფეროებშია დღეს ყველაზე შესამჩნევი ჩინეთის ეკონომიკური თუ პოლიტიკური გავლენა?

ჩვენ გვყავდა პრემიერ-მინისტრი, რომელიც პრემიერობებს შორის პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე უფრო სახელგატეხილ ჩინურ კომპანიაში მუშაობდა და ყველაფერს აკეთებდა ამ კომპანიის ინტერესების საქართველოში გასაძლიერებლად.

გვაქვს ძალიან მძიმე პრეცედენტი იმისი, რაც ხდება ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ძალიან ღრმად კორუფციული ნიშნების მატარებელი ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ კომპანიასა და რაღაცა ჩინურ-ქართულ გაუგებრობას შორის.

მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც არის პოლიტიკური სეგმენტი.

ჩვენ ყოველ წელს ვაკეთებთ მედიის ანალიზს, როგორ აჩვენებს ქართული მედია ჩინეთს ქართველ მომხმარებელს. ყოველ წელს ის მძიმდება და წლევანდელი კიდევ სპეციფიკურად ძალიან მძიმე იყო.

პროპაგანდის მანქანამ ყველაფერთან ერთად დაიწყო ჩინური სახელმწიფო მოდელის პროპაგანდირება საქართველოში. მუდმივი პარალელების კეთება, ამაღლებულ ნოტებში მოვლენების გაშუქება, რაც ხდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. თან ამის კეთება ისე, რომ პარალელურად წარმოაჩინონ უკიდურესად უარყოფითი მოვლენა სრულიად არდაკავშირებული და არაფერ შუაში მყოფი, ვთქვათ იგივე ევროკავშირში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მაგალითად, ლაპარაკობენ ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და უცებ მოაყოლებენ, რომ ამასობაში ამერიკაში სკოლაში იყო სროლა, რომელსაც შეეწირა ამდენი ბავშვი. ეს თავისთავად ტყუილი კი არ არის, ოღონდ ერთმანეთთან არაფერ კავშირში მყოფი ინფორმაციებია და მათი ერთად მიწოდება საზოგადოებისთვის მხოლოდ იმ ამოცანას ემსახურება, რომ განწყობები შექმნას. ვიღაცის მიმართ პოზიტიური, ვიღაცის მიმართ ნეგატიური. ეს აისახა უკვე ქართულ მედიაში.

სამწუხაროდ, მედიის დიდი ნაწილი ამ ნარატივს მიჰყვება სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ ძირითადად ვფიქრობ იმიტომ, რომ მაინცდამაინც ქართველი ჟურნალისტები არ იცნობენ ჩინურ სახელმწიფოს.

ხშირად იმეორებს არაპროპაგანდისტული მედიაც იგივეს, რასაც პროპაგანდისტული მედია ამბობს ხოლმე ან რასაც კობახიძე იტყვის და მოისურვებს.

სერიოზული პრობლემა გვაქვს იმ თვალსაზრისითაც, რომ სულ უფრო და უფრო იზრდება ჩინეთში სასწავლო პროგრამები. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ რა არის ამაში ცუდი, ვიღაც ამერიკაში მიდის სასწავლებლად, ვიღაც ჩინეთში…

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩინეთი ეს არ არის აკადემიური თავისუფლების ქვეყანა და იქ სწავლა არ არის ტოლფასი ამერიკაში ან დასავლეთ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლისა, სადაც აკადემიური თავისუფლება გარანტირებულია. შესაბამისად,იქმ განათლება მიღებული თუ იმ სკოლაგამოვლილი ადამიანები ჩვეულებრივი ცენზურის პირობებში მიღებული განათლების მსხვერპლი ხდებიან.

ეს, რა თქმა უნდა, მერე აისახება ბევრ რამეზე, მათ შემდგომ ცხოვრებასა და განვითარებაზე.

  • როგორ შეიძლება დაინახოს და ისაუბროს ოპოზიციამ ამ თემაზე ქვეყნის შიგნით, შიდა პოლიტიკურ დებატებში?

ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ყველაფერში მთავარი ფოკუსი არ დაგვეკარგოს.

ჩვენთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მნიშვნელოვანია ის, თუ რა ხდება ჩვენს სახელმწიფოში, განსაკუთრებით იმ ქვეყნების სპეცსამსახურების თუ იმ ქვეყნების საქმიანობიდან გამომდინარე, რომლებიც არ არიან ცნობილი საკუთარი დემოკრატიული ცხოვრების წესით.

მაგალითად, ერთი წუთით ჩინეთს გვერდზე გადავდოთ, აი, როგორც ირანის ელჩი იქცევა საქართველოში, რა ტიპის განცხადებებსაც ის აკეთებს და ამაზე არასდროს „ქართულ ოცნებას“ რეაქცია რომ არა აქვს, მაშინ როდესაც რამდენიმე კვირის წინ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებაზე დასცინეს კაია კალასს.

კაია კალასმა გააკეთა განცხადება, რომ როგორც კი დღის წესრიგში დადგება უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებები, ჩვენ საკითხს დავაყენებთ საქართველოდან რუსული ჯარის ისევე გასვლაზე, როგორც უკრაინიდანო.

„ოცნების“ წარმომადგენლები გამოდიოდნენ და დასცინოდნენ კაია კალასს. საოცარ განცხადებებს აკეთებდნენ. ამ ფონზე ვხედავთ სრულ იგნორირებას იმ ძალიან შემაშფოთებელი პოზიციებისა, რომელიც აქვს ირანის ელჩს.

ჩინეთის ელჩიც გამორჩეულად აქტიურია. მუდმივად საუბრობს იგივე ანაკლიასთან დაკავშირებით, აკეთებს საკმაოდ მწვავე და ისეთი ტიპის განცხადებებს, რომელიც პოლიტიკური პოზიციონირების ტოლფასია.

ამიტომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, ჯერ ერთი, ამ ყველაფერს თვალი ვადევნოთ და შევეცადოთ, რომ ეს არ გამოგვრჩეს.

ამასთან ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ანაკლიაში პროცესი დაიძრას.

ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ ამოცანა აქვს ანაკლია არასოდეს არ აშენდეს, ეს არის მათი ამოცანა, მათი ამოსავალი წერტილი და ჩვენი ფოკუსიც ამაზე უნდა გავასწოროთ.

სინამდვილეში ამ ქვეყნის გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური სტრატეგიული ინტერესი დღეს სწორედ ანაკლიაზე გადის. ეს საკითხი უნდა იყოს მუდმივად დღის წესრიგში.

რაც შეეხება იმას, რა მოხდება ვაშინგტონში, არ ვიცი პარტიებმა შეიძლება გადაწყვიტონ ერთი მიმართულებით ან მეორე მიმართულებით იმუშაონ, ვიღაცას ინფორმაცია მიაწოდონ რაღაცაში დაეხმარონ, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ყველაზე მეტად იმის მეშინია, არ მოხდეს ის, რაც მოხდა „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით.

მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი სულ ვამბობდით, რომ ნუ გავზრდით მოლოდინებს იქ, სადაც შეიძლება რაღაც გაუთვალისწინებელი ან პრინციპში მოსალოდნელი მოხდეს. არ არის საჭირო თამასის ამხელაზე აწევა, რადგან მერე თუ ეს არ ხდება, უფრო დიდი იმედგაცრუება დგება. ადამიანებს უჩნდებათ განცდა, რომ აი, ისევ მიგვატოვეს, ჩვენზე არავინ არ ფიქრობს, არავის არ ვაინტერესებთ და ასე შემდეგ.

ეს ჩვეულებრივი სტანდარტული პროცესია, რაღაც აქტები გადის კონგრესში, რაღაცები მერე სენატშიც გადის, მერე ზოგი ვერ გადის სენატში. ბევრი ინტერესები იკვეთება ერთმანეთთან.

საქართველოს და საქართველოს ტიპის ქვეყნების შემთხვევაში ხდება სხვა ინტერესების კვეთის გამო. მაგალითად, „მეგობარი აქტი“ დიდი ხანი გაჩერებული იყო განხილვისთვისაც კი. განხილვაზეც კი ვერ გადიოდა იმიტომ კი არა, რომ ვინმე ვინმეს საქართველოსთან დაკავშირებით „მეგობარი აქტის“ გატანაზე ებრძოდა რომელიმე პალატაში, არამედ რაღაც სხვა კანონპროექტების გამო, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა, ვერ თანხმდებოდნენ კონგრესში და არ იკრიბებოდნენ ამის გამო.

სანამ შეთანხმება არ შედგებოდა, უბრალოდ არ იკრიბებოდნენ, რომ საკითხი არ ჩავარდნილიყო. შესაბამისად, ყველა კანონპროექტი, რომელიც მას მოჰყვებოდა, იწევდა და იწევდა.

გახსოვთ ხომ პირველი ეტაპი როგორ გაიწელა „მეგობარი აქტის“, სანამ წარმომადგენელთა პალატაში მიიღებდნენ.

ამის მიზეზი ის კი არ იყო, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებას, მიზეზი ის იყო, რომ რაღაც სხვა აქტები იყო დღის წესრიგში, რომელიც წელავდა პროცესს.

ამიტომ ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც საზოგადოებას ველაპარაკებით და რაღაც ისეთი ტიპის მოლოდინები არ გავაჩინოთ, რომელიც მერე შეიძლება არარეალისტური აღმოჩნდეს, არ გამართლდეს და კიდევ უფრო ცუდი შედეგები მოგვიტანოს, ვიდრე ამის გარეშე იქნება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: