გულნაზ ფერაძე 49 წლის შშმ ქალია. ის თითქმის დანგრეულ, დაობებულ და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ფიცრულში ცხოვრობს ბათუმში, ფერაძის ქუჩაზე.
ნესტიანი ქოხი უფანჯროა, იატაკი ჩანგრეული, რის გამოც საძინებელ ოთახში დიდი ღრიჭოებია და თავისუფლად შეგიძლია დაინახო ეზო. ქოხი გულნაზის 300 ლარად აქვს ნაქირავები.
უკანა კედელი არ აქვს საპირფარეშოდ გამოყოფილ ადგილს, ჭერიც დაზიანებულია. ადგილი, სადაც წესით აბაზანა უნდა იყოს, ჩახერგილია და კარიც კი არ იღება.
გულნაზი ამბობს, რომ დასაბანად ხან ერთ ნაცნობთან მიდის, ხან – მეორესთან.
ქოხში ელექტროგაყვანილობა კუსტარულია. არ დგას ავეჯი, ამის გამო ტანსაცმელი დაობებულ კედლებზეა ჩამოკიდებული. ნივთების ნაწილი ფუთებშია შენახული და არცერთ ოთახში სივრცე არ არის. შესასვლელიც ვიწრო და ბნელია. ამის გამო, გულნაზის შუქი სულ უნთია.
ამას მეორე მიზეზიც აქვს. გულნაზი ამბობს, რომ ღრიჭოებიდან თაგვები და მორიელები შემოდიან ოთახში.

ჩავარდნილი იატაკი გულნაზ ფერაძის ქოხში, საიდანაც ქუჩა მოჩანს.
„ერთმა მორიელმა მიკბინა კიდეც. სასწრაფო არ გამომიძახებია, დექსამეტაზონი გავიკეთე და ვიფიქრე, – რაც იქნება იქნება“ – გვეუბნება გულნაზი.
ის თავის მძიმე ცხოვრებაზე უყვება „ბათუმელებს“.
ამბობს, რომ თითქმის რვა წელი ლოგინად ჩავარდნილ დედას უვლიდა.
„არც მზე დამინახავს და არც მთვარე. დედის გარდაცვალების შემდეგ, ყოფილმა მეუღლემ დედის დატოვებული ბინა თავის სახელზე გადაიფორმა. ჩემი ბინა ინასარიძის ქუჩაზე იყო და წესით, ახლაც იქ უნდა ვიყო ჩაწერილი.

გულნახის ქოხს ფანჯარა არ აქვს და დღის შუქი ვერ აღწევს.
მითხრა, რომ კომერციული ფართობის გაკეთებას აპირებდა და ფული სჭირდებოდა. მე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და ვიღებ მედიკამენტებს. ვფიქრობ, ჩემი მდგომარეობით ისარგებლა და ისე მომაწერინა ხელი. არც კი მახსოვს, რაზე მოვუწერე.
შემდეგ, როცა იპოთეკის ფული აღარ გადაიხადა და ვთხოვდი, რომ ჩემი ბინა დაებრუნებინა, ჩემზე ფიზიკურად იძალადა. სულ მცემდა. შემაკავებელი ორდერიც აქვს გამოწერილი. სამი წელია საქმე სასამართლოშია, მაგრამ პროცესი არ იწყება. მე დავრჩი მარტოდ და უბინაოდ. თაღლითობის საქმეზე არც კი წამომიწყია დავა, რადგან ჯერ ძალადობის საქმის განხილვაც კი არ დაუწყია სასამართლოს. რა აზრი აქვს?!
შერყეული მაქვს ჯანმრთელობა. მაქვს დიაბეტიც. 400 ლარი მაქვს პენსია და აქედან 300 ლარს ამ დაობებულ ოთახში ვიხდი. საჭმლის ფულიც კი აღარ მრჩება“- ამბობს გულნაზ ფერაძე.
იგი გვაჩვენებს მაცივარს, სადაც პოლიეთილენის პარკებში ჩადებული დაობებული მწვანილი და მწირი, ვადაგასული პროდუქტი უდევს.

გულნაზ ფერაძე ამბობს, რომ შშმ პირის პენსია არც წამლისთვის ჰყოფნის და არც საკვებისთვის.
ამბობს, რომ ერთხელ მოითხოვა მერიისგან დახმარება და ამისთვის ბევრი ბარიერის გადალახვა მოუწია.
„კიდევ მიყავი მისული დახმარებაზე და მითხრეს, რაში გჭირდება ფულიო. თავზე მაწვიმს, წამლის ფულიც არ მაქვს, ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ვიღებ, რომელიც აუცილებელია ჩემი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ სახელმწიფო პროგრამით ყველა არ მიფინანსდება.
რადგან სახურავი დაზიანებულია და ჭერიდან წყალი ჩამოდის, გავცივდი. ფილტვებში წყალი მქონდა ჩამდგარი. ახლობელი დამეხმარა წამლების შეძენაში და უკეთ გავხდი, მაგრამ გადასამოწმებელი მაქვს ფილტვები. ექიმთან ვიზიტი არ მიფინანსდება, 80 ლარი სჭირდება და საიდან მოვიტანო?
რადგან დიაბეტი მაქვს, ასევე ყველა სამ თვეში მჭირდება სისხლის საერთო ანალიზი და გადასხმები. ჩემი პენსია კი ჩემს საჭიროებებს ვერ სწვდება.

ქოხში, რომელიც გულნაზ ფერაძეს 300 ლარად აქვს ნაქირავები, წყალი ჩასდის.
მერია მეუბნება თავშესაფარში წადიო, მაგრამ არ წავალ. 4 ძაღლი მყავს და ძაღლებს იქ არ წამაყვანინებენ. მე მათ ვერ მივატოვებ. ახლა ცოტა ხნით ახლობელთან მყავს შეფარებულ, მაგრამ უნდა მოვიყვანო, იქ დიდხანს ვერ გააჩერებენ. ჩემი ერთი ძაღლი 12 წლისაა, მას ვერ მივატოვებ“- გვეუბნება გულნაზი.
ამბობს, რომ თავს დაუცველად გრძნობს, რადგან სახელმწიფო მის პრობლემებს – უსახლკარობას და ჯანდაცვის საკითხებს, გულგრილად ეკიდება.
„ვეღარ ვუძლებ“ – გვეუბნება ის.
გულნაზის ქოხის გარშემო მაღლივი კორპუსები შენდება. ეს რამდენიმე ქოხი კი ამ მშენებლობებს შორისაა მოქცეული. გულნაზი ამბობს, რომ შესაძლოა ეს ქოხიც მალე აიღონ და ის საერთოდ ღია ცის ქვეშ დარჩება.
„უნდა დამეხმაროს მერია და მომცეს თავშესაფარი, რადგან ასეთ პირობებში ცხოვრება შეუძლებელია. მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი იცხოვრებდა ასეთ ქოხში, ასეთ საპირფარეშოში შევიდოდა?
პირველყოფილი ადამიანივით ვცხოვრობ. შეიძლება ის უკეთესად ცხოვრობდა“- ამბობს გულნაზი.
ნახეთ ვიდეო:
_______________
გულნაზ ფერაძის დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ „ლიბერთი ბანკის“ ანგარიშზე:
GE67LB0211154398260000
მიმღები: გულნაზ ფერაძე.






