20 ივნისს აჭარის მთავრობამ ტურისტული სეზონი „ოფიციალურად“ გახსნა, თუმცა ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილებში – გონიო-კვარიათისა და სარფის სანაპიროზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ჯერ მზადების პროცესიც არ არის.
აუქციონები, რომლითაც ბათუმის მერია კვარიათის პლაჟზე კომერციული საქმიანობისთვის ადგილების საიჯარო წესით გასხვისებას გეგმავს, 24 ივნისს უნდა დასრულდეს. გონიოში კი ხშირ შემთხვევაში მერიას განმეორებითი აუქციონების გამოცხადება მოუწევს, რადგან მათი უმეტესობა ჩაიშალა.
მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ მსურველები შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამართვას, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაოები საზაფხულო-ტურისტული სეზონის პარალელურად უნდა წარიმართოს.
„მართალია ჩვენ არ ვჩქარობთ, რადგან ამ დროს ნაკლებია დამსვენებელი და გვირჩევნია ცოტა გვიან დავდოთ ხელშეკრულება, რომ არ დავზარალდეთ, ვინც შეზლონგებით და ქოლგებით ვემსახურებით დამსვენებელს, მაგრამ კაფეებისა და ბუნგალოების მოწყობა მართლა გვიანდება. ახლა უკვე დაწყებული უნდა იყოს, რადგან დრო სჭირდება.“ – გვიხსნის მოქალაქე, რომელიც პლაჟზე შეზლონგებს აქირავებს.
გონიოს სანაპიროზე მასალის მოსამზადებლად ჩვენ სწორედ იმ ადამიანების დაჟინებული თხოვნით ჩავედით, რომლებიც წლებია ტურისტულ სეზონზე პლაჟზე კომერციულ ობიექტებს ამუშავებდნენ და ეს მათი ოჯახების შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო.
„ჯერ ვცდილობთ გავუმკლავდეთ, მაგრამ აქედან გაგვყრიან. წელს თუ დავრჩით, მომავალ წელს ვერ დავრჩებით, მომავალ წელს თუ დავრჩით, შემდეგ წელს მაინც გაგყვრიან, სხვა ვერაფერი, ფული მოგვერევა, ფული“ – ემოციურად გვიხნის კაცი, რომელიც 15 წელზე მეტია ტურისტულ სეზონზე გონიოს პლაჟზე კომერციულ ობიექტს ამუშავებდა. სატელეფონო საუბარში მან კატეგორიულად მოგვთხოვა ადგილზე ჩავსულიყავით.
„მერიამ გვითხრა, რომ კონკურენცია უნდა იყოს, სხვასაც უნდა მეცეს შანსი, აბა სულ თქვენ ხომ არ იქნებითო.“
მათ ვკითხეთ რა გამოსავალს ხედავდნენ ასეთ ვითარებაში, რადგან კონკურენციის შექმნა მერიის მოვალეობაა, გვიპასუხეს, რომ პასუხი არ აქვთ: „არ ვიცით“
კვარიათი
გონიო-კვარიათის პლაჟზე 16 ივნისს ჩავედით.
ინფორმაცია, რომ გონიო-კვარიათის პლაჟზე კაფეების ნაწილი მუნიციპალურმა ინსპექციამ დაშალა შერჩევით, შეიძლება ითქვას რომ სიმართლეს არ შეესაბამება, 16 ივნისს პლაჟზე არცერთი კაფე არ დაგხვედრია, ერთის გარდა, რომლიც სასტუმრო „პანორამა კვარიათის“ წინ მუშაობს.
საჯარო რეესტრის ამონაწერით არ ირკვევა აქვს თუ არა მესაკუთრეს საიჯარო ხელშეკრულება პლაჟით სარგებლობასთან დაკავშირებით, თუმცა, რადგან რამდენიმე ადგილი უკვე გასხვისდა, დიდი ალბათობით, აქვს.

სასტუმრო „პანორმა კვარიათი“ და მოქმედი კაფე სასტუმროს წინ
სამაგიეროდ დაგხვდა დაშლილი კაფეების ნარჩენები, ნაგავი და ყველაფერი რაც აღარ გამოადგებოდათ ადგილზე დაუტოვებიათ. როგორც ჩანს მესაკუთრეებმა თავი არ შეიწუხეს იმ ადგილის დასასუფთავებლად, სადაც მთელი ზაფხული მუშაობდნენ.

პლაჟი მოუვლელი და დანაგვიანებულია

ადგილობრივმა მეწარმეებმა იციან, რომ ყველა დიდ სასტუმროს საკუთარი კომპლექსის წინ პლაჟი გრძელვადიანი საიჯარო წესით უნდა:
„მოკლევადიანი იჯარითაც რომ იყოს, ისინი აუქციონზე ბოლომდე გამოგვყვებიან, მათ ეს არ აბრკოლებთ, ჩვენ წავაგებთ. მართალია ჩვენ წლებია აქ ვართ და ამ საქმეს ვაკეთებდით, მაგრამ ისე არ გავმდიდრებულვართ, რომ მილიონერებს მოვუგოთ. გული მტკივა, ასე მგონია ჩემი სახლიდან უნდა გამაგდონ. ჩვენ ყოველთვის ჩვენი ადგილი ვიცოდით, სხვის ადგილზე არც მოვინდომებდი“ – გულდაწყვეტით გვიყვება ერთ-ერთი მეწარმე.
გონიო-კვარიათის სანაპიროზე უნებართვო ობიექტების დემონტაჟის დაწყების შესახებ ბათუმის მერიამ ინფორმაცია 8 აპრილს გამოქვეყნა. ინსპექცია წერდა, რომ კაფე-ბარების, ბუნგალოებისა და სავაჭრო ჯიხურების – ჯამში 35 ობიექტის მფლობელი გააფრთხილეს. ინსპექტირების შემდეგ, მეპატრონეების უმრავლესობამ კაფეები თავად დაშალა და ჯიხურებიც გაიტანეს.
საბოლოოდ გონიო-კვარიათში 40-მდე უნებართვო ობიექტის დემონტაჟის დასრულების შესახებ მუნიციპალურმა ინსპექციამ 21 მაისს გამოაქვეყნა ინფორმაცია. წერდნენ, რომ ჯამში 40-მდე კომერციული ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა. ფაქტობრივად პროცესი დაგვიანდა, მერია უკვე ზაფხულის ახალ სეზონს უნდა გეგმავდეს.

დაზიანებული პრომენადი


ამავე თემაზე:
როგორ ჩახერგა და დაამახანჯა გონიო-კვარიათის სანაპირო ბათუმის მერიამ – ფოტორეპორტაჟი







