ბათუმი,მთავარი,სიახლეები

19,4 მილიონი ლარი ფრიდონ ხალვაშის გამზირის სარეაბილიტაციოდ – გამარჯვებული გამოვლენილია

29.05.2022
19,4 მილიონი ლარი ფრიდონ ხალვაშის გამზირის სარეაბილიტაციოდ – გამარჯვებული გამოვლენილია

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია. შპს „ერ ტე დე“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მომსახურებას 19 მილიონ 400 ათას ლარად სთავაზობს. დეპარტამენტს ტენდერი 22 206 512 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

შესყიდვების პორტალის მიხედვით გამარჯვებულთან ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის. „ერ ტე დე“ 2013 წელს, თბილისში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორია ლუხუმ ქართლოსიშვილი. ჯერ უცნობია მონაწილეობდა თუ არა ტენდერში სხვა პრეტენდენტები.

აღნიშნული ტენდერის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ფრიდონ ხალვაშის გამზირის დაახლოებით 4,1 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთს – ანგისიდან [აეროპორტის გზატკეცილიდან] დაბა ხელვაჩაურამდე. ქუჩის ეს მონაკვეთი ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის ნაწილია და მოძრაობა გადატვირთულია.

გზის უვარგისი სავალი ნაწილის გარდა, ამ მონაკვეთში მთავარი პრობლემაა გადასასვლელი ზებრების, შუქნიშნებისა და ტროტუარების არარსებობა.

ტექნიკურ დოკუმენტაციაში კი აღნიშნულია, რომ „ტროტუარები დაპროექტებულია არსებული სიტუაციის ოპტიმალურად გამოყენების პრინციპით; ტროტუარებზე ასასვლელებში შშმ პირთათვის მოეწყობა პანდუსები; დამონტაჟდება 6 შუქნიშანი; მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები“.

პირობის მიხედვით, „მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 7 თვეში.

ფრიდონ ხალვაშის გამზირი / მაისი, 2022

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2022 წლის 14 აპრილს გამოაცხადა. წინადადებების მიღება კი 2022 წლის 12 მაისს დაიწყო და 17 მაისს დასრულდა.

განახლება: ხელშეკრულება კერძო კომპანიასთან 19 399 999 ლარზე უკვე გაფორმებულია. ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის თებერვლამდე უნდა დასრულდეს. 22 ივლისის მდგომარეობით კი, კომპანიისთვის ბიუჯეტიდან 3 879 999 ლარია გადარიცხული ავანსად.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/403858/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: