ბათუმელი მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 27 ნოემბერს წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ზურაბ ჭავჭანიძე პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ზურაბ ჭავჭანიძესთან ერთად დღევანდელ პროცესზე „4 ოქტომბრის საქმეზე“ დაკავებული კიდევ 13 ბრალდებული დატოვა პატიმრობაში: ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანიძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე.
„ოცნების“ პროკურატურა ზურაბ ჭავჭანიძეს ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. სასჯელის სახით ეს მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზურაბ ჭავჭანიძე კატეგორიულად არ ეთანხმება მისთვის წარდგენილ ბრალდებას. ადვოკატის, ნინო ლომინაძის თქმით, ამ საქმეში პროკურატურას არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ზურაბ ჭავჭანიძის მიერ დანაშაულის ჩადენას.
დღევანდელ პროცესზე ზურაბ ჭავჭანიძემ მოსამართლის კითხვაზე, სად ცხოვრობთ? უპასუხა: „არსად [გაეცინა]. სოხუმელი ვარ მე თვითონ და ახლა სხვის სახლში ვცხოვრობ. დარეგისტრირებული ვარ ბათუმში”.
საქმიანობის შესახებ დასმულ შეკითხვას კი, ზურაბ ჭავჭანიძემ ასე უპასუხა: „ჩემს საქმიანობას სამ კატეგორიად ვყოფდი: იძულებით, მოწოდებით და დიპლომით”.
აქ მას მოსამართლემ გააწყვეტინა საუბარი და სთხოვა, დაესახელებინა სამუშაო ადგილი. „დაცვის სამსახურში ვმუშაობ” – უპასუხა ზურაბ ჭავჭანიძემ.






