„აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი სულხან მესხიძე ამბობს, რომ დღეს, 22 მაისს, აჭარის პროკურატურაში გამოკითხეს.
პროკურატურის პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება პროკურატურას არ დაუწყია ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მუხლით.
რაც შეეხება სავარაუდო მუქარის და ძალადობის შემთხვევებს – ამ ნაწილში გამოძიება შსს-ს უნდა დაეწყო. ამ უწყებაში ვერ გვითხრეს, დაიწყო თუ არა გამოძიება რომელიმე მუხლით.
საუბარია 2026 წლის 7 მაისს ხელვაჩაურში მომხდარ შემთხვევაზე – სინდისის პატიმრების მშობლები ხელვაჩაურის მერიის მიმდებარედ სინდისის პატიმრების შესახებ გაზეთებს არიგებდნენ, რასაც იქ მყოფი ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლებისგან აგრესია მოჰყვა. ისინი მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე სინდისის პატიმრების მშობლებს დაუპირისპირდნენ, მათ „ბათუმელებისა“ და „აჭარა თაიმსის“ ჟურნალისტებს შეუშალეს ხელი პროფესიულ საქმიანობაში.
„გამომძიებელს დეტალურად მივაწოდე ინფორმაცია ჩემზე განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის შესახებ. ოქმის შედგენის შემდეგ არც ის განმიმარტეს, დაიწყო თუ არა გამოძიება და თუ დაიწყო, რა მუხლებით მიმდინარეობს საქმე. მოკლედ, ჩემი კითხვები უპასუხოდ დარჩა, შესაბამისად, ვერ გავიგე, რა იყო გამოკითხვაზე დაბარების რეალური მოტივი…,“ – წერს ჟურნალისტი სულხან მესხიძე.
გამოძიების დასაწყებად პროკურატურისთვის საკმარისი საფუძველი უნდა იყოს საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია. სულხან მესხიძე ამბობს, რომ 112-შიც დარეკა და ასევე, წერილობით მიმართა შსს-ს.






