2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასთრისგან“ შეიძენს.
„კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასთრის“ სამკერვალო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშია განთავსებული. სკოლებისთვის ფორმების მიწოდების პროცესი სამ ეტაპად განხორციელდება“ – აცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმის შეკერვას ითვალისწინებს.
„ყველა მოსწავლე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა, ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, 60 000 ქულაზე ნაკლებია, ფორმას უფასოდ მიიღებს. ზაფხულის პერიოდში გამოქვეყნდება დეტალური ინფორმაცია ფორმის ერთი კომპლექტის ღირებულებასთან დაკავშირებით, ასევე, იმის შესახებ თუ რა ფორმით მოხდება სხვადასხვა ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში სასკოლო ფორმების საზოგადოებისთვის მიწოდება“ – განაცხადა მინისტრმა გივი მიქანაძემ.
2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება. ახალი სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმების შეძენის მიზნით, მთავრობის განკარგულებით, „საგანმანათლებლო რესურსებს“ სასკოლო ფორმების გამარტივებული წესით შესყიდვის უფლებამოსილება მიენიჭა.
მანამდე, „საგანმანათლებლო რესურსებს“ ფორმების შესაძენად 45 658 840 ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვის თანხმობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მისცა.
შესყიდვების პორტალზე გაკეთებული განაცხადის მიხედვით „2026-2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმის ტანსაცმლის მიწოდების ვადა განსაზღვრულია სამ ეტაპად:
- I ეტაპი – 301 000 ცალი – 2026 წლის 15 ივნისიდან (შესაბამისი მთავრობის განკარგულების მიღებიდან) 2026 წლის 25 აგვისტომდე;
- II ეტაპი – 600 000 ცალი – 2026 წლის 15 ოქტომბრამდე;
- III ეტაპი – 900 000 ცალი – 2026 წლის 30 ნოემბრამდე“.
სასკოლო ფორმების შესაძენად საჭირო ბაზრის კვლევა კი „საგანმანათლებლო რესურსებს“ ორჯერ ჰქონდა გამოცხადებული.
ამ თემაზე:
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმების შესაძენად ბაზრის კვლევას თავიდან გამოაცხადებს






