„ახლა მით უმეტეს, როდესაც მოხდა ცვლილება უნგრეთში, ეს იარაღიც გამოეცალა ხელიდან რუსეთს… ევროკავშირი ხდება უფრო ძლიერი და თანმიმდევრული მოთამაშე საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში, რაც ნამდვილად ხელს არ აძლევს რუსეთს. რუსეთმა ახლა უფრო მეტად იგრძნო საფრთხე ევროკავშირისგან,“ – მიიჩნევს დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი, მას კრემლის მორიგ გზავნილზე ვესაუბრეთ: ევროკავშირის წევრი თუ გახდებით, არამეგობრული ქვეყნების სიაში შეგიყვანთო.
ვალერი ჩეჩელაშვილი გვიყვება, რომ რუსეთისთვის ჩვეულებრივი ფილოსოფია შანტაჟის ენით ესაუბროს ქვეყნებს.
„რუსეთი არამარტო ფაშინიანს, მოლდოვას და აზერბაიჯანს, თქვენ წარმოიდგინეთ, ბელარუსსაც ამ ენით ელაპარაკება. რუსები ამ ენით ელაპარაკებიან ყაზახეთსაც, ანუ ევრაზიული კავშირის წევრებს. იყო შემთხვევები, როცა პრობლემებს უქმნიდნენ ყაზახებს და ბელარუსებს. ეს არის ჩვეულებრივი მიდგომა რუსეთის ფედერაციის. რუსეთისთვის მნიშვნელოვანი არ არის, საქართველო იქნება ეს, სომხეთი, თუ ნორვეგია,“ – ამბობს დიპლომატი.
„ბათუმელებმა“ დიპლომატ ვალერი ჩეჩელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, იგი „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ ექსპერტი და საქართველოს ყოფილი ელჩია რუსეთში.
- ბატონო ვალერი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანს, თუ ის ევროკავშირში გაწევრიანდება. რაზეა გათვლილი ზახაროვას ეს განცხადება?
რუსეთი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ჩაგვწერს რაღაც არამეგობრულ სიაში, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ ერთადერთი არამეგობარი და მტერი ქვეყანა გვყავს, ოკუპანტი და ეს რუსეთია.
ეს თავისთავად წინააღმდეგობრივი განცხადებაა ზახაროვას მხრიდან – თუ ჩვენ ავიღებთ ევროკავშირს, ან თუ გნებავთ ნატოს, იქ არის ბევრი ქვეყანა, რომელიც ითვლება რუსეთის მეგობრად, მაგალითად, ბოლო პერიოდამდე ორბანის უნგრეთი რუსეთის ფედერაციის გამორჩეული პარტნიორი იყო. შეიძლება ევროკავშირში იყოს უნგრეთი, მეგობარი ქვეყანა, მაგრამ საქართველო თუ გახდა ევროპის კავშირის წევრი, ის ავტომატურად ხდება არამეგობრული ქვეყანა?

ვალერი ჩეჩელაშვილი
თუ ნატოს ავიღეთ, იგივე შეიძლება ვთქვათ თურქეთზე, რომელსაც ემეგობრება რუსეთი მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს სერიოზული სამხედრო ძალაა. რუსეთი ყველანაირად ცდილობს, რომ თურქეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს.
ამიტომაც, სერიოზულად უნდა გაერკვეს ზახაროვა იმაში, თუ რა კრიტერიუმებით საზღვრავს რუსეთის ფედერაცია, რომელია მისი მეგობარი ქვეყანა.
თუ ზახაროვა რეალისტურად აფასებს ჩვენს შესაძლებლობებს, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ეს კარგია და მომწონს. ვფიქრობ, მისი ეს განცხადება დღეს, ირიბი მცდელობაა, რომ მხარი დაუჭიროს იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს ევროკავშირს ყველაფერში ადანაშაულებენ.
- ანუ ამ განცხადებითაც ზახაროვამ „ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა გააძლიერა?
ვისმენთ, რომ თითქოს ევროკავშირი არის გლობალური ომის პარტია, რომ ევროინსტიტუტებს დაეპატრონა Deep state და რომ დაცლილია დღეს ევროკავშირის პოლიტიკა ევროპული ფასეულობების სისტემიდან. ზახაროვას მხრიდან ეს განცხადება იყო ირიბი მხარდაჭერა პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც ამას ამბობენ.
ზახაროვამ ამით მათ დათვური სამსახური გაუწია – ქართული საზოგადოებისთვის ზახაროვას, ლავროვის, კარასინის ან დუგინის გამონათქვამები დიდ რეპუტაციულ მნიშვნელობას არ ატარებს.
- ზახაროვამ ისაუბრა რუსეთის ბაზრის მნიშვნელობაზე ქართველი მწარმოებლებისთვის – შესაბამის შედეგს გამოიღებს რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიაში მოხვედრაო.
რუსეთი ყველანაირად ცდილობს, ევროკავშირმა მოუხსნას სანქციები რუსეთს. რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ ევროკავშირის ბაზარი ყველაზე დიდია და მიმზიდველი ბაზარი – 500-მილიონიანი და ამავდროულად დიდი მსყიდველობითი უნარით გამორჩეული ბაზარი.
ზახაროვას განცხადებაში შანტაჟის ელემენტები, რა თქმა უნდა, იგრძნობოდა – ჩვენმა მწარმოებლებმა, ექსპორტიორებმა, მთავრობამ, შესაბამისი დასკვნები უნდა გააკეთონ. არის რამდენიმე სექტორი ეკონომიკაში, რომელიც მნიშვნელოვნად დამოკიდებულია რუსეთის ბაზარზე. პირველ რიგში, ეს არის ღვინის ექსპორტი და ხორბლის და ფქვილის იმპორტი.
თუმცა, ჩვენ გვახსოვს პერიოდები, როდესაც რუსეთი გვიწესებდა ემბარგოს. გვახსოვს პერიოდი, მაგალითად 2009, 2010, 2011 წლები, როდესაც რუსეთი არ იყო ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ათეულშიც კი, მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკა აჩვენებდა შიდა ეროვნული პროდუქტის ორნიშნა ზრდას. ჩვენ ეს გამოცდილება გვაქვს დაგროვებული, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ამაზე არ უნდა იზრუნონ ჩვენმა მწარმოებლებმა და ექსპორტიორებმა.
რუსეთის ბაზარი ძალიან მიმზიდველია და საინტერესო, მაგრამ მასზე ზედმეტად დამოკიდებულება ქმნის სერიოზულ საფრთხეს.
- ზახაროვას ეს გზავნილი მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის, მაგალითად, მეციტრუსეებისთვის აჭარაში – მანდარინი ძირითადად ექსპორტზე ისევ რუსეთში გადის.
დიახ, რუსეთის ბაზარი ძალიან მიმზიდველია, მაგრამ იგი ძალიან პოლიტიზებულია არამხოლოდ საქართველოს ეკონომიკის, არამედ ნებისმიერი ეკონომიკის მიმართ. რუსეთის ეკონომიკაში თავისუფალი საბაზრო პრინციპები არ მოქმედებს. ჩამოყალიბებულია ყველა სექტორში მონოპოლისტური გაერთიანებები, რომლებიც ახლოს არიან რუსეთის ხელისუფლებასთან – რუსეთის მთავრობა მათ ემსახურება. შესაბამისად, ფსონის დადება რუსეთის ბაზარზე და მასთან დაკავშირება მთავარი ეკონომიკური ინტერესების ძალიან წინდაუხედავი პოლიტიკაა.
ხილის, ბოსტნეულის წარმოებაზე და ასე შემდეგ, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან.
- რომელსაც პრაქტიკულად არ ვიყენებთ…
დიახ, რომელსაც არ ვიყენებთ, მაგრამ ევროკავშირს აქვს ძალიან ბევრი ტექნიკური დახმარების პროგრამები, რომლითაც ხელს უწყობს ასოცირების ქვეყნებს საიმისოდ, რომ უფრო ინტეგრირდეს მათი ეკონომიკა ევროპის ეკონომიკაში, უფრო მდგრადი და საიმედო კავშირები დამყარდეს ევროპის ბაზართან. ამისთვის მილიარდობით ევროა გამოყოფილი ევროკავშირის ბიუჯეტში.
სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ჩვენ ეს ურთიერთობები ჩიხში შევიყვანეთ ევროკავშირთან, აღარ გვაქვს წვდომა ამ პროგრამებზე. შესაბამისად, ესეც ზრდის ჩვენს დამოკიდებულებას ალტერნატიულ ბაზრებზე, რომლისგანაც ყველაზე მიმზიდველი ჩანს რუსეთი.
ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც აძლევს საშუალებას ზახაროვას, ასევე სხვა რუს პოლიტიკოსებს, შანტაჟის ენით ელაპარაკონ ჩვენს მწარმოებლებს და ექსპორტიორებს.
- რამდენიმე დღის წინ რუსეთის ბაზრის მნიშვნელობაზე ესაუბრა პუტინი ფაშინიანს… რა დროს იყენებს რუსეთი ამ ბერკეტს?
რუსეთი არამარტო ფაშინიანს, მოლდოვას და აზერბაიჯანს, თქვენ წარმოიდგინეთ, ბელარუსსაც ამ ენით ელაპარაკება. რუსები ამ ენით ელაპარაკებიან ყაზახეთსაც, ანუ ევრაზიული კავშირის წევრებს. იყო შემთხვევები, როცა პრობლემებს უქმნიდნენ ყაზახებს და ბელარუსებს. ეს არის რუსეთის ფედერაციის ჩვეულებრივი მიდგომა. რუსეთისთვის მნიშვნელოვანი არ არის, საქართველო იქნება ეს, სომხეთი, თუ ნორვეგია.
ეს მიდგომა ხან მუშაობს, ხან – არა. წარმოიდგინეთ, ნორვეგია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მეტად განვითარებული ქვეყანაა, რუსეთისთვის ესეც აბსოლუტურად სულერთი აღმოჩნდა. წლების წინ რუსეთმა ნორვეგიას, მაგალითად, ასეთი წინაპირობა წაუყენა: თევზის ნაწარმს, რომელიც არის ნორვეგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საექსპორტო სავაჭრო პოზიცია, რუსეთი გაუხსნიდა ბაზარს მხოლოდ იმ პირობით, თუ ნორვეგია განახორციელებდა ექსპორტს მხოლოდ ერთი რუსული კომპანიით. ამ კომპანიას ჰქონდა სრული მონოპოლია.
სხვათა შორის, თავდაპირველად ნორვეგიელები დათანხმდნენ ამას, რადგან ეს იყო სერიოზული შემოსავალი – შემდგომში ინანეს და ნორვეგიის ელჩი მიყვებოდა შემდეგ რუსეთში, არ ღირდა ამის გაკეთება და კომპრომისიო.
ერთი რამ უნდა ვიცოდეთ – რუსეთი არასდროს ხელმძღვანელობს და არასდროს არ უწევს ანგარიშს იმ დოკუმენტებს, რომელზეც არის მისი ხელმოწერა. ეს მისთვის არაფერს არ ნიშნავს. მაგალითად, ელცინის ვიზიტის დროს ჩვენ მოვაწერეთ ხელი თავისუფალი ვაჭრობის ორმხრივ შეთანხმებას რუსეთის ფედერაციასთან, რომლის რატიფიცირება მოახდინა ორივე პარლამენტმა – საქართველოს და რუსეთის.
იქ ძალიან კარგად არის გაწერილი მუხლები, სადაც ნათქვამია, რომ თუ უთანხმოებაა მხარეებს შორის მოხდება, ისინი აწარმოებენ მოლაპარაკებას, ეცდებიან, რომ კონსულტაციების გზით მიაღწიონ შეთანხმებას. ზუსტად ამ ხელშეკრულების მოქმედების დროს რუსეთმა გადაწყვიტა ემბარგოს დაწესება საქართველოს ექსპორტზე და არავის არ გახსენებია ეს მუხლები.
რუსეთის ბაზარი ძალიან მიმზიდველია ეკონომიკურად, მაგრამ ძალიან სარფიანი და პოლიტიზებულია – მასზე დაყრდნობა სარისკოა. ამას უნდა გაუწიოს ანგარიში სახელმწიფომ, ჩვენმა მწარმოებლებმა და ექსპორტიორებმაც.
- აქამდე რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო ნატო, ამჯერად ზახაროვას აქცენტი ევროკავშირზე რას აჩვენებს?
ეს არ არის ახალი კომპონენტი რუსეთის პოლიტიკაში. მინდა გაგახსენოთ „ღირსების რევოლუცია“ უკრაინაში 2013 წელს. ეს იმიტომ მოხდა, რომ რუსეთმა მაშინ დააყენა საკითხი – არ უნდა მოეწერა ხელი უკრაინას ასოცირების ხელშეკრულებაზე.
სხვათა შორის, შანტაჟი გაუვიდა მაშინ რუსეთს სომხეთის იმჟამინდელ ხელისუფლებასთან: ერთ ღამეში გადათქვა სარქისიანმა ხელმოწერა ევროპასთან. სარქისიანი პუტინმა გამოიძახა მოსკოვში. მეორე დილით კი, გამოაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა, რომ ასოცირებას ხელს არ ვაწერთ, სამაგიეროდ შევდივართ ევრაზიულ კავშირშიო. ეს შანტაჟი მაშინ არ გაუვიდა უკრაინასთან, რასაც მოჰყვა ღირსების რევოლუცია და იანუკოვიჩის გაძევება ქვეყნიდან.
ევროკავშირი სთავაზობს ქვეყნებს იმას, რის შეთავაზებაც არ შეუძლია რუსეთს არათუ თავისი პარტნიორებისთვის, არამედ საკუთარი მოსახლეობისთვისაც კი. ეს არის: უსაფრთხოება, კეთილდღეობა და დინამიკური ეკონომიკური განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, განათლება და განვითარების პერსპექტივები.
რუსეთმა ახლა უფრო მეტად იგრძნო საფრთხე ევროკავშირისგან. გასაგებია, რომ ნატო მტრული ბლოკია და ასე შემდეგ – რუსეთის ეს რიტორიკა გასაგებია, მაგრამ ახლა ევროკავშირის პოზიცია ძალიან სტკივა რუსეთს. პრაქტიკულად ევროკავშირის ბაზრების დაკეტვა რუსული ექსპორტისთვის – პირველ რიგში, ნავთობისა და გაზისთვის – რუსეთს ძალიან სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
რუსეთში დღენიადაგ იზრდება ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ძალიან სერიოზული პრობლემაა – ფასს, რომელსაც ევროპელი მომხმარებლები იხდიდნენ გაზსა და ნავთობში, არავინ არ იხდის. მაგალითად, ჩინეთი, ყიდულობს რუსეთის ნავთობსა და გაზს, მაგრამ რუსეთის შიდა ფასებით ყიდულობს ამას.
ევროპა კი უფრო თანმიმდევრული ხდება. ევროპა კიდევ უფრო მტკიცე მხარდამჭერი ხდება უკრაინის და რუსეთის კრიტიკოსი. ჩამოყალიბდა ახალი ევროკომისრის თანამდებობა სამხედრო ძალების თვალსაზრისით. ბატონი კუბილიუსია ამ თანამდებობაზე.
ახლა მით უმეტეს, როდესაც მოხდა ცვლილება უნგრეთში, ეს იარაღიც გამოეცალა ხელიდან რუსეთს. ორბანის მთავრობა კონფიდენციალურობის დარღვევით ინფორმაციას აწვდიდა ევროსტრუქტურებში მიმდინარე პროცესებზე კრემლს, მეორეს მხრივ კი ხელს უშლიდა ევროკავშირის კონსოლიდაციას და სოლიდარობას. ევროკავშირი ხდება უფრო ძლიერი და თანმიმდევრული მოთამაშე საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში, რაც ნამდვილად ხელს არ აძლევს რუსეთს.
მთელი მსოფლიო უკვე დარწმუნდა, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა დაფუძნებულია ტყუილზე და რაღაც ინსინუაციებზე, რომ ამისთანა განცხადებები ზახაროვასი არის კიდევ ერთი ილუსტრაცია, რა არის სინამდვილეში რუსეთის ინტერესი.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიფრთხილით არ უნდა მოვეკიდოთ იმ რისკებს, რომლის გენერაციაც ხდება რუსეთის ფედერაციაში საქართველოსთან მიმართებით. რუსეთთან ბრძოლა და დაპირისპირება ეფექტურად შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც აღვადგენთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას ძირითად მეგობრებთან: ეს არის ევროკავშირი, ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ მას დიდ ფასად დაუჯდება.
ამ დიდ ფასს კი, ჩვენ მარტო ვერ გადავიხდით. რუსეთთან მარტო დაპირისპირებაში ჩვენ განწირულები ვართ.






