მთავარი,სიახლეები

მხოლოდ ერთ მონაკვეთში 2 კაცი დაიღუპა – ავარიები ხელვაჩაურის გზაზე, რომელსაც „ოცნება“ წლებია აკეთებს

20.06.2026
მხოლოდ ერთ მონაკვეთში 2 კაცი დაიღუპა – ავარიები ხელვაჩაურის გზაზე, რომელსაც „ოცნება“ წლებია აკეთებს

ბოლო 2 თვეში ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე 2 ადამიანი დაიღუპა ზუსტად ერთსა და იმავე ადგილზე: ერთ შემთხვევაში 70 წლის კაცი გადადიოდა ქუჩაზე, როცა მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა. მეორე შემთხვევაში დაღუპული კაცი ავტომანქანაში მყოფი მგზავრი იყო.

ფრიდონ ხალვაშის გამზირი ე.წ. ხელვაჩაურის გზაა – ადგილი, სადაც ადამიანები მოუწესრიგებელი გზის გამო იღუპებიან. „ოცნების“ ხელისუფლება არათუ არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს, პირიქით, ამ ქუჩის მოწესრიგებას წლებია არ ასრულებს.

ხელვაჩაურის გზა „გუთენთრაკენის“ მეთოდით 2021 წლიდან კეთდებოდა, ხოლო 2023 წელს მოძრაობა სრულად განახლდა. სამუშაოების დასრულების და ჩაბარების მიუხედავად, გზაზე ამ დრომდე არაა შესაბამისი საგზაო მონიშვნები, ზებრა გადასასვლელები, შუქნიშნები…

„ამ ეტაპზე ორმული შეკეთება მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ დაიწყება საგზაო მონიშვნის სამუშაოები,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ დღეს, 19 ივნისს, საქართველოს გზების დეპარტამენტის პრესცენტრში.

2023 წლიდან დღემდე, ანუ მას შემდეგ, როცა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ავტომანქანების მოძრაობა განახლდა, „ბათუმელები“ წერდა 13 ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც ადამიანების დაღუპვა, ან ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა.

უფრო კონკრეტულად: ბოლო 3 წელში ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავარიით მინიმუმ 6 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. საუბარია იმ შემთხვევებზე, რაც ცნობილი გახდა „ბათუმელებისთვის“. ხელვაჩაურის გზაზე მომხდარი ავარიების რეალური მაჩვენებელი შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს.

კანონის მიხედვით კი, „შავი წერტილი არის საერთო სარგებლობის საავტომობილო გზის არაუმეტეს 300-მეტრიანი მონაკვეთი, რომლის ფარგლებში 3 კალენდარული წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა:

  • ადამიანის  დაღუპვით დასრულებული არანაკლებ 4 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა;
  • ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და ადამიანის დაღუპვით დასრულებული ჯამში არანაკლებ 10 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.

ადგილი ხელვაჩაურის გზაზე, სადაც 2026 წელს მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

რატომ არ  არის ფრიდონ ხალვაშის გამზირი „შავი წერტილი“, სადაც გადაადგილება საშიშია? – გზების დეპარტამენტში ამ შეკითხვაზე გვიპასუხეს, რომ ამ საკითხზე შსს-ს უნდა მივმართოთ, შსს-ს პრესცენტრმა კი, „შავ წერტილებზე“ ინფორმაცია საერთოდ არ მოგვაწოდა.

  • ავარიების ქრონიკა ხელვაჩაურის გზაზე 

2026 წლის 14 ივნისს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. „ბათუმელების“ ინფორმაციით დაღუპული კაცი მგზავრი იყო.

2026 წლის 11 ივნისს  სატვირთო ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავდა 50 წლამდე ქალი. ის კლინიკაში გადაიყვანეს.

2026 წლის 23 მაისს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, დაშავდა ერთი ადამიანი, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

2026 წლის 20 აპრილს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.

2025 წლის 30 ოქტომბერს ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ინციდენტის შედეგად ერთი პირი დაშავდა და სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ისინი კლინიკაში გადაიყვანა.

2024 წლის 11 თებერვალს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტომანქანა ქვეითს შეეჯახა. თვითმხილველის ინფორმაციით, ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

2024 წლის 31 ოქტომბერს ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.

2024 წლის 17 მარტს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ორი ქვეითი დაიღუპა. ერთი ავარია კლინიკა „მედინასთან“ მოხდა – 40 წლის ქალს ჩვილისთვის რძე მიჰქონდა. მას იმ დროს დაეჯახა ავტომანქანა, როცა ის გზაზე გადადიოდა. მეორე ქვეითი სარიტუალო დარბაზ „სამ ძმასთან“ დაიღუპა.

2023 წლის 7 ნოემბერს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა.

2023 წლის 27 სექტემბერს ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

2023 წლის 31 იანვარს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი პირი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

2023 წლის 24 ნოემბერს ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტომანქანა ბოძს დაეჯახა

  • სპეციალისტის კომენტარი: „ადამიანები იღუპებიან… ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“ 

„პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, როცა გზა არ არის შესაბამისად მოწესრიგებული და ეს წლობით გრძელდება… ჯერჯერობით „შავი წერტილების“ მიმართულებით მოვიკოჭლებთ,“ – ამბობს ირაკლი იზორია, „საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის“ თავმჯდომარე.

ირაკლი იზორიას თქმით, კანონის მიხედვით, ფრიდონ ხალვაშის გამზირი აუცილებლად უნდა იყოს მონიშნული „შავ წერტილად“, რადგან სამი წელიწადში აქ 10-ზე მეტი ავარია დაფიქსირდა, რომელსაც ადამიანების დაღუპვა, ან ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა.

სპეციალისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების მედიაში დაფიქსირებული ციფრი შესაძლოა გაცილებით დიდი იყოს, რადგან მედიის ყურამდე ყველა ამბავი არ აღწევს.

„უნდა მოხდეს ამ არეალის, მონაკვეთის შეფასება, ინსპექტირება, შემოწმება და შემდგომ დაიგეგმოს კონკრეტული ღონისძიებები, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობა ამ მონაკვეთზე. ვფიქრობ და ვშიშობ, რომ ეს უკვე ნამდვილად „შავი წერტილია“ გამომდინარე გამოქვეყნებული ნიუსებიდან… სასწრაფოდ უნდა მოხდეს ინფრასტრუქტურული ჩარევები და გამოსწორება.

აუცილებლად უნდა შეფასდეს გზის საფარი, ასევე, არის თუ არა სიჩქარე დადგენილი ლიმიტის ფარგლებში, არის თუ არა გადასასვლელები მოწესრიგებული და აქვთ თუ არა ფეხით მოსიარულეებს წვდომა ორივე მხრიდან?

კანონმდებლობა შეიცვალა და გაზარდეს ჯარიმები, მათ შორის, ქვეითებისთვის, რომელიც არღვევს გადაადგილების წესს: 10 ლარი იყო და ახლა 50 ლარია. თუ ადამიანებს არ აქვთ გადასასვლელი, მაშინ სად უნდა გადავიდნენ? მნიშვნელოვანია, რომ ზებრა გადასასვლელები იყო სპეციალური ურბანული ლიმიტის გათვალისწინებით, თუ ამ მონაკვეთზე არის სასწავლო დაწესებულებები, იქ უნდა არსებობდეს მაქსიმალური ლიმიტი 30 კმ/სთ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ირაკლი იზორია.

ირაკლი იზორია

მიუხედავად იმისა, რომ კანონით 2020 წლიდან განისაზღვრა „შავი წერტილები“, ირაკლი იზორია ამბობს, რომ 2024 წლამდე ფაქტობრივად გზებზე სახიფათო მონაკვეთებს არ ადგენდა სახელმწიფო.

„2025 წლიდან კი, აქვს გზების დეპარტამენტს ამ კუთხით გარკვეული წინსვლა, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში განისაზღვრება „შავი წერტილები“ პირველი ფაზის ფარგლებში. როგორც ჩემთვის ცნობილია, დაახლოებით 40-მდე „შავ წერტილზეა“ საუბარი საქართველოს მასშტაბით, თუმცა ჯერ დაზუსტებული ეს მონაცემები არ არის,“ – ამბობს ირაკლი იზორია.

იგი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან ჯერ არც ამ საკითხზე საჯაროობაა უზრუნველყოფილი. სპეციალისტის თქმით, ევროპის ქვეყნებში „შავი წერტილების“ შესახებ ინფორმაცია რუკებზე მონიშნული, რომ სიტუაციის გამოსწორებამდე მძღოლებმა თადარიგი დაიჭირონ.

ჩვენთან კი, არც ის ვიცით: ფრიდონ ხალვაშის გამზირზე არსებობს „შავი წერტილი“?

რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო „შავი წერტილის“ დადგენის შემდეგ?

„შავი წერტილების“ იდენტიფიცირებას ახდენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უშუალოდ სამინისტროა უფლებამოსილი, გადაუგზავნოს ეს სტატისტიკური მონაცემები და ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტს, როგორც საქართველოს, ასევე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს და სხვადასხვა მუნიციპალიტეტს, რომ მოახდინონ  „შავი წერტილების“ ადგილზე შეფასება, გაარკვიონ, რა არის პრობლემა, რატომ ხდება საგზაო შემთხვევები და შემდგომ შესაბამისად ჩაერიონ, ანუ მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა და ის ნაკლოვანებები, რაც არსებობს გზაზე.

ზებრა გადასასვლელი ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, რომლის სიგრძეც 7 კილომეტრია, მხოლოდ რამდენიმე ადგილზეა, მაგალითად, საჯარო სკოლასთან, თუმცა მონიშვნაც და ზებრაც გაუფერულებულია.

„შავ წერტილზე“ უნდა მუშაობდეს სპეციალური ჯგუფი, რომელიც ჩაატარებს ინსპექტირებას. მან უნდა დაადგინოს გამომწვევი მიზეზი და დაისახოს შესაბამისი ღონისძიებები. შესწავლას სჭირდება შესაბამისი ექსპერტები, ასევე, შესწავლის შემდგომი რეკომენდაციების შემუშავება და იმპლემენტაციას, რა თქმა უნდა, თავისი ხარჯები აქვს – ინფრასტრუქტურული ჩარევა უნდა მოხდეს“, – გვიყვება ირაკლი იზორია.

საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტი ხაზს უსვამს იმას, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია, სამთავრობო უწყებებმა დროულად იმოქმედონ.

„საერთაშორისო რეგულაციებით სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, გზების პროექტების დაფინანსების დროს, ყოველთვის დებენ პირობას, რომ გზის დაგების შემდგომ, სწრაფად უნდა გაკეთდეს მონიშვნები, საგზაო ნიშნები. არ შეიძლება, მაგალითად, გზას ვაგებდეთ ერთი წელი, მერე ერთი წელი ტენდერს ვაცხადებდეთ საგზაო ნიშნების დამონტაჟებაზე და მესამე წელი მონიშვნას ვაკეთებდეთ. გზისთვის განუყოფელი ნაწილია ეს მონიშვნები და საგზაო ნიშნები. მოქალაქეებს მაქსიმალურად უნდა ჰქონდეთ კომფორტი და უსაფრთხოების განცდა.

ყველაფერი დროში სწრაფად უნდა გაკეთდეს. ადამიანები იღუპებიან და თითოეული ადამიანის დაღუპვა ადამიანური ტრაგედიის გარდა, ძალიან დიდი რესურსის დაკარგვა ქვეყნისთვის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ირაკლი იზორიამ, „საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის“ თავმჯდომარემ.

  • ვინ გააკეთა ხელვაჩაურის გზა? 

ფრიდონ ხალვაშის გამზირი ბათუმი-ახალციხის გზის ნაწილია. „ბათუმელები“ 2023 წლის დეკემბერში წერდა, რომ ხალვაშის გამზირზე ახალდაგებული ასფალტი უკვე ამოტეხილია.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხალვაშის გამზირის [ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის დასაწყისი] რეაბილიტაციაზე ტენდერი 22,2 მილიონი ლარით გამოაცხადა. ხელშეკრულება კი შპს „ერ ტე დე“-სთან 19 399 999 ლარზე იყო გაფორმებული.

ამავე თემაზე: ფული მიაქვთ ჯიბეში“, ანუ როგორ გააკეთეს ხალვაშის გამზირი – გამოკითხვა ხელვაჩაურში

შპს „ერ ტე დე“ ის კომპანიაა, რომელიც თბილისში, წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციაზე მუშაობდა. ამ ქუჩაზე შესრულებული სამუშაოებით განსაკუთრებით გაითქვა სახელი ამ კომპანიამ, კონკრეტულად კი, ჟურნალისტ ბექა ყორშიას ჟურნალისტური ნამუშევრით „გუთენთრაქენის მეთოდზე“.

კომპანიამ „ერ ტე დე“ ფრიდონ ხალვაშის გამზირზეც ახალდაგებული ასფალტის ნაწილი იმავე 2023 წელს აყარა და ხელახლა დააგო. გზების დეპარტამენტსა და კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილება 16-ჯერ შევიდა. 2023 წლის 15 დეკემბრის ცვლილებით კი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით.

„რამე არ მითხრა, მღალატობს ნერვები“ – რეპორტაჟი ხელვაჩაურის გადათხრილი გზიდან [ვიდეო]

„ერ ტე დე“ 2013 წელს, თბილისში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორია ლუხუმ ქართლოსიშვილი. ის „ოცნების“ შემწირველია.

___

მთავარი ფოტო: ავარია ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. 14 ივნისი, 2026 წელი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: