2026 წლის ბიუჯეტის შესრულების ორი კვარტლის შედეგების შეჯამებამდე ჯერ ადრეა, თუმცა ფინანსისტებს აქვთ მოლოდინი, რომ შემოსულობების „სხვა შემოსავლების“ ნაწილი ისევ გაიზრდება და ეს ძირითადად ისევ ჯარიმების „დამსახურება“ იქნება.
ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფომ „სხვა შემოსავლები“ მნიშვნელოვნად სწორედ ჯარიმებით გაზარდა.
მათ შორის დიდი შენატანი დაფიქსირდა საგზაო წესის დარღვევით გამოწვეული და ადმინისტრაციული ჯარიმებისგან. ასევე, 2026 წლის პირველ კვარტალში 30 მილიონი შევიდა ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან და ესეც „სხვა შემოსავლებში“ აისახება.
საგზაო წესების დარღვევისთვის 2026 წლის პირველ კვარტალში, ქვეყნის მასშტაბით, 79,7 მილიონი ლარი ამოიღეს, რაც წინა წლის იგივე პერიოდის შედეგებთან შედარებით ორჯერ მეტია.
ანგარიშის თანახმად, ჯარიმებიდან 31.9 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის, 47.8 მილიონი ლარი კი – ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.
იგივეა მონაცემები, თუ „სხვა შემოსავლების“ ნაწილში მზარდ ტენდენციას აჭარის მაგალითზე განვიხილავთ.
ბათუმის მერიას ჯერ პირველი კვარტლის ანგარიში არ წარუდგენია საკრებულოსთვის, თუმცა 2025 წლის ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით, შემოსულობებში – „სხვა შემოსავლები“, ჯარიმებმა პროგნოზებს გადააჭარბა.
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის დაჯარიმებული მძღოლებისგან ბათუმის ბიუჯეტში 2025 წელს 13 მილიონ 676 ათასი ლარი შევიდა.
ეს მონაცემი ბათუმის მერიას ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში აქვს დაფიქსირებული. თუ გავითვალისწინებთ, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში აღნიშნული ჯარიმებიდან შემოსული თანხის მხოლოდ 60 პროცენტი შედის, გამოდის, რომ 2025 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბათუმში მძღოლებმა ჯამში 22 მილიონ 793 ათასი ლარის ჯარიმა გადაიხადეს.
ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში აღნიშნულია, რომ სანქციების [ჯარიმები და საურავები] სახით სულ მობილიზებულია 19 მილიონ 602 ათას 300 ლარი, „რაც საპროგნოზო მაჩვენებლის [10 მილიონი ლარის] 196 პროცენტია“.
დეტალურად ნახეთ აქ: ბათუმში მძღოლები 22,7 მილიონით დააჯარიმეს მოძრაობის წესების დარღვევისთვის – 2025 წლის მონაცემები
შესაბამისად, მერიაში გაზარდეს 2026 წლის ბიუჯეტის პროგნოზებიც, 2026 წლის მარტში კი ქალაქის ბიუჯეტში შეიტანეს ცვლილება, სადაც ჩაწერეს, რომ პროგნოზებს ისევ ზრდიან. არის მოლოდინი, რომ 2 კვარტლის შედეგების შემდეგ მერია პროგნოზებს, ზოგიერთი მიმართულებით, ისევ გაზრდის.
ქვეყნის მასშტაბით გასული წლის პირველ კვარტალში, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები 38.7 მილიონი ლარი იყო. 2026 წლის პირველ კვარტალში კი 79.7 ლარს მიაღწია, შესაბამისად, შემოსავლები ჯარიმებიდან 105%-ით, ანუ 41 მილიონი ლარით გაიზარდა.
2026 წლის ბიუჯეტის 2 კვარტლის შედეგების შეჯამების შემდეგ ჯარიმებიდან შესული თანხა ბიუჯეტში კიდევ რომ გაიზრდება ეს უდავოა, რადგან 2026 წლის პირველი მაისიდან უნდა ამოქმედდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მოძრაობის წესების დარღვევისთვის რიგი ჯარიმების ოდენობა იზრდება.
კერძოდ, 100 პროცენტით გაიზარდა და 100 ლარი იქნება მანევრირების წესების დარღვევა და სიჩქარის გადაჭარბება [15-40 კმ/სთ]. 25 პროცენტით გაიზარდა და 50 ლარი იქნება ღვედის გამოუყენებლობა; მობილურით სარგებლობა მართვისას – 50 ლარი; დგომა-გაჩერების წესების დარღვევა (რეგიონებში) – 50 ლარი; დრიფტი [მსუბუქი ზიანით] – 500 ლარი; საცობის/საავარიო ვითარების შექმნა განმეორებით – 300 ლარი; სატვირთოების ტრანზიტი თბილისში – 500 ლარი; ტროტუარზე/გადასასვლელზე დგომა (დიდ ქალაქებში) – 100 ლარი; ტროტუარზე მოძრაობა: 200 ლარი — გაიზარდა 190%-ით.
„ოცნება“ ახალ-ახალი ჯარიმების დაწესებას აგრძელებს. პარლამენტს გარემოს დაცვის შესახებ კანონში ცვლილებისა და ახალი ჯარიმების დაწესების თაობაზე ინიციატივით მთავრობამ მიმართა, რას იმას ნიშნავს, რომ შემოსულობები ბიუჯეტში ამ მიმართულებების ჯარიმებიდანაც გაიზრდება.
ამ თემაზე დეტალურად წაიკითხეთ აქ: ახალი ჯარიმები ნარჩენების მართვაზე
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი „სხვა შემოსავლებში“ კაზინოებიდან მიღებული შემოსავალია. გასულ წელს ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან უფრო მეტი შევიდა, ვიდრე ქონების გადასახადიდან.
2026 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტში კაზინოებიდან 30 მილიონი ლარი შევიდა, გასულ წელს კი ბათუმის ბიუჯეტში 73 მილიონ 934 100 ლარი შევიდა კაზინოებიდან.
კიდევ რა ავსებს ბიუჯეტს?
აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, ბიუჯეტის 2025 წლის შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების 96,1 პროცენტი მოდის გადასახადებზე, რომელიც მოიცავს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს.
რაც შეეხება ბათუმის ბიუჯეტს, 2025 წლის ბიუჯეტის ფაქტობრივმა შემოსულობებმა შეადგინა 475 მილიონ 917 300 ლარი, რაც შემოსულობების 2025 წლის გეგმური მაჩვენებლის 100.6%-ია.
შემოსულობებიდან გადასახადების სახით მიღებულ შემოსავლებზე მოდის 136 მილიონ 305 700 ლარი [შემოსულობების 28.6%], გრანტების სახით მიღებულ შემოსავლებზე – 196 მილიონ 732.6 ათასი ლარი, შემოსულობების 41,3% – ეს ძირითადად ტრანსფერია სახელმწიფო ბიუჯეტიდან. არაფინანსური აქტივების კლება კი, გასულ წელს, მხოლოდ 9 მილიონ 645 400 ლარი იყო, შემოსულობების 2,0%. ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმის მერია, ისევე როგორც მთავრობა, ქონებას ისევ ვერ ყიდის და საინვესტიციო პოლიტიკა ჩიხშია.
ამავე თემაზე:






