იმის მიუხედავად, რომ ზურაბ ჭავჭანიძემ საპროცესო შეთანხმება მოითხოვა, ბათუმელ მედროშეს ზურაბ ჭავჭანიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ზურაბ ჭავჭანიძე 59 წლისაა.
„მიწოდებენ ბათუმელ მედროშეს, მაგრამ მე ვარ სოხუმელი. სოხუმში მე 15 ვაჟკაცი, ვისთან ერთადაც ვიზრდებოდი, ომში დამეღუპნენ, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ ყველას ბედნიერ, ერთიან საქართველოში გვეცხოვრა. ჩემი ბიჭების სულებმა არ მომცეს საშუალება, რომ გავჩერებულიყავი.
ჩემი ერთადერთი საზრუნავი არის სიკეთე, სიყვარული, პატიოსნება და კანონმორჩილება. ერთადერთი, რაც გამაჩნია, ჩემი პატიოსანი ადამიანის სახელია.
5 მანქანით ჩამომაკითხა ბადრაგმა ბათუმში [დასაკავებლად]. დილის მერე ლუკმა არ მიჭამია-მეთქი, საღამოს ვთქვი. გააჩერა მთელი ბადრაგი მაღალჩინოსანმა, ჩამოვიდა და შაურმა მიყიდა, თავისთვის – სიგარეტი. ის კაცი ჩემზე ფიქრობდა. როგორ ვუთხრა, მოწინააღმდეგე ხარ-მეთქი.
ყველა რუსი მმართველის, კრემლის აგენტურის ოცნება არის საქართველო ქართველების გარეშე. თაობა არ გაზრდილა საქართველოში, რომ ბრძოლა არ უწევდეს თავისუფლებისთვის. აქამდე თუ მოდიოდა მტერი დასაპყრობად, დღეს მოდის გასაქრობად. ეს შემოაქვთ ჩვენთან. ამიტომ ვერ გავჩერდი სახლში, ამიტომ გამოვედი. გამშველებელს ყველაზე მეტი ხდებაო. ა! ციხეში ვზივარ.
ყველა ვსხედვართ აქ ჩვენი სამშობლოს პატრიოტები. მოვხვდით უადგილო, უდროო სიტუაციაში. აქციამდე ერთ თვეზე მეტი მიდიოდა ანონსი. ყველა ჯერზე ნათქვამი იყო, რომ მშვიდობიანი აქცია უნდა ყოფილიყო. ასე ვიყავით ყველა, პატარა ბავშვებით. მე არ ვიცი, რა მოხდა და რატომ.
მე ვიცი, რომ ყველა უდანაშაულო ხალხი ვართ. ყველამ მაპატიეთ, მაგრამ მე თხოვნა გავგზავნე საპროცესო გარიგებაზე. ყველაზე დიდი ფასი ჩემთვის მართლა თავისუფლება ყოფილა. ჩემი მეუღლე აქ ვერც მოდის. ცხოვრებაში მის თვალებზე ცრემლი არ დამინახავს, მაგრამ ბოლოს რომ ველაპარაკე, ცრემლებს ვგრძნობდი,“ — განაცხადა ზურა ჭავჭანიძემ თავის საბოლოო სიტყვაში.
ზურაბ ჭავჭანიძე ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მედროშეა. მას პროკურატურა „4 ოქტომბრის საქმეზე“ ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.
ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატის, ნინო ლომინაძის თქმით, ამ საქმეში მხოლოდ ერთი ვიდეოკადრი იყო, რომელზეც ზურაბ ჭავჭანიძე ჩანს დროშით ხელში.
პროტესტის ნიშნად ზურაბ ჭავჭანიძე ციხეში შიმშილობდა.
„ადამიანი დროშას სად აფრიალებს, ეზოში თუ გარეთ, ეს დანაშაული ვერ იქნება” – მაია მწარიაშვილი






