შავ ზღვაში პანამის და სენტ-კიტსის დროშის ქვეშ მცურავ სავაჭრო გემებზე რუსული დრონით თავდასხმის შედეგად ერთი მეზღვაური დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ალექსი კულებამ განაცხადა დღეს, 19 ივნისს.
კულებას განცხადების თანახმად, შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის ეკიპაჟის წევრი დაიღუპა და ორი მეზღვაური დაშავდა, ერთი მათგანი – მძიმედ.
მისივე თქმით, რუსეთმა ასევე დაბომბა სენტ-კიტსისა და ნევისის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომლის ეკიპაჟის სამმა წევრმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან დაშავებული.
„ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთი ომს აწარმოებს ნავიგაციის თავისუფლების, საერთაშორისო ვაჭრობისა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების წინააღმდეგ“. „სამოქალაქო ეკიპაჟები, სავაჭრო გემები და ჰუმანიტარული და ექსპორტის მარშრუტების მხარდამჭერი საზღვაო ინფრასტრუქტურა თავდასხმის ქვეშაა“, – წერს კულება.






