რუსული მედიის თანახმად, ჰონდურასის პრეზიდენტ, ნასრი ასფურასთან შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბელარუს-უკრაინის საზღვართან ახლოს განთავსებულია რეტრანსლატორები, რომლებიც, მისი თქმით, „ცეცხლის კორექტირებას ახდენენ“. ზელენსკის აზრით, ეს ბელარუსს სამხედრო კონფლიქტში ითრევს.
უკრაინის პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ ეს „ტექნიკა“ ერთ კვირაში გამოირთოს.
„ვფიქრობ, ერთი კვირა საკმარისი იქნება ამის გასაკეთებლად. რატომ ვამბობ ერთ კვირას? იმიტომ, რომ ამის გამო ყოველდღიურად იღუპებიან ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები. თუ ამას არ გააკეთებს, ჩვენ გავაკეთებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინული წარმოშობისაა დრონი, რომელმაც ბრიანსკის ოლქში იმ ავტობუსს შეუტია, რომელშიც ბელარუსი ბავშვები ისხდნენ. ამასთან, მისი თქმით, ბელარუსი ჯერ არ ჩქარობს „რაიმე დასკვნის გაკეთებას“.
ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ დრონის წარმოშობასთან დაკავშირებით არსებობს საკმარისი რაოდენობის „კონსპირაციული ვერსიები“.
მან დასძინა, რომ თუ ვინმე პროვოკაციას აწყობს და ცდილობს ბელარუსის სამხედრო მოქმედებებში ჩათრევას, ეს „ცუდად დასრულდება მათთვის, ვინც ამას ცდილობს“.
მისი თქმით, ბელარუსის და რუსეთის სამართალდამცავები მომხდარს აუცილებლად გამოიძიებენ.
„მე არაერთხელ გაგაფრთხილეთ (თქვენ ეს გარკვეული შემთხვევეში ჩემზე უკეთაც კი იცით) – დღეს ომი, უბრალოდ, სადღაც, შორს აღარ არის. ის ჩვენს ღობესთანაა, ზოგჯერ კი უფრო ახლოსაც. ამის დასტურია სხვადასხვა სახის პროვოკაცია. არა მხოლოდ პროვოკაციები, არამედ გარკვეული სახელმწიფოების მხრიდან, როგორც შეთანხმებების, ისე ომის დროს ქცევის წესების პირდაპირი დარღვევა“, – ასე გამოეხმაურა ლუკაშენკო დრონით თავდასხმას.






