ახალშექმნილმა ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ, რომელსაც კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარება ევალება, ამ დროისთვის 645 ავტომობილის შესყიდვაზე 6 ტენდერი გამოაცხადა.
აქედან 50 ავტომობილი – საგამოცდო დანიშნულების, შსს-ს მომსახურების სააგენტოსთვის იქნება, ხოლო დანარჩენი – პიკაპები, ჰიბრიდები თუ ელექტროავტომობილები – სხვადასხვა უწყებისთვისაა განკუთვნილი.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 50 892 011 ლარია.
- 305 სპეციალიზებული კლასის [პიკაპი] ავტომობილის შესყიდვაზე კონსოლიდირებული ტენდერი 27 571 695 ლარითაა გამოცხადებული [რაოდენობა აქაც და ქვემოთ სხვა ტენდერებშიც, საორიენტაციო ხასიათისაა და შეიძლება შეიცვალოს არაუმეტეს 10%-ის ოდენობით].
ამ ტენდერის ფარგლებში 90 ავტომობილს სურსათის ეროვნული სააგენტო შეისყიდის, 50-ს ეროვნული სატყეო სააგენტო, 33-ს – გაზის ტრანსპორტირების კომპანია და ა.შ. სულ 14 საბიუჯეტო ორგანიზაცია:

ამ შემთხვევაში ერთეული ავტომანქანის ღირებულება [ზღვრული], მითოთებულია 66 499 ლარი.
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 24 ივნისს დაიწყება და 25 ივნისს დასრულდება.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღის განმავლობაში.
- 98 ერთეული III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის [სრულად ჰიბრიდული] ავტომობილის შესყიდვაზე ტენდერი 7 947 800 ლარითაა გამოცხადებული.
ამ ტენდერის ფარგლებში სხვადასხვა რაოდენობის ავტომობილს 12 საბიუჯეტო ორგანიზაცია შეისყიდის:

აღნიშნულ ტენდერში ერთეული ავტომანქანის ზღვრული ღირებულებაა 68 900 ლარი.
წინადადებების მიღება 2026 წლის 24 ივნისს დაიწყება და 25 ივნისს დასრულდება.
მიწოდება კი უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 დღის განმავლობაში.
- 156 ერთეული III კლასის მსუბუქი [სრულად ჰიბრიდული] ავტომობილის შეძენას კი სახელმწიფო ცალკე ტენდერით 9 218 040 ლარად გეგმავს.
აღნიშნულ ავტომობილებს 9 უწყება გადაინაწილებს [მაგალითად, შემოსავლების სამსახური – 85 მანქანა, თავდაცვის სამინისტრო – 29, სუესათის სააგენტო – 10]:

ამ შემთხვევაში ერთეული ავტომანქანის ღირებულება [ზღვრული] – 49 940 ლარია.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 დღის განმავლობაში.
ამასთან, ტენდერში აღნიშნულია, რომ „შემოთავაზებული ავტომობილი უნდა იწარმოებოდეს ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში.“
აღნიშნულ ტენდერში წინადადებების მიღება ასევე 2026 წლის 24 ივნისს დაიწყება და 25 ივნისს დასრულდება.
- 33 ერთეულ II კლასის მსუბუქ [სრულად ჰიბრიდულ] ავტომანქანას შეიძენენ მაქსიმუმ 2 319 900 ლარად.
ამ ავტომობილებს 10 უწყება გადაინაწილებს:

ერთეული ავტომანქანის ღირებულება [ზღვრული] არის 59 000 ლარი.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 დღის განმავლობაში.
წინადადებების მიღება კი აქაც 2026 წლის 24 ივნისს დაიწყება და 25 ივნისს დასრულდება.
- ცალკე ტენდერია გამოცხადებული 3 ერთეული II კლასის მსუბუქი ელექტროავტომობილის შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ჯამური თანხა 270 576 ლარია.
თითო ცალ ელექტროავტომობილს ამ ტენდერის ფარგლებში გარემოს დაცვის სამინისტრო, გარემოსდაცვითი დეპარტამენტი და დაცული ტერიტორიების სააგენტო შეიძენს:

ამ შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღის განმავლობაში. ტენდერში წინადადებების მიღების დაწყება დასრულების დრო, როგორც ზემოთ, ამ შემთხვევაშიც იგივეა.
ყველა ზემოთ აღნიშნული ტენდერის შემთხვევაში, პირობაში მითითებულია, რომ „შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2026 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი [გარბენი არაუმეტეს 200კმ], ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება“.
ამასთან „შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა“. თუმცა, 156 ცალი III კლასის მსუბუქი [სრულად ჰიბრიდული] ავტომობილის შესყიდვის ტენდერის შემთხვევაშია მითითებული პირობაში, რომ „შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებების ფერი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველ ორგანიზაციასთან [ნებისმიერი ფერი, გარდა შავისა]“.
- 50 საგამოცდო დანიშნულების 50 ავტომობილის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 564 000 ლარია.
საგამოცდო დანიშნულების 50 ერთეული სატრანსპორტო საშუალების შესყიდვაზე ცალკე კონსოლიდირებული ტენდერია გამოცხადებული. ავტომობილები განკუთვნილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის.
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 22 ივნისს დაიწყება და 23 ივნისს დასრულდება.
ერთეული ავტომანქანის ზღვრულ ღირებულებად კი 52 842 ლარია მითითებული.
შესასყიდი ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლები და ბრენდირების ნიმუში:

„შენიშვნა: აღნიშნული ესკიზი არის ვიზუალისთვის და არ არის განსაზღვრული სურათზე ასახული კონკრეტული მოდელის/მარკის ავტომობილისთვის“. / წყარო: ტენდერი
პირობაში აღნიშნულია, რომ „ავტოსატრანსპორტო საშუალებები ადაპტირებული უნდა იყოს მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდისათვის, დამატებითი აღჭურვილობით, რომელიც უნდა შედგებოდეს რკინის მყარი კონსტრუქციისაგან.
კერძოდ: პარალელური სატერფულებით: სამუხრუჭე, აქსელერატორი. სალონში დამატებითი ცენტრალური უკანა ხედვის სარკე [თანდართული ესკიზისა და ზომების შესაბამისად]. ძარაზე არსებული გვერდითი უკანა ხედვის მარჯვენა და მარცხენა სარკის ზედა ნაწილზე განთავსებული [მიმაგრებული] უნდა იყოს დამატებითი გვერდითი უკანა ხედვის სარკე“.
ცენტრალური შემსყიდველი ორგანო 2026 წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდა, როგორც „დამოუკიდებელი სსიპ, რომელიც ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას“. ორგანოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს მთავრობა.
ამ ორგანოს შექმნამდე კონსოლიდირებულ ტენდერებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აცხადებდა. „ოცნების“ მთავრობის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 2026 წლის 1-ელი ივნისის განკარგულებით, აღნიშნული სააგენტოს თავმჯდომარეობიდან გაათავისუფლა ლევან რაზმაძე და ის იმავე დღეს დანიშნა ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელად. პირველი ივნისის სხვა განკარგულებით კი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარედ გიორგი ლაცაბიძე დაინიშნა.
„ოცნებამ“ 175 მილიონი ლარის ავტომანქანები იყიდა – წელს 36 მილიონზე მეტს დახარჯავს






