„მოლაპარაკება არასოდეს არც კი იწყება ბრალდების მხარის მიერ პირებთან, როდესაც მათი მხრიდან არ არის აღიარება,“ – აღნიშნა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა თამარ იაკობაძემ. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მოთხოვნის მიუხედავად, რატომ არ გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება ზურაბ ჭავჭანიძეს?
ზურაბ ჭავჭანიძე ერთ-ერთი მსჯავრდებულია „4 ოქტომბრის საქმეზე“, რომელსაც დღეს, 22 ივნისს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს დღესვე ამ საქმეზე ბრალდებულ კიდევ 7 პირს.
ზურაბ ჭავჭანიძემ თავის საბოლოო სიტყვაში აღნიშნა, რომ მან საპროცესო შეთანხმება მოითხოვა. ამ საქმეზე რამდენიმე პირს გაუფორმა პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება.
რატომ უთხრეს უარი საპროცესოზე ზურაბ ჭავჭანიძეს?
„ბრალდების მხარე არაერთხელ აცხადებდა, რომ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება განხორციელდებოდა იმ პირებთან, რომლებიც აღიარებდნენ ჩადენილ დანაშაულს. ვინაიდან თავისი არსით საპროცესო შეთანხმება მოიცავს, რომ პირი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ინანიებს.
ამ შემთხვევაში, ზურაბ ჭავჭავაძის არც თავის განცხადებაში და არც დღეს, სასამართლო პროცესზე გაჟღერებულ პოზიციაში, მისი მხრიდან ბრალად წარდგენილი ქმედების აღიარება არ განხორციელებულა. შესაბამისად, ამ მოცემულობით, რა თქმა უნდა, ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებას არ აფორმებს.
მოლაპარაკება არასოდეს არც კი იწყება ბრალდების მხარის მიერ პირებთან, როდესაც მათი მხრიდან არ არის აღიარება. მოგეხსენებათ, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების დროს, მათ შორის სასამართლო განიხილავს აღიარება ნებაყოფლობითი იყო თუ არა,“ – უთხრა პროკურორმა თამარ იაკობიძემ ჟურნალისტებს.
პროკურორმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საპროცესო შეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ეტაპზეც ფორმდება.
ზურაბ ჭავჭანიძე ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მედროშეა. მას პროკურატურა „4 ოქტომბრის საქმეზე“ ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.
ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატის, ნინო ლომინაძის თქმით, ამ საქმეში მხოლოდ ერთი ვიდეოკადრი იყო, რომელზეც ზურაბ ჭავჭანიძე ჩანს დროშით ხელში.
ამ თემაზე:
4 ოქტომბრის მოსამართლე: “იქნებ ახლა მაინც გავიაზროთ და გავიგოთ, რა არის შავი და რა არის თეთრი”






