მთავარი,სიახლეები

უცხოურ ვალუტაში სესხის აღება სებმა კიდევ უფრო გაამკაცრა მათთვის, ვისაც შემოსავალი ლარში აქვთ

22.07.2025 •
უცხოურ ვალუტაში სესხის აღება სებმა კიდევ უფრო გაამკაცრა მათთვის, ვისაც შემოსავალი ლარში აქვთ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა [სებ] უცხოურ ვალუტაში სესხის აღების პირობები კიდევ უფრო გაამკაცრა მათთვის, ვისაც შემოსავალი ლარში აქვთ.

2025 წლის 1-ლი აგვისტოდან, სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 750 000 ლარამდე სესხი/საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით.

შესაბამის ბრძანებას სებ-ის პრეზიდენტმა ნათელა თურნავამ ხელი 2025 წლის 21 ივლისს მოაწერა. ამავე წლის იანვრიდან დღემდე შესაბამისი ქვედა ზღვარი 500 000 ლარი იყო [გასულ, 2024 წელს კი, ეს ზღვარი სებ-მა 300 000-დან 400 000 ლარამდე გაზარდა].

სების პრეზიდენტის ახალ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „ლარით გაცემულ სესხად/საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი/საბანკო კრედიტი“.

ამავე ბრძანების მიხედვით, 750 000 ლარიანი ზღვარი გარკვეულ შემთხვევებში არ მოქმედებს. მაგალითად:

„თუ სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის შედეგად თითოეული მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე გამსესხებლის მიმართ 750 000 ლარს აღემატება. ჯამური ვალდებულებების დათვლისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ან/და თავდებობით ნაკისრი ვალდებულებები;

თუ სესხი/საბანკო კრედიტი გაიცემა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე;

თუ სესხი/საბანკო კრედიტი სრულად არის უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში და სხვა“.

ამავე თემაზე:

რა უნდა გავითვალისწინოთ საბანკო სესხის აღებისას

სახელმწიფომ 2017 წელს „გალარების პროგრამა“ დაიწყო. მაშინ 100 ათას ლარამდე სესხების პორტფელში მოქალაქეების უმეტესობას, ძირითადად, 10 ან 20 ათასი დოლარის სესხი ჰქონდა. იმ მიზნით, რომ აღარ გაგრძელებულიყო სესხის აღება დოლარში, სახელმწიფომ ხელოვნურად მოახდინა ერთგვარი პრევენცია ლარიზაციის პროგრამით, რომ ყველა სესხი 100 ათას ლარამდე, ბანკებიდან გასულიყო არა უცხოურ ვალუტაში, არამედ ლარში.

ვრცლად „ბათუმელების“ არქივიდან:

ვინ იხეირა გალარების პროგრამით

გადაბეჭდვის წესი


ასევე: